USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელი სხდომის სრული ჩანაწერი (27.06.2023)
дата:  390

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაცია სრულად, 120 ათასი ლარით დაფინანსდება.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება.

„დედაქალაქის მერიაში ჯანდაცვის მიმართულებით უამრავი პროგრამა ფინანსდება. ერთ-ერთი მთავარია ღვიძლის გადანერგვის პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის დაწყებისას, ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე მოქალაქე მუნიციპალიტეტის მხრიდან, მომსახურებისთვის განსაზღვრული ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. მოგვიანებით, დაფინანსება 10 ათასი ლარით გაიზარდა და 70 ათასი ლარი შეადგინა. თუ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ღირდა 120 000 ლარი, დედაქალაქის მერია თბილისში მცხოვრებ ადამიანებს აფინანსებდა 70 000 ლარით. იგივე პროგრამა ხორციელდებოდა ბათუმში. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ პრემიერის გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მისასალმებელია. დაფინანსების ოდენობა სახელმწიფოს მხრიდან განისაზღვრა 100%-ით. ჩვენ პრემიერის გადაწყვეტილებას მივესალმებით და, რა თქმა უნდა, ვუერთდებით მას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

„დედაქალაქის მერიაც 100%-ით, ანუ სრულად დააფინანსებს ტრანსპლანტაციის პროგრამას, რათა აღნიშნული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ. აქამდე თუ ოპერაცია მხოლოდ 70%-ით ფინანსდებოდა და დანარჩენი თანხების მოძიება თვითონ ამ ადამიანებს უწევდათ, ამიერიდან ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ზონალურ-საათობრივ პარკირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სისტემა 1-ელი ოქტომბრიდან დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება.

მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავამოქმედეთ და გვინდა, ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. სხვა შემთხვევაში, სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება: ჩუღურეთის რაიონში - ივანე ჯავახიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; მთაწმინდის რაიონში - ლაპიაშვილის ქუჩა, ჭოველიძისა და ჯანაშიას ქუჩები და მიმდებარე ტერიტორია; ვაკის რაიონში - კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორია.

ამასთან, თბილისის მერის განხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას საინფორმაციო ჯიხურებში პირველი სექტემბრიდან შეძლებენ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა.

მისივე თქმით, ახალგაზრდულ პროგრამებს მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს.

„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, ყოველ ზაფხულს ხორციელდება და ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, დასვენებისა და გართობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. 2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი; მუნიციპალური საცურაო აუზი; ჩოგბურთის კორტები; ჯომარდობა; ლაშქრობები თბილისის გარშემო. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება კვებით, ეკიპირებით, გამოცდილი სპეციალისტებით, მწვრთნელებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და უკვე 4 000-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის საჭიროებაც ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ განაპირობა.

„დავიწყეთ მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას. რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები. დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხიდი ჩაიკეტება.

„სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაიკეტება ხიდი. გადაადგილების შეზღუდვის ვადის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება. აღნიშნული ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ამიტომ, სამუშაოების მიმდინარეობისას, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გათვალისწინება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის აგვისტოსთვის იგეგმება.

„ხიდის სიგრძე 200 მეტრამდეა. სამუშაოების ფარგლებში, განათებები მთლიანად შეიცვლება, რადგან დაზიანებულია. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი მიმდინარე წლის აგვისტოში ვფიქრობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, ისნის რაიონში, მახათას აღმართისა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა.

კახა კალაძის განცხადებით, ახალი გზით სარგებლობა უკვე შესაძლებელია, რაც ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს.

„ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში, „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც საგრძნობლად განტვირთავს ვაზისუბნის ქუჩებს და ერთიდან მეორე უბანში მოხვედრის დროს შეამცირებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. დამეთანხმებით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზით უკვე სარგებლობთ, რომ გადაადგილება კომფორტულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალ გზაზე საგზაო მონიშვნებისა და გამწვანების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.  

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება.

„მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან; მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით, ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან.

დედაქალაქის მერმა ქალაქში გახშირებულ ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მეტეხის ხიდის მიმდებარედ ათეულობით სურო ძირშია გადაჭრილი.

მისივე თქმით, გულგრილობის ნაცვლად, ვანდალიზმის გახშირებულ ფაქტებს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

„ვანდალიზმის ფაქტები საკმაოდ ხშირია. ეს მძიმეა როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს. ყველაფერი რაც კეთდება, კეთდება თქვენივე ფულით, ჩვენ ამას მხოლოდ ვამენეჯმენტებთ. ასევე, ყველა პროექტში ჩადებულია უამრავი ადამიანის შრომა. ამიტომ, გულდასაწყვეტია, როცა კონკრეტულ სივრცეებს, ინფრასტრუქტურას აზიანებენ, ანადგურებენ. ხშირ შემთხვევაში, ამას პატარები, ახალგაზრდები აკეთებენ, რასაც უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს საერთო პრობლემაა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ - ახალგაზრდებს ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი მათი საკუთრებაა და მოქალაქეების განტვირთვისა და დასვენებისთვის კეთდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში გამონაბოლქვის თვალსაზრისით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, თითოეულ გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.

„რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის მოწმენი გავხდით მეტეხის ხიდის მიმდებარედ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძირში გადაჭრეს ათეულობით სურო, რომელიც პანდუსის კედელს ალამაზებდა. ქალაქში, დაახლოებით, 600 ათასი ავტომანქანა მოძრაობს, რომელთა დიდი ნაწილი არის ძველი, 15 წლის ზემოთ. ასევე, დიდ ნაწილს კატალიზატორი საერთოდ არ აქვს და გამონაბოლქვის თვალსაზრისით, უდიდესი პრობლემა გვაქვს. შესაბამისად, თითოეულ ხეს, პარკს, რეკრეაციულ სივრცეს, გამწვანებულ არეალს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამის ფონზე, ვანდალიზმის ფაქტებს რომ ვაწყდებით, ძალიან გულდასაწყვეტია. ყველას მოგიწოდებთ, რომ ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქზე, გავუფრთხილდეთ მას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати