USD 2.8323
EUR 2.9742
RUB 2.7300
Tbilisi
თურქეთი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი
Date:  1925

შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ გახდა, როდესაც კრემლმა აქტიურად დაიწყო როგორც ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზში საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა.

შავ ზღვაში რუსეთის გააქტიურებამ გამოიწვია რეგიონისადმი ნატოს ინტერესის გაზრდაც. ბოლო წლებში ნატოს ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ე.წ. „შავი ზღვის განზომილებას“, ანუ რეგიონთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

ვითარების გამწვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა თურქეთისათვის. მონტროს კონვენცია თურქეთს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს და ეს ქვეყანა ცდილობს, ერთი მხრივ, ეს როლი შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ კი, მას არ შეიძლება არ აშფოთებდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში.

ამ ვითარებაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ? რა გამოწვევებს ან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის შავი ზღვის დაბრუნება მსოფლიოს სტრატეგიულ რუკაზე?

ჩვენ ვიწყებთ რონდელის ფონდის ოთხი ექსპერტის მოსაზრებების გამოქვეყნებას, ესენია: გენერალი გიორგი სურმავა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებს მიმოიხილავს, ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის მიდგომებს გაგვაცნობს, დავით ბატაშვილი რუსულ პერსპექტივაზე მსჯელობს, ხოლო ალექსი პეტრიაშვილი - დასავლეთის მიდგომასა და საქართველოს როლზე.

კრებულის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:

https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941

 

ზურაბ ბატიაშვილი - უსაფრთხოების მიმოხილვა

 

„ცივი ომის“ პერიოდში თურქეთისთვის შავი ზღვა საბჭოთა საფრთხესთან ასოცირდებოდა და ამ მიმართულებით თურქულ-ამერიკული ერთობლივი „შეკავების პოლიტიკა“ ხორციელდებოდა. თურქეთის შავი ზღვის მთელ გაყოლებაზე არსებობდა აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ობიექტების მთელი ჯაჭვი, რომლებიც ამ საფრთხის განეიტრალებაზე იყო ორიენტირებული.

 საბჭოთა კავშირის დაშლისა და, მოგვიანებით, თურქეთის მიერ უფრო მეტად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების შემდეგ კი ანკარამ საფრთხეების აღქმა რადიკალურად შეცვალა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ შავ ზღვაზე დასავლეთისა და თურქეთის ინტერესები ზოგჯერ არა თუ არ ემთხვევა ერთმანეთისას, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მათ შორის წინააღმდეგობებსაც ვხედავთ. გარდა იმისა, რომ ანკარას შავ ზღვასთან ემოციური კავშირი აქვს – მას ხომ ერთ დროს „ოსმალურ ტბასაც“ უწოდებდნენ, თურქეთი ფლობს ყველაზე გრძელ სანაპირო ზოლს ამ ზღვაზე და, რაც ყველაზე მთავარია, იგი აკონტროლებს შავი ზღვის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელ კარიბჭეს (ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს). ეს კი ანკარას შავ ზღვასთან მიმართებით უნიკალურ პოზიციაში ამყოფებს. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია გამოვყოთ 3 ძირითადი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ თურქეთის დამოკიდებულების უკეთ გასაგებად.

თურქეთი და მონტროს კონვენცია

1936 წლის 20 ივლისს ხელმოწერილი „სრუტეების რეჟიმთან დაკავშირებული მონტროს კონვენცია“ ადასტურებს თურქეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლს.აღნიშნული თემა ანკარაში სუვერენიტეტის ცნობის დონეზეა აწეული. ამიტომ მისი პირობების დაცვა ყოველთვის სენსიტიურია თურქეთისთვის.

მონტროს კონვენცია ასევე არეგულირებს სამხედრო გემების ტრანზიტს სრუტეებში. ამ კონვენციის მიხედვით, მშვიდობიანობის პერიოდში გარანტირებულია სამოქალაქო გემების თავისუფალი გატარება.

მონტროს კონვენცია - შედგება 29 მუხლის, 4 დანართისა და 1 ოქმისგან:

 II-VII მუხლები შეეხება სავაჭრო გემების ტრანზიტს.

VIII-XXII მუხლები შეეხება სამხედრო გემების ტრანზიტს.

არა შავი ზღვის ქვეყნებმა, რომლებსაც გემის გაგზავნა სურთ შავ ზღვაში, 8 დღით ადრე უნდა აცნობონ ამის შესახებ თურქულ მხარეს;

 - გემის ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ტონას;

 - შავ ზღვაში მყოფი არა შავი ზღვის ქვეყნების გემების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ტონას (განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 45 000 ტონას);

- შავ ზღვაში შეუძლიათ დარჩნენ არა უმეტეს 21 დღისა.

ამგვარად, მონტროს კონვენცია საგრძნობლად ზღუდავს შავ ზღვაზე არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო ძალების შეღწევადობას. ამიტომ დღეს ბევრი კამათობს იმაზე, რომ მონტროს კონვენცია 1930-იანი წლების რეალობის გათვალისწინებითაა შექმნილი, რაც არ შეესაბამება დღევანდელობას და მისი გადახედვაა საჭირო. თუმცა, იმის გამო, რომ კონვენციის ხელმომწერ და მათ სამართალმემკვიდრე ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები აქვთ შავ ზღვაზე, მის რეფორმირებაზე საფუძვლიანი მსჯელობის დაწყება ვერ ხერხდება. შეერთებულ შტატებშიც კარგად ათვითცნობიერებენ, რომ მონტროს კონვენციის მკაცრი პირობები სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია შავ ზღვაზე ამერიკული სამხედრო ყოფნისთვის.

აღნიშნული კონვენცია რომ სერიოზული პრობლემაა, უკვე არაერთხელ გამოჩნდა რეალობაში. ყველაზე ნათელი მაგალითი კი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი, რომლის დაწყების შემდეგ აშშ-ს სურდა თავისი ორი ჰოსპიტალური გემის შემოყვანა შავ ზღვაზე, საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით. თუმცა, ამ გემების საერთო ტონაჟი აღემატებოდა 69 000 ტონას, რის გამოც თურქეთმა არ გასცა მათი ტრანზიტის ნებართვა.


გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში ანკარაზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა ვაშინგტონიც (გატარების მოთხოვნით) და მოსკოვიც (არგატარების მოთხოვნით). საბოლოო ჯამში თურქეთმა არ დაარღვია მონტროს კონვენციის პირობები და ამ ორი დიდი გემის ნაცვლად შავ ზღვაში შემოვიდა 3 შედარებით პატარა ამერიკული სამხედრო გემი, რომლებმაც ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს საქართველოს პორტებში.


რამდენიმე წლის წინ თურქეთმა გამოაცხადა, რომ აპირებს გრანდიოზული და ამბიციური პროექტის Kanal Istanbul-ის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ბოსფორის სრუტის პარალელურად 45 კმ-იანი ხელოვნური არხის გაყვანას შავ და მარმარილოს ზღვებს შორის. ამან კი ანკარას შესაძლოა უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს შავ ზღვაზე გასასვლელი გზების კონტროლის თვალსაზრისით.

თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 2018 წლის იანვარში განაცხადა, რომ Kanal Istanbul არ დაექვემდებარება მონტროს კონვენციის რეჟიმს.


მოგვიანებით მსგავსი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მაგრამ პრეზიდენტმა დეტალების დაზუსტების გარეშე იქვე დასძინა, რომ ისინი „ამ საკითხს გადაწყვეტენ“.


ცხადია, ამ განცხადებებმა რუსული მხარის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია,0 რადგან მონტროს კონვენცია მკვეთრად ზღუდავს სხვა ქვეყნების სამხედრო ყოფნას შავ ზღვაზე და ეს მომენტი რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყირიმის ანექსიისა11 და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ.


ამ საკითხში ბევრი სხვა ბუნდოვანებაც არსებობს. მაგალითად, მონტროს კონვენცია ეხება ორივე სრუტეს (ბოსფორს და დარდანელს). მაგრამ ახალი ხელოვნური არხი Kanal Istanbul თუ აიგო, იგი მხოლოდ ბოსფორის სრუტეს ჩაანაცვლებს. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ბუნდოვანია, რა იქნება დარდანელის სრუტესთან მიმართებით.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და შავი ზღვა.

მთავარი კითხვა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ისაა, თუ გლობალური მასშტაბით რამდენად შეძლებენ მხარეები ერთმანეთთან დაახლოებას და როგორ აისახება ეს სხვადასხვა მიმართულებაზე (და მათ შორის – შავ ზღვაზეც).

თურქეთს, დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, დროდადრო უწევს რუსეთთან და სხვა ძლიერ პოლიტიკურ პოლუსებთან (პეკინი, თეირანი და ა.შ.) დაახლოება და ეს ყველაზე ნათლად სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე აისახება. ამ ბოლო დროს ეს კავშირები საჰაერო თავდაცვის იარაღით (მაგალითად, რუსული წარმოების S-400-ების სარაკეტო სისტემები) ვაჭრობაზეც აისახა, რასაც საგრძნობი პრობლემები მოჰყვა თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებში.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი და რუსეთი ხშირად თანამშრომლობენ სხვადასხვა საკითხზე, ეს კავშირები მაინც ტაქტიკურ და არა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. მიზეზი კი მარტივია: ანკარას და მოსკოვს განსხვავებული გრძელვადიანი მიზნები აქვთ, რომლებიც ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგოა.

ამ განსხვავებული ინტერესების გამოა, რომ მხარეებს ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები უკავიათ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემების მიმართ, იქნება ეს სირია, კოსოვო, ყირიმი, მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი თუ სხვა.

შავ ზღვაზე რუსეთსა და თურქეთს შორის განხეთქილების მთავარი წერტილი უცილობლად ყირიმის ნახევარკუნძულია, რომელსაც მოსკოვი საკუთარ ტერიტორიად, თურქეთი კი უკრაინის მიწად მიიჩნევს. თურქეთში სამართლიანად თვლიან, რომ სწორედ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას იქნება საუკეთესოდ დაცული მათთან ისტორიულად, ლინგვისტურად და კულტურულად ახლოს მდგომი ყირიმელი თათრების უფლებები და სამხედრო ბალანსი შავ ზღვაზე არ იქნება რუსეთის მხარეს გადახრილი.

ამასთან, ყირიმის განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა რუსეთის ანექსიის შემდეგ უარყოფითად აისახება თურქეთის საჰაერო უსაფრთხოებაზეც, რადგან იქ განლაგებული რუსული რაკეტები წვდება თურქეთის საჰაერო სივრცეს და აფერხებს შავ ზღვაზე თურქული სამხედრო თვითმფრინავების უსაფრთხო ოპერირების შესაძლებლობას.


არის სხვა საკითხებიც, სადაც არ ემთხვევა რუსეთისა და თურქეთის ინტერესები შავ ზღვაზე: საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, დნესტრისპირეთი და ა.შ.


ხოლო საკითხი, სადაც თურქული და რუსული ინტერესები ერთმანეთის თანმხვედრია, ეხება შავ ზღვაზე არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შეღწევის თემას. თურქეთი, რომელსაც ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე ძლიერი სამხედრო- საზღვაო ფლოტი აქვს შავ ზღვაზე, ამ რეგიონს ძირითადად განიხილავს არა ნატოს, არამედ ეროვნულ ჭრილში. ამიტომ იგი ყოველთვის ორჭოფობს და ხშირად ეჭვიანობს კიდეც შავ ზღვასთან დაკავშირებულ ნატოს ინიციატივებზე.

თურქეთი და ნატო შავ ზღვაზე

თურქეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები ხელს არ უწყობს შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერებას. თუმცა, თურქეთს შავი ზღვის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულების მიუხედავად, დასავლეთთანაც აქვს საკითხები, რაზე თანამშრომლობასაც გვერდს ვერ აუვლის.


მათი საერთო ინტერესის საკითხები შავ ზღვასაც ეხება, ოღონდ – უფრო ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. ასე, მაგალითად, ა.წ. 9 თებერვალს თურქეთისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების მონაწილეობით შავ ზღვაში ჩატარდა ერთობლივი სამხედრო წვრთნები,  რომელსაც, ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.


ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზემოხსენებული წვრთნების ჩატარების დრო. რამდენადაც თურქეთი ამ მომენტისთვის ცდილობს დასავლეთთან დაახლოებას, სამხედრო წვრთნები და სხვა სახის ერთობლივი აქტივობები შავ ზღვაზე შედარებით ადვილი ჩასატარებელია.


ჯერჯერობით ბუნდოვანია უახლოეს ხანში როგორ განვითარდება თურქეთ- დასავლეთის (და უპირველეს ყოვლისა, თურქეთ-აშშ-ს) ურთიერთობები, რაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული შავ ზღვაზე თურქეთისა და დასავლეთის შესაძლო ერთობლივი აქტივობები.
ჯერჯერობით კი რასაც ვხედავთ დასავლეთის მხრიდან – ერთი თვეზე მეტი გავიდა ბაიდენის ინაუგურაციიდან და აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არ გამართულა, რაც საკმაოდ უცნაური პრეცედენტია ორმხრივ ურთიერთობებში. სამაგიეროდ, ვაშინგტონმა გააკეთა განცხადებები და თურქეთში წლების წინ დაკავებული ოპოზიციონერი ფილანთროპისტის – ოსმან ქავალას ციხიდან გათავისუფლება მოითხოვა.


მართალია, თურქულმა მხარემ ყურად არ იღო ვაშინგტონის ეს მოწოდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ოკეანის გაღმიდან გაძლიერდება მსგავსი რიტორიკა, რომელსაც შეიძლება ევროპელებიც მიემხრონ. ეს კი ნამდვილად არ წაადგება თურქულ-დასავლური ურთიერთობების გაუმჯობესებას, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თურქეთის თავზე უკვე დიდი ხანია დამოკლეს მახვილივით კიდია დასავლური სანქციების საკითხი.


დასკვნები

  •   შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ თურქეთის პოზიცია უნდა შეფასდეს თურქეთ-დასავლეთისა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში;
  • რამდენადაც დაშორდება თურქეთი რუსეთს, მით უფრო დაუახლოვდება დასავლეთს და პირიქით, თუ ანკარა დაშორდა დასავლეთს, იგი მოსკოვს დაუახლოვდება. ამიტომ, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთის, როგორც დასავლეთის მოკავშირე ქვეყნის როლის შენარჩუნება;
  • უახლოეს ხანში რომც მოხდეს ანკარის დასავლეთთან დაახლოება, ძნელად წარმოსადგენია ის ისეთნიშნულთან მივიდეს, რომ თურქეთმა ადვილად შეცვალოს თავისი სპეციფიკური დამოკიდებულება შავ ზღვაზე გარე ძალების (მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ისა და ნატოს) გაზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით;
  • ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ დასავლეთი და თურქეთი ერთობლივად გამოვიდნენ მონტროს კონვენციის გადახედვის ინიციატივით;
  • ცხადია,მონტროს კონვენცია სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია შავ ზღვაზე ნატოსა და ზოგადად დასავლეთის სამხედრო აღმშენებლობის მიმართულებით, მაგრამ უახლოეს ხანში არც მისი ჩანაცვლების საკითხი განიხილება. ამიტომ სასურველია ალტერნატიულ პროექტებზე ფიქრისა და განხილვის დაწყება;
  • ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა შესაძლოა იყოს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების ერთგვარი როტაციული საზღვაო პატრულირება შავ ზღვაზე საქართველოსა და უკრაინის პორტებში შესვლით, რაც გააუმჯობესებდა უსაფრთხოების გარემოს შავზღვაზე. ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაო იქნება ჩასატარებელი ისევ ნატოს წევრ ქვეყნებთან (და მათ შორის, განსაკუთრებით, თურქეთთან).
Unknown Known
როგორ გახდა გვანჯი მანია თბილისობის დღესასწაულის იდეის ავტორი და რატომ მიანიჭეს მას საპატიო თბილისელის წოდება 48 წლის შემდეგ

დამსახურებული ჟურნალისტი, ეკოლოგი, მოგზაური, მხარეთმცოდნე, კარტოგრაფი,  საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშეწყობის კავშირის „გიორგის“ დამუძნებელი და თავმჯდომარე, ფაზისის აკადემიის გამგეობის და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქეთევან დედოფლის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე - ეს  85 წლის გვანჯი მანიას  პროფესიული ტიტულების არასრული ჩამონათვალია და მკაფიოდ ასახავს იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მრავალმხრივი ინტერესებით იყო გამორჩეული. 1998 წელს გვანჯი მანია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს, ცოტა ხნის წინ კი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, რასაც მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს -  სწორედ  გვანჯი მანიას  ეკუთვნის თბილისობის დღესასწაულის დაწესების იდეა, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ისე „მიითვისა“, რომ  მისი სახელი და გვარი არასდროს არსად გამოჩენილა. ბატონი გვანჯი ბევრი საინტერესო იდეის და ინიციატივის ავტორია, რასაც ის  ჩვენთან ინტერვიუშიც   იხსენებს.

- ბატონო გვანჯი, მოგვიანებით  გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩევას. უცნაურია, რომ ადამიანს, ვინც იყავით თბილისობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორი, აქამდე არ გქონდათ ეს წოდება.    

 - ძალიან გამიხარდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მაინც გავახსენდი ადამიანებს თბილისობის, როგორც დიდი სახალხო დღესასწაულის იდეის ავტორი და თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი, რადგან უკვე 48 წელი გავიდა მას შემდეგ,  რაც პირველი თბილისობა გაიმართა. მაშინდელმა ხელისუფლებამ, პარტიამ, მთავრობამ მიიწერა თბილისობის დღესასწაული, არ უნდა გამოჩენილიყო კონკრეტული ადამიანის, პირადად ჩემი ვინაობა, ვისი თაოსნობითაც დაიწყო თბილისობის ისტორია. წლებთან ერთად თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ამბავი, თუმცა მაშინაც ბევრმა იცოდა, რომ თბილისობის დღის დაწესების იდეის ავტორი მე გახლდით.   

1976 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „თბილისში“ გამოვაქვეყნე  პუბლიკაცია სათაურით „დაწესდეს ახალი დღესასწაული“,  სადაც მიმოვიხილე თბილისის წარსული და აწმყო, ყოფა, ტრადიციები. გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ  1958 წლის  შემდეგ, როდესაც გაიმართა თბილისის დაარსების   1500 წლისთვის საზეიმო ღონისძიებები, მსგავსი დღესასწაული არ გამართულა და ხომ არ დაველოდებით 2058 წელს, როცა ავღნიშნავთ  თბილისის დაარსების 1600 წელიწადს?! იქნებ დავაწესოთ თბილისობის დღესასწაული, რომელიც გაიმართება ყოველი წლის ოქტომბერში, ხოხობზე ნადირობის ჟამს. ეს დღესასწაული გამოავლენდა შემოქმედებით ნიჭს და ფანტაზიებს, გააერთიანებდა თბილისელებს და თბილისის ყველა გულშემატკივარს. ამ წერილს  საზოგადოებაში მოჰყვა დიდი გამოხმაურება და  დისკუსია, ყველა მიესალმა ამ  წინადადებას, რომელიც ძალიან მისაღები იყო თბილისელებისთვის.

ყველა მხარს უჭერდა ამ საერთო სახალხო ზეიმის დაარსების წინადადებას. სამი წლის შემდეგ ჩემი იდეა - პროექტი წარმატებით  განახორციელა მაშინდელმა ხელისუფლებამ, საქალაქო საბჭომ,  პირველი დღესასწაული გაიმართა 1979 წელს. მაშინ  ცეკას მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე - თენგიზ მენთეშაშვილი, გამოყვეს მხატვრები, რეჟისორები. პირველი თბილისობის რეჟისორად არჩეული იყო  ლერი პაქსაშვილი. პირველი თბილისობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ ლადო გუდიაშვილი, კონსტანტინე ილურიძე, აკაკი შანიძე და შუშანა ჩიქოვანი. მას შემდეგ ამდენი დრო გავიდა და თბილისობა იმ წლების გარდა, როდესაც  თბილისში იყო  არეულობა, დაპირისპირება და ომი, ყოველ წელს იმართება და თბილისელებისთვის საყვარელი დღესასწაულია. მე თბილისში არ დავბადებულვარ, ჯვარში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარგი ოჯახი გვქონდა. მამაჩემი მეტივე იყო, დედა მეაბრეშუმე და სახალხო მკურნალი. თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც 21 წლის ასაკში უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მთელი ცხოვრებით თბილისთან ვარ დაკავშირებული, თუმცა ღა მშობლიურ მხარესთან და ჯვართან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.    

- ძალიან საინტერესო ცხოვრება გაიარეთ,  მრავალფეროვანია თქვენი ბიოგრაფია. თავად, როგორ ფიქრობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?  

- ეს იმას ჰგავს, ადამიანს ჰკითხო, რომელი შვილი მეტად გიყვარსო. მე მიყვარდა ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებდი. ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დავინტერესდი მშობლიური კუთხის შესწავლით. სათავგადასავლო მოგზაურობა პატარა ასაკიდან დავიწყე, როდესაც შევქმენი ჯგუფი და მოვიარე მაგანას და ინწრას ხეობა. წლების შემდეგ ორგანიზება გავუკეთე ბევრ ექსპედიციას: 1962 წელს  თბილისის რკალს, 1963 წელს ექსპედიციას იალბუზის გარშემო, იყო ასეთი ექსპედიცია რუსთაველის კვალდაკვალ, რომელიც 1966 წელს განხორციელდა აჭარაში, სამცხე - ჯავახეთში. 24 წლის ვიყავი, სამ მეგობართან ერთად ველოსიპედით დავფარეთ რვაათასკილომეტრიანი დისტანცია საბჭოთა კავშირის რვა რესპუბლიკაში. ველოსიპედები უნივერსიტეტმა გვიყიდა, სტიპენდიებიც წინასწარ მოგვცეს. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდა, მაგრამ ამ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა, რაც მერე ძალიან გამომადგა. 

gvanji_mania-066 გვანჯი მანია და ტიმ სევრერინი 1984 წელი 

მქონდა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ პარალელურად ვსწავლობდი ეკოლოგიას, სოციოლოგიას, ხელოვნებას.  წლები ვიმუშავე საქინფორმში, გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა ივერიელი“, მიღებული მაქვს ჟურნალისტური პრემიები. ძალიან მაინტერესებდა ბუნება, ადამიანები, კავკასიის ხალხთა ცხოვრება, კულტურა, ისტორია. ვმუშაობდი საქართველოს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტში, სამეცნიერო - ტექნიკური ინფორმაციის განყოფილებისა და ბუნების დაცვის საზოგადოების ეკოლოგიური განათლების განყოფილების უფროსად. მოგვიანებით  ჩემი ინიციატივით მოხდა  „ ბუნების ქომაგის“ საპატიო  წოდების დაწესება,  რომელსაც გადავცემდით ბუნების დამცველებს.

ახალგაზრდობიდან აქტიური და  შეუპოვარი ხასიათი მქონდა, ალბათ ამიტომაც  ჯერ კიდევ სტუდენტობისას, როგორც არასაიმედო პერსონა, უშიშროებას აღრიცხვაზე ვყავდი აყვანილი. არ ვერიდებოდი საზოგადოებაში იმის მხილებას და კრიტიკას, რაც მაწუხებდა და არასწორად მიმაჩნდა. ბევრ რამეში მიშლიდნენ ხელს, მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საქმეს.  საბჭოთა  რეჟიმის  პირობებში, როდესაც ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის აღნიშვნისთვის ემზადებოდა, მოვაწყვეთ სამდინარო -საზღვაო ექსპედიცია „ ოქროს საწმისი“, რომელიც უპრეცედენტო ამბავი აღმოჩნდა. ავაგეთ ძველკოლხური ნიმუშის ხომალდი, რომელსაც ვუწოდეთ „ოქროს საწმისი“. ვიმოგზაურეთ ისტორიულ კოლხეთში, ექსპედიციის მესამე წელს გერმანიაში იმართებოდა ოლიმპიური თამაშები, გვინდოდა დუნაის გავლით  ქართული დროშით შევსულიყავით მიუნხენში, მაგრამ უფლება არ მოგვცეს უშიშროების სამსახურებმა. ვიცოდი, რომ არგონავტების მარშუტის გამეორება და  კოლხური კულტურის პოპულარიზაცია საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ მოეწონებოდა, ამიტომ ისე შევფუთეთ, თითქოს  ექსპედიცია გასაბჭოების 50 წლისთავს ეძღვნებოდა. ასეთივე თამამი განაცხადი იყო, საცხენოსნო ექსპედიცია, რომელიც მოვაწყვეთ  კასპის რაიონში, დიდგორის ბრძოლის ადგილებში. რუსეთის მიერ დიდგორის თემაზე საუბარი აკრძალული იყო, რუსების დახმარების გარეშე, როგორ გაიმარჯვეთო, ჩვენ  კი დიდგორის ბრძოლის ადგილებში მოვაწყვეთ ექსპედიცია, რომელშიც 16 ცხენოსანი მონაწილეობდა. ეს საკითხი წამოჭრა ლევან გოთუამ, რომელმაც მიგვანიშნა ამის შესახებ ლიტერატურულ გაზეთში. მე ეს ლაშქრობა მივუძღვენი მის ხსოვნას, დავით აღმაშენებლის, გიორგი სააკაძის და თევდორე მღვდლის მოღვაწეობას. 

