USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
თბილისის ზოოპარკის ექსპედიციამ აღმოაჩინა მუმიციფირებული ჟირაფის ნეშთი, რომლის კუნთები ქმედუნარიანია
дата:  863
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში თბილისის ზოოპარკის ეგიდით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ შირაქის ველსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპედიციის მიზანი იყო საქართველოში ბინადარი უიშვიათესი ძუძუმწოვრების – ზოლებიანი აფთრებისა (Hyaena Hyaena) და ბაკუსკაჩების (Hipsokardon skuchii) – მოძიება. ზემოხსენებული ცხოველების მიმართ მაღალი მეცნიერული ინტერესი იმითაა გამოწვეული, რომ საქართველოში ეს სახეობები რამდენიმე ათეული წელია აღარავის უნახავს, თუმცა ინფორმაციები კვალის შესახებ ხშირად ვრცელდება.
 
რამდენიმედღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ ექსპედიციის წევრები აქამდე უცნობი და შეუსწავლელი მღვიმეების კომპლექსს მიადგნენ. გადაწყდა მღვიმეებისა და მათი დამაკავშირებელი სიფონების სისტემის დათვალიერება.
 
მხოლოდ სამი ყველაზე მამაცი და გამოცდილი სპეციალისტი გავიდა გაღმა: ზოოპარკის მიწისქვეშა კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ჰადეს თაქთაქიშვილი, უფროსი მკვლევარი ალისა სანაკოევა და მოწვეული მეცნიერი, ცნობილი ბაკუსოლოგი ბიმბუს კარაკულიადისი. ექსპედიციის წევრებმა შესვლისთანავე აღმოაჩინეს 69-მეტრიანი გამჭოლი სიფონი, რომელიც მდინარე ივრის არტეზიული აუზიდან გამოჟონილი მიწისქვეშა წყლებით იყო გავსებული. ძაბრის მეორე ბოლოში მეცნიერებს ჰაერით სავსე უზარმაზარი დარბაზი დახვდათ, სადაც წყალს, როგორც სპეციალისტებმა მოგვიანებით აღნიშნეს, განსაკუთრებული ელფერი დაჰკრავდა და სუნიც უცნაური ჰქონდა. ალაგ-ალაგ, წყლის ზემოქმედების შედეგად გამორეცხილი მიწის ფენებიდან, არტეფაქტები მოჩანდა.
 
საკვლევი ადგილის გასუფთავების შედეგად საოცრად კარგად შენახული განამარხებული მუმიფიცირებული ცხოველების ნაშთები გამოჩნდა: ხმალკბილა ვეფხვი, ეტრუსკული მგელი, ტარიბანას სპილო, ელდარის ხალებიანი აფთარი კროკუტა ელდარიკა, ინდრიკოტერიუმები, ჟირაფინები და ჟირაფები.
 
ამ სახეობების ნაშთები საქართველოში არაერთხელაა ნაპოვნი, მაგრამ გასაკვირი ის იყო, რომ ამ მუმიფიცირებულ ცხოველებს ფერი და ფაქტურაც კი შენარჩუნებული ჰქონდათ. ჩვენმა მეცნიერ-თანამშრომლებმა ადგილზევე ჩაატარეს ავტოფსია, ანატომიური და მორფოლოგიური კვლევები და სახეობების შემდგომი იდენტიფიცირებისთვის გენეტიკური მასალებიც აიღეს.
 
ჟირაფის ბიოლოგიური მასალის აღების დროს, ბიოფსიის ნემსის შეყვანისას, შემჩნეულ იქნა ცხოველის მცირე რეფლექსური რეაქცია, რაც ჩხვლეტის მიმდებარე ადგილის ტრემორში გამოიხატა. ეს აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. აღმოჩნდა, რომ ჟირაფის კუნთები ქმედუნარიანია, რამაც, ვენაში კათეტერით შესვლისას, სისხლდენა გამოიწვია. ცნობილია, რომ ჰიბერნაციის დროს ორგანიზმში ბიოლოგიური პროცესები ძალიან ნელდება. მაგალითად, დათვის ძილის განმავლობაში მისი გულისცემა საათში ორია. სენსორების დამაგრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ჟირაფის ბრადიარითმია 0,07 BPM-ია, ანუ გულისცემა დაახლოებით კვირაში ერთია. დეფეკაციის სიხშირე 0,057 JMA-ს შეადგენს. ეს მონაცემები იძლევა იმედს, რომ ცხოველის რეანიმაცია ძნელი, მაგრამ შესაძლებელია. ამისთვის, პირველ რიგში, არსებული პირობების შენარჩუნება და ცხოველის ჰიბერნაციიდან გამოყვანაა საჭირო.
 
უდიდესი სირთულეების მიუხედავად, აუცილებელი აპარატურა მღვიმეში გადავიტანეთ და ამჟამად ჟირაფის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე ვმუშაობთ. პარალელურად იგეგმება მისი ექსტრაქციის პროცედურა.
 
მღვიმეში ჩატარებული ტესტების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰაერი და წყალი შეიცავს ნივთიერებას AQUA IMMORTALUS, როგორც თხევად, ისე აირად მდგომარეობაში. ვფიქრობთ, რომ სწორედ მისმა არსებობამ გამოიწვია ცხოველების ამგვარი მუმიფიცირება.
რაც შეეხება ჟირაფს. მისი ანატომიურ-მორფოლოგიური აგებულება (გრძელი კისრის არსებობა) გულის კუნთის მძლავრ მუშაობას განაპირობებს, რადგანაც ძლიერი ჰიპერტენზიის შედეგად სისხლი საკმაოდ შორ მანძილზე მიეწოდება ტვინს და სისხლის კოაგულაცია ფერხდება. ვვარაუდობთ, რომ ცხოველის სასიცოცხლო მაჩვენებლებიც სწორედ ამიტომ იქნა შენარჩუნებული, ეს კი, საბოლოო ჯამში, რეანიმაციის იმედს გვაძლევს.
 
ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა ჟირაფის მღვიმიდან ამოყვანაა. თუ ბედი გაგვიღიმებს და მის რეანიმაციას მოვახერხებთ, აღარ დაგვჭირდება ჟირაფების ჩამოყვანა სხვა ქვეყნების ზოოპარკებიდან და ჩვენი, უნიკალური ენდემური სახეობა Camelopardus Georgica, ანუ ქართული ჟირაფი გვეყოლება!
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати