USD 2.7195
EUR 3.2090
RUB 3.4546
Тбилиси
თამაზ კერესელიძე - კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია
дата:  39458

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

საბედნიეროდ საქართველოში ამ მიმართულებით მსოფლიო დონის სპეციალისტები გვყავს. სწორედ მათი 24 საათიანი დაუღალავი შრომის და მათი უმაღლესი კვალიფიკაციის შედეგია, რომ საქართველოში ხერხდება კორონოვარუსის გავრცელების კონტროლი და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში.

ყოველივე ეს კი იმ ქართული სამედიცინო სკოლის დამსახურებაა, რომელსაც დღეს წარმოადგენენ ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია და მრავალი სხვა უმაღლესი დონის ქართველი ექიმი.

და თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურატობის კანდიდატად

ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება... ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ...

თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. - იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)

 1943 წელს თამაზ კერესელიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. გადაწყვეტილი ჰქონია, სწავლა გემთმშენებლობის ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მაგრამ დიდი სამამულო ომის გამო ეს ინსტიტუტები, რომლებიც მაშინ მხოლოდ ლენინგრადსა და ოდესაში იყო, შორეულ ციმბირში გადაიტანეს და ცხადია, მშობლებმა დედისერთა იქ სწავლის გასაგრძელებლად არ გაუშვეს. თამაზმაც მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. მიზნად იმთავითვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესწავლა დაუსახავს...

იმავე წელს ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში და იმავე ჯგუფში მოხვდა ნინო თოდუა. ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ შეუღლდნენ. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თამაზ კერესელიძის წარმატება მშობლებთან ერთად ქალბატონი თინას (ასე ეძახდნენ ახლობლები) დიდი დამსახურებაც იყო, რომელიც საქმიანობისთვის ყოველგვარ პირობას უქმნიდა ქმარს, დაუღალავად ედგა მხარში და ცდილობდა, თავიდან აეცილებინა მისთვის ყოველდღიური საზრუნავი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ორივე მუდამ ოჯახს აყენებდა, პროფესიული საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტიათ.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თამაზ კერესელიძემ მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს და 1952 წელს ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც იყო. ამავე კათედრაზე განვლო შემოქმედებითად მდიდარი გზა კათედრის ასისტენტობიდან გამგეობამდე.

1958 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ანტისხეულთა პროდუქციისა და რეპროდუქციის საკითხებისთვის”. 1960 წელს ის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.

1964 წელს თამაზ კერესელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიწვიეს კონსულტანტად. ერთხანს ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, 1966-დან 1970 წლამდე კი შვეიცარიაში, ჟენევაში, ორგანიზაციის მთავარ ოფისში, ბაქტერიულ სნეულებათა განყოფილების უფროს სპეციალისტად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველმა მიკრობიოლოგმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და ავღანეთში ისეთ საშიშ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამას, როგორებიც იყო შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი...

ქალბატონი თინა იგონებს:

"– ხშირად უწევდა მივლინებით სახიფათო ადგილებში სიარული. მგზავრობის დროსაც არაერთხელ გადაურჩა ხიფათს. მახსოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ღონისძიება პაკისტანსა და ბანგლადეშში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ მიზნით გაგზავნილ ექიმთა ჯგუფში აკადემიკოს ვალენტინ პოკროვსკისთან ერთად თამაზიც იყო. თვითმფრინავი, რომლითაც ეს ჯგუფი მიფრინავდა, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ გარემოში მოექცა და მხოლოდ მფრინავების დიდი ძალისხმევის წყალობით გადაურჩა კატასტროფას. კურიოზიც ბევრი გადახდენია. ერთ-ერთი მივლინების შემდეგ ინდოეთიდან მოსკოვში გამოიძახეს. მოსკოვში ძალიან ციოდა, მას კი მხოლოდ ინდოეთის კლიმატისთვის შესაფერისი სამოსი ჰქონდა თან. მეორე დღესვე გავფრინდი მოსკოვში და თბილი ტანსაცმელი წავუღე. მისი ოთახის კარი ვიღაც წვეროსანმა კაცმა გამიღო. მეგონა, ნომერი შემეშალა. თამაზი აღმოჩნდა. იმოდენა წვერი მოეშვა, ვერ ვიცანი. ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ."

1970 წელს თამაზ კერესელიძე საქართველოში, სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე დაბრუნდა და აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ჯანმოში მუშაობისას შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას მიჰყო ხელი. ეს ცოდნა-გამოცდილება მის მონოგრაფიებსა და სადოქტორო დისერტაციაში აისახა. მონოგრაფია “ქოლერასთან ბრძოლის საერთაშორისო ასპექტები” 1971 წელს გამოიცა მოსკოვში. 1972 წელს ბატონმა თამაზმა მოსკოვშივე, საკავშირო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოს გამალეას სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დისერტაციის თემა იყო “ელ-ტორის ქოლერის მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია”.

1974 წელს თამაზ კერესელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს, ხოლო 1976 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

ქალბატონი თინა იგონებს:

– 1984 წელს თამაზი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგედ. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდას, მართავდა სამეცნიერო კონფერენციებს. მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, რომ აუდიტორია სტუდენტებს ვერ იტევდა. იმ დროის მწირი ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, თამაზი ახერხებდა მასალის თვალსაჩინოდ წარმოდგენას. ამაში ეხმარებოდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მუშაობის დროს კინო და ფოტოფირებზე გადაღებული მასალა. მისი ყოფილი სტუდენტების თაობებს დღემდე ახსოვთ ეს ლექციები და პატივისცემა, რომელსაც თამაზის მიმართ გრძნობდნენ.

თამაზ კერესელიძე წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, საქართველოს მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და პარაზიტოლოგთა საზოგადოების თავჯდომარე, მიკრობიოლოგთა საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ ხნის განმავლობაში მან დაწერა რამდენიმე მონოგრაფია, ეპიდემიოლოგიის სახელმძღვანელო (ო. კავილაძესთან ერთად) და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

პროფესორ თამაზ კერესელიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღნიშნულია მრავალი ჯილდოთი, მედლით “ჯანდაცვის წარჩინებული”, საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენით, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და სხვა. მისი ბიოგრაფია შეტანილია აშშ-ში გამოცემულ ცნობარში Who is who” (1986-1990 წ.წ.). მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

თამაზ კერესელიძე გამორჩეული პიროვნება იყო. რაფინირებული ინტელიგენტი, პროფესიონალი, ერუდიტი, კაცთმოყვარე, ხალასი იუმორის პატრონი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტად მოყვარული.

 ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო კოლეგებს, თანამშრომლებსა და მეგობრებს შორის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებშიც.

დღეს ალბათ ქართულმა საზოგადოებამ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადოს ბ-ნ თამაზ იმისთვის, რომ მისმა აღზრდილები უდიდეს როლს თამაშობენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ის რომ, დღეს ამ, მსოფლიოსთვის კრიტიკულ სიტუაციაში  ჩვენ მშვიდად ვართ და მინდობილი ვართ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმს, ეს უშუალოდ, მისი ბ-ნი თამაზ კერესელიძის დამსახურებაცაა.

 

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати