USD 2.6856
EUR 3.1857
RUB 3.4747
თბილისი
„თბილისის მსგავსი დაზიანებული ქალაქი იშვიათად მინახავს“ — ირაკლი როსტომაშვილი
თარიღი:  831

ბილისის ავარიული სახლები, რომელთა რაოდენობაც, დაახლოებით, 10 ათასს აღწევს, უკვე მრავალი წელია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ეხება ადამიანების უსაფრთხოებას, ქალაქის იერსახეს, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ურბანული განვითარების სწორ ხედვას. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ არქიტექტორს, აკადემიკოსს ირაკლი როსტომაშვილს. ის განმარტავს, რომ „ავარიული“ ზედმეტად ზოგადი ტერმინია და აღნიშნული პრობლემა ბევრად ღრმა, გაანალიზებულ, უფრო დიფერენცირებულ, მიზანმიმართულ, დეტალურ დამოკიდებულებასა და მიდგომას მოითხოვს, რადგან თითოეულ ავარიულ სახლს ერთმანეთისგან განსხვავებული არქიტექტურული, ისტორიული და ტექნიკური მახასიათებლები აქვს.

„თბილისის მსგავსი დაზიანებული ქალაქი იშვიათად მინახავს. ავარიული სახლები ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია თბილისს მემკვიდრეობად მოჰყვება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლად, შემდგომ ვიყავი ქალაქის მთავარი არქიტექტორი და, შესაბამისად, თანამდებობებიდან გამომდინარე, უშუალოდ ვმუშაობდი ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ერთი სიტყვის — „ავარიულის“ ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ ყველა მსგავსი შენობა. ამ სიტყვას იმიტომ იყენებენ, რომ აღნიშნულ ნაგებობებში ხალხი ცხოვრობს და მათ უსაფრთხოებაზე კეთდება აქცენტი, სხვა მონაცემებით კი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იქნება ეს საშიშროების დონე, იერსახე თუ არქიტექტურული ღირებულება“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

როცა საუბარია ავარიულ სახლზე, საზოგადოება ხშირად მხოლოდ ჩამონგრევის პირას მისულ კედლებს, გაბზარულ აივნებსა და გადახრილ სადარბაზოებს წარმოიდგენს. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია. როგორც არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, პრობლემის დაყოფა კატეგორიებად არის ერთადერთი გზა, რომ სწორად განვსაზღვროთ, რომელი შენობა რა საფრთხეს წარმოადგენს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ცალკეულ შემთხვევებში.

„თბილისის ავარიული სახლები მინიმუმ ოთხ კატეგორიად უნდა დაიყოს. ერთი კატეგორიაში მოვაქცევდი ავარიულ სახლებს, რომლებითაც სავსეა ვაზისუბანი, ფონიჭალა, ერთი სიტყვით ის უბნები, სადაც მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში აშენებული კორპუსები ე. წ. ბინათმშენებლობის კომბინატში იწყობოდა. იქ მზადდებოდა ასაწყობი ელემენტები და იბეჭდებოდა სახლები. ამ პერიოდში კი საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა და საშინელი სიტუაცია იყო — იპარავდნენ მასალებს, მათ შორის სამშენებლოს, მოსაპირკეთებელს, კონსტრუქციულს… აქედან გამომდინარე, ქალაქი ძალიან უხარისხო შენობებს იღებდა. ამას ისიც დაემატა, რომ მთელი რიგი სამუშაოებისა არ შესრულდა. მაგალითად, ფონიჭალაში სანიაღვრეები და გარკვეული კომუნიკაციები საერთოდ არ გაკეთებულა. შესაბამისად, ბევრ კორპუსში ნალექი პირდაპირ საძირკველში ჩადიოდა, რამაც ეს ნაგებობები ავარიულად აქცია. დღეს, ასეთ სახლებში 50 - 60 ოჯახი ცხოვრობს და ამ კორპუსების ნგრევის შედეგად კატასტროფულ სიტუაციას მივიღებთ. ერთი სიტყვით, ამ კატეგორიაში მოქცეულ სახლებს, საერთოდ არ აქვთ არქიტექტურული და გეგმარებითი ფასეულობა, უბრალოდ ხალხი ცხოვრობს“. — აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ქაოსი შემაშფოთებელ ტენდენციაში გადაიზარდა: დაიწყო მიშენებების ეპოქა, რამაც შენობების სტაბილურობა დაარღვია — დღეს ისინი სეისმურად დაუცველ, კონსტრუქციულად დაუბალანსებელ და პრაქტიკულად მოუგვარებელ პრობლემად იქცა.

„მეორე კატეგორიას განეკუთვნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშენებული კორპუსები. ამ დროს თბილისში წარმოებების მშენებლობა დაიწყო (თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ელმავალმშენი და ა. შ.), მუშახელად კი სოფლის მოსახლეობა ძალიან არაბუნებრივად, მექანიკურად ჩამოიყვანეს, რამაც დაახლოებით 20 წელში, დედაქალაქის მოსახლეობის 400 ათასიდან ერთ მილიონამდე ზრდა გამოიწვია. ამ ადამიანების დაბინავებას სჭირდებოდა სახლების „ბეჭდვა“. ყალიბდებოდა ე. წ. მასივები, სადაც, ძირითადად, ხრუშჩოვკებს აშენებდნენ. პარტიის გადმოსახედიდან საბჭოთა მოქალაქეს სახლი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ საღამოს მისულიყო და დაეძინა, დღისით კი უნდა ყოფილიყო დაზგასთან, სამუშაოს შემდეგ წითელ კუთხეში მდგარიყო და მოესმინა პოლიტ. ინფორმაცია, ბავშვი ან სკოლაში იყო ან პიონერთა ბანაკში, თავისუფალ დროს სტუდენტებს რეგიონებში აგზავნიდნენ ვაშლის საკრეფად… იმ ქვეყანაში ყველაფერი იყო გაწერილი. ცხოვრების ამგვარი წესი კი არქიტექტურაზეც გამოვლინდა, რადგან არქიტექტურას აყალიბებს გარემო, ცხოვრების წესი. ხრუშჩოვკების ტიპის კორპუსების მშენებლობაც სწორედ ასეთმა მიდგომამ გამოიწვია. ეს სახლები მშენებლობის კუთხით არ არის ავარიული, მაგრამ დროთა განმავლობაში მოსახლეობამ აქცია ავარიულად. 90-იან წლებში, როდესაც მთელი ქვეყანა მოირღვა, დაიწყეს მიშენებები, დაშენებები, ფანჯრის გამოჭრები. სახლი ერთიანი ორგანიზმია და ფანჯრის გამოჭრა მის კონსტრუქციულ რღვევას იწვევს. ეს უსისტემო მიშენებები კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორივე შესრულებული, ძველი და ახალი სხვადასხვა მასალისგან შედგება, ანუ მათი სეისმომედეგობა, მათი აბსოლუტურად ყველა მონაცემი სხვადასხვაა, ნგრევის პროცესი (ავარიულობის პროცესი) განსხვავებულია და მიწისძვრაზე ძირითადი ნაგებობა სხვანაირად რეაგირებს, ხოლო მიშენება — სხვანაირად. აქედან გამომდინარე, ეს შენობები, უკლებლივ ყველა, არის ავარიული. ასევე, ამ ნაგებობებსაც საერთოდ არა აქვს არქიტექტურული ღირებულება“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი

თბილისში ყველაზე ქაოსური განაშენიანება ნაძალადევის ტერიტორიაზეა, თუმცა, სწორი მიდგომის შედეგად, ამ უბანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აქ შეიძლება ახალი, ხარისხიანი საცხოვრებელი სივრცეები გაჩნდეს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დეტალური ურბანული დაგეგმარება.

„მესამე კატეგორიას მივაკუთვნებდი ლოტკინს, ოქროსუბანს, სვანეთისუბანს, ნაძალადევისა და მის ზედა მხარეს სრულიად. ეს უბნები აბსოლუტურად უსისტემოდ, უპროექტოდ, უნახაზოდ არის აშენებული. ნაძალადევი (ნახალოვკა) უაღრესად საინტერესოა თავისი შინაარსითა და წარმოშობის ისტორიით. 1820-იან წლებში, როდესაც საქართველოში რუსეთი უკვე ინტენსიურად შემოდიოდა, დაიწყო რკინიგზის გაყვანაც, სადაც დასაქმებულმა მუშებმა საიდანღაც მოტანილი მასალებით ხელი მიჰყვეს მიწურების მშენებლობას. სხვათა შორის, მაშინ ძალიან რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებდა, პატარა დარღვევაზეც კი ციმბირში ასახლებდნენ, მაგრამ ეტყობა, ბევრ რაღაცაზე თვალი დაიხუჭა, რადგან მუშახელი სჭირდებოდათ. ეს ხალხი „თავხედურად“ (ნახალოვკა სწორედ ამას ნიშნავს) აშენებდა მიწურებს და კანონმდებლობით უკვე გადახურულის დანგრევა კი არ შეიძლებოდა. სწორედ ასე, უსისტემოდ აშენდა ნაძალადევის მთელი ზედა ნაწილი. დღეს იქ მიწისძვრაზე მეტად საშიშია ხანძარი, რადგან შეიძლება, რომ სახლებს მარტივად გადაედოს ცეცხლი და დიდ ტერიტორიაზე გავრცელდეს.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნაძალადევის რაიონი სწორი დაგეგმარების პირობებში, შეგვიძლია ერთ-ერთ ძვირფას საცხოვრებელ უბნად ვაქციოთ. აქ უნდა აშენდეს მაქსიმუმ 5 სართულიანი ე. წ. ,,თაუნჰაუსები“. მშვენიერი ადგილია, სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული, მზიანია, ხედად ძველი თბილისი ჩანს. განვითარების დროს კი არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, როგორც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ყველა ნაკვეთის მეპატრონე თავის პროექტს ამტკიცებინებდა ქალაქის მესვეურებს. აუცილებელია, ასეთ ადგილებში გაკეთდეს ერთიანი, დეტალური დაგეგმარების პროექტი და თითოეული ახალი სახლი ამ დეტალური დაგეგმარების პროექტის მიხედვით აშენდეს, ანუ უბანს ერთიანი სახე უნდა ჰქონდეს და არა ეკლექტური“. 
— აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

ძველი თბილისი ყველაზე ფრთხილ და დელიკატურ მიდგომას მოითხოვს. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თითოეული ძველი სახლი ისტორიული ღირებულებაა და მათი დემონტაჟი ან მასშტაბის შეცვლა დაუშვებელია. ასეთი შენობების აღდგენა, შესაძლოა, ფინანსურად უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ახლის აშენება, მაგრამ მათ წიაღში ინახება ქალაქის მეხსიერება და იდენტობა. ქალაქის მმართველობა ისტორიულ უბანს უნდა მიუდგეს არა როგორც კომერციულ პროექტს, არამედ როგორც კულტურულ პასუხისმგებლობას.

„ავარიულობის მეოთხე კატეგორია მოიცავს ქალაქის ისტორიულ ზონას, რომელიც არის თბილისის სახე. ზოგადად, რაც ჩამოვთვალეთ, თითოეულ კატეგორიას სხვადასხვა მიდგომა და დამოკიდებულება სჭირდება. ამ საკითხზე საუბრისას ხშირად მომყავს საავადმყოფოს მაგალითი: საავადმყოფოში არ უნდა იკითხო თუ რა მეთოდით ხდება მკურნალობა, რადგან პასუხია, რომ დაავადების შესაბამისად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ვიღაცას განგრენა აქვს და ფეხის ამპუტაცია არის საჭირო, ვიღაცას კი ნეიროქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. სწორედ ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება ძველ თბილისსაც. აქ ერთი სახლის აღდგენა, შესაძლოა, სამი სახლის მშენებლობის ღირებულებისა იყოს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა აღდგეს, რადგან ეს ისტორიული შენობები წარმოადგენს თბილისის ავთენტიკურ სახეს. მაგალითად, თუ ნაძალადევის სრულად აღება და ახალი დეტალური დაგეგმარების პროექტით ხელახლა განაშენიანება მისაღებია, იმავეს გაკეთება ძველი თბილისის შემთხვევაში კატეგორიულად არ შეიძლება. არ უნდა შევეხოთ მასშტაბს, სიმაღლეებს. ცინცაძეზე, საკრებულოსთან ახლოს სამსართულიანი ავარიული სახლი დგას, რომელშიც 10 ოჯახი ცხოვრობს, კომპანიამ რომ დაანგრიოს და ააშენოს ისეთი შენობა, სადაც ამ ოჯახებსაც გამოუყოფს საცხოვრებელს და კომერციულადაც მოგებიანი პროექტი იქნება, უნდა დადგას 9 სართულიანი კორპუსი, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ამიტომაც, ისტორიულ ზონას ქალაქმა უნდა მიხედოს ბიუჯეტის ხარჯზე.

ძველ თბილისს ბევრი ქრესტომათიული უხეში ჩარევა ახსოვს. სახელმწიფო კანცელარიის ადგილას დასახლება იყო, რომელიც დაანგრიეს, ასევე გაანადგურეს რიყის უნიკალური დასახლებაც. არქივში ინახება პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა აბანოთუბნის ტერიტორიაზე ზუსტად ისეთი კორპუსის აშენებას, ავლაბრის მეტროსთან რომ დგას. საბჭოთა კავშირში ისტორიული უბნების მიმართ სენტიმენტები არ არსებობდა, მაგრამ ჭკუა მაინც ეყოთ და გონიერი ხალხის ჩარევის შედეგად აბანოთუბანი არ დაანგრიეს“.
 — განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

არსებობს ეტაპები, როცა ის, რაც წლების წინ სწორად და წესების დაცვით იყო გაკეთებული, დროის გასვლასთან ერთად აღარ აკმაყოფილებს ახალ რეალობას. ირაკლი როსტომაშვილი ამ მნიშვნელოვან საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ავარიულობის თვალსაზრისით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ. 1988 წელს, სომხეთში მომხდარი სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, დაიწყო ამიერკავკასიის, ზოგადად, რეგიონის შესწავლა და კვლევის შედეგად სეისმიკის პარამეტრები შეიცვალა. საბოლოოდ დადგინდა, რომ თბილისში შენობები 8-ბალიან მიწისძვრაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, მანამდე კი საქართველოს დედაქალაქი 7-ბალიან ზონაში მოიაზრებოდა. შესაბამისად, 1992 წლის შემდეგ აშენებული ნაგებობები დაანგარიშებულია 8 ბალზე, ხოლო მანამდე აშენებულები — 7-ბალიან მიწისძვრაზე. 1992 წლამდე აშენებულ სახლს, რაც არ უნდა ნორმების დაცვით აეგოთ, დღევანდელი კანონმდებლობით ექსპლუატაციაში არ მიიღებდნენ. თბილისის 80% კი სწორედ იმ ძველი, არასწორი საანგარიშო ნორმების მიხედვით არის აშენებული“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ირაკლი როსტომაშვილის ხედვებიდან ნათლად იკვეთება, რომ ავარიული სახლების საკითხი არის მრავალშრიანი, ისტორიულ კონტექსტში ჩასმული ურბანული გამოწვევა, რომელსაც სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და დიფერენცირებული მიდგომა. თითოეულ უბანს თავისი ისტორია, გეოგრაფია და კონსტრუქციული რეალობა აქვს. მათი გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ ახლის მშენებლობას, არამედ ძველის შენარჩუნებასა და გონივრულ გარდაქმნას მოემსახურება. თბილისში ავარიული სახლების პრობლემის გადაწყვეტა არის კულტურული, სოციალური და ეთიკური ამოცანა, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქალაქის მომავალზე.

წყარო:https://um.ge/

მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე მდგომარეობის შეჯამება 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით - გიორგი კობერიძე
2026 წლის თებერვლის დასაწყისი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ტაქტიკური ინიციატივის აღებაში გადაითარგმნა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზაპორიჟიისა და ხარკოვის რეგიონებში. ცვლილებებია უკრაინის შიგნითაც და რუსეთშიც. განვიხილოთ.
1. ფრონტის ხაზზე რუსული ძალებისთვის სტარლინკის სატელიტური ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ძალიან სერიოზული ამბავია. ეს ტექნოლოგიური ფაქტორი უკრაინელ ძალებს რამდენიმე კრიტიკულ უპირატესობას ანიჭებს:
- უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ უწყვეტ კავშირს ფრონტის მთელ ხაზზე, რუსები კი ვეღარ.
- თანამედროვე საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დრონებია, რომელიც დამოკიდებულია ინტერნეტის სტაბილურ კავშირზე. უკრაინელი ოპერატორები რეალურ დროში აკონტროლებენ როგორც დასაზვერვო, ისე შეტევითი დრონების მუშაობას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტურობას. რუსებს ეს ეზღუდებათ.
- რუსული ძალების Starlink-ზე წვდომის შეზღუდვამ უშუალოდ იმოქმედა თებერვალში დაწყებულ უკრაინულ კონტრშეტევებზე. რუსი მებრძოლები, რომლებიც ადრე ნაწილობრივ იყენებდნენ ამ სერვისს, დაკარგეს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალება და დაუბრუნდნენ ტრადიციულ რადიოკავშირს, რომელიც უფრო მარტივად ჩახშობადია.
სტარლინკზე წვდომის შეზღუდვის გამო, რუსებმა ილონ მასკის გინება განაახლეს, რომელიც ბოლო ორი წელი შეწყვეტილი ჰქონდათ. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი.
2. კონტრშეტევა გვაქვს ზაპორიჟიას ოლქში. რამდენიმე დღეა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მასშტაბური კონტრშეტევითი ოპერაციები ზაპორიჟიის ოლქში, რომელიც ცხრა სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება.
რაც მთავარია სიტუაცია გამოსწორდა ჰულიაიპოლეს მიმართულებაზე. ეს ქალაქი და მისი შემოგარენი უკრაინული თავდაცვისა და სამხრეთისა და აღმოსავლეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტია. ქალაქის შიგნით ბრძოლა გრძელდება. რუსები მას აღმოსავლეთიდან (დონეცკის ოლქის მხრიდან) და სამხრეთიდან უტევდნენ და ურბანული სივრცის ნანგრევების დიდი ნაწილი დაიკავეს კიდეც. მაგრამ შემდგომ მათი შეტევა შენელდა და ახლა რამდენიმე ადგილას უკრაინელებმა პოზიციები დაიბრუნეს.
უკრაინელები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობენ ჰულიაიპოლეს სამხრეთით, რკინიგზის ხაზის გასწვრივაც. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსული ლოჯისტიკა დამოკიდებულია რკინიგზაზე, ხოლო მათი შეტევის მიმართლება კვლავ გზებსა და რკინიგზას მიუყვება.
უკრაინელებმა ზაპორიჟიაში სრულად გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ტერნუვატეს შემოგარენი. მისი აღება რუსებმა რამდენჯერმე იზეიმეს და თან საკმაოდ აქტიური მედია კამპანიაც ჰქონდათ. ამის მიზეზი კი ტერნუვატეს მდგომარეობაა, ფრონტიდ ხაზიდან საკმაოდ დასავლეთით, უკრაინის თავდაცვის სიღრმეში მდებარეობს. მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა რუსებისათვის ის იყო, რომ დასახლება სინამდვილეში მათ ხელში არც არასდროს ყოფილა და მხოლოდ შემოგარენში მოქმედებდნენ.
ამით იკვეთება ნათელი სურათი, რომ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მხოლოდ სხვას კი არა, საკუთარ თავსაც კი ატყუებენ ხოლმე.
3. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ვლადისლავ ვოლოშინი აკეთებს მნიშვნელოვან განმარტებას უკრაინულ ლოკალურ კონტრშეტევასთან დაკავშირებით: სამხედრო თვალსაზრისით, ეს მოქმედებები ჯერ არ წარმოადგენს კონტრშეტევას კლასიკური გაგებით. ეს არის სადაზვერვო-შეტევითი ოპერაციები და ტერიტორიების გაწმენდა. ანუ უკრაინელები მოქმედებენ მეთოდურად, არა მასშტაბური გარღვევისათვის, არამედ პოზიციების გაუმჯობესებისა და რუსული თავდაცვის სისტემაში სისუსტეების საპოვნელად. და თუ ეს წარმატებით განხორციელდა, შემდეგ შეიძლება მიიღოს უფრო ფართო მასშტაბიანი ხასიათიც.
4. რუსული შეტევა ქალაქი ზაპორიჟიას სამხრეთით გრძელდება. ქალაქთან მიახლოება რჩება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზნად. თუმცა მათი პროგრამა მინიმუმი ამჟამად ფოკუსირებულია მდინარე კონკას დაკავებაზე, რომელიც ქალაქიდან სამხრეთით დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული.
უკრაინული სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ხაზი წარმოადგენს რუსული სამხედრო დაგეგმვის უშუალო მიზანს. მდინარე კონკას კონტროლი რუსებს საშუალებას მისცემდა შექმნან ბუნებრივი თავდაცვითი ხაზი და სცადონ შემდგომი წინსვლა ზაპორიჟიის მიმართულებით.
თუმცა, ამ სტრატეგიის რეალიზება ყოველთვის უფრო რთულდება უკრაინის ახლანდელი კონტრშეტევითი ოპერაციების გამო (იერიშები ზაპორიჟიას ოლქში კი მიმდინარეობს, მაგრამ არა ამ მიმართულებაზე), რომლებიც ქმნიან წნეხს რუსული პოზიციების მიმართულებით.
5. ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატებები მიაღწიეს. დაბრუნებულია სასაზღვრო სოფელი ჩუჰუნივკა. ზოგადად, უკრაინელების ფოკუსი ხარკოვის სასაზღვრო რაიონში 5-7 კილომეტრის სიღრმეში შემოსული რუსული ნაწილების განდევნაში საკმაოდ აქტიურია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსებიც ახდენენ ამ მიმართულებაზე დამატებითი ძალების თავმოყრას.
თითქოს არაფერი, მაგრამ ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონები ბოლო ხანებია კვლავ ძალიან ინტენსიურ საბრძოლო თეატრად გადაიქცა.
ბოლო ხანებია რუსები ჩივიან, რომ კუპიანსკიდან რუსული ნაწილების უკან დახევის შემდეგ, უკრაინელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და დამხმარე ნაწილების თავმოყრის გამო შეშინებულები არიან.
6. უკრაინის შეიარაღებული ძალებმა კონტროლი აღადგინა სუმის ოლქში სასაზღვრო დასახლება პოპივკაზე. აქაც დაახლოებით იგივე სურათია, რაც ხარკოვის ოლქში: სასაზღვრო რაიონებში რუსული რეგულარული ნაწილები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე აქტიურობენ და უკრაინელებს აიძულებენ ფოკუსი საზღვრიდან არ მოაშორონ.
7. უკრაინელების სასარგებლოდ ევროპული დახმარება გრძელდება. ამჯერად სკანდინავიური ქვეყნები აქტიურობენ და მათ ტექნოლოგიურ უპირატესობაზე რუსები ჩივიან. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ შვედურ Archer თვითმავალ საარტილერიო სისტემებს ხარკოვის ოლქში. ეს ულტრათანამედროვე სისტემები წარმოადგენენ არტილერიის ტექნოლოგიის ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობას.
სკანდინავიური ქვეყნები არამხოლოდ ერთჯერად დახმარებას აძლევენ უკრაინელებს, არამედ სარემონტო პროცესებშიც უწევენ დახმარებას და სათადარიგო ნაწილების მიწოდება პერმანენტულად ხდება.
8. საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ აშშ-მ მკაცრი მოთხოვნები წაუყენა და ჯარიმები დააკისრა კერძო სამხედრო კომპანიებს Northrop Grumman-ისა და Global Military Products-ს. მიზეზი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების დაგვიანებაა. არმის კონტრაქტების სამეთვალყურეო სამსახური მოქმედებს პენტაგონის გენერალური ინსპექტორის რეკომენდაციების საფუძველზე.
2022 წლის იანვარში, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში ხელმოწერილი კონტრაქტების შესწავლისას, გენერალურმა ინსპექტორმა შეამოწმა შვიდი კონტრაქტი Northrop Grumman-სა და Global Military Products-თან, საერთო ღირებულებით 1.9 მილიარდი დოლარი. ხუთ მათგანში აღმოჩნდა სისტემატური პრობლემები და ვადების დარღვევა.
9. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმამ სამხედროსთან ერთად, ფინანსური შედეგი უკვე გამოიღო. სადაზღვევო ბროკერი Mains-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ევგენი ბოროვიკოვის განცხადებით, ნავთობის კომპანიების პირდაპირი ზარალი დარტყმებისგან აღემატება 100 მილიარდ რუბლს. ხოლო ირიბი ზარალების და დაკარგული მოგების ჩათვლით, საერთო რაოდენობა აჭარბებს 1 ტრილიონ რუბლს (დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი). ეს ყველაფერი განცხადებაა და რეალურად რა მდგომარეობაა კიდევ საკითხავია (შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ უარესი).
10. რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვა -
ბოლო დღეებში უკრაინელებმა რამდენჯერმე დაბომბეს რუსული ენერგოინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოლგოგრადში დარტყმა, როდესაც უკრაინული დრონების შეტევის დროს აფეთქდა ქვესადგური. ანუ რეალურად, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს, უკრაინა ცდილობს პასუხი დაუბრუნოს ამაზე. ამასთან, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება ქმნის სერიოზულ პრობლემებს როგორც მოსახლეობისთვის, ისე ინდუსტრიისთვის.
11. უკრაინელები მასობრივად ნადირობენ რუსული იარაღისა და დრონების საწყობებზე. აგერ, რამდენიმე საათის წინ უკრაინელებმა როსტოვის ოლქში დრონების საწყობი გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ ალაბუგაში (რუსეთის თათარსტანი) არსებული დრონების ქარხნის განადგურება ჯერ ვერ ხდება, მაინც, დარტყმები მნიშვნელოვანია.
ასევე უკრაინელები დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსებულ ლოკალურ იარაღის საწყობებზეც ნადირობენ.
12. მორალისა და დისციპლინის თვალსაზირისით უკრაინელთა მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რუსების კი გაუარესდა. რუსულ არმიაში ტრადიციული სამხედრო დისციპლინის მექანიზმები აღარ მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიური ხასიათი აქვს მიღებული სამხედროების წამებას, დახვრეტას, გაშიშვლებას, ხეზე მიბმას, ძაღლებით დაგლეჯას და ასე შემდეგ. პრაქტიკულად, სასაკლაოზე წასვლა რომ არავის უნდა ეს გასაგებია, მაგრამ ოფიცრები ისევ საბჭოთა ტაქტიკით მოქმედებენ და ხორცის შტურმებს აგრძელებენ.
ასეთი მეთოდებით დისციპლინა შეიძლება აამაღლო, მაგრამ სამხედრო მორალს ვერ აამაღლებ.
13. სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, რუსული მხარე აქცენტს აკეთებს ახალი ძალების აკუმულირებაზე, მათ შედარებით ხანგრძლივ გაწვრთნასა და გაზაფხულზე უკრაინაში გადასროლაზე. სტრატეგიული მიზანია გაზაფხულის ბოლო-ზაფხულის დასაწყისის მასშტაბური შეტევა.
ამასობაში უკრაინელებმა სრულიად ახალი ფორტიფიკაციების აგება დაიწყეს არამხოლოდ დონეცკის ოლქში, არამედ მის დასავლეთითაც კი. პრაქტიკულად, ყველაზე უარესი სცენარისათვისაც კი ემზადება ქვეყანა - თუ რუსები სლავიანსკ-კრამატორსკის მიმართულებაზე შეტევას არ ან ვერ მოახერხებენ და დასავლეთით შეეცდებიან კვლავ წინსვლას, იქაც მზად დახვდებიან უკრაინელები.
14. ჯერ ზამთარი არ დასრულებულა, მაგრამ რამდნეიმე დღეში კოშმარული ყინვები გადაივლის უკრაინაში. რუსეთის გათვლა, რომ უკრაინელების დემორალიზება მოეხდინა და გათბობისა და დენის გარეშე დაეტოვებინა ხალხი - ვერ განხორციელდა. მიუხედავად ყინვისა, მოსახლეობა ერთად დადგა და ინჟინრებმა სასწაულს გაუძლეს. სოციოლოგიაში ცნობილია, რომ საყოველთა გაჭირვება ადამიანებს აახლოებს და საბრძოლო მორალისაკენაც განაწყობს. თუმცა ამ ყველაფერსაც თავისი ლიმიტები აქვს. სწორედ ამ ლიმიტებს ეძებს რუსეთი და ჯერჯერობით ნამდვილად ვერ პოულობს.
პ.ს. რუსეთს ომი 3 დღეში რომ უნდა დაესრულებინა, მალე მეხუთე წელი დაიწყება და ვერ დაასრულებს. საბჭოთა-გერმანიის ომზე დიდი ხანი უკვე გრძელდება ეს ომი.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის