ყველას ეგონა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს სამ დღეში მოიგებდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
მისი თქმით, აღნიშნული რუსეთს ცუდად წარმოაჩენს.
„დაუღალავად ვმუშაობ უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად. შვიდი ომიდან, რომელიც დავასრულე, მეგონა, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო, რომელიც ყოველთვის კარგი იყო.
მეგონა, რომ ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ომში არასდროს არ იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ასევე, ცუდი.
ეგონათ, რომ ერთი პატარა სწრაფი შეტაკება იქნებოდა. ეს კარგად არ წარმოაჩენს რუსეთს, ცუდად წარმოაჩენს მათ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამ მომენტიდან, ეს რამდენიმე დღის ამბავი უნდა ყოფილიყო, ერთ კვირაზე ნაკლების, და ისინი სამ წელიწად-ნახევარი იბრძვიან. და კლავენ 5-დან 7 ათას ახალგაზრდა ჯარისკაცს, ძირითადად ჯარისკაცებს, ორივე მხარეს. ყოველ კვირა - 5-დან 7 ათასამდე მკვდარი ახალგაზრდა ადამიანი”,- განაცხადა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა ჩინეთი და ინდოეთი ომის დაფინანსებაში დაადანაშაულა, მას ისაუბრა ნატო-ს ქვეყნებზეც, რომელთაც არ შეწყვიტეს რუსული ენერგორესურსების შესყიდვა და თქვა, რომ ეს უპატიებელია.
„ჩინეთი და ინდოეთი მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელებით, მაგრამ, რაც უპატიებელია, ნატოს ქვეყნებმაც დიდად არ შეწყვიტეს რუსული ენერგეტიკისა და რუსული ენერგოპროდუქტების [შესყიდვა], რაც ორი კვირის წინ აღმოვაჩინე და არ გამიხარდა. დაფიქრდით, ისინი საკუთარი თავის წინააღმდეგ აფინანსებენ ომს. ეს ვის გაუგია? ,- განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მზაობა, რომ რუსეთს დაუწესოს ტარიფები, თუმცა დასძინა, რომ ეფექტიანობისთვის იგივე ზომები ევროპელებმაც უნდა მიიღონ.
„თუ რუსეთი მზად არ იქნება ომის დასასრულებლად შეთანხმებისთვის, აშშ სრულიად მზად არის დაუწესოს ტარიფების ძალიან ძლიერი პაკეტი, რაც, ჩემი რწმენით, ძალიან სწრაფად დაასრულებს სისხლისღვრას. მაგრამ ეს ტარიფები რომ ეფექტიანი იყოს, ევროპული ქვეყნები, აქ ვინ ხართ შეკრებილი, უნდა შემოგვიერთდეთ იგივე ზომების შემოღებაში“, - დასძინა ტრამპმა.