დღეს ტიციან ტაბიძეს დაბადების დღიდან 125 წელი შეუსრულდა
მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ტიციან ტაბიძე დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში, სოფელ შუამთაში – ორპირის მახლობლად.
ტიციანის მამა – იუსტინე ტაბიძე (1860-1919წწ.) თავისი დროისათვის ფრიად წიგნიერი და განათლებულული პიროვნება ყოფილა. იგი კარგად იცნობდა ქართული კულტურის ისტორიას. იუსტინე ტაბიძეს ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაუმთავრებია, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია სწავლა. იგი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ პირებს დაუკავშირდა და ჩაბმულია არალეგალურ საქმიანობაში. სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამორიცხეს სემინარიიდან. იგი სოფელში ბრუნდება. 1891წ. მღვდლად ეკურთხა და სოფელში გამწესდა.
ტიციანის მამა ძალზე ჰუმანური, ჭკვიანი და კეთილი კაცი იყო. თავად მწიგნობარი დაფრიად განათლებული იუსტინე ცდილობდა თანასოფლელებში სწავლისადმი ინტერესი გაეღვივებინა.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე (1865-1951წწ) მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედის ორ ძმას სასულიერო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, სამს სემინარია, ერთი ძმა კი სტავროპოლის სასულიერო აკადემიის რექტორი ყოფილა.
ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა, ქმრისა და შვილების ერთგული. სოფელში ,,ოთარაანთ ქვრივს“ ეძახდნენ.
,,მე არ მახსოვს , როგორ ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი,როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ – წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან-გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს.1902-1903 სასწავლო წელს, როგორც ეს არქივშია დაცული დოკუმენტებიდან დგინდება (იხ. ფონდი 7, საქმე №2094) გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906წწ. ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა.ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში.ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში.
ცისფერი თვალებით და ღილ-კილში გაკეთებული წითელი მიხაკით ხიბლავდა გარშემომყოფებს ტიციან ტაბიძე. მისი პოეზია თითქოს მარტივია, მაგრამ ამავე დროს ღრმა და საოცრად პატრიოტული. ტიციანმა თავის პოეზიაში იწინასწარმეტყველა თავისი ტრაგიკული აღსასრული. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მან ასეთი ლექსი დაწერა:
“არ გამოცვლილა ხომ პოეზია
მუზები ცისკრის კარებს აღებენ,
მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია
ჩვენც ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ.”
ტიციანს ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს, არადა პოეტის ლექსში, რომელიც მისი სავიზიტო ბარათია, არის ასეთი გენიალური სიტყვები:
“დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი.”
1937 წელს საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ პირდაპირ გაილაშქრა ურჩი ქართველი მწერლებისა და პოეტების წინააღმდეგ. ტიციან ტაბიძის ტრაგიკული ამბავიც მის სახელს უკავშირდება.
1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების პარტორგანიზაციის სხდომაზე ერთ-ერთმა პროლეტარმა მწერალმა თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი, რომ "ცისფერყანწელები" (იაშვილი, ტაბიძე, ლეონიძე და სხვები) დაკავშირებული იყვნენ მოსკოვში ბუხარინთან, კამენევთან და ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებების სანაცვლოდ.
მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება, მოეწვიათ პრეზიდიუმის სხდომა და სხვა საკითხებთან ერთად დაესვათ ტიციან ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის საკითხი. ტაბიძე მართლაც გარიცხეს, პროლეტარი მწერლები კი ამაყად აცხადებდნენ, რომ "მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია, ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ, თუ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა მოვძებნოთ და გავაგდოთო".
მართლაც მწერალთა კავშირიდან გაგდების შემდეგ ტიციანი დააპატიმრეს, წაუყენეს ბრალდება, თითქოს ის ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა პიროვნების მიერ რამდენიმე კონტრევოლუციურ ორგანიზაციაში იყო გადაბირებული. ტიციანის მეუღლე ნინო მაყაშვილი წერდა, რომ ტიციანი 1937 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დააპატიმრეს.
ბერიამ თავის კაბინეტში დაიბარა ტიციან ტაბიძე, დააბრალა რუს მწერლებთან მეგობრობა და მოსთხოვა ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე ტიციანის დაპატიმრებამდე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციანმა უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა.
შეიძლება ეს ამბავი მართალი არ იყოს, მაგრამ მისი თანამედროვეები შემდეგ ამბობდნენ, რომ როცა ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს რეპრესიებიდან გადარჩენილ მწერალთა რიგებში.
რაც შეეხება რუს მწერლებთან ტიციანის მეგობრობას, იგი მართლაც მეგობრობდა მაიაკოვსკისთან, ესენინთან, პასტერნაკთან და სხვებთან, ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, ბორის პასტერნაკს სასიკვდილო სარეცელზე ბალიშის ქვეშ ორი წერილი ედო, რილკესი და ტიციანის. ტიციანის დაპატიმრების შემდეგ მწერალს მაგიდაზე ცარიელი ფურცლები დარჩა, მისმა მეუღლემ, ნინო მაყაშვილმა პასტერნაკს აჩუქა, რომელმაც თავისი უკვდავი რომანის "ექიმი ჟივაგოს" წერა სწორედ ამ ფურცლებზე დაიწყო.
1937 წლის ოქტომბრის ღამეს კი უსაყვარლეს მეუღლეს ნინო მაყაშვილს და ერთადერთ ქალიშვილს ნიტას ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: "იცოდეთ ერთი რამ, ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალში ჩახედვის არასდროს შეგრცხვებათ".
ნინო მაყაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, მთელი 28 წელი ელოდა მეუღლის დაბრუნებას. დედას კი შვილის ტანსაცმელი გამოჰქონდა აივანზე და ცხარე ცრემლებით ტიროდა - ტიტკო, შვილო სად ხარ ახლა..."
პოეტი, რომელსაც სულით ხორცამდე უყვარდა სიცოცხლე, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.