ათასობით ადამიანი ტოვებს სანტორინის მიწისძვრების შემდეგ
სანტორინის კუნძულიდან უკვე 11,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ტერიტორია, ხოლო კიდევ მრავალი ემზადება გასასვლელად, მას შემდეგ, რაც კუნძულთან ახლოს 5.2 და 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა – ოთხშაბათს საღამოს და ხუთშაბათს დილის 7:50 საათზე, ადგილობრივი დროით.
შუაღამიდან დილის 6:30 საათამდე აღნიშნულ რეგიონში 57 მცირე სიმძლავრის ბიძგი დაფიქსირდა.
უკვე ერთი კვირაა, რაც მიწისძვრები ინტენსიურად გრძელდება ამორგოსსა და სანტორინის შორის მდებარე ზონაში. 28 იანვრიდან დღემდე იქ 500-ზე მეტი მცირე სიმძლავრის ბიძგი მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ხელისუფლება ადგილობრივებსა და ტურისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, ხუთშაბათს სანტორინი შვიდმა ათასმა ადამიანმა ზღვით, ხოლო ოთხმა ათასმა – ავიარეისებით დატოვა.
სეისმოლოგების წინასწარი შეფასებით, ძლიერი ბიძგები დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიღრმეში წარმოიშვა.
სერიოზული ზიანი კუნძულზე არ დაფიქსირებულა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისათვის.
საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ მცირე ბიძგების სერია გრძელდება, თუმცა მათი ნაწილი უკვე 4 მაგნიტუდას აღემატება, რის გამოც ისინი ამ კატეგორიაში აღარ შედის.
ექსპერტების თქმით, საქმე გვაქვს ძალიან ინტენსიურ და უჩვეულო გეოლოგიურ მოვლენასთან, რომელსაც მსოფლიო ყურადღებით აკვირდება.
მიუხედავად იმისა, რომ სანტორინი ვულკანური კუნძულების ქსელის ნაწილია, ბერძენი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე სეისმური აქტივობა არა ვულკანურ, არამედ ტექტონიკურ პროცესებს უკავშირდება.
სანტორინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბერძნული ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. თუმცა ამჟამინდელი პერიოდი ტურისტული სეზონის მიღმაა, ამიტომ კუნძულიდან წამსვლელთა უმეტესობას ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოეთიდან სამუშაოდ ჩასული პირები შეადგენენ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/