შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ გახდა, როდესაც კრემლმა აქტიურად დაიწყო როგორც ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზში საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა.
შავ ზღვაში რუსეთის გააქტიურებამ გამოიწვია რეგიონისადმი ნატოს ინტერესის გაზრდაც. ბოლო წლებში ნატოს ექსპერტები აქტიურად განიხილავენ ე.წ. „შავი ზღვის განზომილებას“, ანუ რეგიონთან დაკავშირებით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობას.
ვითარების გამწვავება მნიშვნელოვანი გამოწვევაა თურქეთისათვის. მონტროს კონვენცია თურქეთს განსაკუთრებულ როლს ანიჭებს და ეს ქვეყანა ცდილობს, ერთი მხრივ, ეს როლი შეინარჩუნოს, ხოლო მეორე მხრივ კი, მას არ შეიძლება არ აშფოთებდეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში.
ამ ვითარებაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ? რა გამოწვევებს ან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის შავი ზღვის დაბრუნება მსოფლიოს სტრატეგიულ რუკაზე?
ჩვენ ვიწყებთ რონდელის ფონდის ოთხი ექსპერტის მოსაზრებების გამოქვეყნებას, ესენია: გენერალი გიორგი სურმავა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობებს მიმოიხილავს, ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის მიდგომებს გაგვაცნობს, დავით ბატაშვილი რუსულ პერსპექტივაზე მსჯელობს, ხოლო ალექსი პეტრიაშვილი - დასავლეთის მიდგომასა და საქართველოს როლზე.
კრებულის სრულად წასაკითხად ეწვიეთ ბმულს:
https://www.gfsis.org/ge/publications/view/2941
გიორგი სურმავა - უსაფრთხოების მიმოხილვა
ზოგადი ვითარება
ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, რუსეთ-თურქეთის დაახლოებამ და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ევროატლანტიკური სივრცის დამოკიდებულება შავი ზღვის და მისი მიმდებარე რეგიონის მიმართ. NATO ხედავს თავისი პოზიციების შესუსტებას და ცდილობს წინ აღუდგეს ამას. თუმცა ჯერჯერობით არსებით ნაბიჯებს მხოლოდ აშშ და, ბოლო დროს, დიდი ბრიტანეთი დგამს, შესაბამისად, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებით. ადრეც და ახლაც რეგიონის მიმართ NATO-ს და დასავლეთის მკაფიო პოლიტიკის ჩამოუყალიბებლობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა მოკავშირე ქვეყნების განსხვავებული ეროვნული ინტერესები და დამოკიდებულება რუსეთისადმი.
რეგიონის ქვეყნების განსხვავებული ინტერესები ართულებს ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. სახელმწიფოები სხვადასხვა საფრთხეებზე არიან კონცენტრირებული, რაც ძირითადი წინააღმდეგობაა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისათვის.ზოგჯერ NATO-ს პარტნიორი უკრაინა და საქართველო უფრო თანმიმდევრულნი არიან ამ საკითხში, ვიდრე წევრი ქვეყნები. ზოგადად, NATO-ს წამყვანი ევროპელი მოთამაშეები ნაკლებ ინტერესს ავლენენ ამ რეგიონის მიმართ. რაც გამოიხატება, თუნდაც, რუმინეთში, მრავალეროვნულ ბრიგადაში მონაწილეობისგან თავშეკავებით. აშშ-ის ძალების და საშუალებების ყოფნა რუმინეთში უფრო ამ ორი ქვეყნის აქტიურობის შედეგია.
ევროპაში არც იმ საკითხზე არიან ჩამოყალიბებული, არის შავი ზღვის რეგიონი ევროპის შემადგენელი ნაწილი თუ მეზობელი რეგიონი. შესაბამისად, სახელმწიფოების ნაწილი მხარს უჭერს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ისინი განთავისუფლდნენ რუსეთის გავლენისაგან, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამით ხდება რუსეთის პროვოცირება და აგრესიის გამოწვევა. ცალკე საკითხია რეგიონში NATO-ს ახალი წევრების მწირი სამხედრო შესაძლებლობები, რასაც ემატება აშშ-თურქეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეზღუდვა და თურქეთის მხრიდან რუსული С-400-ების შესყიდვა, რაც გარკვეულად განაპირობებს ამ ქვეყნების (სამხედრო-ტექნიკურ) თანამშრომლობას მომავალში. რუმინეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამონათქვამებში მუდმივად ფიგურირებს რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების საკითხი. მათი აზრით, დასავლეთის გულუბრყვილო მიდგომა ამ თემის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში, მცდარი გამოდგა.
რუმინეთი მხარს უჭერს აშშ-სთან ორმხრივ თანამშრომლობას და აშშ-ისა და NATO-ს მნიშვნელოვან სამხედრო პოზიციონირებას ქვეყანაში. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად განსაზღვრულია ასიმეტრიული და ჰიბრიდული საფრთხეების განეიტრალება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეუძლებელია მკვეთრი საზღვრის გავლება ამ და კლასიკურ 2 საფრთხეებს შორის და აუცილებელია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის და მთელი საზოგადოების გაერთიანებული მოქმედებები მათ ასაცილებლად.
ბულგარეთში განსხვავებული ვითარებაა. ამ ქვეყანას ძლიერი კულტურული და ისტორიული კავშირები აქვს რუსეთთან. გარდა ამისა, მათ ჰყავთ საკმაოდ ძლიერი მემარცხენე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასევე ისტორიულად არიან დაკავშირებული რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. უფრო მაღალია ასევე ბულგარეთის ენერგეტიკული და ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ბულგარეთი ცდილობს გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა რუსეთთან, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში. გარდა ამისა, ის სიფრთხილეს იჩენს შავი ზღვის მილიტარიზაციის საკითხში და ეწინააღმდეგება რუმინეთს NATO-ს საზღვაო სწავლებების გაფართოების საკითხში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტების ბოლო წლების რედაქციებში ნახსენებია უსაფრთხოების გარემოს გაუარესება და ძალთა ბალანსის დარღვევა რეგიონში, თუმცა რუსეთი არ არის ნახსენები.
რუსეთი რეგიონს განიხილავს, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. აქედან მას ეძლევა საშუალება, მოახდინოს ძალთა პროექცია ახლო აღმოსავლეთის და ხმელთაშუა ზღვის თეატრებზე (შეიძლება უფრო შორსაც). უშუალოდ შავი ზღვის აუზის სახელმწიფოების – უკრაინისა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას ის აფასებს, როგორც საფრთხეს და შავ ზღვაზე თავისი მოქმედებებით ცდილობს ხელი შეუშალოს ამას. შავ ზღვაზე რუსეთის დომინანტობა შემაკავებელია ასევე მოლდოვის, აზერბაიჯანის და სომხეთისათვისაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ უშუალო გასასვლელი ამ ზღვაზე არ გააჩნიათ. რუსეთ-საქართველოს ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ, რეგიონის სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერებს კითხვები გაუჩნდათ, რამდენად პრაგმატულია საყრდენის ძებნა რეგიონიდან შორს. ყარაბაღის მოვლენებმა ეს ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა. რუსეთი აძლიერებს სამხრეთ სამხედრო ოლქს: აახლებს შავი ზღვის ფლოტს, ქმნის ახალ სამხედრო ინფრასტრუქტურას ყირიმში, აძლიერებს სახმელეთო კომპონენტს. ამას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი მიზნები: საკუთრივ სამხრეთდასავლეთ მიმართულების დაცვა, მნიშვნელოვან კომუნიკაციებზე წვდომა და ძალის პროექცია, როგორც უშუალოდ ამ რეგიონის ქვეყნებზე ზემოქმედების, ისე სტრატეგიული წვდომის გაზრდისათვის ამ მიმართულებაზე. რეგიონის ქვეყნების სამხედრო შესაძლებლობები ყველა შემთხვევაში, შავი ზღვის რეგიონში ლოკალური, რეგიონალური თუ გლობალური მოთამაშეების ინტერესების გასატარებლად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო კომპონენტი. შეიარაღებული ძალების საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს შეუძლიათ ნაოსნობის აღკვეთა, პორტების და სრუტეების 3 ბლოკირება, წყალზედა და წყალქვეშა მცურავი საშუალებების დაზიანება და განადგურება, სახმელეთო მიზნებზე შეტევა ქვეყნის სიღრმეში.
რეგიონის ქვეყნებიდან შავ ზღვაზე (შავ ზღვაში იგულისხმება მისი ზედაპირი, მისი მიმდებარე წყალქვეშა და საჰაერო სივრცე.) ყველაზე დიდი სამხედრო ძალის პროექცია შეუძლია რუსეთის ფედერაციას და თურქეთის რესპუბლიკას. შედარებით მწირი სამხედრო შესაძლებლობები აქვს ბულგარეთს და რუმინეთს, თუმცა ამ უკანასკნელის როლი ბოლო დროს იზრდება. უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები და სანაპირო ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შედეგად, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არც იმ მომენტამდე შეეძლო უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობების პროექცია შავ ზღვაზე. საქართველოს, სხვადასხვა მიზეზის გამო, სამხედრო-საზღვაო ძალები საერთოდ არ გააჩნია. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობაში არსებული სანაპირო დაცვის ძალები და საშუალებები მხედველობაში მისაღები არ არის. მათ საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ეფექტური კონტროლის საშუალებაც არ გააჩნიათ. ასევე, არც მოლდავეთის სამხედრო პოტენციალია მხედველობაში მისაღები. შავი ზღვის არამიმდებარე ქვეყნების სამხედრო ხომალდების ყოფნა მის წყლებში შეზღუდულია მონტრეს ხელშეკრულებით, რაც ითვალისწინებს ზღვაში ერთდროულად მყოფი ჯამური წყალწყვის შეზღუდვას 30 000 ტონით (განსაკუთრებულ შემთხვევებში – 45 000 ტონით), ასევე, ზღვაში კონკრეტული ხომალდის ყოფნის ვადის შეზღუდვას 21 დღემდე. თუმცა, შავი ზღვის და მის მიმდებარე სივრცეზე ზემოქმედება შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ უშუალოდ ზღვაში და მის მიმდებარე ქვეყნებში არსებული ძალებითა და საშუალებებით.
რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი დამოკიდებულია არსებულ ვითარებაზე. ის შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს მშვიდობიან, კრიზისულ და საომარი მოქმედებების პერიოდში, ვინაიდან ვითარების გამწვავებას შეიძლება მოჰყვეს რესურსების მობილიზაცია და დამატებითი სამხედრო ძალის პროექცია. სამხედრო შესაძლებლობათა თანაფარდობის შესაფასებლად საჭირო იქნება მოთამაშეების შესაძლებლობების ცალ-ცალკე, ასევე, სხვადასხვა კომბინაციებში განხილვა.
რუსეთი
რუსეთის ფედერაციის ძირითად რესურსს შავ ზღვაზე წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც შედის სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში. შავი ზღვის ფლოტის და მისი სანაპირო ჯარების გარდა, შავ ზღვაზე ზემოქმედება შეუძლია ამ ოლქის სხვა კომპონენტებსაც, როგორიცაა სამხედროსაჰაერო, საჰაერო თავდაცვის და სარაკეტო ძალები და საშუალებები.
შავი ზღვის ფლოტის დამრტყმელ ძალას წარმოადგენს:
შავი ზღვის ფლოტის სხვა საბრძოლო მცურავი საშუალებები, ძირითადად ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და მტრალავები, ახორციელებენ სახომალდო დაჯგუფებების, ცალკეული ხომალდების, საზღვაო რაიონების და სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის დავალებებს და მათ შორ მანძილზე ზემოქმედების საშუალებები არ გააჩნიათ. წყალზედა დამრტყმელი ძალების ძირითად შეტევით საშუალებებს წარმოადგენს სარაკეტო გამშვები დანადგარები „ვულკანი“ (სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“), „კალიბრი“ (ფრეგატები და მცირე სარაკეტო ხომალდები), „ურანი“ (საპატრულო ხომალდი), „რასტრუბი“ (სადარაჯო ხომალდები), „ტერმიტი“ და „მოსკიტი“ (სარაკეტო კატარღები). მათ არსენალში აქვთ სხვადასხვა ტიპის რაკეტები, რომელთაც განსხვავებული დაზიანების სიმძლავრე და რადიუსი აქვთ. ღია წყაროებში განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ სარაკეტო შეიარაღების მოქმედების რადიუსი შეადგენს 1000 კილომეტრს. სარაკეტო დანადგარების „ურანი“, „მოსკიტი“ „რასტრუბი“ და „ტერმიტი“ მოქმედების მაქსიმალური რადიუსი შეადგენს, შესაბამისად: 260, 250, 90 და 80 კილომეტრს. შედარებით ახალ საშუალებას წარმოადგენს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები. მათი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების შესახებ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტების მაქსიმალური მოქმედების რადიუსი მერყეობს 700-დან 2600 კილომეტრამდე.
არსებობს ამ ტიპის რაკეტების მრავალი მოდიფიკაცია და შესაბამისად, მათი მონაცემების საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან. 2015 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის კასპიის ზღვის ფლოტილიის სარაკეტო და მცირე სარაკეტო ხომალდებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმები სირიაში განლაგებულ მიზნებზე. ფრთოსანმა რაკეტებმა იფრინეს 1500 კილომეტრზე მეტი დედამიწის ზედაპირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ამ რაკეტების წყალზედა მდგომარეობიდან სახმელეთო მიზნებზე ზემოქმედების გათვლითი მანძილი. ფლოტის ხომალდების ნაწილს შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ვერტმფრენების К-27М ტარება, რაც მოწინააღმდეგის სუსტი საჰაერო თავდაცვის პირობებში ზრდის ამ ხომალდების ეფექტური ზემოქმედების რადიუსს, დაახლოებით 200 კილომეტრით. შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების სარაკეტო შეიარაღებას წარმოადგენს ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი“. მათი დაზიანების 5 მაქსიმალური რადიუსის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ 2017 წლის 14 სექტემბერს შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავების „ველიკი ნოვგოროდ“ და „კოლპინოს“ მიერ 500-670 კილომეტრის მანძილზე განხორციელებული დარტყმების მიხედვით.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ღია წყაროებში ინფორმაცია იყო წყალქვეშა მდგომარეობიდან განხორციელებული მსგავსი ტიპის სარაკეტო დარტყმების გაცილებით მცირე მოქმედების რადიუსზე. ამ მონაცემების გათვალისწინებით, რუსეთის შავი ზღვის წყალზედა ხომალდებს, სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში შეუსვლელად, შეუძლიათ არა მხოლოდ მთელ შავ ზღვაში მცურავი საშუალებების დაზიანება და განადგურება, არამედ სახმელეთო სამიზნეების დაზიანება მიმდებარე ქვეყნების მთელ სიღრმეში. ფაქტობრივად, „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს შეუძლიათ მიაღწიონ და ზემოქმედება მოახდინონ რეგიონს გარეთ მდებარე სამიზნეებზე: ბალტიის ზღვის სამხრეთ რაიონებში, გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, შვეიცარიაში, იტალიაში (მისი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის და სარდინიის გარდა), მთლიანად ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ხოლო წყალქვეშა ნავებიდან შესაძლებელია წვდომა შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე, ასევე, სერბეთის, ალბანეთის, საბერძნეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე და უფრო ახლოს მდებარე ქვეყნების მთელ ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკურად შეტევის განხორციელება შესაძლებელია მშვიდობიან პერიოდში, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. საომარი მოქმედებების საჰაერო მხარდაჭერა შეიძლება განხორციელდეს ყირიმის ნახევარკუნძულზე და ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული აეროდრომებიდან, შემდეგი ტიპის ბომბდამშენებით, მრავალფუნქციური გამანადგურებლებით და გამანადგურებლებით: Су-34 (საბრძოლო მოქმედების რადიუსი – 1100 კმ, საბრძოლო მასალების გამოყენების მანძილი – 250 კმ), Су-30СМ ; Су-30М2 (საბრძოლო მოქმედების რადიუსი – 1500 კმ, საბრძოლო მასალების გამოყენების მანძილი – 100 კმ); Су-27, Су-27П, Су-27СМ3, Су-27УП (საბრძოლო მოქმედების რადიუსი – 1400 კმ, საბრძოლო მასალების გამოყენების მანძილი – 100 კმ); Су-24М (საბრძოლო მოქმედების რადიუსი – 560 კმ). ავიაციის ზემოქმედების ტერიტორია თითქმის იგივეა, რაც წყალზედა ხომალდების რაკეტების შემთხვევაში. თუმცა, ამ ზემოქმედების არეალში მოხვედრილი ქვეყნების საჰაერო სივრცეს იცავს NATO-ს საჰაერო თავდაცვის ქოლგა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საავიაციო დარტყმების ეფექტურობას და დიდი რისკის შემცველი იქნება რუსული ავიაციისათვის. შესაბამისად, საავიაციო ზემოქმედების განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა (გარდა უშუალოდ შავი ზღვის, საქართველოს და უკრაინის საჰაერო სივრცისა).
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს სამხრეთ სამხედრო ოლქის შემადგენლობაში არსებული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“ და „ისკანდერ-მ“. მათი მოქმედების რადიუსი 6 განისაზღვრება 500 კილომეტრით1 . ამ მობილურ კომპლექსებს ყირიმის და ჩრდილო კავკასიის სასტარტო პოზიციებიდან შეუძლიათ დაფარონ ცენტრალური, სამხრეთი და აღმოსავლეთი უკრაინა, საქართველო მთლიანად და თურქეთის ტერიტორია სინოპი-ერზინჯანი-ვანის ტბის ზღუდემდე. ამ საშუალებების გამოყენებაც, ტექნიკური თვალსაზრისით, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, მშვიდობიან პერიოდშია შესაძლებელი. შავი ზღვის ფლოტის მცურავი საშუალებების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს საჰაერო თავდაცვის უახლოესი, ახლო და საშუალო მოქმედების საჰაერო თავდაცვის საშუალებები. მხოლოდ სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ შეიარაღებაშია შორი მოქმედების С-300Ф “ФОРТ“ (NATO-ს კლასიფიკაციით – SA-N-6 Grumble) საზენიტოსარაკეტო კომპლექსი. საჰაერო თავდაცვის საშუალებების მცირე რადიუსი და სამიზნე არხების სიმცირე გარკვეულად მოწყვლადს ხდის ხმელეთიდან დაცვის გარეშე დარჩენილ სახომალდო დაჯგუფებას. თანამედროვე საფრენ აპარატებს აქვთ შესაძლებლობა, დაჯგუფების საჰაერო თავდაცვის საშუალებების წვდომის რაიონში შეუსვლელად განახორციელონ მასირებული და ეშელონირებული საჰაერო შეტევა, რაც გამოიწვევს საჰაერო თავდაცვის რესურსის გახარჯვას პირველ ეშელონებზე და, შესაბამისად, დაცვის გარეშე დატოვებს დაჯგუფებას შემდეგი ეშელონების შეტევისაგან.
რუსეთს აქვს საშუალება, ყირიმში, ჩრდილო-კავკასიის ზღვისპირა ზოლსა და საქართველოში განლაგებული С-300 და С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით გადაფაროს შავი ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი, დაახლოებით, მანგალია (რუმინეთი)-ზონგულდაკი (თურქეთი) ზღუდემდე. სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ მეშვეობით მას შეუძლია კიდევ დაახლოებით 100-მდე კილომეტრით გააფართოოს გადაფარვის რაიონი. თუმცა, ამით ვერ ფარავს სრუტეებს და, გარდა ამისა, თვითონ კრეისერიც ხვდება მოწყვლად ზონაში, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების წვდომის ზღვარზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რიგი ექსპერტების აზრით, С-400 კომპლექსების გამოცხადებული მახასიათებლები გაზვიადებულია და მისი მოქმედების რადიუსი დაახლოებით 200 კმ-მდეა, დაბალი სამიზნეებისთვის კი, სულაც, 20 კმ-მდე.
თურქეთი
თურქეთის-საზღვაო ძალების წყალზედა ფლოტის ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენს: ფრეგატები
4 DE MEKO Track I ტიპის ფრეგატი. პირველი ორი ერთეული აგებულია გერმანიაში, დანარჩენი ორი – უკვე თურქეთში;
წყალქვეშა ნავები:
ამ უკანასკნელზე შესაძლებელია “Sub Harpoon” ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება საზღვაო, წყალქვეშა, სახმელეთო და საჰაერო მიზნებზეც (დაზიანების რადიუსი 130 კმ-მდე). ყველა მათგანი აღჭურვილია 533 მმ სატორპედო აპარატებით. ფრეგატების ნაწილი შეიარაღებულია საჰაერო თავდაცვის საშუალო მოქმედების რადიუსის (170 კმ-მდე) ამერიკული სისტემებით SM-1 MR, ხოლო დანარჩენებზე განთავსებულია ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ასევე, საზენიტო-საარტილერიო დანადგარები. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაშია სხვა საბრძოლო, საბრძოლო და სხვა სახის უზრუნველყოფის მცურავი საშუალებები, თუმცა მათ შორ მანძილზე დაზიანების საშუალებები არ გააჩნიათ.
თურქეთს შეიარაღებული ძალების და, მათ შორის, ფლოტის განვითარების ამბიციური გეგმები აქვს. ერთ-ერთი პროექტია მსუბუქი ავიამზიდი “Anadolu”. ღია წყაროების ინფორმაციით, მის ბორტზე შეიძლება მოთავსდეს თვითმფრინავები, ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები. ეს საშუალება მნიშვნელოვნად გაზრდის ოპერატიული წვდომის სიღრმეს. ამჟამად მიმდინარეობს ხომალდის გამოცდის და სამხედრო-საზღვაო ძალებში ჩარიცხვის პროცედურები. თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ძირითადი შემადგენლობა განთავსებულია 15 სამხედრო-საზღვაო ბაზაზე და ბაზირების პუნქტზე.
ამათგან სრუტეების და შავი ზღვის რაიონზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემდეგ ბაზებზე განთავსებულ ძალებს და საშუალებებს:
ჩამოთვლილ ბაზებზე და ბაზირების პუნქტებზე განთავსებული ძალების და საშუალებების რაოდენობა არ არის მუდმივი. თურქეთს, როგორც სრუტეების მაკონტროლებელ ქვეყანას, თავისუფლად შეუძლია მოკლე ვადებში ჩაატაროს ნებისმიერი მანევრი და თავი მოუყაროს აქ მისთვის საჭირო რესურსებს. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული გადაჯგუფება შეუმჩნეველი არ დარჩება სხვა ქვეყნებისთვის და გამოიწვევს ადეკვატურ რეაქციას. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენს F-16 C/D “Fighting Falcon” გამანადგურებლები. მათი საბრძოლო მოქმედების რადიუსი დაახლოებით 600 კმ-ია. თურქეთი მათ თვითონ აწარმოებს. მათ შეუძლიათ იერიშის მიტანა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო და საზღვაო (მათ შორის, წყალქვეშა) მიზნებზე.
თურქეთს უნდა მიეღო და შემდეგში ეწარმოებინა F-35 ტიპის თვითმფრინავები. თუმცა რუსეთისაგან С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის შემდეგ ეს პროგრამა შეჩერებულია. ასევე მხედველობაშია მისაღები “Anka”-ს, “Bayraktar”-ისა და “GNAT”-ის ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო (და არა მხოლოდ) სივრცის თვალთვალს ახორციელებს Boeing 737 AEW&C “E-7T Peace Eagle” – ადრეული გაფრთხილების და მართვის თვითმფრინავები. მათ შეუძლიათ აწარმოონ საჰაერო და სახმელეთო (ასევე საზღვაო) სივრცის დაზვერვა 600 კმ სიღრმეში და ელექტრონული დაზვერვა – 850 კმ სიღრმეში. შავი ზღვის მიმართულებაზე შეიძლება გამოყენებული იყოს მერზიფონის, აკინჩის, ეტიმეზეულის, ესკიშეჰირის, ბანდარმას, ბალიკეშირის სამხედრო აეროდრომები, ასევე, ამ მიმართულებაზე მდებარე სამოქალაქო აეროდრომები. რუსეთიდან С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენამდე თურქეთის საჰაერო თავდაცვის ძალების შემადგენლობაში იყო საშუალო და მოკლე მოქმედების საშუალებები. С-400-ის შეძენამ საშუალება მისცა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, აწარმოონ საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა (გამომდინარე რაკეტების ტიპიდან): 40-დან 400 კმ სიღრმეში; 20-დან 30 კმ სიმაღლეზე და 2800-დან 4800მ/წმ სიჩქარით მოძრავ სამიზნეებზე. ეს კომპლექსები განლაგებულია ანკარის, სტამბულის, ურფას და, მომავალში შესაძლოა, მერსინის რაიონებში. თუმცა ეს არის მობილური კომპლექსი და მისი გადასროლა შესაძლებელია ნებისმიერი მიმართულებით.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ზემოქმედების რაიონს წარმოადგენს მთლიანად შავი ზღვა. ნეიტრალური წყლებიდან მათ ასევე შეუძლიათ სარაკეტო იერიში მიიტანონ მოწინააღმდეგის სახმელეთო მიზნებზე, მისი პირველი 10 ოპერატიული ეშელონის მოწყობის მთელ სიღრმეზე. თუმცა, სახომალდე დაჯგუფება ვერ იქნება სათანადოდ დაცული საავიაციო და სარაკეტო დარტყმებისაგან. მშვიდობიან პერიოდში თურქეთს უპირატესობა აქვს ძალების და საშუალებების მანევრისათვის, ვინაიდან ის აკონტროლებს სრუტეებს. კრიზისისა და ომის პერიოდში ეს უპირატესობა ნიველირებულია, ვინაიდან სრუტეების ჩაკეტვა შეუძლია რუსეთს (ორივე მხრიდან) და გარე მოთამაშეებს (ხმელთაშუა ზღვის მხრიდან).
ბულგარეთი და რუმინეთი
ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალები განთავსებულია ვარნასა და ბურგასის სამხედრო-საზღვაო ბაზებზე.
მათ შემადგენლობაშია:
ფრეგატების და კორვეტების ნაწილზე დაყენებულია საბჭოთა წარმოების П-15 „ტერმიტ“ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარები (მოქმედების რადიუსი 40 კმ-მდე). ასევე, ახლო მოქმედების საარტილერიო, სატორპედო და დამნაღმავი საშუალებები. ფრეგატებზე განთავსებულია IAR 316 „ალუეტ“ და IAR 330 „პუმა“ ვერტმფრენები (ტაქტიკური რადიუსი 200-250 კმ) ახლო მოქმედების შეიარაღებით. რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითად ნაწილს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების МиГ-21 (35 ერთეული) და პორტუგალიისაგან შესყიდული F-16 (16 ერთეული) გამანადგურებლები.
ისინი განლაგებულია კამპა ტურზის და ფეტეშტის სამხედრო აეროდრომებზე. მათ შეუძლიათ როგორც საჰაერო თავდაცვის, ისე სახმელეთო და საზღვაო მიზნების დაზიანების ამოცანების შესრულება. რუმინეთის საჰაერო თავდაცვის ძალების შემადგენლობაშია საშუალო და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები: MIM-104 “Patriot”, MIM-23 “Hawk”, ასევე, საბჭოთა წარმოების С-75 და «КУБ». გარდა ამისა, რუმინეთი, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, იმყოფება ალიანსის საჰაერო თავდაცვის საერთო სისტემის ქოლგის ქვეშ. ბოლო წლებში რუმინეთი ხდება აშშ-ის ყველაზე აქტიური მოკავშირე შავი ზღვის რეგიონში. დევესელუს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე უკვე განთავსებულია Aegis Ashore რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. კერძოდ, რადარი და გამშვები დანადგარები Standard SM-3 Block IB რაკეტებისათვის. რუმინეთმა აშშ-ისგან ასევე მიიღო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot PAC-3+.
გადაწყვეტილია რუმინეთის ტერიტორიაზე ამერიკულ-ნორვეგიული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების (Naval Strike Missile) განთავსება, რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კმ-მდეა. კამპია ტურზის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განთავსებულია MQ-9 „Reaper“ ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ სახმელეთო და საზღვაო მიზნებისათვის. ბულგარეთსა და რუმინეთს შავი ზღვის რაიონში ზემოქმედების მოკრძალებული რესურსი აქვთ. რაც შეეხება ტერიტორიული წყლების, სანაპირო ინფრასტრუქტურის და მთლიანად ტერიტორიის დაცვას, აქ მათ საკმარისი რესურსი აქვთ ეფექტური მოქმედებისათვის, მით უმეტეს, NATO-ს ქოლგის გათვალისწინებით.
უკრაინა
უკრაინას, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი ერგო, როგორც მცურავი საშუალებების, ისე სანაპირო ინფრასტრუქტურის სახით. უკრაინაში იყო მნიშვნელოვანი გემთმშენებელი საწარმოებიც. თუმცა მომდევნო წლებში, არასათანადო დაფინანსების გამო, უკრაინის ფლოტმა თანდათან დაკარგა თავისი შესაძლებლობები.
2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომი და ყირიმის დაკარგვა დიდი დარტყმა იყო ქვეყნისათვის. ფაქტობრივად, მცურავი საშუალებების და ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი რუსეთის ხელში აღმოჩნდა. რუსეთს უნდა დაებრუნებინა მცურავი საშუალებები, მაგრამ ეს პროცესი შეჩერდა პოლიტიკური პრობლემების გამო. ეს ხომალდები, რომელთაც არავითარი 12 მომსახურება არ უტარდებათ, თანდათან კარგავენ თავიანთ რესურსს და, სავარაუდოდ, ქვეყანას მათი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ამჟამად უკრაინის სამხედროსაზღვაო ძალების შემადგენლობაშია 1 ფრეგატი, 1 კორვეტი, რამდენიმე საპატრულო კატარღა და მტრალავი, ასევე, სხვა დამხმარე მცურავი საშუალებები. ცალკე უნდა აღინიშნოს უკრაინაში აგებული „გიურზას“ ტიპის საპატრულო კატარღები. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხრეთ სარდლობის განკარგულებაშია მიკოლაევში, კულბაკინოს საჰაერო ბაზაზე განთავსებული МиГ-29 გამანადგურებლები. საჰაერო თავდაცვის საშუალებებიდან – ოდესაში, ხერსონსა და პერვომაისკში С-300ПМ-ისა და ს-300ПС-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. კრიზისის შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მობილიზება სხვა სარდლობებიდან.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ავიაცია ფაქტობრივად ჩაკეტილია ყირიმში განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით და მას შავი ზღვის სივრცეში მოქმედების თავისუფლება არ გააჩნია. უკრაინა მოწყვლადია ზღვის მხრიდანაც და აღმოსავლეთიდანაც. მით უმეტეს, მას NATO-ს ქოლგა არ იცავს. თუმცა, ხმელეთზე და ჰაერში უკრაინამ შეიძლება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს. უკრაინა არსებით ნაბიჯებს დგამს საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალების აღდგენის და გადაიარაღების მიმართულებით. მიმდინარეობს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა თურქეთთან, რაც მოიცავს Ada-ს კლასის კორვეტების და „Bayraktar“- ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის. ასევე ხორციელდება აშშ-ის მხრიდან უკრაინისათვის Island კლასის საპატრულო კატარღების გადაცემის პროგრამა. გარდა ამისა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისათვის 16 ერთეული Mark VI ტიპის საპატრულო კატარღების და სათანადო აღჭურვილობის მიყიდვა.
დიდ ბრიტანეთთან ხელი მოეწერა განზრახულობათა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 1,25 მილიარდი ფუნტის კრედიტის ფარგლებში უკრაინისათვის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის თანამედროვე აღჭურვილობის, მაღალი სიზუსტის იარაღის შეძენას და ინფრასტრუქტურის მოწყობას. ამ პროგრამით გათვალისწინებულია 8 ერთეული სარაკეტო კატარღის შეძენა. გარე ძალები მონტრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო, შავ ზღვაში ერთდროულად შეუძლია ყოფნა Arleigh Burke კლასის 3 ხომალდს, როგორიცაა, მაგალითად, USS Donald Cook (DDG-75), რომელსაც ძალზე მძლავრი სარაკეტო შეიარაღება აქვს ( BGM-109 Tomahawk ან RUM-139 VL-ASROC). ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქვს დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის მძლავრი რესურსი. 3 ასეთი ხომალდის ყოფნა შავ ზღვაში მნიშვნელოვნად იმოქმედებს ძალთა ბალანსზე. თუმცა, თანხლების ძალების გარეშე, ისინი შედარებით 13 მოწყვლადი იქნებიან, ხოლო, საბრძოლო კომპლექტის გახარჯვის შემთხვევაში, ისინი მას ვერ შეავსებენ და მოუწევთ ბაზებზე დაბრუნება.
დასკვნა
2014 წლის შემდეგ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ძალები და საშუალებები შავ ზღვაზე და გახდა დომინანტი, რაც მას სჭირდება ძალთა პროექციისათვის ახლო-აღმოსავლეთის და ხმელთაშუა ზღვის თეატრებზე (შეიძლება უფრო შორსაც), ასევე – უკრაინასა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციის შესაფერხებლად. მშვიდობიან პერიოდში, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, რუსეთის, თურქეთის და აშშ-ის (ან NATO-ს) ძალებს შეუძლიათ შავ ზღვაზე ნაოსნობის აღკვეთა, პორტების და სრუტეების ბლოკირება, წყალზედა და წყალქვეშა მცურავი საშუალებების დაზიანება და განადგურება, ასევე, სახმელეთო მიზნებზე შეტევა, მიმდებარე ქვეყნების სიღრმეში. ამჟამად ეს შეიძლება არცერთ მხარეს არ აძლევდეს ხელს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ამის გაკეთება მოინდომოს რომელიმე ქვეყანამ, თავისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. ამ მოქმედებებით დაწყებული კრიზისის საწყის ფაზაში ეს ქვეყნები თვითონაც ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ძალების და საშუალებების თავისუფალ მანევრს. ვითარება შემდგომ ფაზებში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ მოიპოვებს უპირატესობას თავიდან. კრიზისის დროს დამატებითი საზღვაო კომპონენტის მობილიზაცია შავ ზღვაში გართულდება, რადგანაც სრუტეები იქნება სამმაგი კონტროლის ქვეშ.
საავიაციო და სარაკეტო ძალების და საშუალებების მობილიზაცია შეუძლია რუსეთს, სხვა სამხედრო ოლქების ხარჯზე და აშშ-ს (ან NATO-ს), ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდების და მოკავშირე ქვეყნების აეროდრომების გამოყენებით. თურქეთის პოზიციის გამო რუსეთის მხრიდან ძალისმიერი მოქმედების პრევენციისა და შეკავებისთვის მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ისა და NATO-ს ყოფნის გაზრდა შავ ზღვაში და სხვა მიმდებარე ქვეყნებში, რაც უკვე ხდება რუმინეთში და, სავარაუდოდ, მოხდება უკრაინაში. ამ მხრივ, აშშ-ისა და NATO-სთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს სანაპირო ზოლის ათვისება სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.
- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?
- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.
- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?
- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.
- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?
- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.
- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?
- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.
წყარო:https://bm.ge/