USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
თეირანი 1943 წელი - უცნობი ქართველი, რომელსაც ხელთ ეპყრა მსოფლიოს ბედი
თარიღი:  6889

სამთო ინჟინერი, დიდი ბრიტანეთის არმიის პოლკოვნიკი და რადიო “ამერიკის ხმის” ქართული რედაქციის დირექტორი მერაბ კვიტაშვილი 1902 წლის 2 ივლისს დაიბადა რაჭაში, სოფელ ველევში.

მერაბი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა სსრკ–ს საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. …

მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1952 წელს ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში “ამერიკის ხმის” რედაქციაში მიიწვია. მუშაობდა ფსევდინიმით “ნიკო რაჭველი”. იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის “ბედი ქართლისა” კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა.

1951 წელს მერაბ კვიტაშვილი პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. შეეძინათ ორი ქალიშვილი – ელისო და მერი. მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა.

 მერაბ კვიტაშვილი, ქართველი, რომელსაც 1943 წლის 30 ნოემბერს, რამდენიმე საათის

განმავლობაში ხელთ ეპყრა მსოფლიოს ბედი.

კვიტაშვილები წარმოშობით რაჭიდან არიან. მაგრამ მერაბი დედულეთში, ლანჩხუთში დაიბადა 1902 წლის 2 ივლისს. დედამისი მართა მიქელაძე გახლდათ. მამამისი სიმონი ოდესაში ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისის თავადაზნაურთა მარშლის, სვიმონ წერეთლის მდივანი იყო. შემდეგ ბაქოში გადასახლდა, სადაც ქართველ მრეწველთა იურისკონსულტი და აკაკი ხოშტარიას სანავთობე ამხანაგობის "რუპენტოს" 5 დირექტორიდან ერთ-ერთი დირექტორი იყო.

1918 წელს მერაბი ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. 1919 წლის დეკემბერში კვიტაშვილების ოჯახი (4 შვილით - ნინო, მერაბი, ვახტანგი, თამარი), დროებით ლონდონში გადასახლდა და გვარად "კეი" მიიღო. მერაბი ოქსფორდის ორუელის კოლეჯში ჩაირიცხა, სწავლის ფულს კი ის ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ფირმამ მას სწავლის საფასურის გადახდა შეუწყვიტა. მერაბი უფრო იაფ - ბირმინგემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთამადნო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.

მას ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში მოუწია მუშაობამ და დიდი ავტორიტეტიც მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომმა მერაბს აფრიკაში, განაში (ოქროს ნაპირი) მოუსწრო, სადაც ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მაშინვე მიიღო ბრიტანეთის ქვეშევრდომობა და არმიაში ჩაირიცხა. ოფიცერთა და სამხედრო სადაზვერვო-საინფორმაციო სკოლა დაამთავრა. ჩრდილო აფრიკაში 2 წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობდა. რამდენიმეჯერ დაიჭრა, მათ შორის  ერთხელ თავში და დროებით მხედველობაც დაკარგა... კონტრდაზვერვის ოფიცრად იყო ლიბიაში, სპარსეთში. მერაბს ფერეიდანშიც უმოგზაურია და უზარმაზარი ფოტო, ფონო და ეთნოგრაფიული მასალა ჩამოუტანია. მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. წარადგინეს გენერლის ხარისხზე. ომის დამთავრების გამო ჩინის მიღება ვერ მოასწრო. სამაგიეროდ მიღებული აქვს მრავალი საბრძოლო მედალი, სიგელი, ჯილდო.

1952 წელს მერაბ კვიტაშვილი ამერიკაში გადავიდა. ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ ვაშინგტონში დასახლდა. პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. შეეძინათ 2 ქალიშვილი - ელისო და მერი. ელისომ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა. მერიმ ვირჯინიაში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. გოგონებში ცხენოსნობამაც გაიტაცა. შეჯიბრებებში მედლები და ქების სიგელები მოიპოვეს. გივი კობახიძის ცნობით, 1984 წელს ელისომ გვარი "კეი" "კვიტაშვილად" აღიდგინა და გათხოვების შემდეგაც არ გადასულა ქმრის გვარზე.

მერაბ კვიტაშვილი ერეკლე ორბელიანმა "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. მუშაობდა ფსევდონიმით "ნიკო რაჭველი". იმავდროულად იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ერთი პირდაპირ რედაქციაში, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა. მერაბ  კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა.

 

მერაბ კვიტაშვილის ბიოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანია 1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხვა.

1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სამი ქვეყნის - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთის მეთაურებს - სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს უნდა გადაეწყვიტათ მსოფლიოს მომავალი. კონფერენციაზე საბჭოთა მხარეს სტალინი, ბერია და მისი ქართველი თანამშრომლები წარმოადგენდნენ, დიდ ბრიტანეთს ასევე ქართველი მერაბ კვიტაშვილი (ნიკოლას კეი).

1942 წლის შემოდგომაზე გერმანელები ამიერკავკასიას მიუახლოვდნენ. მოკავშირეთა წინაშე მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. სსრკ-ის მცოდნეთა შორის გავრცელებული 16-პუნქტიანი ანკეტიდან კვიტაშვილის პასუხები ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. ყურადღება მიიქცია მისმა სამხედრო, საინჟინრო განათლებამ, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნამ და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. "მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!" - დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი სსრკ-ის საკითხებში ჩერჩილის მრჩეველი გახდა.

"მემუარებში" კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა და, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. ინგლისელი ოფიცრის ფორმისა და ლონდონური გამოთქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეცნო და მეთვალყურეები მიუჩინა. ერთ დღეს კი მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან. დედის გვარი უთხრა, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. ისიც კი უთხრა, რომ მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე მისი ნათესავი იყო. ორჯერ მოუწყო თავდასხმა და მერაბი სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. მისი თანამგზავრებიდან ერთი დაიღუპა, მეორე დაიჭრა. იძულებული გახდა, ყველაფერი ჩერჩილისათვის მოეხსენებინა. ჩერჩილმა სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი თანაშემწის დევნა. ბერიამ მხოლოდ ამის შემდეგ დაანება თავი.

"მემუარებში" მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე: "ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები - დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი... მათ შორის იყო ერთი ქართველი - სტალინი-ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო... გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან. წინა ოთახში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, ორივე ქართველი - წერეთელი და მე, რომლებსაც დროდადრო მესამე ქართველი ნაჭყებია შემოგვიერთდებოდა ხოლმე... მთელ იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიოს ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასოდეს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც თუ ყველას არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელსა და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"... - ეს ვრცელი ამონარიდი კვიტაშვილის წიგნიდან გვიჩვენებს, თუ რა როლი დააკისრა მეორე მსოფლიო ომის იმ ეტაპზე ბედმა 3 ქართველს.

როცა ჩერჩილი წინა ოთახში გამოსულა, მერაბს მისთვის წერეთელი წარუდგენია. ჩანს, ჩვენ ქართველებით ვართ გარშემორტყმულიო, - უხუმრია ჩერჩილს.

 

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.