USD 2.7276
EUR 3.1373
RUB 3.4814
Тбилиси
სოლომონ ნერგაძე - იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი
дата:  766
იტალიის მიწას ფეხი პირველად 1996 წელს დავადგი. ევროპაში ჩემი სამეცნიერო კარიერა ICGEB-ის (International Center of Genetic Engeneering and Bioteqnology) სტიპენდიით დაიწყო მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიაში, პროფესორ ელენა ჯულოტტოსთან. საბჭოთა კავშირში გაზრდილებმა, საერთაშორისო სტიპენდიების და ფონდების შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით. პროფესორმა დამაკვალიანა და მისი რჩევით კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მოპოვებული სტიპენდიით მომდევნო წლები პავიას უნივერსიტეტში გავატარე. აქვე დავამთავრე დოქტურანტურა - გენეტიკის და ბიომოლეკულების მეცნიერებებში. საზღვარგარეთ დიდი ხნით სამუშაოდ დარჩენა ჩემს გეგმებში არ შედიოდა და 2000-იან წლებში საქართველოში დავბრუნდი. ქვეყანას მეცნიერებისთვის არ ეცალაო, როგორ ვთქვა, ქვეყანას საერთოდ ხალხისთვის არ ეცალა. ის ჩაბნელებული და ცივი 90-იანები უღიმღამოდ ჩათავდა. ჩემს ქვეყანაში ზედმეტი აღმოვჩნდი( არ ვამბობ დამადლების ელფერით) და კანადაში წავედი, ჰამილტონის მაკ-მასტერის უნივერსიტეტში. შემდეგ ისევ იტალიაში მიმიწვიეს და 2002 წლიდან დღემდე პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტში ვმუშაობ, მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორად.
 
ვცდილობთ, გავერკვეთ როგორ გრძელდება სიცოცხლე-როგორ გადაეცემა დედისეული უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია დაუზიანებლად შვილეულ უჯრედებს. ვსწავლობთ ქრომოსომათა მეტად მნიშვნელოვან და სიცოცხლისთვის შეუცვლელ სტრუქტურას - ცენტრომერებს. რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებთან ერთად, გავშიფრეთ ცხენის გენომი და მეტად მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. სამეცნიერო კვლევების მეორე მთვარი მიმართულებაა ტელომერების ბიოლოგია. ტელომერები ქრომოსომათა შეუცვლელი, უაღრესად მნიშვნელოვანი სტუქტურებია - ისინი „მტრებისგან“ იცავენ ქრომოსომებს. ადრე ეგონათ, რომ ტელომერები არ ტრანსკრიბირდებიან - ანუ, მისი დნმ არ ითარგმნება რნმ-ის ენაზე (ტრანსკრიპცია). ახლა კი დადგინდა, რომ ისინი მუშაობენ როგორც ჩვეულებრივი გენები - განიცდიან ტრანსკრიპციას, რასაც არეგულირებს ჩვენს მიერ 2007 წელს აღმოჩენილი პრომოტორები. ქრომოსომათა ცენტრების და ბოლოების გარდა, ინტენსიუტად ვმუშაობთ შიდა უბნებზეც - ანუ, გენებით მდიდარ მონაკვეთებზე. ჩვენი კვლევები უჯრედში მიმდინარე ფუნდამენტურ პროცესებს ეხება. მათ დანერგვაზე ან დაპატენტებაზე ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი. თუმცა, აღნიშვნის ღირსია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი - არ ვართ შორს გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებით ისეთი „ბიოლოგიური თოფის“ შექმნისგან, რომელიც ნორმალურ უჯრედს განასხვავებს კიბოს უჯრედისგან და „ესვრის“ მხოლოდ სიმსივნურ უჯრედს. ანუ, კაცობრიობას ხელთ ექნება კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ ომში. მომავალ რამდენიმე წელიწადში გამოიკვეთება ამ პრობლემის (შევაჩეროთ სიმსივნური უჯრედების უკონტროლო ზრდა) გადაჭრის გზები. ამის იმედს იძლევა ცენტრომერების და ტელომერების ბიოლოგიის თანამედროვე მიღწევები. სამეცნიერო პუბლიკაციების გარდა, გამოცემული მაქვს სამი წიგნი. ამჟამად გამოსაცემად მზადდება მოლეკულური ბიოლოგიის მოწინავე მეთოდები (ქართულად).
 
ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, საქართველოსთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია - ვაგრძელებ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს უნივერსიტეტთან. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სამეცნიერო სფეროში. უკვალოდ არ გამქრალა ფიზიკის ქართული სკოლა, მათემატიკის სკოლა, საინჟინრო-ტექნიკური სკოლა, ბიოლოგიური მიმართულება: ბაქტერიოფაგი ჩვენი სიამაყე იყო. და, ქართველი მეცნიერები?!... ისინი საქართველოში და საზღვარგარეთაც მეტად წარმატებულები არიან. ფიზიკოსთა მექის, ცერნის დასახელებაც საკმარისია... ამჟამად საუკუნის პროექტი ხორციელდება - საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ეს იქნება დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრი - მაღალი დონის სამეცნიერო მიმართულებებთან ერთად სიმსივნეების ადრონული თერაპიის ცენტრით.
 
მეცნიერება ყოველდღიურ, უწყვეტ განათლებას გულისხმობს. უნივერსიტეტი კი ცოდნის მიღების (მეცნიერება) და ცოდნის გაცემის (დიდაქტიკა) ერთობლიობაა. მნიშვნელოვანია კარგი საუნივერსიტეტო ცოდნა და მისი ყოველდღიური გაღრმავება. ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლისას წყვეტენ რა მიმართულებას გაჰყვნენ: წმინდა სამეცნიეროს თუ სამეცნიერო-საწარმოოს. ევროპა-ამერიკის უნივერსიტეტები, დოქტურანტურები ძალიან კარგი საშუალებაა ცოდნის გასაღრმავებლად და გამოცდილების მისაღებად. მშვენიერი გამოცდილებაა კარგ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა. ამ პროცესში იბადება იდეები, გამოიკვეთება პრობლემები, ისახება მათი გადაჭრის გზები... მოკლედ რომ ვთქვათ, გონებაში მწიფდება სამეცნიერო გზის „თქვენი“ მიმართულება. მომწიფებული ნააზრევი გადაგაქვთ ქაღალდზე (კომპიუტერში) და მზად გაქვთ თქვენი კვლევების სამეცნიერო გეგმა. მის ავკარგიანობას გიმოწმებენ ფინანსირების წყაროების კომისიები - მაღალი დონის პროექტი აუცილებლად მონახავს ფინანსირების წყაროს.
 
სამეცნიერო საქმიანობაში წარმატება მკვლევარის მიერ განხორციელებული კვლევებით, მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით და წონით იზომება. სამეცნიერო სარბიელზე არაა ისეთი მაღალი ხელფასები, როგორიც კერძო კომპანიებში. კერძო კომპანიები ღრუბელივით ისრუტავენ საუნივერსიტეტო ლაბორატორიებიდან ახალგაზრდა მეცნიერებს და იდეებს. სწორედ მათზე მოდის გამოგონებათა უმრავლესობა - სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, ახალი, უმაღლესი დონის აპარატურა... კერძო კომპანიების მუშაობის პრინციპია ძლიერი იდეა, წარმოებაში დანერგვა, პროდუქცია, მეტი მოგება, მეტი ხელფასი.
 
მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს: ეცადეთ მოიძიოთ საშუალებები თქვენს მიერ დაგეგმილი კვლევების შესასრულებლად.. არ მიატოვოთ საქმე! რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს, არასოდეს გადადოთ ხვალისთვის. ისწავლეთ დროის ფასი! - ოცნება!... მიზანდასახულობა, წინსვლის სურვილი და კიდევ ერთხელ, ოცნება ძლიერი მამოძრავებლებია. არ გაწყვიტოთ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან - თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მეცნიერების წინსვლა და საერთოდ, ქვეყნის წინსვლა. ძველი ცოდნის კერებიც ნელნელა იღვიძებენ, ახლებიც ჩნდებიან. ცოდნით და გამოცდილებით უნდა დაბრუნდეთ და მართოთ ის ლოკომოტივი, რომელიც აამოძრავებს და წინ წაიყვანს იმ მატარებელს, რომელსაც ჩვენი სამშობლო, საქართველო ჰქვია.
аналитика
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати