USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Tbilisi
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს
Date:  276

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილში ილია მეორე ბართლომე I -ს სთხოვს, უკრაინის ეკლესიაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას ხელი შეუწყოს.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო:

პირველ რიგში, გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი დიდი გულისტკივილი რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე. ზემოთქმულთან ერთად, ვწუხვართ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც.

ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.

როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.

ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, - ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება.

წერილი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა დავასრულო: ,,ისწრაფდით დამარხვად ერთობისა მის სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისაითა”. (ეფ.4.3)

ღმერთმა მშვიდობა მიჰფინოს უკრაინას და მთელ მსოფლიოს.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - აღნიშნულია წერილში

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way