 - თქვენი ხელშეწყობით საქართველოში დამყარებული არაერთი რეკორდი მოხვდა გინესების რეკორდების  წიგნში, როგორ  დაუკავშირდით  გინესების რეკორდებს?

 - გინესების რეკორდების საქმესთან  დამაკავშირა ჯუმბერ ლეჟავამ, რომელთანაც როგორც ჟურნალისტს მქონდა ურთიერთობა იმ პერიოდიდან,  როდესაც  ვმუშაობდი საქინფორმის რედაქციაში. ჯუმბერ ლეჟავა არის ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც დაიმკვიდრა ადგილი გინესის რეკორდების წიგნში. მან ჯერ დაამყარა რეკორდი ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში, შემდეგ კი - 3333 დღის განმავლობაში იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით. გადალახა აზიის, ავსტრალია - ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპის და აფრიკის ქვეყნები, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას.

გინესის რეკორდების წიგნში პიროვნებები ავტომატურადაც ხვდებიან. მაგალითად, წიგნში მაია ჩიბურდანიძე შეტანილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ქალთა შორის. მე გინესების რეკორდების  წიგნის მიმართ ინტერესი მქონდა, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ მოგვიანებით, 1993 წელს როდესაც დავაარსე მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი „გიორგი,“ უკვე  აქტიურად ჩავერთე საგინესო მოძრაობაში. ჩემი დახმარებით და ხელშეწყობით  საქართველოდან ბევრი რეკორდი აისახა გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ არის რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ აისახა.

ჩემი ინიციატივა იყო, იუნესკოსა და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში ქართული ცურვის სამი სახეობის მოხვედრა. ესაა ფეხური ცურვა, ხელფეხშეკრული ცურვა და მენჩურუა. ფეხური ცურვა  ძველ კოლხეთში ოდითგან იყო ცნობილი. მენჩურუა წყალში ორთაბრძოლის ხალხური  სახეობაა. რაც შეეხება ხელფეხშეკრულ ცურვას, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჰენრი კუპრაშვილის მარათონს, როდესაც მან ხელფეხშეკრულმა გადაცურა 12 კილომეტრიანი დისტანცია, დარდანელის სრუტე. სამწუხაროდ ის ვერ მოხვდა გინესის რეკორდებში, სიცოცხლისათვის დიდი რისკის გამო.  

მე ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. გული იმაზე მწყდება, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით და არსად არ გვიშვებდნენ, კი ბატონო, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები პრობლემა არ იყო, მაგრამ საზღვრებს გარეთ ვერ გახვიდოდი. მინდოდა რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა და  საქართელოსთვის  თავდადებული, დამსახურებული ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რაფიელ დანიბეგაშვილის, სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობების, ასევე  ქართული თემატიკის საკითხების მოძიება, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ უცხოეთში მხოლოდ იმ ხალხს უშვებდნენ, ვისაც უშიშროების კომიტეტისგან ჰქონდა ამისი უფლება, ან მათთან იყვნენ შეთანხმებულები, როგორც ჩანს, ისინი კომპრომისზე მიდიოდნენ. ჰყავდათ მათ „რჩეულები,“  მე მათ რიცხვში არ ვიყავი. უარი მითხრეს რუმინეთში, ბულგარეთში გასვლაზე, ჩაკეტილი ვიყავი. საბჭოთა უშიშროებას ჩემი ნდობა არ ჰქონდა, ამას ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი.  ჩემი ჯიუტი ხასიათით ვცდილობდი ხოლმე ჩაკეტილი წრის გარღვევას, რასაც ზოგჯერ  ვახერხებდი, ზოგჯერ - არ გამომდიოდა. 

თამუნა ნიჟარაძე

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way