USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
შენი აზრით, როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ?!
Date:  2919

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „თბილისი პოსტი“ იწყებს სტატიების და ინტერვიუების ციკლს - „მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ, რომელშიც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების, გარემოს დაცვის და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ  საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.

პროექტის ფარგლებში გთავაზობთ რამოდენიმე შეკითხვას და მოხარული ვიქნებით, თუ გამონახავთ დროს და გვიპასუხებთ ამ კითხვებზე.

კითხვები შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სურვილის მიხედვით და უპასუხოთ იმ კითხვას, რომელსაც ჩათვლით საჭიროდ. ამიტომ კითხვების თანმიმდევრობა შეიძლება ცოტა ალოგიკურად მოგეჩვენოთ, რაც ჩვენ საგანგებოდ გავაკეთეთ.

თუ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თქვენი შეხედულების მიხედვით დაამატოთ ის კითხვები, რომლებსაც თქვენ მნიშვნელოვნად ჩათვლით და მათზე მოგწეროთ პასუხები.  

თქვენი მოსაზრებები და პასუხები გამოქვეყნდება ცალკე სტატიის სახით ჩვენს პორტალზე.

  

თქვენი აზრი მნიშვნელოვანია სამყაროსათვის !!!

1. სანამ პოსტკორონასეულ პერიოდზე გადავიდოდეთ

ა) მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული დიდი პროგრესისა მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე მოუმზადებელია მსოფლიო სხვა  ნებისმიერი სახის ბუნებრივი თუ ხელოვნური კატაკლიზმის წინაშე. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე - რატომ არის მსოფლიო ასეთი არამობილური და არაეფექტური სხვადასხვა გამოწვევების წინაშე?

ბ) თქვენი დაკვირვებით, პანდემიის  პირობებში რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?

გ) თქვენ რა კორექტივებს შეიტანდით ამ ეტაპზე ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში?

2. როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დავდგებით? რა იქნება ეს ყბადაღებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა?

3. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორის, იორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?

4. ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური სწავლება, ბიზნესის დისტაციურად მართვა და სხვა მსგავსი დისტანციურ ონლაინ ქმედებები აღარ არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეს უკვე დღეს ხდება. რამდენად შორს წავა მსოფლიო ამ მიმართულებით?

5. რამდენად შეძლებს საქართველო  ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდეს, ექნება ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას? აქ იგულისხმება ხელოვნური ინტელექტის და ბლოკ-ჩეინის შესახებ კანონმდებლობის მიღება, ციფრული მმართველობა, არჩევნები, საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული სერვისები და სხვ. და რა ტიპის გამოწვევებთან იქნება ეს დაკავშირებული?

6. პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში?

7. უტრირებიულად რომ ვთქვათ კომუნისტების დროს ქვეყანაში იყო ე.წ. „ენზე“ მარაგები, რაც აბსოლუტურად ყველა სასაქონლო ნომეკლატურის მარაგებს ითვალისწინებდა, რაც ადამიანს ჭირდება ფუნქციონირებისათვის და ეს მარაგები ყოველ 10 (?) წელიწადში ახლდებოდა.

8. ბევრი მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება ისეთ დარგებზე, როგორიცაა ხორბლის წარმოება, ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების ბაზის გაფართოება, მეხორცეობა, მეთევზეობა, რომელიც საერთოდ მიგდებული გვაქვს ეხლა. თქვენ რას ფიქრობთ საით უნდა წავიდეთ და როგორ?

9. ადგილობრივი წარმოების განვითარების იდეა რამდენად არის გამართლებული? რამდენად იქნება ის მომგებიანი და შეძლებს თუ არა საქართველო აწარმოოს თავისი ბიზნესებისთვის პროტექციონური პოლიტიკა და დაიცვას თავის ეკონომიკური საზღვრები ახალ ვითარებაში?

10. ვირუსის შემდეგ შექმილ ახალ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი ზოგადად ამ „ახალ“ სამყაროში. გვაქვს თუ არა პოტენციალი და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ შევქმნათ გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მიმზიდველი გარემო და ჩვენი რესურსების და ადგილმდებარეობის გამოყენებით გავხდეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი მსოფლიოს რუკაზე?

 11. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად იქნება ფულის ნაკლებობა მსოფლიოში. ანუ ფული იქნება, მაგრამ დღესვე საჭიროა მის მისაღებად მოქმედება და შემდეგ მისი გონივრულად დახარჯვა. სად უნდა ვიშოვოთ ეს ფული და სად და რაში დავხარჯოთ შემდეგ?

 12. პანდემია ერთგვარი გამოცდაც არის კონსერვატიზმსა და ლიბერალიზმს შორის მიმდინარე მუდმივი პაექრობისა. განსაკუთრებით ეს რელიგიასთან მიმართებაში ჩანს კარგად. თქვენი აზრით მსოფლიო უფრო კონსერვატიული გახდება ვიდრე ლიბერალური თუ პირიქით? მსოფლიო უფრო რელიგიური გახდება თუ პირიქით? და გაძლიერდება თუ არა რელიგიური კონფესიების გავლენა დღევანდელთან შედარებით?

13. სულიერებას მოკლებული და მხოლოდ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება დღეს გადის პანდემიის მძიმე პერიოდს, ისევ ისეთი იქნება ის პანდემიის შემდეგ თუ განიცდის ტრანსფორმაციას? როგორია თქვენი მოსაზრებები ამ კუთხით?

14. სოციალური მდგომარეობა და უმუშევრობა. დაიკარგება უამრავი სამუშაო ადგილები, ბევრი ადამიანი გახდება უფრო მეტად დაუცველი სოციალურად ვიდრე აქამდე იყო. რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ დღეს და ხვალ, რომ ეს ასე არ იყოს?

15. რას ეტყვით ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნეს? თუ მას თქვენი აზრით, ეხლა და პანდემიის შემდეგაც დახმარება ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, რა თანმიმდევრობით და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას (დღეიდან დაწყებული), რომ ბიზესი არა მარტო გადარჩეს არამედ მის წინ ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდეს?

16. ისევ მსოფლიო - როგორი იქნება ევროკავშირის მომავალი? როგორი იქნება უახლოესი მომავლის ფულის ერთეული? რა ელოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს? გახდება თუ არა უფრო ეფექტური გაერო?

17. ადგილობრივი საკითხები: მუდმივი თემები: - მიწა და თვითმმართველობა. დაგვანახა თუ არა პანდემიამ რომ მიწა უფრო მეტად ღირებულია სახელმწიფოსთვის ვიდრე აქამდე ვთვლიდით? თქვენი პოზიცია პანდემის დროს დანახული და პანდემიის შემდეგ - უნდა აიკრძალოს თუ არა არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე? რა დაგავანახა პანდემიამ - გვაქვს თუ არა ქვეყანაში თვითმმართველობა? როგორი და რა დოზით თვითმმართველობა გვჭირდება პანდემიის მერე?

18. და ბოლოს სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?  

 წინასწარ მადლობას გიხდით პროექტში მონაწილეობისათვის.

თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდეთ ელფოსტის  infotbilisipost@gmail.com ან ფეისბუკზე ჩვენი გვერდის მესინჯერის მეშვეობით. https://www.facebook.com/tbilisipost.ge/

პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“

 

 

 

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way