USD 2.7280
EUR 2.9738
RUB 2.7548
Тбилиси
ტოკიოში საქართველოს დღეები გაიხსნა
дата:  
ტოკიოში საქართველოს დღეები ანშლაგით გაიხსნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ, იოიოგის პარკში, საზეიმოდ გაიხსნა ,,საქართველოს დღეები იაპონიაში“.
პირველივე დღეს წარმოდგენილმა მრავალფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა პროგრამამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მაყურებელთა რიცხვიც მოწმობს.
გაიმართა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“, ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „ამფორას“ კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა. სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენები. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატესა და ხრიდოლში. აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ჰქონდათ. იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი), რომელიც იაპონელ საზოგადოებას ქართულ ღვინოს აცნობს. კარიერის დასრულების შემდეგ იგი იაპონიაში სწორედ ქართული ღვინის კულტურისა და სხვა ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციას ეწევა.
რაც შეეხება ღონისძიების კულტურულ ნაწილს, მოეწყო ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა წარმოადგინა დადგმა - „შენ ხარ ვენახი“, „,,ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“. საღამო გაგრძელდა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტებით.
იაპონიაში ქართული დღეები 16 ივნისს ასევე მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდება. კვლავ ჩატარდება ანსამბლების - „იაპონელებისა“ და „საფირონების“ კონცერტები, მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა, ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.) და შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატეში, ხრიდოლში. ასევე, გაიმართება იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტი. კულტურის დღეები ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული დღეების დაწყებამდე იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა და მას 1000-ამდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად, უცხოელი დიპლომატები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიებაზე ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ბასიანმა“ საქართველოსა და იაპონიის ჰიმნები შეასრულა, რის შემდეგაც მსმენელს ქართული ფოლკლორის ნიმუშები წარუდგინა. სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული კავშირების გამყარებას, ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების გაცნობას იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. იაპონიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo/?fbid=769973725318652&set=a.230957325886964
аналитика
«Українська правда» (უკრაინა): „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“

ცნობილი უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ (Українська правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“ (ავტორი - მიხეილ დუბინიანსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელის შეტევა ღაზას სექტორზე, რომელიც „ჰამასის“ თავშესაფარ ტერიტორიად იყო მიჩნეული, თავდაპირველად სრულიად სამართლიანად ითვლებოდა იმ საზარელი თავდასხმის პასუხად, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან მეათე დღეს, სოციალურ ქსელებში პროპალესტინური პოსტები ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე პროისრაელური.

პალესტინელებმა მოახერხეს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ცახალის სამხედრო ქვედანაყოფების მოქმედების შედეგები (ნგრევა, ადგილობრივი მოსახლეობის დაღუპვა და ბლოკადა) უფრო საზარელი სახით წარმოეჩინათ, ვიდრე ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვა. დღეისთვის საერთაშორისო მედიასივრცეში ისრაელის დარტყმების პროპალესტინური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე პროისრაელური. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელის დარტყმებზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისრაელი საინფორმაციო ომს აგებს. ამასთან, სამწუხარო ის არის, რომ ღაზას სექტორში და ლიბანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საკმაოდ დაჩრდილა რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, რომელმაც, პროპალესტინური აქტივისტების წყალობით, უკანა პლანზე გადაინაცვლა.

რასაკვირველია, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ, მრავალრიცხოვანი არაბული დიასპორის დამსახურებაა, რომელიც უფრო აქტიურად და „მიმწოლად“ მოქმედებს, ვიდრე უკრაინული დიასპორა - ლტოლვილები და მიგრანტები - დასავლეთში. ნაწილობრივ, ასეთი ვითარება ერთგვარი არასასიამოვნო შედეგია იმისა, რომ უკრაინის ომი, ასე ვთქვათ, მოდიდან გადის - პოლიტიკური კონიუნქტურა კიევისათვის არამომგებიანია. რაც უფრო ჭიანურდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ეჩვევა მას ამერიკულ-ევროპული პუბლიკა, ანუ ადრინდელ ემოციებს აღარ იწვევს. ასეთია მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ არსებობა გვიწევს.

უკრაინისა და პალესტინის ერთმანეთთან კონკურენცია ერთადერთი ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ უკრაინის ომის მიმართ საერთაშორისო რეზონანსი მცირდება. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საჯარო აქტიურობას - ჩვენთანაც და საზღვარგარეთ - ხშირად აქვს თვალთმაქცური სახე. რიგ შემთხვევებში ბოროტების წინააღმდეგ უკომპრომისო მეომრები სამიზნედ ისეთ ბოროტებას, რომელთანაც  ბრძოლა იოლი და კომფორტულია. მაგალითად, რადიკალური ეკოაქტივისტები უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებას, სადაც მათ გარეშეც ეკოლოგიურ პრობლემებს ისედაც დიდი ყურადღება ეთმობა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლანეტის ბუნებას, ჰაერს და ზოგადად, გარემოს ყველაზე მეტ ზიანს ავტორიტარული (კომუნისტური) ჩინეთის ეკონომიკა აყენებს. მაგრამ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ეკოლოგიური მიტინგებისა თუ აქციების ჩატარება იოლია, ვიდრე ჩინეთში. დასავლეთში რადიკალებს შეუძლიათ ვან გოგის ნახატებს სუპი შეასხან, მაგრამ განა ისინი გაბედავენ ჩინეთში წასვლას და მაო ძედუნის მავზოლეუმთან მიტინგის გამართვას, ან მის ძეგლს სუპს შეასხამენ?

პალესტინისა და უკრაინის მიმართებითაც მსგავსი ლოგიკა მოქმედებს: განა ვინმე წავა მოსკოვში და წითელ მოედანზე კრემლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს? ან თეირანში? ან ფხენიანში? არავინ. ამიტომაც არანაირი მიტინგები, ევროპის დედაქალაქებში გამართული, რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე გავლენას არ მოახდენს.

ისრაელი, მთლი თავის აგრესიულობასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოა. ასევე დემოკრატიული ქვეყანაა მისი მთავარი მოკავშირე - აშშ. ასევე ითქმის იმ დასავლური სახელმწიფოებზე, სადაც ანტიისრაელური და პროპალესტინური აქციები იმართება. ნებისმიერი დემოკრატიული დასავლური სახელმწიფო მგრძნობიარეა საზოგადოებრივი აზრის მიმართ. მასობრივი აქციებით და და საჯარო აგიტაცია-პროპაგანდით არის შესაძლებლობა, რომ რაღაც შეიცვალოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა აქტივისტებისათვის უფრო იოლია და პერსპექტიული პალესტინის დაცვა, ვიდრე უკრაინისა.

და მაინც გარკვეული პოზიტივი ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაშიც კი ჩანს: დიახ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასავლურ აუდიტორიას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიმართ ყურადღებას ამცირებს. დიახ, პალესტინა თავისკენ იზიდავს საზღვარგარეთული თანაგრძნობის გარკვეულ დოზას, რომელსაც ადრე უკრაინა და უკრაინელები იღებდნენ... მაგრამ ამით უკრაინის მიმართ სოლიდარობა უფრო გულახდილი, გულწრფელი და უფრო მტკიცე ხდება.

2022 წლის გაზაფხულზე უკრაინას დასავლეთში ბევრი უცხადებდა მხარდაჭერას, თუმცა მათში ბევრი იყო მოდის ამყოლი და საკუთარი თავის პროპაგანდისტი. 2024 წლის შემოდგომაზე კი უკრაინას მხარს უჭერენ ნამდვილი გულწრფელი და მტკიცე მეგობრები... და ეს მხარდაჭერა უფრო ძვირფასი და ჭეშმარიტია, ვიდრე ადრინდელი.

წყარო: https://www.pravda.com.ua/articles/2024/10/19/7480342/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати