USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
თბილისის მერია ნაგავსაყრელის ლილოდან გადატანას გეგმავს
Date:  285

თბილისის მერია მყარი ნარჩენების პოლიგონის დიდი ლილოდან გადატანას გეგმავს - ამის შესახებ კახა კალაძემ მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს კონკრეტული არეალების შესწავლა სადაც მყარი ნარჩენების ახალი პოლიგონი უნდა მოეწყოს. პროექტი EBRD-ის დაფინანსებით სრულდება. ჯერჯერობით უცნობია თუ სად შეიძლება გადაინაცვლოს ნაგავსაყრელმა.

თუმცა, იქამდე სანამ ახალი პოლიგონი მოეწყობა, მერია არსებული ნაგავსაყრელის რეაბილიტაციას გეგმავს. კახა კალაძის თქმით, დღეს ხელი მოეწერება 6.5 მილიონი ევროს შესყიდვას, რაც ნაგავსაყრელის ჩამდინარე წყლების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

"აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. რა თქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებშიც ის დღეს არის, წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა.

აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ევროს შეადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.

„კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება. აღნიშნული კომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ მაქვს მხედველობაში, ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდი ლილოს მყარი ნარჩენების პოლიგონი ექსპლოატაციაში 2010 წელს შევიდა. იქამდე, თბილისის მყარი ნარჩენების მთავარი პოლიგონი გლდანში მდებარეობდა.

თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით, დიდი ლილოს პოლიგონი ყოველდღიურად საშუალოდ 1000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იღებს, ამასთან ზაფხულის განმავლობაში ნარჩენების რაოდენობა დღეში საშუალოდ 1200 ტონამდე იზრდება, ზამთარში კი პოლიგონს დღიურად 800 ტონა ნარჩენების მიღება უწევს. თბილსერვის ჯგუფის დაკვეთით ჩატარებული სკოპინგის ანგარიშის თანახმად, არსებულ პოლიგონს აქვს მნიშვნელოვანი ტექნიკური ნაკლოვანება, რადგანაც ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი სითხის გამწმენდი სისტემა ექსპლოატაციიდან არის გამოსული და აუცილებელია მისი ჩანაცვლება.

ლილოს ნაგავსაყრელი პოლიგონის სქემა:

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way