USD 2.7113
EUR 3.1565
RUB 3.4660
თბილისი
სიყვარულის ისტორია- დალი და გალა
თარიღი:  3566

ამ ლეგენდარული წყვილის ისტორია ათასჯერ მაინც დაიწერა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მისი ხელახლა მოსმენისა და წაკითხვის სურვილი არ ცხრება. ასეთი ისტორიები ხომ გვარწმუნებენ ნამდვილი სიყვარულის არსებობაში.

პირველად გალა და დალი ერთმანეთს 1929 წლის ზაფხულში შეხვდნენ, მაგრამ მხატვარი ამტკიცებდა, რომ თავისი მუზა გაცილებით ადრე ნახა, როდესაც პირველ კლასში სწავლობდა.

ერთმა მეგობარმა ავტოკალამი აჩუქა. შუშის ბურთულაში ფაფუკ ქურქიანი გოგონა იყო გამოსახული. მოგვიანებით დალი იხსენებს:

„თეთრ ბეწვში გახვეულ ჩემს რუს გოგონას სადღაც მიაქანებდა მარხილი. თითქმის სასწაულით გადაურჩა ველური ელვარე თვალებიანი მგლების ხროვას. მე მიყურებდა, მზერას არ მაშორებდა და ისეთი სიამაყე იყო მის სახეზე, რომ გული მღელვარებისგან მეკუმშებოდა... ეს იყო გალა. არასდროს შემპარვია ეჭვი - ის იყო“.

სალვადორ დალი 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კატალონიურ ქალაქ ფიგერასში დაიბადა. 1914 წელს დალიმ მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში დაიწყო სწავლა. თანაკლასელები უცნაურ ბავშვად მიიჩნევდნენ, ყველასთან უმიზეზოდ ჩხუბობდა. დალიმ თავისი ექსცენტრიული ქცევებით მთელ სკოლაში გაითქვა სახელი. მალე კი მადრიდში სან-ფერნანდოს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. დიდი ნიჭის მიუხედავად, დალიმ აკადემიაში მხოლოდ ოთხ წელიწადს ისწავლა. 1926 წელს სასწავლებლიდან პედაგოგების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამო გარიცხეს.

მალე ის პარიზში მიემგზავრა, სადაც პიკასო გაიცნო. ამ დროს გალას, რომელიც დალიზე ათი წლით იყო უფროსი, უკვე მოესწრო ქმართან, ქალიშვილთან და საყვარელთან გაყრა. გალა (ელენა დიაკონოვა) 1894 წელს ყაზანში დაიბადა. მან ყოველთვის იცოდა, რომ გაბრწყინდებოდა და პროვინციაში არ ჩაიკარგებოდა. ელენა თავის დღიურში წერდა:

„არასდროს ვიქნები უბრალოდ დიასახლისი. ბევრს წავიკითხავ, ძალიან ბევრს. ყველაფერს გავაკეთებ, რაც მომინდება, მაგრამ ქალურ მომხიბვლელობას აუცილებლად შევინარჩუნებ“.

მანამდე, 1912 წელს, მშობლებმა გოგონა შვეიცარიაში ტუბერკულოზის სამკურნალოდ გაგზავნეს. იქ გაიცნო პოეტი ეჟენ ემილ პოლ გრენდელი. მოგვიანებით მას პოლ ელუარი უწოდა, თავად კი სახელი შეიცვალა და გალა დაირქვა. მათი რომანი ქორწინებით დასრულდება, გალა პარიზში გადავიდა. სალვადორ დალის გაცნობის დროისთვის, ის აღარ იყო ავადმყოფი, მორცხვი გოგონა რუსეთიდან, გალა ნამდვილ პარიზელ ქალად გადაიქცა, რომელიც ყველაზე ამაყ და ქედმაღალ მამაკაცებსაც კი თავბრუს ახვევდა.

1929 წელს პოლ ელუარი ცოლთან ერთად სოფელ კადაკესში ახალგაზრდა ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის სახლში მიიწვიეს. აქედან დაიწყო გალასა და დალის მღელვარე რომანი, რომელიც 1982 წლამდე გაგრძელდა.

სამი წლის შემდეგ გალა ქმარს გაშორდა, დალისთან გადავიდა და იმავე წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ჯვრისწერა მხოლოდ 1958 წელს, პოლ ელუარის გარდაცვალების შემდეგ გაიმართა. ყოფილი ქმრის პატივისცემის გამო, გალამ თავს უფლება არ მისცა, მის სიცოცხლეში სხვასთან დაეწერა ჯვარი.

სალვადორ დალისა და გალას წყვილი ყოველთვის იყო ფოტოკამერების სამიზნე. ისინი აქტიურ საჯარო ცხოვრებას ეწეოდნენ და გამუდმებით ხვდებოდნენ ჟურნალების ყდებზე.

1934 წელს ცოლ-ქმარი ამერიკაში გაემგზავრა. შეერთებულ შტატებში მათ ექსტრავაგანტურად დახვდნენ. აშშ “სიურეალისტურმა ციებ-ცხელებამ“ მოიცვა. დალის პატივსაცემად, იმართებოდა მეჯლისები, რომელსაც ნიუ-იორკის ბომონდი ესწრებოდა. ამერიკიდან დალი და გალა მდიდრები და ცნობილები დაბრუნდნენ. წყვილის ქონება იზრდებოდა, მაგრამ გალა სილამაზესა და ძალას კარგავდა. იგი კვლავინდებურად პოზირებდა თავისი მხატვრის წინაშე. ერთ-ერთ ნახატში ქრისტეფორე კოლუმბს უჭირავს დროშა გალას პორტრეტით, რომელზედაც წერია შემდეგი სიტყვები:

“მე მიყვარს გალა დედაზე, მამაზე, პიკასოზე და ფულზე მეტადაც კი“. ასეთი რამის პატიება ოჯახს დალისთვის არ შეეძლო, მაგრამ მხატვრისთვის სულ ერთი იყო: გალას აღმერთებდა და ეს ქალი თავისი შთაგონების წყაროდ, ცოლად და დედად მიაჩნდა. დრო გადიოდა. გალა ბერდებოდა, ახალგაზრდა საყვარლების ცვლაც კი აღარ ანიჭებდა სიმშვიდესა და სიხარულს. მისი ბოლო გატაცება მომღერალი ჯეფ ფენჰოლტი გახდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა როკ-ოპერაში „იესო ქრისტე - სუპერვარსკვლავი“.

გალამ მის ცხოვრებაში დიდი წვლილი შეიტანა. დაეხმარა კარიერის დაწყებაში და ლონგ-აილენდში მდიდრული სახლიც აჩუქა. დალი ცოლის ინტრიგებზე დუმდა. გალა კი ამბობდა:

„სალვადორისთვის ყველაფერი სულ ერთია, თოთოეულ ჩვენგანს თავისი ცხოვრება აქვს“.

ასე იყო თუ ისე, მათ შორის კამათისა და ჩხუბის მომსწრე არავინ ყოფილა, ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ 1982 წლამდე, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გალა გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონიას დალი არ დასწრებია. გალას სიკვდილის შემდეგ სალვადორ დალიმ კიდევ შვიდ წელიწადს იცოცხლა. ის 1989 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. დალი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.