USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
სოლომონ ქურდიანი, მეტეყევე, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს ტყეების გაშენება და შენარჩუნება
თარიღი:  

სოლომონ ქურდიანი 1867 წელს საგარეჯოში, მღვდლის ოჯახში, დაიბადა. ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი პოლონეთში ნოვოალექსანდრიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იქვე, მეტყევეობის ფაკულტეტზე, დაიწყო მუშაობა. იგი 20 წლის განმავლობაში დენდროლოგიის კურსს უკითხავდა სტუდენტებს და თან აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. ის იყო პირველი, ვინც მერქნიანი ჯიშების საერთაშორისო ჰიბრიდაციაზე მუშაობდა, შეაჯვარა ევროპული და იაპონური ლარიქსი.

მიუხედავად საზღვარგარეთ მოღვაწეობისა, სოლომონ ქურდიანს საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, ხშირად ჩამოჰყავდა სტუდენტები პარქტიკის გასავლელად. ასევე სწავლობდა საქართველოს ტყეებს, გამოაქვეყნა სქელტანიანი მონოგრაფია – „ცივგომბორის ქედისა და იორ-ალაზნის მდინარეთა ჭალის ტყეები“.

1918 წელს პროფესორი სოლომონ ქურდიანი ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში და ბოტანიკის კათედრის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

მისივე მონაწილეობით 1931 წელს შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. თვითონ კი სატყეო-სამეურნეო კათედრის დეკანად დაინიშნა.

თბილისში მან დენდროლოგიური პარკი გააშენა, რომელიც,სამწუხაროდ, გაიკაფა და დღემდე ვერ მოაღწია.

დენდროლოგიური პარკის გაშენების შესახებ სოლომონ ქურდიანი გაზეთ კომუნისტში წერდა, რომ საქართველოს ნიადაგი და ჰავა ხელს უწყობს ძვირფასმერქნიანი ხეების გაშენებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორს კი ისეთ ხემცენარეებს ენიჭებათ, რომლებიც საქართველოსნაირ მთაგორიან ქვეყანას იცავენ ნიადაგის ჩამორეცხვისგან, მეწყრების, გვალვებისა და წყალდიდობებისგან. იგი აქვე აღნიშნავს, რომ ეს სახეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხარობს, თუმცა მათი ერთად ნახვა ტფილისის დენდროლოგიურ პარკშია შესაძლებელი. დენდროლოგიური პარკი ბარნოვის ქუჩაზე 3.5 ჰექტარზე უნდა ყოფილიყო გაშენებეული – „ აქ ნახავთ როგორც ჩვენს ჩვეულებრივ ან იშვიათი ტყის ჯიშებს, ისე იმ უცხო ქვეყნის ტყის ჯიშებს, რომლებსაც ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ჩვენში. ასეთებია: ჩაი, ტუნგო, ლაქის ხე, პრობკის მუხა და სხვა, აქვე ნახავთ ქაღალდის ხეს, რკინის ხეს, თურქესტანის საქსაულს, მარადმწვანე მუხებს. რასაკვირველია, საპატიო ადგილი უჭირავთ იმ ჩვენ სჯიშებს, რომლითაც დაინტერესებული არიან როგორც კავშირში, ისე  უცხო ქვეყნებში, და რომელნიც მხოლოდ ჩვენშია გავრცელებული. ასეთია დიდი ბოყვი, მომაკვდავი მაგრამ ჩვენში გადარჩენილი ძელქვა, ელდარის ფიჭვი, მაღალმთის მუხა და სხვა.“

პარკი 250 უბნად ყოფილა დაყოფილი, თითოეული უბანი კი ამა თუ იმ ჯიშს ეთმობოდა. უბნებში ხეები და ბუჩქები ნათესაობის მიხედვით იყო განლაგებული – „ევოლუციის მიხედვით და იმ თანდათანობით, როგორც ეს ხეები დედამიწაზედ გაჩნდნენ. იმის მიხედვით, თუ რა სიდიდისა იზრდება ესა თუ ის ჯიში, შესაფერისი ზომის ნაკვეთი (უბანი) აქვს მას გამოყოფილი. ამიტომ პატარა ბუჩქებს იმდენად მცირე ადგილი აქვთ დათმობილი, რამდენად იგი მცირე ტანისა იზრდებიან. მეორე მხრივ დიდ ხეებს დიდი ფართობი აქვთ მიჩენილი“,– ამბობს სოლომონ ქურდიანი.

ის ასევე  წერს სინესტის მოყვარულ ჯიშებზე, როგორებიცაა: თხმელა (მურყვანი), ვერხვები, ჭაობის კიპაროზი და სხვა; აგრეთვე, აღნიშნავს ისეთ ხეებსაც, რომლებიც კარგად იტანენ თბილისის ჰავასა და ნიადაგის სიმშრალეს, როგორც აკაკი, თრიმლი, ზოგიერთი ჯიშის მუხა, ძეძვი, ღვერძლა და სხვა –„ამ ჯიშებს სხვადახვა მოვლა უნდა. სინესტის მოყვარული ჯიშები მოითხოვენ ხშირ და უხვ მორწყვას, დანარჩენს ხშირმა მორწყვამ შეიძლება აწყინოს კიდეც (ფესვები დაულპოს)“.

სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის დენდროლოგიური პარკის მხოლოდ 60-65 %  იყო შევსებული, მისი სრულად დამთავრება  ერთ წელიწადში იქნებოდა შესაძლებელი. ამის მიზეზად კი იშვიათი ჯიშების შეძენას ასახელებდა, რაც დიდი დროს მოითხოვდა –  „ რასაკვირველია, ეს არ დააბრკოლებს პარკის გახსნას, თუკი გზები იქნება მოკირწყლული. პარკს არ უვარგა ღობეები და ამის გამო იკარგება (ხულიგნობის მეოხებით) ზოგიერთი იშვიათი ჯიში. გარდა ამისა, ხშირად წყალი არაა საკმაო, რის გამოც ვერ იზრდება ზოგი ჯიში იმ სისწრაფით, როგორც უნდა იზრდებოდეს. ჯერჯერობით დენდროლოგიურ პარკთან არ არსებობს ზამთრის ბინა (სათბური) ზოგიერთი მცივანა ხის ჯიშებისთვის, როგორებიცაა: ფორთოხალი, ნარინჯი, სექვოია, ევკალიპტუსი და სხვა.“

სოლომონ ქურდიანი  გაზეთ კომუნისტის 1934 წლის 24 მარტის ნომერში აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „ტყის გაშენება ტფილისის გარშემო.“სტატიის დასაწყისში იგი გამოთქვამს გულისტკივილს, რომ თბილისი საბჭოთა კავშირში გამწვანების მხრივ საკმაოდ ჩამორჩენილია, პარკებისა და სკვერების ნაკლებობასაც განიცდის, მისი შემოგარენი კი მეტისმეტად ხრიოკია, ზაფხულობით გადამწვარი და უნუგეშო კლდეებით შემოსაზღვრული – „ საბჭოთა მთავარი ქალაქები: მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი და სხვ. ირგვლივ ტყეების სარტყლით არიან შემორტყმულნი. თვით ბაქო, რომელიც უდაბნოს ზონაშია გაშენებული, გამწვანების მხრივ ტფილისზე შორს არის წასული“. აქვე აღნიშნავს, რომ ეს ქალაქები კიდევ უფრო ზრუნავენ მწვანე სივრცეების გაზრდაზე და ამ მაჩვენებლით არათუ ჩამოუვარდებიან ევროპის ქალაქებს, არამედ ზოგ შემთხვევაში უსწრებენ კიდეც.

„სამწუხაროდ, ტფილისის გარშემო ტყის გაშენების საქმე ჯერჯერობით დიდ ეფექტს არ იძლევა. მართალია, საქონლის ძოვის აკრძალვამ, ეკლიანი ღობით დიდი ფართობების შემორგვამ, ჰორიზონტალური რუებით კლდეების დასერვამ ძალიან შეუწყო ხელი გადარჩენილი ტყის ჯიშების დაცვასა და ნიადაგის შენარჩუნებას, მაგრამ ტყის ზრდა მიმდინარეობს ამ პირობებში მეტისმეტად ნელი ტემპით. გადარეცხილი ნიადაგი მოკლე ხანში ხელმეორედ, როგორც წინათ იყო, ვერ გაღრმავდება.“

სოლომ ქურიდანი ასევე აღნიშნავს, რომ წყლით ღარიბი და თხელი ნიადაგი ტყის ზრდას ძალიან აბრკოლებს, ამას ემატება თბილისის ჰავის სიმშრალე და სიცხეები–„თუ გვინდა ტფილისის გარშემო მოკლე ხანში გავზარდოთ ტყე, სადაც მშრომელი მოსახლეობა, ტფილისის სიცხეებითა და მტვრით შეწუხებული, ზაფხულობით იპოვის ჩრდილს, საღ ჰავასა და დასვენებას, საჭიროა გატყევებულ ადგილას წყალი მივაწოდოთ; ზაფხულობით მტკვარი დიდდება და ზაჰესი ზედმეტ ენერგიას იძლევა, შესაძლებელია ამ ენერგიის გამოყენება მიდამოების მოსარწყავად“.

სოლომონ ქურდიანი არის მეტყევეობის ენციკლოპედიის ავტორი და აღიარებულია მერქნიან მცენარეთა გენეტიკისა და სელექციის ერთ-ერთ ფუძემდებლად. მისი ხელმძღვანელობით სრულფასოვნად აღიწერა საქართველოს ტყეები: ტვერის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ბიჭვინთის, ნაღვარევის, ელდარის, ბაწარასა და მარიამჯვრის ნაკრძალები. იგი იბრძოდა ტყის უკანონო და უსისტემო ჭრის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა 1931 წელს, როდესაც, საკავშირო დადგენილებით, საქართველოსა და რუსეთის ტყეები ერთ საექსპლოატაციო ზონად გამოცხადდა. ის მეცნიერულად ასაბუთებდა, რომ მთიან რაიონებში ტაიგის მსგავსად ტყის გაჭრა არ შეიძლებოდა, რადგან მეწყრებს, ღვარცოფებსა და ეროზიას გამოიწვევდა.

ტყეების გადარჩენისთვის საჯარო კრიტიკული გამოსვლები მეცნიერს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. საბჭოთა რეჟიმმა მას წინააღმდეგობა არ აპატია,  მავნებლად შერაცხა და დააპატიმრა. 1937 წლის 10 ნომებრს კი ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით – 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-10 (პროპაგანდა და აგიტაცია, საბჭოთა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). ბრალდებაში ეწერა, რომ სოლომონ ქურდიანი იყო კონტრრევოლუციონერი, მავნებელი ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას ტყის ექსპლოატაციის, ტყეთმოწყობისა და სატყეო რესურსების დამალვის სფეროში. ამავე ჭრილში იგი აძლევდა მავნებლურ მითითებებს 1927 წელს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაბირებულ ს.ი. ბაქრაძეს, თავად სოლომონ ქურდიანი ბრალდებებს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. მას მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. ბრალდებიდან 2 დღის შემდეგ, 1937 წლის 12 ნოემბერს, სოლომონ ქურდიანი დახვრიტეს, მისი ნაშრომები კი გაანადგურეს, დღემდე უცნობია მისი დასაფლავების ადგილი.

1956 წელს უსამართლოდ დასჯილი მეცნიერის საქმე გადაიხედა, განაჩენი გაუქმდა და სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანის სახელის სრული რეაბილიტაცია მოხდა.

 
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის