შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ გახდა, როდესაც კრემლმა აქტიურად დაიწყო როგორც ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზში საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა.
შავ ზღვაში რუსეთის გააქტიურებამ გამოიწვია რეგიონისადმი ნატოს ინტერესის გაზრდაც. ბოლო წლებში ნატოს ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ე.წ. „შავი ზღვის განზომილებას“, ანუ რეგიონთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას.
ვითარების გამწვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა თურქეთისათვის. მონტროს კონვენცია თურქეთს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს და ეს ქვეყანა ცდილობს, ერთი მხრივ, ეს როლი შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ კი, მას არ შეიძლება არ აშფოთებდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში.
ამ ვითარებაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ? რა გამოწვევებს ან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის შავი ზღვის დაბრუნება მსოფლიოს სტრატეგიულ რუკაზე?
ჩვენ ვიწყებთ რონდელის ფონდის ოთხი ექსპერტის მოსაზრებების გამოქვეყნებას, ესენია: გენერალი გიორგი სურმავა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებს მიმოიხილავს, ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის მიდგომებს გაგვაცნობს, დავით ბატაშვილი რუსულ პერსპექტივაზე მსჯელობს, ხოლო ალექსი პეტრიაშვილი - დასავლეთის მიდგომასა და საქართველოს როლზე.
კრებულის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:
https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941
ზურაბ ბატიაშვილი - უსაფრთხოების მიმოხილვა
„ცივი ომის“ პერიოდში თურქეთისთვის შავი ზღვა საბჭოთა საფრთხესთან ასოცირდებოდა და ამ მიმართულებით თურქულ-ამერიკული ერთობლივი „შეკავების პოლიტიკა“ ხორციელდებოდა. თურქეთის შავი ზღვის მთელ გაყოლებაზე არსებობდა აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ობიექტების მთელი ჯაჭვი, რომლებიც ამ საფრთხის განეიტრალებაზე იყო ორიენტირებული.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და, მოგვიანებით, თურქეთის მიერ უფრო მეტად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების შემდეგ კი ანკარამ საფრთხეების აღქმა რადიკალურად შეცვალა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შავ ზღვაზე დასავლეთისა და თურქეთის ინტერესები ზოგჯერ არა თუ არ ემთხვევა ერთმანეთისას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მათ შორის წინააღმდეგობებსაც ვხედავთ. გარდა იმისა, რომ ანკარას შავ ზღვასთან ემოციური კავშირი აქვს – მას ხომ ერთ დროს „ოსმალურ ტბასაც“ უწოდებდნენ, თურქეთი ფლობს ყველაზე გრძელ სანაპირო ზოლს ამ ზღვაზე და, რაც ყველაზე მთავარია, იგი აკონტროლებს შავი ზღვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ კარიბჭეს (ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს). ეს კი ანკარას შავ ზღვასთან მიმართებით უნიკალურ პოზიციაში ამყოფებს. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია გამოვყოთ 3 ძირითადი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ თურქეთის დამოკიდებულების უკეთ გასაგებად.
თურქეთი და მონტროს კონვენცია
1936 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი „სრუტეების რეჟიმთან დაკავშირებული მონტროს კონვენცია“ ადასტურებს თურქეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლს.აღნიშნული თემა ანკარაში სუვერენიტეტის ცნობის დონეზეა აწეული. ამიტომ მისი პირობების დაცვა ყოველთვის სენსიტიურია თურქეთისთვის.
მონტროს კონვენცია ასევე არეგულირებს სამხედრო გემების ტრანზიტს სრუტეებში. ამ კონვენციის მიხედვით, მშვიდობიანობის პერიოდში გარანტირებულია სამოქალაქო გემების თავისუფალი გატარება.
მონტროს კონვენცია - შედგება 29 მუხლის, 4 დანართისა და 1 ოქმისგან:
II-VII მუხლები შეეხება სავაჭრო გემების ტრანზიტს.
VIII-XXII მუხლები შეეხება სამხედრო გემების ტრანზიტს.
არა შავი ზღვის ქვეყნებმა, რომლებსაც გემის გაგზავნა სურთ შავ ზღვაში, 8 დღით ადრე უნდა აცნობონ ამის შესახებ თურქულ მხარეს;
- გემის ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ტონას;
- შავ ზღვაში მყოფი არა შავი ზღვის ქვეყნების გემების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ტონას (განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 45 000 ტონას);
- შავ ზღვაში შეუძლიათ დარჩნენ არა უმეტეს 21 დღისა.
ამგვარად, მონტროს კონვენცია საგრძნობლად ზღუდავს შავ ზღვაზე არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო ძალების შეღწევადობას. ამიტომ დღეს ბევრი კამათობს იმაზე, რომ მონტროს კონვენცია 1930-იანი წლების რეალობის გათვალისწინებითაა შექმნილი, რაც არ შეესაბამება დღევანდელობას და მისი გადახედვაა საჭირო. თუმცა, იმის გამო, რომ კონვენციის ხელმომწერ და მათ სამართალმემკვიდრე ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები აქვთ შავ ზღვაზე, მის რეფორმირებაზე საფუძვლიანი მსჯელობის დაწყება ვერ ხერხდება. შეერთებულ შტატებშიც კარგად ათვითცნობიერებენ, რომ მონტროს კონვენციის მკაცრი პირობები სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია შავ ზღვაზე ამერიკული სამხედრო ყოფნისთვის.
აღნიშნული კონვენცია რომ სერიოზული პრობლემაა, უკვე არაერთხელ გამოჩნდა რეალობაში. ყველაზე ნათელი მაგალითი კი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, რომლის დაწყების შემდეგ აშშ-ს სურდა თავისი ორი ჰოსპიტალური გემის შემოყვანა შავ ზღვაზე, საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. თუმცა, ამ გემების საერთო ტონაჟი აღემატებოდა 69 000 ტონას, რის გამოც თურქეთმა არ გასცა მათი ტრანზიტის ნებართვა.
გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში ანკარაზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა ვაშინგტონიც (გატარების მოთხოვნით) და მოსკოვიც (არგატარების მოთხოვნით). საბოლოო ჯამში თურქეთმა არ დაარღვია მონტროს კონვენციის პირობები და ამ ორი დიდი გემის ნაცვლად შავ ზღვაში შემოვიდა 3 შედარებით პატარა ამერიკული სამხედრო გემი, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს საქართველოს პორტებში.
რამდენიმე წლის წინ თურქეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს გრანდიოზული და ამბიციური პროექტის Kanal Istanbul-ის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ბოსფორის სრუტის პარალელურად 45 კმ-იანი ხელოვნური არხის გაყვანას შავ და მარმარილოს ზღვებს შორის. ამან კი ანკარას შესაძლოა უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს შავ ზღვაზე გასასვლელი გზების კონტროლის თვალსაზრისით.
თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 2018 წლის იანვარში განაცხადა, რომ Kanal Istanbul არ დაექვემდებარება მონტროს კონვენციის რეჟიმს.
მოგვიანებით მსგავსი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მაგრამ პრეზიდენტმა დეტალების დაზუსტების გარეშე იქვე დასძინა, რომ ისინი „ამ საკითხს გადაწყვეტენ“.
ცხადია, ამ განცხადებებმა რუსული მხარის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია,0 რადგან მონტროს კონვენცია მკვეთრად ზღუდავს სხვა ქვეყნების სამხედრო ყოფნას შავ ზღვაზე და ეს მომენტი რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის ანექსიისა11 და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ.
ამ საკითხში ბევრი სხვა ბუნდოვანებაც არსებობს. მაგალითად, მონტროს კონვენცია ეხება ორივე სრუტეს (ბოსფორს და დარდანელს). მაგრამ ახალი ხელოვნური არხი Kanal Istanbul თუ აიგო, იგი მხოლოდ ბოსფორის სრუტეს ჩაანაცვლებს. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა იქნება დარდანელის სრუტესთან მიმართებით.
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და შავი ზღვა.
მთავარი კითხვა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ისაა, თუ გლობალური მასშტაბით რამდენად შეძლებენ მხარეები ერთმანეთთან დაახლოებას და როგორ აისახება ეს სხვადასხვა მიმართულებაზე (და მათ შორის – შავ ზღვაზეც).
თურქეთს, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, დროდადრო უწევს რუსეთთან და სხვა ძლიერ პოლიტიკურ პოლუსებთან (პეკინი, თეირანი და ა.შ.) დაახლოება და ეს ყველაზე ნათლად სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე აისახება. ამ ბოლო დროს ეს კავშირები საჰაერო თავდაცვის იარაღით (მაგალითად, რუსული წარმოების S-400-ების სარაკეტო სისტემები) ვაჭრობაზეც აისახა, რასაც საგრძნობი პრობლემები მოჰყვა თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი ხშირად თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, ეს კავშირები მაინც ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. მიზეზი კი მარტივია: ანკარას და მოსკოვს განსხვავებული გრძელვადიანი მიზნები აქვთ, რომლებიც ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოა.
ამ განსხვავებული ინტერესების გამოა, რომ მხარეებს ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები უკავიათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების მიმართ, იქნება ეს სირია, კოსოვო, ყირიმი, მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი თუ სხვა.
შავ ზღვაზე რუსეთსა და თურქეთს შორის განხეთქილების მთავარი წერტილი უცილობლად ყირიმის ნახევარკუნძულია, რომელსაც მოსკოვი საკუთარ ტერიტორიად, თურქეთი კი უკრაინის მიწად მიიჩნევს. თურქეთში სამართლიანად თვლიან, რომ სწორედ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას იქნება საუკეთესოდ დაცული მათთან ისტორიულად, ლინგვისტურად და კულტურულად ახლოს მდგომი ყირიმელი თათრების უფლებები და სამხედრო ბალანსი შავ ზღვაზე არ იქნება რუსეთის მხარეს გადახრილი.
ამასთან, ყირიმის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა რუსეთის ანექსიის შემდეგ უარყოფითად აისახება თურქეთის საჰაერო უსაფრთხოებაზეც, რადგან იქ განლაგებული რუსული რაკეტები წვდება თურქეთის საჰაერო სივრცეს და აფერხებს შავ ზღვაზე თურქული სამხედრო თვითმფრინავების უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობას.
არის სხვა საკითხებიც, სადაც არ ემთხვევა რუსეთისა და თურქეთის ინტერესები შავ ზღვაზე: საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, დნესტრისპირეთი და ა.შ.
ხოლო საკითხი, სადაც თურქული და რუსული ინტერესები ერთმანეთის თანმხვედრია, ეხება შავ ზღვაზე არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შეღწევის თემას. თურქეთი, რომელსაც ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერი სამხედრო- საზღვაო ფლოტი აქვს შავ ზღვაზე, ამ რეგიონს ძირითადად განიხილავს არა ნატოს, არამედ ეროვნულ ჭრილში. ამიტომ იგი ყოველთვის ორჭოფობს და ხშირად ეჭვიანობს კიდეც შავ ზღვასთან დაკავშირებულ ნატოს ინიციატივებზე.
თურქეთი და ნატო შავ ზღვაზე
თურქეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები ხელს არ უწყობს შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერებას. თუმცა, თურქეთს შავი ზღვის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულების მიუხედავად, დასავლეთთანაც აქვს საკითხები, რაზე თანამშრომლობასაც გვერდს ვერ აუვლის.
მათი საერთო ინტერესის საკითხები შავ ზღვასაც ეხება, ოღონდ – უფრო ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. ასე, მაგალითად, ა.წ. 9 თებერვალს თურქეთისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში ჩატარდა ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელსაც, ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზემოხსენებული წვრთნების ჩატარების დრო. რამდენადაც თურქეთი ამ მომენტისთვის ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, სამხედრო წვრთნები და სხვა სახის ერთობლივი აქტივობები შავ ზღვაზე შედარებით ადვილი ჩასატარებელია.
ჯერჯერობით ბუნდოვანია უახლოეს ხანში როგორ განვითარდება თურქეთ- დასავლეთის (და უპირველეს ყოვლისა, თურქეთ-აშშ-ს) ურთიერთობები, რაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული შავ ზღვაზე თურქეთისა და დასავლეთის შესაძლო ერთობლივი აქტივობები.
ჯერჯერობით კი რასაც ვხედავთ დასავლეთის მხრიდან – ერთი თვეზე მეტი გავიდა ბაიდენის ინაუგურაციიდან და აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არ გამართულა, რაც საკმაოდ უცნაური პრეცედენტია ორმხრივ ურთიერთობებში. სამაგიეროდ, ვაშინგტონმა გააკეთა განცხადებები და თურქეთში წლების წინ დაკავებული ოპოზიციონერი ფილანთროპისტის – ოსმან ქავალას ციხიდან გათავისუფლება მოითხოვა.
მართალია, თურქულმა მხარემ ყურად არ იღო ვაშინგტონის ეს მოწოდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ოკეანის გაღმიდან გაძლიერდება მსგავსი რიტორიკა, რომელსაც შეიძლება ევროპელებიც მიემხრონ. ეს კი ნამდვილად არ წაადგება თურქულ-დასავლური ურთიერთობების გაუმჯობესებას, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თურქეთის თავზე უკვე დიდი ხანია დამოკლეს მახვილივით კიდია დასავლური სანქციების საკითხი.
დასკვნები