24 ივლისს დაბადებიდან 71 წელი შეუსრულდებოდა, ამაგდარ ქართველს, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებაში, როგორც უაღრესად ღირსეულმა, ერუდირებულმა და თავისი საქმის პროფესიონალმა ადამიანმა.
ბ-ნ თეიმურაზ პეტრიაშვილი პროფესიით ექიმი გახლდათ და ამ დარგში მიღწეულ დიდ წარმატებებთან ერთად, მან თავისი წონადი სიტყვა თქვა, როგორც საზოგადო მოღვაწემ, პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა.
სამწუხაროდ, უკვე ერთი წელია ბ-ნი თეიმურაზი აღარ არის ჩვენთან ერთად.
„თბილისი პოსტი“ არ არღვევს ტრადიციას და თავს უფლებას აძლევს პერიოდულად შეახსენოს თავის ერთგულ მკითხველს, იმ ადამიანების ღვაწლის შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების საქმეში.
მინი დოსიე: დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაბადების თარიღი: 24 ივლისი, 1949. გარდაცვ. თარიღი: 2019 (69 წლის ასაკში). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1972 წელს. 1975-1976წწ. იყო ამბროლაურის რაიონული სანეპისადგურის ექიმი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1976-1986წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-1995წწ. დოცენტი, 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის პროფესორი. ავტორია 92 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლის მიკროცირკულაციის თავისებურებებს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დროს, მრავალი პუბლიკაციისა, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლიგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი (1996). სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფუნქციური და მორფოლოგიური ცვლილებები მიკროჰემოცირკულაციის სისტემაში ექსპერიმენტული სიმსივნური ზრდის დროს", დაიცვა 1995 წელს. არის ავტორი ერთი მემუარული და სამი ისტორიული ხასიათის წიგნისა. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი პუბლიცისტური წერილი, მათ შორის ჟურნალებში -„ისტორიანი’’, „მნათობი“, „ცისკარი“. „ანეული“.
გმადლობთ, რომ იყავით...
ასე დაემშვიდობენ მას ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და მოწაფეები
ძირძველი მთაწმინდელი, მრავალმხრივ განსწავლული, დახვეწილი, სხვისი სიკეთით გამხარებელი, საიმედო, ბევრის თანამდგომი - ასე ახასიათებენ თეიმურაზ პეტრიაშვილს, ადამიანს, რომელიც სითბოს და სიყვარულს უშურველად გასცემდა.
მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, ათეული წლები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ბოლო ორი წელი პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იყო მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი არა მარტო მედიცინაში, არამედ ისტორიაშიც. ერთ-ერთი ბოლო წიგნი "პათოფიზიოლოგიის ლექსიკონი" (თეიმურაზ პეტრიაშვილის, მარინა შაქარაშვილის და დევი ტაბიძის თანაავტორობით) მისი გარდაცვალების შემდგომ გამოიცა. მისი გაზრდილი ექიმები წამყვანი პროფესიონალები არიან არამხოლოდ საქართველოში.
ბატონი თეიმურაზის შესახებ მისი მეუღლე, მედიცინის დოქტორი მაია კაკაურიძე გვესაუბრა.
პეტრიაშვილების სამედიცინო დინასტია
თემურის ბაბუა, ამბროლაურის მკვიდრი, აფრასიონ პეტრიაშვილი ფერშალი იყო, თუმცა დიდი დამსახურება ჰქონდა, როგორც ექიმს. ამბროლაურის ახალაშენებული საავადმყოფო მის სახელს ატარებს. წარმოშობით სოფელ სხვავადან იყვნენ, ამბროლაურში ცხოვრობდნენ. აფრასიონის სახლი ღია იყო ყველასთვის, იქ უამრავი ადამიანი პოულობდა თავშესაფარს. ეს თვისება გამოჰყვათ შთამომავლებსაც. მისი შვილი, გივი პეტრიაშვილი, წლების მანძილზე მუშაობდა ონისა და ამბროლაურის მთავარ ექიმად. საუკეთესო ადამიანი იყო, დღესაც მოიხსენიებენ, როგორც კაც-ლეგენდას. მისი მეუღლე, ჯულიეტა ანთაძე თბილისში მთაწმინდის რაიონში გაიზარდა. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიავლინეს ამბროლაურში, სადაც იქორწინა. ცხოვრების ბოლომდე იქ იცხოვრა, თბილისში დაბრუნება აღარ ინება. მრავალპროფილიანი მედიკოსი გახლდათ, ამბროლაურის ძველი საავადმყოფოს მთავარ ექიმად მუშაობდა. მათი შვილები არიან თემურ და შალვა პეტრიაშვილები. პირველი შვილი, თემური, თბილისში გამოგზავნეს გასაზრდელად, ბებია-ბაბუასთან. ამიტომაც ითვლება მთაწმინდელად. თემურის ძმა შალვა უწმინდესის პირადი კარდიოლოგია.
მთაწმინდა
თემური ცხოვრობდა მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანზე, ანდრონიკაშვილების უძველეს სახლში. იზრდებოდა ძირძველ თბილისურ წრეში, სადაც მრავალმხრივი განათლება შეიძინა. მათთან უბრალო ურთიერთობაც ბევრის მომცემი იყო. ამ წრიდან მოსდგამს თემურს საქართველოს ისტორიის სიყვარულიც. ისტორიულ თემას მიუძღვნა 3 წიგნი. ასევე, მრავალი სამედიცინო ნაშრომისა და წიგნის ავტორია.
"მთაწმინდაზე ერთი პატარა ბაღია" - ასე დაასათაურა პირველი წიგნი. აღწერა, რა ხალხი ცხოვრობდა ირგვლივ: ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა, ანანიაშვილები, ოჩიაურები... მიმოხილვითი ხასიათის, სახალისოდ წასაკითხი, მოგონებების წიგნია. შემდგომ თემურმა ბესიკის ბაღში მთაწმინდელთა საზეიმო შეხვედრაც მოაწყო, ტელევიზიამ გააშუქა.
მთაწმინდის პარკი. მარცხნიდან დგანან: ვახტანგ ანანიაშვილი, გოგი ოჩიაური, რეზო ასტახიშვილი, ნათია ასტახიშვილი, კოტე გრიგორაშვილი, ნინო ჩხეიძე, ვაჟა ანანიაშვილი, ნინო გეგელაშვილი, როდამ ჯანდიერი, თეიმურაზ პეტრიაშვილი, გივი შავგულიძე, თეიმურაზ ბერიძე, ირაკლი ოჩიაური, ვახუშტი კოტეტიშვილი, ირაკლი სურგულაზე, ჯუნა მიქატაძე, გურამ ბაკურაძე, გურამ ბასიშვილი.
ერეკლე მეორე და კრწანისის ბრძოლა
თემური ამბობდა, ანეტა ბებია უკმაყოფილებას გამოთქვამდა მეფე ერეკლეს მიმართ, საქართველო რომ რუსეთს ჩააბარაო... აქედან გამომდინარე გაუჩნდა თემურს ამ თემაზე კვლევის სურვილი. ღრმად შეისწავლა ერეკლე მეორის ცხოვრება, მოღვაწეობა და გარდაცვალების დეტალები არა მარტო სამედიცინო, არამედ ისტორიული კუთხით. ისტორიკოსებმა მის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცეს. პროფესორმა ვახტანგ გურულმა აღნიშნა მასზე, ბევრ ისტორიკოსზე აღმატებული ისტორიკოსიაო.
მის ისტორიულ ნარკვევებია - "კრწანისის ბრძოლა”, “კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატის ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა”, “ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო”.
თემური მონაწილეობდა რამდენიმე ტელეგადაცემაში მეფე ერეკლეს თემაზე, დღემდე ატრიალებენ ეთერში.
ბოლო წელს, ჩემი რჩევით, ვიდეოლექციებიც ჩაწერა სამედიცინო თემებზე, ინტერნეტში დევს. რამდენჯერმე ტელეგადაცემა "პულსშიც" მონაწილეობდა. ხშირად გამოდიოდა რადიოში. მრავალმხრივი ადამიანი იყო.
სახასიათო თვისებები
ძალიან ნიჭიერი და გულისხმიერი გახლდათ, არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ახსოვდა არამარტო ისტორიული თარიღები, არ გამორჩებოდა ახლობლების, ნათესავების, თანამშრომლების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებიც... მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით იმართებოდა საიუბილეო ღონისძიებები სამედიცინო უნივერსიტეტში თუ მის გარეთ, პეტრიაშვილების საგვარეულო შეხვედრებიც... თითოეულ დეტალს აქცევდა ყურადღებას. ზედმიწევნით ორგანიზებული ადამიანი იყო.
ქალების მიმართ დამოკიდებულებაში რაინდი გახლდათ, მის გვერდით შეუძლებელი იყო, თავი არ გეგრძნო მანდილოსნად. ნატიფი სულის მქონე, ფაქიზად ეპყრობოდა ყველას და ყველაფერს. წერდა და თარგმნიდა ლექსებს. უყვარდა ლექსის წაკითხვაც. არაჩვეულებრივი დეკლამირების უნარი ჰქონდა. შეუდარებელი თამადა გახლდათ, სადღეგრძელოებს წარმოთქვამდა ლექსების თანხლებით.
უაღრესად ადამიანური იყო, ირგვლივ ყველაზე ზრუნავდა. თუ ვინმეს სურდა რაჭისკენ გამგზავრება, თემური მზად იყო, თავად წაეყვანა, გზად საუბარი სჩვეოდა - ყვებოდა ყველა იმ ტაძრისა თუ შენობის ისტორიას, რაც შეხვდებოდათ. შესწავლილი ჰქონდა ლამის თითოეული ბუჩქი...
თემურს გული ყველასთვის ღია ჰქონდა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ტელეფონი არ გაუშვია ხელიდან და ეხმარებოდა ადამიანებს.
ბოლო ათი წელი - უმძიმესი დაავადებით
თემური, პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, მივიდა პატრიარქთან, თავისი წიგნიც უსახსოვრა. მეც გვერდით ვყავდი, უწმინდესმა დაგვლოცა. სასულიერო პირები ლოცულობდნენ მასზე. იმ ლოცვების ძალით იცოცხლა თემურმა კიდევ ათ წელს, ორი უმძიმესი დიაგნოზით. ამას დამატებული მოციმციმე არითმია.
მისმა ყოფილმა სტუდენტებმა ამჟამად გამორჩეულმა მედიკოსებმა ნინო შარაშენიძემ, ლევან რატიანმა, ალიკო თავართქილაძემ არ დაიშურეს ცოდნა, გამოცდილება და მამაშვილური თავდადება და რამოდენიმეჯერ გაუხანგრძლივეს თავისნთ პედაგოგს სიცოცხლე რომელიც მათთვის მეგობარიც იყო და ბევრ სიტუაციაში თანამდგომიც.
თემური 69 წლისა აღესრულა. პატრიარქმა ოჯახს სამძიმრის წერილი გამოგვიგზავნა. სამძიმარზე უამრავი სასულიერო პირი მოვიდა, სათითაოდ უხდიდნენ პანაშვიდს.
(სტატიაში გამოყენებულია მასალები ჟურნალი “სარკედან”, ნომერი 50, 2019 წელი. ჟურნალისტი ნანა კობახიძე)