განათლების ტრანსფორმაციული ძალის მტკიცე რწმენით, ჩემი, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის, მთავარი მიზანი იქნება უნივერსიტეტი კვლავაც ურყევად პოზიციონირებდეს, როგორც ტექნოლოგიური წინსვლის ფლაგმანი, რომელიც აყალიბებს, არა მხოლოდ, საგანმანათლებლო ლანდშაფტს, არამედ ძირეულ გავლენას ახდენს ინდუსტრიისა და საზოგადოების განვითარებაზე. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და რწმენა იმისა, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და თანამშრომლების მხარდაჭერითა და ნდობით, ერთად შევძლებთ, განვითარების თვისობრივად მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გაცილებით ცნობადი და ხილვადი გავხადოთ ის საერთაშორისო საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში“ - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეულმა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ განაცხადა.
აკადემიურმა საბჭომ, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორად მეორე, 4-წლიანი ვადით აირჩია. სტუ-ის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან 38-მა ხმა აკადემიკოს დავით გურგენიძის სასარგებლოდ მისცა. აკადემიური საბჭოს 1 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის გამო ვერ მიიღო.
როგორც სტუ-ის რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მეორე ვადაში მისი ერთ-ერთი ამოცანა ინოვაციებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და არსებული პროგრამების განახლება იქნება.
„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი აკადემიურ საბჭოს, ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, კოლეგებს, თანამშრომლებს მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. წინ არაერთი გამოწვევაა, რომელიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ, ეფექტიანად უნდა დავძლიოთ. მეორე ვადაში, ჩემი, როგორც რექტორის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება, მეტი ახალი, ინოვაციებზე დამყარებული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, ასევე, არსებული პროგრამების განახლების სტიმულირება, რათა უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო პროცესის შესაბამისობა ინდუსტრიის საჭიროებებთან, ტექნოლოგიურ ტენდენციებთან და გლობალურ მიღწევებთან. როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მეტად უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების, საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის 5 საბაკალავრო პროგრამა ემზადება საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მისაღებად. გასულ წელს ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ მოიპოვა - ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად, იწყება მუშაობა ახალ პროგრამებზე ქიმიისა და მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით. უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის, კურიკულუმებში სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და შესაბამისი კვლევების ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ფართო ჩართულობით. უნივერსიტეტის უკლებლივ ყველა ფაკულტეტზე გავაგრძელებთ სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიული ბაზით, რაც აუცილებელია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების პრინციპის სრულად რეალიზებისთვის“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
რექტორის განცხადებით, მეორე ვადით არჩევის 4-წლიან პერიოდში ერთ-ერთი პრიორიტეტი უახლესი კვლევითი ინიციატივებისა და ინოვაციების წახალისება და მხარდაჭერა იქნება, ასევე, უნივერსიტეტის, როგორც ტექნოლოგიური პროგრესისა და წინსვლის წარმმართველი ძალის პოზიციონირება, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
„უნივერსიტეტი იზრუნებს, რათა ჩვენს მეცნიერთა მიერ შექმნილი მნიშვნელოვანი გამოგონებები წარვადგინოთ არა მარტო საქართველოს პატენტზე, არამედ ევროპასა და ამერიკაში. ამავდროულად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ გავზარდოთ ეროვნულ და უცხოურ მრეწველობასთან და ბიზნესთან თანამშრომლობით მოპოვებული დაფინანსება. აუცილებლად მიმაჩნია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება ინდუსტრიასთან, „ბიზნესი - აკადემია“ - ეს თანამშრომლობის მოდელი ორმხრივად სასარგებლო იქნება, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე, ბიზნეს-სექტორისთვის. ჩვენთვის ეს იქნება ინდუსტრიის აქტუალურ პრობლემათა გადაჭრისკენ მიმართულ კვლევებში ჩართვის რესურსი, სტუდენტებისთვის კი - რეალურ სამუშო გარემოში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, რაც ასევე არსებითია, მნიშვნელოვნად გამარტივდება ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესი. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო სკოლა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყოს აქტიური თანამონაწილე და ინიციატორიც კი სამხედრო აღმშენებლობის სხვადასხვა საკითხებში. ამის გამოცდილება და პრაქტიკა მრავალად არის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. პრიორიტეტულად მიმაჩნია, შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაერთიანებული სამეცნიერო-სამხედრო საბჭო, სადაც ეს საკითხები მოიყრის თავს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
როგორც მან აღნიშნა, რექტორობის მეორე ვადაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნივერსიტეტში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ესახება.
„უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესორებთან და მკვლევრებთან ახალგაზრდა და ნიჭიერი თაობის კოლაბორაცია შექმნის უნიკალურ სინერგიას, რაც დასაბამს მისცემს ახალ სიტყვას მეცნიერებასა და საინჟინრო ტექნოლოგიებში - ახალგაზრდების შეუზღუდავი იდეები, ახალი ხედვები და შეუპოვრობა, გამყარებული გამოცდილ მეცნიერთა ცოდნითა და კომპეტენციით, უნდა გამოვიყენოთ, როგორც ინოვაციების შექმნის მყარი ფუნდამენტი. ამასთან ერთად, აუცილებელია სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიცია უახლესი ტექნიკით, ლაბორატორიებითა და ტექნოლოგიებით, რათა შეიქმნას სწავლის, კვლევისა და ინოვაციებისთვის თანამედროვე, ხელსაყრელი გარემო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში იქმნება ახალგაზრდების თვითორგანიზებადი კლუბები, ინტერესთა სფეროების მიხედვით. ჩემი რექტორობის პირობებში, მოხდება სტუდენტური კლუბების საქმიანობის მაქსიმალურად წახალისება, მათი ინიციატივების წინ წამოწევა და ინტეგრაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. როგორც რექტორი, მხარდაჭერას ვპირდები თითოეულ სტუდენტს, სტუდენტთა გაერთიანებებს, რადგან უნივერსიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი სტუდენტთა ინტერესების დაცვა, მათი აკადემიური, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერაა“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.
რექტორის განმარტებით, ინფრასტრუქტურის მრავალმხრივი განვითარება უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ცნობადობის ამაღლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
„უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი იქნება მე-6 სასწავლო კამპუსის სრული რეაბილიტაცია, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. ასევე, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მშენებლობისკენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები თბილისის მერიასთან, რის შემდეგაც ამ უნიკალური ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყება. იგეგმება, ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მე-8 სასწავლო კამპუსის სარემონტო სამუშაოები, ხოლო, კომპანია “არემჯის“ თანამონაწილეობით - მე-3 სასწავლო კამპუსის ინფრასტრუქტურის განახლება. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების განვითარება. ამ ჭრილში საშურია, დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისად რეაბილიტაცია და უახლესი ტექნიკით აღჭურვა. მიუხედავად მშენებლის მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებისა, კოლეჯის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დასრულდება. უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მომავალ წლებში ეტაპობრივად დასრულდება ინფრასტრუქტურის ადაპტირება სსსმ და შშმ პირების საუნივერსიტეტო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის - მოეწყობა ლიფტები, პანდუსები, სველი წერტილები. პროექტირების სტადიაშია სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც მოითხოვს რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენს სტუდენტებს მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ საყოფაცხოვრებო საკითხები“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
რექტორის განცხადებით, უნივერსიტეტში აღმავლობის გზაზეა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი და სპორტული ცხოვრება. აღდგა ვაჟთა ცნობილი კაპელა, რომელმაც გამორჩეული შემსრულებლების არაერთი თაობა აღუზარდა საქართველოს, განახლებულ ენერგიას იკრებს თეატრ-სტუდია „მოდინახე“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, ხალხური სიმღერის ანსამბლი „ფესვები“, საუკეთესო ფორმაშია ლეგენდარული საუნივერსიტეტო ჯაზ-ორკესტრი, იქმნება ახალი ახალგაზრდული მუსიკალური ჯგუფები, სპორტული გუნდები.
„ჩემი რექტორობის მეორე ვადაში ვგეგმავთ უნივერსიტეტის მე-2 კამპუსში განთავსებული თეატრის სრულ რეაბილიტაციას. ამით უნივერსიტეტი შეიძენს სრულიად თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ჩვენი თეატრალური დასი - „მოდინახე“ და მსახიობი სტუდენტები სრულად წარმოაჩენენ შემოქმედებით შესაძლებლობებს და მრავალ სიახლეს შემოგვთავაზებენ. აშკარა აღმავლობის გზაზეა საუნივერსიტეტო სპორტი. მიმდინარე წლიდან უნივერსიტეტში აღდგება საუნივერსიტეტო ფაკულტეტშორისი ოლიმპიადების ჩატარების ტრადიციაც. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საცურაო აუზი დაუბრუნდა. ამით, უნივერსიტეტში გაჩნდა კიდევ ერთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კერა სტუდენტებისთვის - იგეგმება წყალბურთის საუნივერსიტეტო გუნდის დაფუძნებაც. მალე დავიწყებთ სპორტული მოედნებისა და დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სივრცეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. მომდევნო წლებში დაგეგმილია პირველი კამპუსის ეზოში სტადიონისა და სასროლი დარბაზის მოწყობა, გარემონტდება სპორტული დარბაზები მე-2 და მე-9 კამპუსებში. მოეწყობა ახალი სტუდენტური სივრცეები, სადაც სტუდენტები შეძლებენ თავისუფალი დროის გატარებასა და ერთმანეთთან კომუნიკაციას. მნიშვნელოვანია, რომ იგეგმება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობაში ცენტრალური ბიბლიოთეკის დიდი დარბაზის ინტერიერის ძირეული განახლება. საპროექტო სამუშაოებს უნივერსიტეტის არქიტექტურული ბიურო ასრულებს“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.
რექტორის განცხადებით, მისთვის, ასევე, მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კამპუსის მიმდებარე ღია სივრცეში გამორჩეული ქართველი მეცნიერისა და ინოვატორის, გიორგი ნიკოლაძის ნეშტის გადმოსვენება და მის პატივსაცემად ქანდაკების დადგმა, რათა უნივერსიტეტმა ღირსეული პატივი მიაგოს პირველი ქართული საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად, პირველი ვადით, დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ 2020 წელს აირჩია. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 2024 წლის 18 იანვარს ჩაინიშნა, არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტთა რეგისტრაციის ვადები 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 11 იანვრის ჩათვლით დაწესდა, ხოლო აკადემიურ საბჭოში რექტორობის კანდიდატთა სამოქმედო გეგმების მოსმენის თარიღად მიმდინარე წლის 16 იანვარი განისაზღვრა.