USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Tbilisi
თეიმურაზ პეტრიაშვილი - ექიმი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი
Date:  4927

24 ივლისს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა, ამაგდარ ქართველს, რომელმაც  ნათელი კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებაში, როგორც უაღრესად ღირსეულმა,  ერუდირებულმა და  თავისი საქმის პროფესიონალმა ადამიანმა.

ბ-ნ თეიმურაზ პეტრიაშვილი პროფესიით ექიმი გახლდათ და ამ დარგში მიღწეულ დიდ წარმატებებთან ერთად, მან თავისი წონადი სიტყვა თქვა, როგორც საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა.

სამწუხაროდ,  უკვე ერთი წელია ბ-ნი თეიმურაზი აღარ არის ჩვენთან ერთად.

„თბილისი პოსტი“  არ არღვევს  ტრადიციას და თავს უფლებას აძლევს პერიოდულად შეახსენოს თავის ერთგულ მკითხველს, იმ ადამიანების ღვაწლის შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების საქმეში.

მინი დოსიე: დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაბადების თარიღი: 24 ივლისი, 1949. გარდაცვ. თარიღი: 2019  (69 წლის ასაკში). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1972 წელს. 1975-1976წწ. იყო ამბროლაურის რაიონული სანეპისადგურის ექიმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1976-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. დოცენტი, 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის მიკროცირკულაციის თავისებურებებს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს, მრავალი პუბლიკაციისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლიგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი (1996). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები მიკროჰემოცირკულაციის სისტემაში ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1995 წელს. არის ავტორი ერთი მემუარული და სამი ისტორიული ხასიათის წიგნისა. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი, მათ შორის ჟურნალებში -„ისტორიანი’’, „მნათობი“, „ცისკარი“. „ანეული“.

 

გმადლობთ, რომ იყავით...

ასე დაემშვიდობენ მას ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და მოწაფეები

 

ძირძველი მთაწმინდელი, მრავალმხრივ განსწავლული, დახვეწილი, სხვისი სიკეთით გამხარებელი, საიმედო, ბევრის თანამდგომი -  ასე ახასიათებენ თეიმურაზ პეტრიაშვილს, ადამიანს, რომელიც სითბოს და სიყვარულს უშურველად გასცემდა.

მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, ათეული წლები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ბოლო ორი წელი პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იყო მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი არა მარტო მედიცინაში, არამედ ისტორიაშიც. ერთ-ერთი ბოლო წიგნი "პათოფიზიოლოგიის ლექსიკონი" (თეიმურაზ პეტრიაშვილის, მარინა შაქარაშვილის და დევი ტაბიძის თანაავტორობით) მისი გარდაცვალების შემდგომ გამოიცა. მისი გაზრდილი ექიმები წამყვანი პროფესიონალები არიან არამხოლოდ საქართველოში.

ბატონი თეიმურაზის შესახებ მისი მეუღლე, მედიცინის დოქტორი მაია კაკაურიძე გვესაუბრა.

პეტრიაშვილების სამედიცინო დინასტია

თემურის ბაბუა, ამბროლაურის მკვიდრი, აფრასიონ პეტრიაშვილი ფერშალი იყო, თუმცა დიდი დამსახურება ჰქონდა, როგორც ექიმს. ამბროლაურის ახალაშენებული საავადმყოფო მის სახელს ატარებს. წარმოშობით სოფელ სხვავადან იყვნენ, ამბროლაურში ცხოვრობდნენ. აფრასიონის სახლი ღია იყო ყველასთვის, იქ უამრავი ადამიანი პოულობდა თავშესაფარს. ეს თვისება გამოჰყვათ შთამომავლებსაც. მისი შვილი, გივი პეტრიაშვილი, წლების მანძილზე მუშაობდა ონისა და ამბროლაურის მთავარ ექიმად. საუკეთესო ადამიანი იყო, დღესაც მოიხსენიებენ, როგორც კაც-ლეგენდას. მისი მეუღლე, ჯულიეტა ანთაძე თბილისში მთაწმინდის რაიონში გაიზარდა. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიავლინეს ამბროლაურში, სადაც იქორწინა. ცხოვრების ბოლომდე იქ იცხოვრა, თბილისში დაბრუნება აღარ ინება. მრავალპროფილიანი მედიკოსი გახლდათ, ამბროლაურის ძველი საავადმყოფოს მთავარ ექიმად მუშაობდა. მათი შვილები არიან თემურ და შალვა პეტრიაშვილები. პირველი შვილი, თემური, თბილისში გამოგზავნეს გასაზრდელად, ბებია-ბაბუასთან. ამიტომაც ითვლება მთაწმინდელად. თემურის ძმა შალვა უწმინდესის პირადი კარდიოლოგია.

მთაწმინდა

თემური ცხოვრობდა მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანზე, ანდრონიკაშვილების უძველეს სახლში. იზრდებოდა ძირძველ თბილისურ წრეში, სადაც მრავალმხრივი განათლება შეიძინა. მათთან უბრალო ურთიერთობაც ბევრის მომცემი იყო.   ამ წრიდან მოსდგამს თემურს საქართველოს ისტორიის სიყვარულიც. ისტორიულ თემას მიუძღვნა 3 წიგნი. ასევე, მრავალი სამედიცინო ნაშრომისა და წიგნის ავტორია.

 "მთაწმინდაზე ერთი პატარა ბაღია" - ასე დაასათაურა პირველი წიგნი. აღწერა, რა ხალხი ცხოვრობდა ირგვლივ: ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა, ანანიაშვილები, ოჩიაურები... მიმოხილვითი ხასიათის, სახალისოდ წასაკითხი, მოგონებების წიგნია. შემდგომ თემურმა ბესიკის ბაღში მთაწმინდელთა საზეიმო შეხვედრაც მოაწყო, ტელევიზიამ გააშუქა.

მთაწმინდის პარკი. მარცხნიდან დგანან: ვახტანგ ანანიაშვილი, გოგი ოჩიაური, რეზო ასტახიშვილი, ნათია ასტახიშვილი, კოტე გრიგორაშვილი, ნინო ჩხეიძე, ვაჟა ანანიაშვილი, ნინო გეგელაშვილი, როდამ ჯანდიერი, თეიმურაზ პეტრიაშვილი, გივი შავგულიძე, თეიმურაზ ბერიძე, ირაკლი ოჩიაური, ვახუშტი კოტეტიშვილი, ირაკლი სურგულაზე, ჯუნა მიქატაძე, გურამ ბაკურაძე, გურამ ბასიშვილი.

ერეკლე მეორე და კრწანისის ბრძოლა

თემური ამბობდა, ანეტა ბებია უკმაყოფილებას გამოთქვამდა მეფე ერეკლეს მიმართ, საქართველო რომ რუსეთს ჩააბარაო... აქედან გამომდინარე გაუჩნდა თემურს ამ თემაზე კვლევის სურვილი. ღრმად შეისწავლა ერეკლე მეორის ცხოვრება, მოღვაწეობა და გარდაცვალების დეტალები არა მარტო სამედიცინო, არამედ ისტორიული კუთხით. ისტორიკოსებმა მის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს. პროფესორმა ვახტანგ გურულმა აღნიშნა მასზე, ბევრ ისტორიკოსზე აღმატებული ისტორიკოსიაო.

მის ისტორიულ ნარკვევებია - "კრწანისის ბრძოლა”, “კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა”, “ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო”.

თემური მონაწილეობდა რამდენიმე ტელეგადაცემაში მეფე ერეკლეს თემაზე, დღემდე ატრიალებენ ეთერში.

ბოლო წელს, ჩემი რჩევით, ვიდეოლექციებიც ჩაწერა სამედიცინო თემებზე, ინტერნეტში დევს. რამდენჯერმე ტელეგადაცემა "პულსშიც" მონაწილეობდა. ხშირად გამოდიოდა რადიოში. მრავალმხრივი ადამიანი იყო.

სახასიათო თვისებები

ძალიან ნიჭიერი და გულისხმიერი გახლდათ, არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ახსოვდა არამარტო ისტორიული თარიღები, არ გამორჩებოდა ახლობლების, ნათესავების, თანამშრომლების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებიც... მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით იმართებოდა საიუბილეო ღონისძიებები სამედიცინო უნივერსიტეტში თუ მის გარეთ, პეტრიაშვილების საგვარეულო შეხვედრებიც... თითოეულ დეტალს აქცევდა ყურადღებას. ზედმიწევნით ორგანიზებული ადამიანი იყო.

ქალების მიმართ დამოკიდებულებაში რაინდი გახლდათ, მის გვერდით შეუძლებელი იყო, თავი არ გეგრძნო მანდილოსნად. ნატიფი სულის მქონე, ფაქიზად ეპყრობოდა ყველას და ყველაფერს. წერდა და თარგმნიდა ლექსებს. უყვარდა ლექსის წაკითხვაც. არაჩვეულებრივი დეკლამირების უნარი ჰქონდა. შეუდარებელი თამადა გახლდათ, სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა ლექსების თანხლებით.

უაღრესად ადამიანური იყო, ირგვლივ ყველაზე ზრუნავდა. თუ ვინმეს სურდა რაჭისკენ გამგზავრება, თემური მზად იყო, თავად წაეყვანა, გზად საუბარი სჩვეოდა - ყვებოდა ყველა იმ ტაძრისა თუ შენობის ისტორიას, რაც შეხვდებოდათ. შესწავლილი ჰქონდა ლამის თითოეული ბუჩქი...

თემურს გული ყველასთვის ღია ჰქონდა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ტელეფონი არ გაუშვია ხელიდან და ეხმარებოდა ადამიანებს.

ბოლო ათი წელი - უმძიმესი დაავადებით

თემური, პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ,  მივიდა პატრიარქთან, თავისი წიგნიც უსახსოვრა. მეც გვერდით ვყავდი, უწმინდესმა დაგვლოცა. სასულიერო პირები ლოცულობდნენ მასზე. იმ ლოცვების ძალით იცოცხლა თემურმა კიდევ ათ წელს, ორი უმძიმესი დიაგნოზით. ამას დამატებული მოციმციმე არითმია.

მისმა ყოფილმა სტუდენტებმა ამჟამად გამორჩეულმა მედიკოსებმა ნინო შარაშენიძემ, ლევან რატიანმა, ალიკო თავართქილაძემ არ დაიშურეს ცოდნა, გამოცდილება და მამაშვილური თავდადება და რამოდენიმეჯერ გაუხანგრძლივეს თავისნთ პედაგოგს სიცოცხლე რომელიც მათთვის მეგობარიც იყო და ბევრ სიტუაციაში თანამდგომიც.

თემური 69 წლისა აღესრულა. პატრიარქმა ოჯახს სამძიმრის წერილი გამოგვიგზავნა. სამძიმარზე უამრავი სასულიერო პირი მოვიდა, სათითაოდ უხდიდნენ პანაშვიდს.

(სტატიაში გამოყენებულია მასალები ჟურნალი “სარკედან”, ნომერი 50, 2019 წელი. ჟურნალისტი ნანა კობახიძე)

analytics
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way