USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის საკრებულოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქმედი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
Date:  

თბილისის საკრებულოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქმედი  პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიება  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, ნინო რუხაძის ინიციატივით მოეწყო.  

 

შეხვედრა, რომელსაც  საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს წევრები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ,  დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა  ნინო რუხაძემ განაცხადა, რომ სააგენტოში მოქმედი პროგრამების მიზანი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა.

„ვფიქრობ, ეკონომიკური განვითარება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ვხედავ იმ პოტენციალს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი უნდა შექმნას. ქვეყნის გაძლიერებით თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა ამაღლდება, ხოლო  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ“,  - განაცხადა ნინო რუხაძემ.

პრეზენტაციაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანი უგულავამ სააგენტოში მოქმედი პროგრამები წარადგინა და განსაკუთრებული ყურადღება მიკროგრანტების პროგრამაზე გაამახვილა, რომლის მიზანიც სახელმწიფოს მხარდაჭერით საკუთარი ბიზნესის დაწყება-განვითარებაში მიკრო და მცირე მეწარმეების დახმარებაა.

პრეზენტაციაზე ანი უგულავამ  დამსწრეებს პროგრამების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პირობებსა და პროგრამებში გენდერული ბალანსის დაცვაზე  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიებას საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, საბჭოს წევრები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way