USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
თბილისის ახალი სატრანსპორტო სტრატეგია - თავისუფლების მოედანზე წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ორმხრივი ქუჩებით და ველობილიკებით, მოედნის ცენტრალურ ნაწილში კი სკვერი მოეწყობა
Date:  1397

თბილისს ტრანსპორტის გენერალური გეგმა უკვე აქვს. 80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

მათ შორის, დოკუმენტში საუბარია, რომ თბილისის 2 ცენტრალური ქუჩა - თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი ადამიანზე მორგებულ ადგილად უნდა გადაიქცეს.

„თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრში ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობაა. იგი ძველი ქალაქის კიდეზე მდებარეობს და როგორც მაცხოვრებლები, ისე ტურისტები ხშირად გადაკვეთენ მას. მიუხედავად ღირსშესანიშნავი მდებარეობისა, თავისუფლების მოედანი ხელს უწყობს ავტომობილების თავისუფალ მოძრაობას. ფეხით, ველოსიპედით სიარული ან უბრალოდ გარეთ ჯდომა, და მოედნით ტკბობა უმეტესად ნაკლებ უსაფრთხო და სასიამოვნო საქმიანობად მიიჩნევა. სხვა ქალაქები თავიანთ მთავარ მოედნებს ადამიანებს უბრუნებენ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ტაიმზ-სკვერი და ლონდონში ტრაფალგარის მოედანი ნახევრად საფეხმავლო გახდა.

რუსთაველის გამზირი, ალბათ, თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩაა. ის ჩრდილოეთით რესპუბლიკის მოედანსა და სამხრეთით თავისუფლების მოედანს შორის გადის. გარდა იმისა, რომ რუსთაველის გამზირი საგრძნობი მოცულობის ავტოტრანსპორტს ატარებს ყოველდღიურად, ქვეითთა ნაკადით თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ქუჩებს შორისაა. მიუხედავად ამისა, რუსთაველის გამზირის უმეტესი ნაწილი ავტომობილებს ეთმობა, ხოლო ქვეითები ტროტუარზე დადიან გასწვრივ. რუსთაველის გასწვრივ შუქნიშნების გარეშე ავტომობილები დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ქვეითები იძულებულნი არიან გამზირი არასასიამოვნო და ხშირად მიუწვდომელი მიწისქვეშა გადასასვლელებით გადაკვეთონ. გამზირზე არ არსებობს ველობილიკები.

ეს პროექტი თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის ადამიანზე მორგებულ ადგილად გადაქცევას ისახავს მიზნად. თავისუფლების მოედანზე არსებული წრიული მოძრაობის სქემა შეიცვლება ჩვეულებრივი ორმხრივი ქუჩებით ველობილიკებით კიდეებზე და ნაკადების საკონტროლო შუქნიშნებით, და ბევრად უსაფრთხო ქვეითთა გადასასვლელებით. მოედნის ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაეთმობა ადამიანებს. ეს მოიცავს მეტ მოსასვენებელ ადგილს, მწვანე სივრცეს და უკეთეს ქუჩის განათებას.

რუსთაველის გამზირზე არსებული ჩქაროსნული არტერია თანამედროვე საერთაშორისო ქალაქზე მორგებულ გამზირად გადაიქცევა. უმეტეს გზაჯვარედინზე უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნები და ქუჩის დონის გადასასვლელები. დიზაინი ასევე მოიცავს ველოსიპედისა და ავტობუსის ზოლებს.

ორივე დიზაინი ამჟამინდელი სქემით შესაბამისობაშია თბილისის სატრანსპორტო გეგმის ხედვასა და მიზნებთან, ისევე როგორც ქუჩის დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპებთან,“- აღნიშნულია გეგმაში.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way