USD 2.8784
EUR 2.9941
RUB 2.9173
Tbilisi
„ტრამპი უკან არ დაიხევს, თუ პუტინი "გადააგდებს" - კურტ ვოლკერი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე უკრაინაში, საქართველოში
Date:  376

 

კურტ ვოლკერი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზე ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში

„ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა იქნება დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვის და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში 2017-2019 წლებში. ვაჟა თავბერიძემ მას „ქართული ოცნების“ მოლოდინებზე კითხვა ინტერვიუს ბოლოს დაუსვა, საუბრის მთავარი თემა კი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის გეგმები და ხედვა იყო, თუ როგორ აპირებს იგი უკრაინაში ომის მშვიდობით შეცვლას.

რადიო თავისუფლება: ზავი უკრაინაში - ვის მოუსმენს, ვის დაუჯერებს ტრამპი? რამდენად დიდი გავლენა ექნება მის გარემოცვას? მაგალითისთვის, ვის უფრო დაუჯერებს - გენერალ კეით კელოგს თუ ილონ მასკს?

კურტ ვოლკერი: ტრამპი თავის თავს უჯერებს. გადაწყვეტილებებსაც ერთპიროვნულად მიიღებს. ის თვლის, რომ მაგარი მომლაპარაკებელია. ზელენსკის უკვე ოთხჯერ ესაუბრა ამ შემოდგომიდან. პარალელურად ამბობს, რომ პუტინს დაურეკავს და ეტყვის, ეს ომი მოამთავროს. ვფიქრობ, ორივეს ამაზე მიაწვება, პუტინსაც და ზელენსკისაც - დროა, ამ ომს მორჩეთ. ამ ყველაფერს თავად წაუძღვება, კელოგი ფიზიკურად იქ კი იქნება, როგორც სპეციალური წარმომადგენელი, მაგრამ გადაწყვეტილებებს, ცხადია, ტრამპი მიიღებს. კელოგს კი ამ გადაწყვეტილებების რეალობად ქცევის პროცესზე თვალყურის დევნება დაევალება.

რადიო თავისუფლება: გასაგებია, რომ გადაწყვეტილებებს ტრამპი მიიღებს, მაგრამ ვინ ახდენს გავლენას ამ გადაწყვეტილებებზე? ვინ ჩასჩურჩულებს, ასე ვთქვათ, მეფეს ყურში?

კურტ ვოლკერი: ყველა და არავინ. მას ბევრი სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანი ახვევია თავს - ასე მოსწონს თვითონ. მოსწონს ყველას არგუმენტების მოსმენა, მაგრამ საბოლოოდ თვითონ რასაც თვლის საჭიროდ, იმას აკეთებს.

რადიო თავისუფლება: და ფიქრობთ, რომ მოსკოვსაც მიაწვება და კიევსაც?

კურტ ვოლკერი: კი, ასე მგონია. ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. მას ესმის, რომ ყველა ტერიტორიას ახლა უკან არ დაუბრუნებენ, მაგრამ ამას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც დისპუტს, რომელიც სხვა - არასაომარი - მეთოდებით გადაწყდება. პრობლემა უფრო პუტინის იძულებაა, მოლაპარაკებებზე წამოვიდეს, მას მაქსიმალისტური მიზნები აქვს - თუ პუტინი გაჯიუტდება და ამ პოზიციას არ დათმობს, ვფიქრობ, ტრამპი საპასუხოდ იტყვის, რომ მაშინ უკრაინას უფრო მეტად დავეხმარებით, ვიდრე აქამდე - , ყველაფერს მივცემთ, ყველანაირ შეიარაღებას, ყველაფერში დავეხმარებით, რაც კი დასჭირდებათ.

რადიო თავისუფლება: ტრამპის ბოლო განცხადების ფონზე - როდესაც მან თქვა, რომ ღიად ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთებას - ატაკამსების შორ მანძილზე გამოყენების ნებართვას ვგულისხმობ, მაინც რეალური გეჩვენებათ სცენარი, სადაც ტრამპი ამას მართლა გააკეთებს, თუ პუტინი უკან არ დაიხევს?

კურტ ვოლკერი: ვფიქრობ, ის მოლაპარაკებებისთვის საჭირო მომენტის შესაქმნელად ემზადება და ამიტომ [ამბობს ამას]. მაგრამ მგონია, რომ უკან არ დაიხევს, თუ პუტინი „გადააგდებს“ ანაც უარს იტყვის გარიგებაზე.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტ ზელენსკის ნარატივში ეს დრამატული ცვლილება სულ ახლახან გაჩნდა - მინიშნება, რომ უკრაინა მზადაა, გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს ტერიტორიებთან დაკავშირებით. მანამდე კიევიდან სხვა მანტრა ისმოდა - რომ ამაზე საუბარიც კი არ სურდათ, მსგავს სცენარს არ განიხილავდნენ. რიტორიკის ამ ცვლილებას ბევრი სწორედ ტრამპის გაპრეზიდენტებით ხსნის, იმ მუქარითა თუ პერსპექტივით, რომ აშშ უკრაინას სამხედრო-ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს, თუ კიევი გაჯიუტდება. თუ მართლაც ასეა, მაშინ ალბათ სამართლიანი იქნება, ვიკითხოთ, რა ბედი ეწია იმ დიად იდეალებს, რომლებიც ასე ხშირად და ომახიანად გვესმოდა წინა წლებში - [დავეხმარებით უკრაინას] „იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდებათ, იმდენით, რამდენიც დასჭირდებათ“, ან კიდევ „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინასთან დაკავშირებით თავად უკრაინის თანხმობის გარეშე“.

კურტ ვოლკერი: ვფიქრობ, ეს „დიადი იდეალები“, როგორც თქვენ დაარქვით, დიდად არაფერში გამოადგა უკრაინას, რადგან მათზე მიბმული არ იყო გაცხადებული საბოლოო მიზანი - მაინც რისი მიღწევა გვსურდა ამ ომში. უკრაინას ვაწვდით სამხედრო დახმარებას, ვაძლევთ ფულს. მანამ, სანამ დასჭირდებათ, სანამ რაღაც არ მოხდება, მაგრამ რა იყო ეს რაღაც, არ განგვისაზღვრია. მიზანი არ იყო გაცხადებული, როგორც გამარჯვება, რუსეთის დამარცხება. ეს იყო უბრალოდ განგრძობადი დახმარება და რაღაც ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელები იკითხავენ: რისთვის ვაკეთებთ ამას? რა არის მიზანი? რამდენიმე წლის წინ ეს მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის დახმარება რუსეთის დასამარცხებლად, რუსის ჯარების მთლიანად განდევნა უკრაინის ტერიტორიიდან. მაგრამ ამას დასჭირდებოდა სხვა მიდგომა, სხვა პოლიტიკა და არა ის, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია ატარებდა, ამას სჭირდებოდა ბევრად უფრო ინტენსიური და მასშტაბური მხარდაჭერა, ვიდრე ჩვენ უკრაინას გავუწიეთ. დღეს სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. უკრაინის ჯარებს დაღლა დაეტყოთ, ახალი სამხედრო ძალების მობილიზება უჭირთ. ევროპასა და ამერიკაში კი კითხულობენ: როგორ დავამთავროთ ეს ომი? პუტინიც დაიღალა, მის ჯარებსაც ქანცი გაუწყდათ. ვნახეთ, რომ სირიიდან უკან დახევა მოუწიათ, ვერ შეძლეს ასადის რეჟიმი დაეცვათ სირიაში, აღარ ჰქონდათ ამის რესურსები. ვერც კურსკი დაიცვეს, როდესაც უკრაინა იქ შეიჭრა, ახლა კი მოუწიათ, ჩრდილოკორეული არტილერიისა და ჯარისკაცების და ირანული დრონების იმედად იყვნენ. რუსის ჯარი კარგ დღეში ნამდვილად არ არის და თუ რუსეთი ტემპსა და მიდგომებს არ შეცვლის - დღეში 1500 დაკარგული ჯარისკაცი - ამის დიდხანს გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ასე რომ, პუტინსაც სჭირდება რაღაც გარიგება.

რადიო თავისუფლება: ზემოთ ახსენეთ - პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება სურსო. რაც სურს, გასაგებია, მაგრამ რით დაკმაყოფილდება? მაგალითად, თავადვე აღნიშნა, რომ სურს ის ოთხი ოლქი, რომლებიც რუსეთის ნაწილად გამოაცხადა, რუსეთსავე დარჩეს, ამას გარდა, ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება. ამას დასჯერდება? შეუძლია, ეს ყველაფერი ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთოს, კრემლში წაიღოს და მერე რუს ხალხს წარუდგინოს, როგორც გამარჯვება?

კურტ ვოლკერი: პუტინს შეუძლია ის „გაყიდოს“ გამარჯვებად, რაც თავად მოეპრიანება, რადგან დიქტატორია და საინფორმაციო სივრცეს სრულად აკონტროლებს. ასე რომ, თუ გადაწყვეტს ამის გაკეთებას, გააკეთებს კიდეც. რაც შეეხება იმას, ამას დასჯერდება თუ არა - პუტინი არასოდეს დასჯერდება მიცემულს, ის აუცილებლად ეცდება, ძირი გამოუთხაროს უკრაინას და მთლიანად დაიპყროს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ შევაჩეროთ, არ მივცეთ ამის გაკეთების უფლება - რათა, პირველ რიგში, სამხედრო გზით ვეღარ შეძლოს ამის გაკეთება, ამას კი უნდა მოჰყვეს ყველანაირი დახმარება, რაც უკრაინას შეგვიძლია გავუწიოთ რეფორმების და ეკონომიკურად გაძლიერების კუთხით, ევროკავშირში, ნატოში გასაწევრებლად, რათა რუსეთმა სხვა მეთოდებითაც ვეღარ შეძლოს უკრაინისთვის ძირის გამოთხრა.

რადიო თავისუფლება: როდესაც ტრამპი ამბობს, რომ ომს 24 საათში დაასრულებს, ეს ალბათ მეტაფორაა, მაგრამ რას გულისხმობს თვითონ - ომის ცხელი ფაზის დასრულებას გარკვეული დროით თუ ომის საბოლოოდ დასრულებას?

კურტ ვოლკერი: მართებული კითხვაა, რადგან ვფიქრობ, თავად ის ომის დასრულებას უყურებს, როგორც „ცხელი ფაზის“ დასრულებას, ანუ შეწყდება ცეცხლი, ხალხის კვლა და ა.შ. თვითონაც სულ ამას უსვამს ხაზს, ამბობს: შეწყვიტეთ ერთმანეთის ხოცვა. მაგრამ ამ ცხელი ფაზის შეწყვეტის მშვიდობად გადაქცევა ძალიან დიდი გამოწვევა იქნება და ზუსტად არ ვიცით, რა პოზიცია უჭირავს ტრამპს ამ საკითხთან მიმართებით. მას არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კარგი მთავრობის პირობებში მდიდარი ქვეყანა იყოს, ბუნებრივი რესურსები იქნება ეს თუ ადამიანური. მაგრამ ამას დასჭირდება მეტის გაღება დასავლეთისგან, იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა მშვიდობას შეინარჩუნებს და ეს არ იქნება უბრალოდ პაუზა, რომლის განმავლობაშიც პუტინი დაისვენებს, ძალებს მოიკრებს და უკრაინას ხელახლა დაესხმება თავს.

რადიო თავისუფლება: თუ კრემლის ბანაკიდან გაკეთებულ განცხადებებს შევავლებთ თვალს, აშკარაა, რომ მხოლოდ უკრაინაზე არ სურთ საუბარი, მეტის იმედი აქვთ. პუტინი თითქოს ახალი „იალტის სამიტისკენ“ იწევს. შეუძლია თუ არა ტრამპს, მას ასეთი რამ შესთავაზოს?

კურტ ვოლკერი: არა მგონია. ვფიქრობ, ტრამპი თავის გეგმას უფრო მარტივად ხედავს. უბრალოდ, შეწყვიტეთ ომი. შეწყვიტეთ ბრძოლა. ამას ვერ მოიგებ, მხოლოდ რუსეთს დაასუსტებ. ასე რომ, უბრალოდ, მორჩით. ამ მხრივ, ვფიქრობ, ტრამპს ძლიერი პოზიცია აქვს.

რადიო თავისუფლება: არჩეული პრეზიდენტის ბანაკიდან გამოსულ გზავნილებსაც შევავლოთ თვალი. როგორც წესი, მუდმივად ფიგურირებს ორი დათქმა: რომ უკრაინას მოუწევს, გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვას შეეგუოს და ნატოში შესვლაზე უარი თქვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას იღებს უკრაინა ამ ზავისგან? რა თქმა უნდა, სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩენა უმთავრესია, ამის მნიშვნელობას არ ვაკნინებ, მაგრამ მხოლოდ ამის იმედი უნდა ჰქონდეს?

კურტ ვოლკერი: დიახ, ვფიქრობ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩენა ყველაზე მთავარია. მშვიდობის შემთხვევაში, უკრაინელები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, შეძლებენ დაბრუნებას. ეკონომიკური ზრდა იქნება, დახმარებები, დაიწყება ქვეყნის აღდგენა. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფი პროგრესი. და მე მჯერა, რომ ისინი ნატოშიც უნდა მივიღოთ. ეს ტრამპის გუნდის ამჟამინდელი პოზიცია არ არის, მაგრამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან ვფიქრობ, რომ პუტინი უსაფრთხოების სხვა გარანტიებს პატივს არ სცემს. ნატოს წევრობა ერთადერთი გზაა, რომელიც რეალურად მუშაობს.

რადიო თავისუფლება: და ფიქრობთ, პუტინი ხელს მოაწერს რაიმე შეთანხმებას, სადაც უკრაინა მკაფიოდ არ დააფიქსირებს, რომ ნატოს წევრი არ გახდება?

კურტ ვოლკერი: იმედი მაქვს, რომ მას არ დავეკითხებით, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მისი კატეგორიული მოთხოვნა იქნება, რომ ეს რაიმე ფორმით საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაში იყოს გაწერილი, ვფიქრობ, მაქსიმუმი, რასაც შეგვიძლია დავთანხმდეთ, არის ის, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება გარკვეული დროის განმავლობაში. სხვა მხრივ, გამოვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების მისწრაფებებთან ერთად მისი მომავალი უსაფრთხოებაც შორს მოვისროლეთ.

რადიო თავისუფლება: მოდით, დავუშვათ, რომ შეთანხმება შედგა. პუტინი დადებული პირობების შესრულებით, „სიტყვის კაცობით“ ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. რამდენ ხანს გასტანს ეს „მშვიდობა“? ვინ დაიცავს ამ შეთანხმებას? აი, დავუშვათ, რომ ზავი ხუთ წელს გაგრძელდა - საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტი აღარ იყოს და რუსეთმა კი თავიდან შეაიარაღოს ჯარი და მეორედ სცადოს ბედი. მერე რა მოხდება? ტრამპი ისევ იტყვის, რომ მისი პრეზიდენტობისას ომები არ ყოფილა, შესაბამისად, ეს მისი მემკვიდრეობა არ არის?

კურტ ვოლკერი: დიახ... სამწუხაროდ, ვფიქრობ, ტრამპი ფრიად ბედნიერი იქნება იმითაც, რომ ომის ცხელი ფაზის დასრულებას მის დამსახურებად ჩათვლიან. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსეთს ვერ ვაიძულებთ, შეეშვას ძირის გამოთხრას უკრაინისა და სხვა ქვეყნებისათვის. რუსეთი ამის გაკეთებას გააგრძელებს. ჩვენი ვალია, ეს ქვეყნები საკმარისად გავაძლიეროთ იმისთვის, რომ რუსეთის მცდელობები წარმატებული არ გამოდგეს.

რადიო თავისუფლება: მოდით, ვისაუბროთ იმაზეც, ვინ და როგორ გამოაცხადებს თავს „გამარჯვებულად“ ამ კონფლიქტში. ბანალური ჭეშმარიტების მიხედვით, ისტორიას გამარჯვებულები წერენ. ამ ქვეთავს ვინ დაწერს? თუ სხვადასხვა „სტამბა“ იქნება - ერთი მოსკოვში, ერთი ვაშინგტონში და ერთიც კიევში?

კურტ ვოლკერი: სწორედ ეგრე იქნება. რუსეთი თავის „ისტორიას“ მუდმივად იგონებს. არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. რუსეთში დაწერენ, რომ ეს ომი უკრაინამ დაიწყო. ნატომ „ცეცხლზე ნავთი დაასხა“, „გამარჯვებული“ რუსეთი კი, როგორც ყოველთვის, „რუსი მოქალაქეებისა“ და „რუსულენოვანი მოსახლეობის“ დასაცავად გამოდიოდა. უფრო მეტსაც მიაღწევდნენ, დასავლეთი რომ არ ჩართულიყო საქმეში, მაგრამ დღეს ამ ახალი მიწებით დაკმაყოფილდებიან, და ტრადიციული რუსული დიდსულოვნებით, მზად არიან „მშვიდობას კიდევ ერთხელ მისცენ შანსი“ და ნახონ, შეასრულებს თუ არა სიტყვას დასავლეთი.

რადიო თავისუფლება: ამ გადმოსახედიდან, რამდენად რეალურია მორიგი „RESET“-ი? მოგვიწევს ვუყუროთ, როგორ სხედან ტრამპი და პუტინი „ვკუსნო ი ტოჩკაში“ და ბურგერებს შეექცევიან?

კურტ ვოლკერი: არა, არა მგონია. ვფიქრობ, ტრამპისთვის მისაღები არ იქნება პუტინის „ძმაკაცის“ როლში გამოჩენა. მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში „რუსეთის მარიონეტობაში“ ადანაშაულებდნენ და თავად ამას მხურვალედ უარყოფდა. შესაბამისად, მგონია, რომ ის ასეთ სურათს მოერიდება.

რადიო თავისუფლება: და რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას „დიპლომატიური სამყაროს“ სცენაზე? გარდაუვალია? უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინსა და კრემლს, ადრე თუ გვიან, „ამნისტია“ შეეხებათ?

კურტ ვოლკერი: სამწუხაროდ, ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. და ჩემი ვარაუდით, ამას დიდწილად ევროპა წაახალისებს. გერმანია და საფრანგეთი ეცდებიან, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები აღადგინონ. შეიძლება, პუტინთან ბურგერების ჭამა არც მათ დაიწყონ, მაგრამ სანქციების გაუქმება უნდათ. ისევ მოხიბლავთ რუსული ენერგია, ამჯერად გარკვეული შეზღუდვებით. ასევე გაჩნდება სავაჭრო შესაძლებლობები - რუსული ეკონომიკის აღდგენა ახალ ბიზნესშანსებს წარმოშობს და გერმანული კომპანიები ამას აუცილებლად გამოიყენებენ.

რადიო თავისუფლება: საქართველოზეც ვისაუბროთ. როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, მახსოვს, ბევრ დასავლელ დიპლომატს ვეკითხებოდი საქართველოს მომავალზე და მათი პასუხი თითქმის იდენტური იყო - საქართველოს ჭკვიანურად უნდა გაეთამაშებინა თავისი „კარტი“, რათა, როცა ომი დასრულდებოდა, დასავლეთის ბანაკში აღმოჩენილიყო, ნაცვლად იმისა, რომ ქცეულიყო ერთგვარ სავაჭრო მონეტად, რომელსაც, ცინიკურად რომ ვთქვათ, რუსეთს მიუგდებდნენ. ხომ არ აღმოვჩნდით კიდევ უფრო უარეს სცენარში, სადაც სავაჭრო მონეტადაც კი აღარ ვითვლებით?

კურტ ვოლკერი: დიახ, სამწუხაროდ, ასეა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. დაუჯერებელია, თუ რამდენად შორს წავიდა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის სურვილების წინააღმდეგ. მათ მთლიანად ჩახსნეს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, ნატოზე კი საერთოდ აღარაფერს ამბობენ. აშშ-ს და დასავლეთს „გლობალური ომის პარტია“ უწოდეს, რუსეთისთვის სასარგებლო ყველა ნაბიჯს აქტიურად უჭერენ მხარს და ძირეულად ანგრევენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

რადიო თავისუფლება: აშშ-მა შეაჩერა „სტრატეგიული პარტნიორობა“ საქართველოსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ თითქოს დიდად არ აღელვებთ ეს ნაბიჯი. პრემიერ-მინისტრ კობახიძის სიტყვებით: „ახალი ადმინისტრაცია მოვა, ტრამპის დროს ყველაფერი სხვანაირად იქნება“. არადა, პირველი ქართველი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში ტრამპს შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი იყო და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის „ქართული ოცნების“ ინტერესებს წარადგენდა. რა უნდა ელოდოს „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციისგან?

კურტ ვოლკერი: „ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე. გავიხსენოთ ანაკლიის პორტი - ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება.

წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/

Copyright (c) 2010. RFE/RL, Inc. გადაბეჭდვის ნებართვა მიღებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისგან, 1201 Connecticut Ave., N.W. Washington DC 20036.

business
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way