USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2024 წელს 66 ბიტკოინი იყიდა
дата:  699

კახა კალაძემ 2024 წელს 66 ბიტკოინი იყიდა, რაშიც 4 645 315,07 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ თბილისი მერის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

6-თვიანი "ტექნიკური ხარვეზის" შემდეგ ქონებრივი დეკლარაციები გაიხსნა.

2025 წლის 31 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად, კალაძის სახელზეა ორი ბინა კიევში, კერძოდ გამარჯვების გამზირზე მდებარე 220 კვ.მ. ბინა 1997 წელს 150 000 დოლარად აქვს შეძენილი, ხოლო შევჩენკოს გამზირზე 250 კვ.მ. 2005 წელს, 700 000 დოლარად.

კალაძე ასევე 2 ბინას ფლობს თბილისში - ჭავჭავაძის გამზირზე 364,1 კვ.მ ბინა 2022 წელს 71 280 ლარად იყიდა, ხოლო მიხეილ ბურძგლას ქუჩაზე 396 კვ.მ 2012 წელს, ჩუქების გზით მიიღო.

2012 წელს, ჩუქების გზით აქვს მიღებული დაბა წყნეთში ორი მიწის ნაკვეთი, 1058 კვ.მ და 1060 კვ.მ. 1139 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი 298 000 დოლარად შეიძინა.

2012 წელს კალაძემ ჩუქებით მიიღო სამტრედიაში 2482 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2013 წელს კი სამტრედიაში 93,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 60 000 დოლარად, ხოლო 76,2 კვ.მ 55 000 დოლარად იყიდა.

კალაძე თბილისში სამ ავტოფარეხს ფლობს, რომლებიც 2018 წელს, ჯამში 240 549 ლარად იყიდა.

კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის სახელზე კი 4 ბინაა რეგისტრირებული. აქედან თბილისში მდებარე ორი ბინა 2022 წელს ჩუქების გზით მიიღო, ხოლო დუშეთის რაიონში, სოფელი კაიშაურებში ორი ბინა ჯამურად 223 830 დოლარად იყიდა.

კახა კალაძე ფლობს ლადო გუდიაშვილის 3 და ელენე ახვლედიანის 3 ფერწერულ ტილოს.

მის მფლობელობაშია 5 მოტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე 3 მსუბუქი ავტომანქანა. კალაძემ PORSCHE 911 გასულ წელს იყიდა, რაშიც 170 000 დოლარი გადაიხადა, ანა არეშიძემ კი 2024 წელს MERCEDES-BENZ AMG შეიძინა 150 000 დოლარად.

კალაძეს დანაზოგის სახით აქვს: 50 000 დოლარი, 70 000 ევრო, ხოლო ანა არეშიძეს: 65 000 ლარი და 45 000 ევრო.

კალაძეს, მერის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით გასულ წელს მიღებული აქვს 84 902,4 ლარი. ანა არეშიძეს შპს გლობალ ბიუთის დირექტორის პოზიციაზე 130 735 ლარი აქვს მიღებული.

კახა კალაძემ გასულ წელს ქველმოქმედებაზე 85 000 ლარი დახარჯა, გადახდილმა გადასახადებმა 73 408,73 ლარი შეადგინა, დაცვის პოლიციის მომსახურებაში კი 24 200 ლარი გადაიხადა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати