ბილისის ავარიული სახლები, რომელთა რაოდენობაც, დაახლოებით, 10 ათასს აღწევს, უკვე მრავალი წელია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ეს არის გამოწვევა, რომელიც ეხება ადამიანების უსაფრთხოებას, ქალაქის იერსახეს, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ურბანული განვითარების სწორ ხედვას. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ არქიტექტორს, აკადემიკოსს ირაკლი როსტომაშვილს. ის განმარტავს, რომ „ავარიული“ ზედმეტად ზოგადი ტერმინია და აღნიშნული პრობლემა ბევრად ღრმა, გაანალიზებულ, უფრო დიფერენცირებულ, მიზანმიმართულ, დეტალურ დამოკიდებულებასა და მიდგომას მოითხოვს, რადგან თითოეულ ავარიულ სახლს ერთმანეთისგან განსხვავებული არქიტექტურული, ისტორიული და ტექნიკური მახასიათებლები აქვს.
„თბილისის მსგავსი დაზიანებული ქალაქი იშვიათად მინახავს. ავარიული სახლები ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია თბილისს მემკვიდრეობად მოჰყვება. წლების განმავლობაში ვმუშაობდი მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგებლად, შემდგომ ვიყავი ქალაქის მთავარი არქიტექტორი და, შესაბამისად, თანამდებობებიდან გამომდინარე, უშუალოდ ვმუშაობდი ამ საკითხზე. მიმაჩნია, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს და მხოლოდ ერთი სიტყვის — „ავარიულის“ ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ ყველა მსგავსი შენობა. ამ სიტყვას იმიტომ იყენებენ, რომ აღნიშნულ ნაგებობებში ხალხი ცხოვრობს და მათ უსაფრთხოებაზე კეთდება აქცენტი, სხვა მონაცემებით კი აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, იქნება ეს საშიშროების დონე, იერსახე თუ არქიტექტურული ღირებულება“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
როცა საუბარია ავარიულ სახლზე, საზოგადოება ხშირად მხოლოდ ჩამონგრევის პირას მისულ კედლებს, გაბზარულ აივნებსა და გადახრილ სადარბაზოებს წარმოიდგენს. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია. როგორც არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, პრობლემის დაყოფა კატეგორიებად არის ერთადერთი გზა, რომ სწორად განვსაზღვროთ, რომელი შენობა რა საფრთხეს წარმოადგენს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ცალკეულ შემთხვევებში.
„თბილისის ავარიული სახლები მინიმუმ ოთხ კატეგორიად უნდა დაიყოს. ერთი კატეგორიაში მოვაქცევდი ავარიულ სახლებს, რომლებითაც სავსეა ვაზისუბანი, ფონიჭალა, ერთი სიტყვით ის უბნები, სადაც მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში აშენებული კორპუსები ე. წ. ბინათმშენებლობის კომბინატში იწყობოდა. იქ მზადდებოდა ასაწყობი ელემენტები და იბეჭდებოდა სახლები. ამ პერიოდში კი საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა და საშინელი სიტუაცია იყო — იპარავდნენ მასალებს, მათ შორის სამშენებლოს, მოსაპირკეთებელს, კონსტრუქციულს… აქედან გამომდინარე, ქალაქი ძალიან უხარისხო შენობებს იღებდა. ამას ისიც დაემატა, რომ მთელი რიგი სამუშაოებისა არ შესრულდა. მაგალითად, ფონიჭალაში სანიაღვრეები და გარკვეული კომუნიკაციები საერთოდ არ გაკეთებულა. შესაბამისად, ბევრ კორპუსში ნალექი პირდაპირ საძირკველში ჩადიოდა, რამაც ეს ნაგებობები ავარიულად აქცია. დღეს, ასეთ სახლებში 50 - 60 ოჯახი ცხოვრობს და ამ კორპუსების ნგრევის შედეგად კატასტროფულ სიტუაციას მივიღებთ. ერთი სიტყვით, ამ კატეგორიაში მოქცეულ სახლებს, საერთოდ არ აქვთ არქიტექტურული და გეგმარებითი ფასეულობა, უბრალოდ ხალხი ცხოვრობს“. — აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
გასული საუკუნის 90-იანი წლების ქაოსი შემაშფოთებელ ტენდენციაში გადაიზარდა: დაიწყო მიშენებების ეპოქა, რამაც შენობების სტაბილურობა დაარღვია — დღეს ისინი სეისმურად დაუცველ, კონსტრუქციულად დაუბალანსებელ და პრაქტიკულად მოუგვარებელ პრობლემად იქცა.
„მეორე კატეგორიას განეკუთვნება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში აშენებული კორპუსები. ამ დროს თბილისში წარმოებების მშენებლობა დაიწყო (თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხანა, ელმავალმშენი და ა. შ.), მუშახელად კი სოფლის მოსახლეობა ძალიან არაბუნებრივად, მექანიკურად ჩამოიყვანეს, რამაც დაახლოებით 20 წელში, დედაქალაქის მოსახლეობის 400 ათასიდან ერთ მილიონამდე ზრდა გამოიწვია. ამ ადამიანების დაბინავებას სჭირდებოდა სახლების „ბეჭდვა“. ყალიბდებოდა ე. წ. მასივები, სადაც, ძირითადად, ხრუშჩოვკებს აშენებდნენ. პარტიის გადმოსახედიდან საბჭოთა მოქალაქეს სახლი მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ საღამოს მისულიყო და დაეძინა, დღისით კი უნდა ყოფილიყო დაზგასთან, სამუშაოს შემდეგ წითელ კუთხეში მდგარიყო და მოესმინა პოლიტ. ინფორმაცია, ბავშვი ან სკოლაში იყო ან პიონერთა ბანაკში, თავისუფალ დროს სტუდენტებს რეგიონებში აგზავნიდნენ ვაშლის საკრეფად… იმ ქვეყანაში ყველაფერი იყო გაწერილი. ცხოვრების ამგვარი წესი კი არქიტექტურაზეც გამოვლინდა, რადგან არქიტექტურას აყალიბებს გარემო, ცხოვრების წესი. ხრუშჩოვკების ტიპის კორპუსების მშენებლობაც სწორედ ასეთმა მიდგომამ გამოიწვია. ეს სახლები მშენებლობის კუთხით არ არის ავარიული, მაგრამ დროთა განმავლობაში მოსახლეობამ აქცია ავარიულად. 90-იან წლებში, როდესაც მთელი ქვეყანა მოირღვა, დაიწყეს მიშენებები, დაშენებები, ფანჯრის გამოჭრები. სახლი ერთიანი ორგანიზმია და ფანჯრის გამოჭრა მის კონსტრუქციულ რღვევას იწვევს. ეს უსისტემო მიშენებები კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა კარგად იყოს ორივე შესრულებული, ძველი და ახალი სხვადასხვა მასალისგან შედგება, ანუ მათი სეისმომედეგობა, მათი აბსოლუტურად ყველა მონაცემი სხვადასხვაა, ნგრევის პროცესი (ავარიულობის პროცესი) განსხვავებულია და მიწისძვრაზე ძირითადი ნაგებობა სხვანაირად რეაგირებს, ხოლო მიშენება — სხვანაირად. აქედან გამომდინარე, ეს შენობები, უკლებლივ ყველა, არის ავარიული. ასევე, ამ ნაგებობებსაც საერთოდ არა აქვს არქიტექტურული ღირებულება“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი
თბილისში ყველაზე ქაოსური განაშენიანება ნაძალადევის ტერიტორიაზეა, თუმცა, სწორი მიდგომის შედეგად, ამ უბანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. აქ შეიძლება ახალი, ხარისხიანი საცხოვრებელი სივრცეები გაჩნდეს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია დეტალური ურბანული დაგეგმარება.
„მესამე კატეგორიას მივაკუთვნებდი ლოტკინს, ოქროსუბანს, სვანეთისუბანს, ნაძალადევისა და მის ზედა მხარეს სრულიად. ეს უბნები აბსოლუტურად უსისტემოდ, უპროექტოდ, უნახაზოდ არის აშენებული. ნაძალადევი (ნახალოვკა) უაღრესად საინტერესოა თავისი შინაარსითა და წარმოშობის ისტორიით. 1820-იან წლებში, როდესაც საქართველოში რუსეთი უკვე ინტენსიურად შემოდიოდა, დაიწყო რკინიგზის გაყვანაც, სადაც დასაქმებულმა მუშებმა საიდანღაც მოტანილი მასალებით ხელი მიჰყვეს მიწურების მშენებლობას. სხვათა შორის, მაშინ ძალიან რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებდა, პატარა დარღვევაზეც კი ციმბირში ასახლებდნენ, მაგრამ ეტყობა, ბევრ რაღაცაზე თვალი დაიხუჭა, რადგან მუშახელი სჭირდებოდათ. ეს ხალხი „თავხედურად“ (ნახალოვკა სწორედ ამას ნიშნავს) აშენებდა მიწურებს და კანონმდებლობით უკვე გადახურულის დანგრევა კი არ შეიძლებოდა. სწორედ ასე, უსისტემოდ აშენდა ნაძალადევის მთელი ზედა ნაწილი. დღეს იქ მიწისძვრაზე მეტად საშიშია ხანძარი, რადგან შეიძლება, რომ სახლებს მარტივად გადაედოს ცეცხლი და დიდ ტერიტორიაზე გავრცელდეს.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ნაძალადევის რაიონი სწორი დაგეგმარების პირობებში, შეგვიძლია ერთ-ერთ ძვირფას საცხოვრებელ უბნად ვაქციოთ. აქ უნდა აშენდეს მაქსიმუმ 5 სართულიანი ე. წ. ,,თაუნჰაუსები“. მშვენიერი ადგილია, სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული, მზიანია, ხედად ძველი თბილისი ჩანს. განვითარების დროს კი არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, როგორც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ყველა ნაკვეთის მეპატრონე თავის პროექტს ამტკიცებინებდა ქალაქის მესვეურებს. აუცილებელია, ასეთ ადგილებში გაკეთდეს ერთიანი, დეტალური დაგეგმარების პროექტი და თითოეული ახალი სახლი ამ დეტალური დაგეგმარების პროექტის მიხედვით აშენდეს, ანუ უბანს ერთიანი სახე უნდა ჰქონდეს და არა ეკლექტური“. — აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
ძველი თბილისი ყველაზე ფრთხილ და დელიკატურ მიდგომას მოითხოვს. ირაკლი როსტომაშვილის თქმით, თითოეული ძველი სახლი ისტორიული ღირებულებაა და მათი დემონტაჟი ან მასშტაბის შეცვლა დაუშვებელია. ასეთი შენობების აღდგენა, შესაძლოა, ფინანსურად უფრო ძვირი დაჯდეს, ვიდრე ახლის აშენება, მაგრამ მათ წიაღში ინახება ქალაქის მეხსიერება და იდენტობა. ქალაქის მმართველობა ისტორიულ უბანს უნდა მიუდგეს არა როგორც კომერციულ პროექტს, არამედ როგორც კულტურულ პასუხისმგებლობას.
„ავარიულობის მეოთხე კატეგორია მოიცავს ქალაქის ისტორიულ ზონას, რომელიც არის თბილისის სახე. ზოგადად, რაც ჩამოვთვალეთ, თითოეულ კატეგორიას სხვადასხვა მიდგომა და დამოკიდებულება სჭირდება. ამ საკითხზე საუბრისას ხშირად მომყავს საავადმყოფოს მაგალითი: საავადმყოფოში არ უნდა იკითხო თუ რა მეთოდით ხდება მკურნალობა, რადგან პასუხია, რომ დაავადების შესაბამისად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ვიღაცას განგრენა აქვს და ფეხის ამპუტაცია არის საჭირო, ვიღაცას კი ნეიროქირურგიული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. სწორედ ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება ძველ თბილისსაც. აქ ერთი სახლის აღდგენა, შესაძლოა, სამი სახლის მშენებლობის ღირებულებისა იყოს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა აღდგეს, რადგან ეს ისტორიული შენობები წარმოადგენს თბილისის ავთენტიკურ სახეს. მაგალითად, თუ ნაძალადევის სრულად აღება და ახალი დეტალური დაგეგმარების პროექტით ხელახლა განაშენიანება მისაღებია, იმავეს გაკეთება ძველი თბილისის შემთხვევაში კატეგორიულად არ შეიძლება. არ უნდა შევეხოთ მასშტაბს, სიმაღლეებს. ცინცაძეზე, საკრებულოსთან ახლოს სამსართულიანი ავარიული სახლი დგას, რომელშიც 10 ოჯახი ცხოვრობს, კომპანიამ რომ დაანგრიოს და ააშენოს ისეთი შენობა, სადაც ამ ოჯახებსაც გამოუყოფს საცხოვრებელს და კომერციულადაც მოგებიანი პროექტი იქნება, უნდა დადგას 9 სართულიანი კორპუსი, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ამიტომაც, ისტორიულ ზონას ქალაქმა უნდა მიხედოს ბიუჯეტის ხარჯზე.
ძველ თბილისს ბევრი ქრესტომათიული უხეში ჩარევა ახსოვს. სახელმწიფო კანცელარიის ადგილას დასახლება იყო, რომელიც დაანგრიეს, ასევე გაანადგურეს რიყის უნიკალური დასახლებაც. არქივში ინახება პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა აბანოთუბნის ტერიტორიაზე ზუსტად ისეთი კორპუსის აშენებას, ავლაბრის მეტროსთან რომ დგას. საბჭოთა კავშირში ისტორიული უბნების მიმართ სენტიმენტები არ არსებობდა, მაგრამ ჭკუა მაინც ეყოთ და გონიერი ხალხის ჩარევის შედეგად აბანოთუბანი არ დაანგრიეს“. — განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.
არსებობს ეტაპები, როცა ის, რაც წლების წინ სწორად და წესების დაცვით იყო გაკეთებული, დროის გასვლასთან ერთად აღარ აკმაყოფილებს ახალ რეალობას. ირაკლი როსტომაშვილი ამ მნიშვნელოვან საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ავარიულობის თვალსაზრისით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ. 1988 წელს, სომხეთში მომხდარი სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ, დაიწყო ამიერკავკასიის, ზოგადად, რეგიონის შესწავლა და კვლევის შედეგად სეისმიკის პარამეტრები შეიცვალა. საბოლოოდ დადგინდა, რომ თბილისში შენობები 8-ბალიან მიწისძვრაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, მანამდე კი საქართველოს დედაქალაქი 7-ბალიან ზონაში მოიაზრებოდა. შესაბამისად, 1992 წლის შემდეგ აშენებული ნაგებობები დაანგარიშებულია 8 ბალზე, ხოლო მანამდე აშენებულები — 7-ბალიან მიწისძვრაზე. 1992 წლამდე აშენებულ სახლს, რაც არ უნდა ნორმების დაცვით აეგოთ, დღევანდელი კანონმდებლობით ექსპლუატაციაში არ მიიღებდნენ. თბილისის 80% კი სწორედ იმ ძველი, არასწორი საანგარიშო ნორმების მიხედვით არის აშენებული“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
ირაკლი როსტომაშვილის ხედვებიდან ნათლად იკვეთება, რომ ავარიული სახლების საკითხი არის მრავალშრიანი, ისტორიულ კონტექსტში ჩასმული ურბანული გამოწვევა, რომელსაც სჭირდება სიღრმისეული ანალიზი და დიფერენცირებული მიდგომა. თითოეულ უბანს თავისი ისტორია, გეოგრაფია და კონსტრუქციული რეალობა აქვს. მათი გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ ახლის მშენებლობას, არამედ ძველის შენარჩუნებასა და გონივრულ გარდაქმნას მოემსახურება. თბილისში ავარიული სახლების პრობლემის გადაწყვეტა არის კულტურული, სოციალური და ეთიკური ამოცანა, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ქალაქის მომავალზე.
წყარო:https://um.ge/
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.