USD 2.7280
EUR 2.9738
RUB 2.7548
თბილისი
«Українська правда» (უკრაინა): „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“
თარიღი:  88

ცნობილი უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ (Українська правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“ (ავტორი - მიხეილ დუბინიანსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელის შეტევა ღაზას სექტორზე, რომელიც „ჰამასის“ თავშესაფარ ტერიტორიად იყო მიჩნეული, თავდაპირველად სრულიად სამართლიანად ითვლებოდა იმ საზარელი თავდასხმის პასუხად, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან მეათე დღეს, სოციალურ ქსელებში პროპალესტინური პოსტები ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე პროისრაელური.

პალესტინელებმა მოახერხეს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ცახალის სამხედრო ქვედანაყოფების მოქმედების შედეგები (ნგრევა, ადგილობრივი მოსახლეობის დაღუპვა და ბლოკადა) უფრო საზარელი სახით წარმოეჩინათ, ვიდრე ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვა. დღეისთვის საერთაშორისო მედიასივრცეში ისრაელის დარტყმების პროპალესტინური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე პროისრაელური. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელის დარტყმებზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისრაელი საინფორმაციო ომს აგებს. ამასთან, სამწუხარო ის არის, რომ ღაზას სექტორში და ლიბანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საკმაოდ დაჩრდილა რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, რომელმაც, პროპალესტინური აქტივისტების წყალობით, უკანა პლანზე გადაინაცვლა.

რასაკვირველია, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ, მრავალრიცხოვანი არაბული დიასპორის დამსახურებაა, რომელიც უფრო აქტიურად და „მიმწოლად“ მოქმედებს, ვიდრე უკრაინული დიასპორა - ლტოლვილები და მიგრანტები - დასავლეთში. ნაწილობრივ, ასეთი ვითარება ერთგვარი არასასიამოვნო შედეგია იმისა, რომ უკრაინის ომი, ასე ვთქვათ, მოდიდან გადის - პოლიტიკური კონიუნქტურა კიევისათვის არამომგებიანია. რაც უფრო ჭიანურდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ეჩვევა მას ამერიკულ-ევროპული პუბლიკა, ანუ ადრინდელ ემოციებს აღარ იწვევს. ასეთია მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ არსებობა გვიწევს.

უკრაინისა და პალესტინის ერთმანეთთან კონკურენცია ერთადერთი ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ უკრაინის ომის მიმართ საერთაშორისო რეზონანსი მცირდება. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საჯარო აქტიურობას - ჩვენთანაც და საზღვარგარეთ - ხშირად აქვს თვალთმაქცური სახე. რიგ შემთხვევებში ბოროტების წინააღმდეგ უკომპრომისო მეომრები სამიზნედ ისეთ ბოროტებას, რომელთანაც  ბრძოლა იოლი და კომფორტულია. მაგალითად, რადიკალური ეკოაქტივისტები უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებას, სადაც მათ გარეშეც ეკოლოგიურ პრობლემებს ისედაც დიდი ყურადღება ეთმობა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლანეტის ბუნებას, ჰაერს და ზოგადად, გარემოს ყველაზე მეტ ზიანს ავტორიტარული (კომუნისტური) ჩინეთის ეკონომიკა აყენებს. მაგრამ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ეკოლოგიური მიტინგებისა თუ აქციების ჩატარება იოლია, ვიდრე ჩინეთში. დასავლეთში რადიკალებს შეუძლიათ ვან გოგის ნახატებს სუპი შეასხან, მაგრამ განა ისინი გაბედავენ ჩინეთში წასვლას და მაო ძედუნის მავზოლეუმთან მიტინგის გამართვას, ან მის ძეგლს სუპს შეასხამენ?

პალესტინისა და უკრაინის მიმართებითაც მსგავსი ლოგიკა მოქმედებს: განა ვინმე წავა მოსკოვში და წითელ მოედანზე კრემლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს? ან თეირანში? ან ფხენიანში? არავინ. ამიტომაც არანაირი მიტინგები, ევროპის დედაქალაქებში გამართული, რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე გავლენას არ მოახდენს.

ისრაელი, მთლი თავის აგრესიულობასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოა. ასევე დემოკრატიული ქვეყანაა მისი მთავარი მოკავშირე - აშშ. ასევე ითქმის იმ დასავლური სახელმწიფოებზე, სადაც ანტიისრაელური და პროპალესტინური აქციები იმართება. ნებისმიერი დემოკრატიული დასავლური სახელმწიფო მგრძნობიარეა საზოგადოებრივი აზრის მიმართ. მასობრივი აქციებით და და საჯარო აგიტაცია-პროპაგანდით არის შესაძლებლობა, რომ რაღაც შეიცვალოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა აქტივისტებისათვის უფრო იოლია და პერსპექტიული პალესტინის დაცვა, ვიდრე უკრაინისა.

და მაინც გარკვეული პოზიტივი ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაშიც კი ჩანს: დიახ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასავლურ აუდიტორიას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიმართ ყურადღებას ამცირებს. დიახ, პალესტინა თავისკენ იზიდავს საზღვარგარეთული თანაგრძნობის გარკვეულ დოზას, რომელსაც ადრე უკრაინა და უკრაინელები იღებდნენ... მაგრამ ამით უკრაინის მიმართ სოლიდარობა უფრო გულახდილი, გულწრფელი და უფრო მტკიცე ხდება.

2022 წლის გაზაფხულზე უკრაინას დასავლეთში ბევრი უცხადებდა მხარდაჭერას, თუმცა მათში ბევრი იყო მოდის ამყოლი და საკუთარი თავის პროპაგანდისტი. 2024 წლის შემოდგომაზე კი უკრაინას მხარს უჭერენ ნამდვილი გულწრფელი და მტკიცე მეგობრები... და ეს მხარდაჭერა უფრო ძვირფასი და ჭეშმარიტია, ვიდრე ადრინდელი.

წყარო: https://www.pravda.com.ua/articles/2024/10/19/7480342/

ანალიტიკა
«Al Khaleej//الخليج» (არაბთა გაერთიანებული საემიროები): „როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს“

არაბთა გაერთიანებული საემიროების გაზეთ „ალ ხალიჯი“ (Al Khaleej // الخليج) აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორი შეწყდება რუსეთ-უკრაინის ომი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს“ (ავტორი - სალაჰ ალ-გული), რომელშიც გადმოცემულია მომავალი სცენარი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ და პრობლემების მოგვარების ამერიკული გეგმა (დონბასისა და ყირიმის სავარაუდო სტატუსის ჩათვლით).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორი ცვლილებები მოხდება უკრაინის ფრონტზე და უკრაინასთან დაკავშირებით საერთაშორისო პოლიტიკაში, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, 5 ნოემბერს, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის მოკლე მიმოხილვა და დასკვნის გაკეთება.

რა ხდება დღეს უკრაინის ფრონტზებზე? მთავარ, აღმოსავლეთისა (დონბასი) და დამხმარე - სამხრეთისა (ზაპოროჟიე-ხერსონი) და ჩრდილოეთის (ხარკოვი-კურსკი) ფრონტებზე ამჟამად ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით დონბასში. რუსეთის არმია წინ მიიწევს, უკრაინელები უკან იხევენ და ქალაქებს ტოვებენ. მხარეები ერთმანეთს ურტყამენ დრონებითა და რაკეტებით, რუსებს უპირატესობა აქვთ ავიაციაში, რომლის მეშვეობით შორი მანძილიდან უკრაინის არმიის პოზიციები და ფრონტისპირა ქალაქები იბომბება  პლანერული (ე.წ. „მფრინავი“) ბომბებით. რაც შეეხება რუსეთის კურსკის ოლქში აგვისტოში შეჭრილი უკრაინის არმიის ქვედანაყოფებს, ისინი დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. კიევი, ალბათ, ფიქრობს მათ გაყვანას, მაგრამ აჭიანურებს და მოვლენების განვითარებას აკვირდება, რაღაც მნიშვნელოვანს ელოდება - განსაკუთრებით აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს.

როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნაწილობრივ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ადანაშაულებს. დონალდ ტრამპი დადებითად უყურებს რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს და აღნიშნავს, რომ იგი ძლიერი ხელმძღვანელია, რომელიც, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მტკიცებით, უკრაინის ომი არ დაიწყებოდა, იგი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო 2020 წლის არცევნების შედეგადაც. რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ თუ იგი ამჟამინდელ არჩევნებში გაიმარჯვებს, ომს სწრაფად დაასრულებს: მისი თქმით, ომი ამერიკის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს (უკრაინისათვის გაწეული დახმარება - 84 მილიარდი დოლარი რომ უშუალოდ აშშ-ის ეკონომიკას მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა) და ძირს უთხრის აშშ-ის ლიდერობას, რომელსაც ძლიერი მეტოქე ჰყავს ჩინეთის სახით.

მოკლედ, დონალდ ტრამპს აქვს გარკვეული საიდუმლო გეგმა „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე“, რომლის თანახმად (გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით), პირველი ნაბიჯი იქნება ცეცხლის შეწყვეტა მხარეთა მიერ, მეორე - სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყონებლივი დაწყება (დონალდ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ვლადიმერ ზელენსკიზე და ვლადიმერ პუტინზე), მესამე - ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა (ტყვეების გაცვლის დასრულება, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფრონტისპირა რეგიონებში) და ბოლოს, ყველა სადაო პრობლემის განხილვის დაწყება.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული წყაროების თქმით, გეგმის თანახმად, უკრაინა აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმზე. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით, დონალდ ტრამპი საჯაროდ გამოაცხადებს პოლიტიკურ გარიგებას დონბასის სტატუსის შესახებ, რომელიც ასეთი სახით გამოიყურება: რუსეთი თავის ჯარებს უკან ახევინებს უკრაინის იმ საზღვრებზე, რომელიც 2022 წლის 22 თებერვლამდე არსებობდა; მოსკოვი განაცხადებს, რომ კრემლი პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და აუქმებს ბრძანებულებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიღების თაობაზე. თავის მხრივ, უკრაინა „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს“ უზრუნველყოფს ფართო ავტონომიით, ვთქვათ, ფედერალური რეგიონის სტატუსით, ან ისეთით, როგორიც აქვს ერაყში ქურთისტანს; რაც შეეხება ამერიკის ნაბიჯებს: ვაშინგტონი გამოაცხადებს, რომ აუქმებს ყველა გამოცხადებულ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, დაიწყებს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის მოგვარებას. აშშ აღიარებს რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს უკრაინის მიმართ, კერძოდ, იღებს ვალდებულებას, რომ უკრაინა ნატოს წევრად არ იქნება მიღებული. 

რასაკვირველია, „უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმა“, რომელიც განხორციელებული იქნება დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პროუკრაინულ კოალიციაში განხეთქილებას გამოიწვევს, ასევე გაიზრდება აშშ-ჩინეთის დაპირისპირების ესკალაციის ალბათობა, თუმცა ეს უკვე სამომავლო პრობლემას წარმოადგენს და მას ცალკე განხილვა დაჭირდება.

წყარო: https://www.alkhaleej.ae/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.