USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად, მეორე ვადით, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩია
дата:  

განათლების ტრანსფორმაციული ძალის მტკიცე რწმენით, ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის, მთავარი მიზანი იქნება უნივერსიტეტი კვლავაც ურყევად პოზიციონირებდეს, როგორც ტექნოლოგიური წინსვლის ფლაგმანი, რომელიც აყალიბებს, არა მხოლოდ, საგანმანათლებლო ლანდშაფტს, არამედ ძირეულ გავლენას ახდენს ინდუსტრიისა და საზოგადოების განვითარებაზე. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და რწმენა იმისა, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და თანამშრომლების  მხარდაჭერითა და ნდობით, ერთად შევძლებთ, განვითარების თვისობრივად მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გაცილებით ცნობადი და ხილვადი გავხადოთ ის საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში“  - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეულმა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ განაცხადა.

 აკადემიურმა საბჭომ, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორად მეორე, 4-წლიანი ვადით აირჩია. სტუ-ის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან 38-მა ხმა აკადემიკოს დავით გურგენიძის სასარგებლოდ მისცა. აკადემიური საბჭოს 1 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის გამო ვერ მიიღო.

როგორც სტუ-ის რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მეორე ვადაში მისი ერთ-ერთი ამოცანა ინოვაციებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და არსებული პროგრამების განახლება იქნება.

 „დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი აკადემიურ საბჭოს,  ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, კოლეგებს, თანამშრომლებს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. წინ არაერთი გამოწვევაა, რომელიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, ეფექტიანად უნდა დავძლიოთ. მეორე ვადაში, ჩემი, როგორც რექტორის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, მეტი ახალი, ინოვაციებზე დამყარებული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, ასევე, არსებული პროგრამების განახლების სტიმულირება, რათა უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობა ინდუსტრიის საჭიროებებთან, ტექნოლოგიურ ტენდენციებთან და გლობალურ მიღწევებთან. როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეტად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის 5 საბაკალავრო პროგრამა ემზადება  საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად. გასულ წელს ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ მოიპოვა - ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, იწყება მუშაობა ახალ პროგრამებზე ქიმიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის, კურიკულუმებში სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და შესაბამისი კვლევების ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფართო ჩართულობით. უნივერსიტეტის უკლებლივ ყველა ფაკულტეტზე გავაგრძელებთ სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიული ბაზით, რაც აუცილებელია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპის სრულად რეალიზებისთვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

რექტორის განცხადებით, მეორე ვადით არჩევის 4-წლიან პერიოდში ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა იქნება, ასევე, უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესისა და წინსვლის წარმმართველი ძალის პოზიციონირება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.

 „უნივერსიტეტი იზრუნებს, რათა ჩვენს მეცნიერთა მიერ შექმნილი მნიშვნელოვანი გამოგონებები წარვადგინოთ არა მარტო საქართველოს პატენტზე, არამედ ევროპასა და ამერიკაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ გავზარდოთ ეროვნულ და უცხოურ მრეწველობასთან და ბიზნესთან თანამშრომლობით მოპოვებული დაფინანსება. აუცილებლად მიმაჩნია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება ინდუსტრიასთან, „ბიზნესი - აკადემია“ - ეს თანამშრომლობის მოდელი ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე, ბიზნეს-სექტორისთვის. ჩვენთვის ეს იქნება ინდუსტრიის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრისკენ მიმართულ კვლევებში ჩართვის რესურსი, სტუდენტებისთვის კი - რეალურ სამუშო გარემოში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, რაც ასევე არსებითია, მნიშვნელოვნად გამარტივდება ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესი. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო სკოლა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს აქტიური თანამონაწილე და ინიციატორიც კი სამხედრო აღმშენებლობის სხვადასხვა საკითხებში. ამის გამოცდილება და პრაქტიკა მრავალად არის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. პრიორიტეტულად მიმაჩნია, შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო-სამხედრო საბჭო, სადაც ეს საკითხები მოიყრის თავს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

 როგორც მან აღნიშნა, რექტორობის მეორე ვადაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნივერსიტეტში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ესახება.

 „უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესორებთან და მკვლევრებთან ახალგაზრდა და ნიჭიერი თაობის კოლაბორაცია შექმნის უნიკალურ სინერგიას, რაც დასაბამს მისცემს ახალ სიტყვას მეცნიერებასა და  საინჟინრო ტექნოლოგიებში - ახალგაზრდების შეუზღუდავი იდეები, ახალი ხედვები და შეუპოვრობა, გამყარებული გამოცდილ მეცნიერთა ცოდნითა და კომპეტენციით, უნდა გამოვიყენოთ, როგორც ინოვაციების შექმნის მყარი ფუნდამენტი. ამასთან ერთად, აუცილებელია სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიცია უახლესი ტექნიკით, ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიებით, რათა შეიქმნას სწავლის, კვლევისა და ინოვაციებისთვის თანამედროვე, ხელსაყრელი გარემო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში იქმნება ახალგაზრდების თვითორგანიზებადი კლუბები, ინტერესთა სფეროების მიხედვით. ჩემი რექტორობის პირობებში, მოხდება სტუდენტური კლუბების საქმიანობის მაქსიმალურად წახალისება, მათი ინიციატივების წინ წამოწევა და ინტეგრაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. როგორც რექტორი, მხარდაჭერას ვპირდები თითოეულ სტუდენტს, სტუდენტთა გაერთიანებებს, რადგან უნივერსიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი სტუდენტთა ინტერესების დაცვა, მათი აკადემიური, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერაა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

 რექტორის განმარტებით, ინფრასტრუქტურის მრავალმხრივი განვითარება უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

 „უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იქნება მე-6 სასწავლო კამპუსის სრული რეაბილიტაცია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისკენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები თბილისის მერიასთან, რის შემდეგაც ამ უნიკალური ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყება. იგეგმება, ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მე-8 სასწავლო კამპუსის სარემონტო სამუშაოები, ხოლო, კომპანია “არემჯის“ თანამონაწილეობით - მე-3 სასწავლო კამპუსის ინფრასტრუქტურის განახლება. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების განვითარება. ამ ჭრილში საშურია, დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად რეაბილიტაცია და უახლესი ტექნიკით აღჭურვა. მიუხედავად მშენებლის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებისა, კოლეჯის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დასრულდება. უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მომავალ წლებში ეტაპობრივად დასრულდება  ინფრასტრუქტურის ადაპტირება სსსმ და შშმ პირების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის - მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, სველი წერტილები. პროექტირების სტადიაშია სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ საყოფაცხოვრებო საკითხები“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

 რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტში აღმავლობის გზაზეა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი და სპორტული ცხოვრება. აღდგა ვაჟთა ცნობილი კაპელა, რომელმაც გამორჩეული შემსრულებლების არაერთი თაობა აღუზარდა საქართველოს, განახლებულ ენერგიას იკრებს თეატრ-სტუდია „მოდინახე“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, ხალხური სიმღერის ანსამბლი „ფესვები“, საუკეთესო ფორმაშია ლეგენდარული საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი, იქმნება ახალი ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფები, სპორტული გუნდები.

 „ჩემი რექტორობის მეორე ვადაში ვგეგმავთ უნივერსიტეტის მე-2 კამპუსში განთავსებული თეატრის სრულ რეაბილიტაციას. ამით უნივერსიტეტი შეიძენს სრულიად თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ჩვენი თეატრალური დასი - „მოდინახე“ და მსახიობი სტუდენტები სრულად წარმოაჩენენ შემოქმედებით შესაძლებლობებს და მრავალ სიახლეს შემოგვთავაზებენ. აშკარა აღმავლობის გზაზეა საუნივერსიტეტო სპორტი. მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტში აღდგება საუნივერსიტეტო ფაკულტეტშორისი ოლიმპიადების ჩატარების ტრადიციაც. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საცურაო აუზი დაუბრუნდა. ამით, უნივერსიტეტში გაჩნდა კიდევ ერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კერა სტუდენტებისთვის - იგეგმება წყალბურთის საუნივერსიტეტო გუნდის დაფუძნებაც. მალე დავიწყებთ სპორტული მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სივრცეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. მომდევნო წლებში დაგეგმილია პირველი კამპუსის ეზოში სტადიონისა და სასროლი დარბაზის მოწყობა, გარემონტდება სპორტული დარბაზები მე-2 და მე-9 კამპუსებში. მოეწყობა ახალი სტუდენტური სივრცეები, სადაც სტუდენტები შეძლებენ თავისუფალი დროის გატარებასა და ერთმანეთთან კომუნიკაციას. მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობაში ცენტრალური ბიბლიოთეკის დიდი დარბაზის ინტერიერის ძირეული განახლება. საპროექტო სამუშაოებს უნივერსიტეტის არქიტექტურული ბიურო ასრულებს“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

 რექტორის განცხადებით, მისთვის, ასევე, მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კამპუსის მიმდებარე ღია სივრცეში გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და ინოვატორის, გიორგი ნიკოლაძის ნეშტის გადმოსვენება და მის პატივსაცემად ქანდაკების დადგმა, რათა უნივერსიტეტმა ღირსეული პატივი მიაგოს პირველი ქართული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად, პირველი ვადით, დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს აირჩია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2024 წლის 18 იანვარს ჩაინიშნა, არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტთა რეგისტრაციის ვადები 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 11 იანვრის ჩათვლით დაწესდა, ხოლო აკადემიურ საბჭოში რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმების მოსმენის თარიღად მიმდინარე წლის 16 იანვარი განისაზღვრა.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати