USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
თარიღი:  1442

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:

პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.

ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.

როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.

ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, - ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება.

წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3)

ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - აღნიშნულია წერილში

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის