USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
„შექმენი შენი საყვარელი სურსათის ახალი ბრენდი და მისი ეტიკეტი“ - თბილისის სკოლებში კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თარიღი:  1016

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ. კონკურსი „შექმენი შენი საყვარელი სურსათის ახალი ბრენდი და მისი ეტიკეტი“ სურსათის უვნებლობის საკითხებზე ჩატარებული სემინარების დასკვნითი ნაწილი იყო. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) ერთად შეიმუშავა თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასალები, რომელიც ინტეგრირდა  სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის პროგრამაში.

არაფორმალური განათლების ფარგლებში აღნიშნული სემინარები საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტმა (EHPMI)  თბილისში წინასწარ შერჩეულ  კერძო და საჯარო  სკოლებში ჩაატრა. მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის კერძო სკოლაში მოსწავლეები ჯერ სურსათის ეტიკეტირების წესს, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ, შემდეგ კი წარმოადგინეს საკონკურსო ნამუშევრები. სემინარების და კონკურის ჩატარების მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება იყო.

კონკურსის ფარგლებში - „შექმენი შენი საყვარელი სურსათის ახალი ბრენდი და მისი ეტიკეტი“ - მოსწავლეებმა სურსათის ახალი ბენდები შექმნეს, რომელიც კომპიუტერული გრაფიკის, Power Point-ის პრეზენტაციის, ვიდეოჩანაწერების, ნახატისა თუ მატერიალური მოდელის სახით წარმოადგინეს თავიანთ სკოლებში. თითოეული ნამუშევარი ნოვატორული ხედვებითა და ორიგინალური შეფუთვით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საკმაოდ ეკომეგობრულები არიან და თითოეული სურსათის შეფუთვა ბიოდეგრადირებადია. პატარა ბიზნესოპერატორებმა არ დაივიწყეს არც ადამიანის ჯანმრთელობა და გამოიყენეს ეკოლოგიურად სუფთა მასალა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ მოსწავლეებმა ნაკლებად სასარგებლო სურსათს, ისეთს, როგორიცა კლასიკური ჩიფსი თუ სწრაფი მომზადებსი სუპები, ახალი სიცოცხლე ჩაბერეს და აქციეს ისინი ჯანსაღ, მარალკალორიულ, სასარგებლო საკვებად, რომელიც, დაინტერესების შემთხვევაში, ნამდვილად დაიმკვიდრებს ადგილს კვების ინდუსტრიაში. „მჭადის ჩიფსები“, ბროკოლის ჩიფსი, ყურძნის წიპწის ფქვილის პური, ჭვავის პური, წიპწის ზეთი, ჯანსაღი წვენები, სასარგებლო გირჩის მურაბა, ხილის ტყალპები, ბუნებრივი, მინერალური წყლები, ნაყინი საფერავის წვენით, სეზონური შოკოლადები წარმოდგინეს. თითოეულ სკოლაში გამოვლინდება სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი. ფასიანი საჩუქრები პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცა, დანარჩენი მონაწილეები კი სურსათის ექსპერტის სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.

სკოლებში, სადაც აღნიშნული აქტივობები ჩატრადა, იმედოვნებენ, რომ ეს ძალიან საინტერესო და საჭირო პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია. თბილისის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის 173-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ლია თუშურმა აღნიშნა, რომ „აუცილებელია მზგავსი ტიპის საგანმანათლებლო აქტივობებს ჰქონდეს განგრძობითი ხასიათი. ის აუცილებელი ჩვევები, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს უნდა გააჩნდეს, სკოლიდანვე უნდა იყოს მიწოდებული მოსწავლეებისთვის, რაც ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა“.

„არაფორმალური განათლების დამკვიდრება სკოლებში მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მივესალმები ამ წამოწყებას, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. გულწყრფელად აღფრთოვანებული დავრჩი თითოეული ჩვენი მოსწავლის ნამუშევრით, რომლებმაც საიტერესო ხედვები წარმოადგინეს,” - აღნიშნა დავით სარაჯიშვილის სახელობის სკოლის დირექტორმა, მზია სულამანიძემ.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის საბუნებისმეტყველო დეპარტამენტის  და თბილისის ვახტანგ გზირიშვილის სახელობის მე-16 საჯარო სკოლის ქიმიის მენტორ-მასწავლებელი, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის აქადემიური დოქტორი ხათუნა ნოზაძე დადებითად აფასებს სურსათის უვნებლობასთან, უსაფრთხოებასთან და მომხმარებლის ინფორმირებასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამის ინტეგრირებას სკოლებში. ის ერთ-ერთია, რომელმაც თავად ჩაატარა ვორქშოფები, სემინარები აღნიშნულ სკოლებში. ქალბატონი ხათუნას ჩართულობით სამაგიდო თამაშებით გამდიდრებული სასემინარო კურსი მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელი და ღირებული ცოდნის მიმცემი აღმოჩნდა.

თბილისის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის, გალაკტიონ მინდიაშვილისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის - ელისო ფიცხელაურის შეფასებით, მოსწავლეებისთვის აქტიური ჩართულობა ვორქშოფებში თემის აქტუალობამ და საინტერესოდ შედგენილმა მასალებმა განაპირობა. აღნიშნული სკოლიდან მოსწავლეებმა დახვეწილი, სრულყოფილი და საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. „ნამდვილად ნოვაცია იქნება ბაზარზე ნაყინი საფერავის წვენით, ასევე, ჯანსაღი ჩიფსები თუ სასარგებლო მიწისთხილი საინტერესო დიზაინით. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ ამ პროექტში და გვაჩვენს სრულყოფილი ეტიკეტის ნიმუში. ჩვენთვის ორმაგად მისასალმებელია მათი აქტიურობა და თემით დაინტერესება. ამ საფეხურიდანვე უნდა იწყებოდეს მათი, როგორც მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნეს თბილისის მე-2 საჯარო სკოლაში.

„სურსათის უვნებლობა ქვეყანაში ერთ-ერთი საჭირბოროტო და პრობლემური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ბოლო წლებში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მუშაობით ვითარება მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა, დარგში არსებული გამოწვევების გარკვეული ნაწილი ისევ გამოწვევად  რჩება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე სემინარები მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ჩატარდა. რამდენიმე სკოლამ გამოთქვა სურვილი, მათ საგანმანათლებლო პროგრამაშიც ინტეგრირდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სკოლების მაღალი ინტერესის გამო, გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი (EHPMI) მომავალშიც გააგრძელებს სკოლებთან თანამშრომლობას“, - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროექტის "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის"  ექსპერტი ხათუნა ახალაია. იგი თვლის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტით ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ინფორმირებული საზოგადოების მისაღებად. „ვფიქრობ, რომ სწორად შერჩეული სტარტეგიაა, როდესაც ირჩევ სკოლის მოსწავლეს, რომელსაც აქვს დიდი მიმღებლობა ასეთი ტიპის სიახლეების მიმართ. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებმა სემინარების შეფასებისას აღნიშნეს, რომ ისინი მომავალში იქნებიან მეტად ყურადღებით სურსათის უვნებლობის საკითხებისადმი, აუცილებლად გაეცნობიან ეტიკეტს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძენენ მას. ეს არის ჩემთვის პროექტის წარმატების ინდიკატორი. სწორედ ეს გათვლა გვქონდა, როცა არაფორმალური განათლების ინტეგრირება დავიწყეთ სკოლებში“.

აღნიშნული აქტივობა ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“ - ფარგლებში. პროექტის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატრადა.  

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, 2024 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩაატარა საგრანტო კონკურსი რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების გამოსავლენად.  სულ დაფინანსდა შვიდი პროექტი ანუ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისში პროექტის გამარჯვებული საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი EHPMI-ია, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან, ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები ჩატრადა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის - 1501 - პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო ხასიათის მასალები მოსახლეობაში, სკოლებსა და სარეალიზაციო ობიექტებში  დარიგდა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეს კამპანია ევროკავშირისა და  შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.