საყდრისის აფეთქებიდან 8 წელი გავიდა. 2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია „RMG გოლდმა“ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა.
2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე წინ უძღვოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, „რომელიც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიიღეს“, – ამის შესახებ 2015 წელს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერდა.
ამ გადაწყვეტილებების შედეგად საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლება მიენიჭა.
საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არქოლოგიური სამუშაოების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ბოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორმა თომას შტიოლნერმა მაშინდელი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სერგო რატიანს 2015 წელს წერილი მისწერა.
გთავაზობთ, ბოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორ თომას შტიოლნერის წერილს
– „2004 წლიდან ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად აღარ არსებობს არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით (ეჭვგარეშეა), რომ საყდრისი თქვენი მშობლიური ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია.
– რატომ? იმიტომ, რომ ის ოქროს სამთო წესით მოპოვებისა და დამუშავების დღემდე ყველაზე ძველ მტკიცებულებას წარმოადგენს კავკასიაში, ის მსოფლიო მასშტაბითაც ყველაზე ძველია. მისი საწყისი ძვ.წ. IV ათასწ. შუა ხანებს აღწევს. პრეისტორიული მოპოვება გრძელდება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებამდე. რაც ასე განუმეორებელს ხდის საყდრისს არის ის, რომ აქ სრულადაა შემონახული ოქროს მომპოვებელ-მწარმოებელი იმდროინდელი თემის დამახასიათებელი ყველა ასპექტი.
– ის საქართველოსათვის უნიკალურია და საჭიროებს – ისევე, როგორც სხვა დიდი არქეოლოგიური ობიექტები – კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი და უძრავი ძეგლების მსგავსად დაცვას.
– საყდრისის პრობლემაზე უკვე 10 წელია მუშაობს ბევრი მეცნიერი საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), გერმანიიდან (გერმანიის სამთო მუზეუმი, ბოხუმის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი (CEZ მანჰაიმი), საფრანგეთიდან (CNRS), ამერიკის შეერთებული შტატებიდან (კალიფორნიის უნივერსიტეტი) და დიდი ბრიტანეთიდან (კემბრიჯის უნივერსიტეტი).
– არც არავითარი ეჭვი არ არსებობს ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით და არც კითხვა იმის თაობაზე, მოიპოვებოდა თუ არა აქ ოქრო.
– პირველმა კომისიამ, რომლის მიერ შემუშავებული დასკვნის საფუძველზე 2013 წლის ზაფხულში საყდრისს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, გააყალბა და არაკომპეტენტურად შეაფასა მეცნიერული კვლევების შედეგები.
– აქ თავს შევიკავებ მიზეზებზე საუბრისგან. მომდევნო დამოუკიდებელმა კომისიამ (რომლის შემადგენლობაშიც საბათმცოდნე პროფ. ვ. ჟელევი და პრეისტორიული ეპოქის მკვლევარი პროფ. ა. იოკენჰოფელი შედიოდნენ), 2014 წლის მაისში წარმოადგინა დასკვნა, რომელმაც დაადასტურა ჩვენი კვლევის შედეგები და საყდრისის მნიშვნელობა.
– გათხრები, რომელიც აკადემიამ ჩაატარა უშედეგოდ წარიმართა, რადგან საკვლევად ისეთი ნაკვეთები იქნა შერჩეული, სადაც ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით არანაირი შედეგი არ იყო მოსალოდნელი.
– შესაბამისად, აღნიშნული შედეგები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა (კვლევის ანგარიში, 2014 წლის ზაფხული). შემდგომ გამართული მოლაპარაკებისას მოითხოვეს საკვლევი გეგმის წარმოდგენა.
– საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ჩვენ შევასრულეთ ეს მოთხოვნა. სამწუხაროდ, არც ფირმის და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან მას არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და მისი შენარჩუნება, ბუნებრივია, ფულად ინვესტიციებს მოითხოვდა, თუმცა, ის საქართველოს ტურისტული და მეცნიერული განვითარებისათვის გაღებული, გონივრული ხარჯები იქნებოდა.
– 2014 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, ჩვენდა გასაოცრად, საბადოს ბულდოზერები მიაყენეს და ძეგლის განადგურება განაახლეს. ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოს რესპუბლიკას დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს. ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ მესოპოტამიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამად მიმდინარე ნგრევას და ავღანეთში, კერძოდ, ბამიანში მომხდარს, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოტივები, ბუნებრივია, სრულიად სხვა ხასიათისაა.
საყდრისი ვიკიპედიაში:
საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით.
ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ[1]. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.
ტოპონიმი
გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დღევანდელი საყდრისის მიმდებარე ტერიტორია აბულმუგის სახელით იყო ცნობილი. სწორედ ასე მოიხსენიებს მას ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, ხოლო კონკრეტულად ბორცვს ყაჩაღიანს უწოდებდნენ. საყდრისი ამ ადგილს პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში უწოდეს, მახლობლად მდებარე საყდრების გამო.
მეცნიერული შეფასება
სხვადასხვა მოსაზრებით, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის მეცნიერული შეფასება შეიძლება ეფუძნებოდეს ოთხ ძირითადი საკითხს.
გეოლოგიური რეალობა
ბოლნისის რაიონის (მადნეული, საყდრისი, ბექთაქარი, დამბლუდი, ხატისოფელი და სხვა) და ასევე მეზობელი ქვეყნების ამავე ასაკის საბადოებშიც (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი და სხვა) ოქრო წვრილდისპერსული უმცირესი ზომის (მილიმიკრონების) ნაწილაკებით არის ქანებში წარმოდგენილი; მისი გარჩევა ქანში მძლავრი მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია გამომდინარე აქედან 5400 წლის წინ ოქროს მიგნება ობიექტზე შეუძლებელი იქნებოდა.
დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, ოქროს შემცველობა ერთ ტონაში საშუალოდ ერთ გრამს არ აღემატება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ყოველი გრამი ოქროს მისაღებად, კლდეებიდან პრიმიტიული უროებით, რომელთა სიგრძე საყდრისში საშუალოდ 15-25 სმ-ია, უნდა მოემტვრიათ ერთი ტონა გაკაჟებული ქანი, რომელიც უნდა დაეფქვათ ქვის ასევე პრიმიტიული სანაყებით და შემდეგ პრიმიტიული გარეცხვის მეთოდით — ერთი მილიონი გრამი სამთო მასიდან უნდა გამოერჩიათ ერთი გრამი ოქრო.
სააგენტოსვე ინფორმაციით, ყაჩაღიანის ე. წ. მაღაროების დიდი უმრავლესობა იმდენად ვიწროა (30-15სმ-დან 1 მეტრამდე), რომ იქ არათუ რაიმე სამუშაოების წარმოება, არამედ ადამიანის შეღწევაც კი რთულია.
გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, აღნიშნული „მაღაროები“ სინამდვილეში ბუნებრივი ტექტონიკური ნაპრალებია, რომლებიც ეროზიული მოვლენებით არის გაფართოებული. ნაპრალებში ჩაცვენილი მასალა ე.წ. „კოლუვიუმი“ ნებისმიერი ასაკის შეიძლება იყოს.
დათარიღების მეთოდოლოგიის შესაბამისობა და მართებულობა
არქეოლოგიური ობიექტის დათარიღებასთან დაკავშირებით, „ქართულ-გერმანული ექსპედიცია ეფუძნება მოძიებული ნახშირის რადიოკარბონულ თარიღებს, თუმცა გამოყენებული მეთოდოლოგიის რელევენტურობის თაობაზე არსებობს განსახვავებული მოსაზრებები.
ე. წ. საყდრისი-ყაჩაღიანი მაღაროს ნახშირების C14-ით დათარიღების შედეგად, ქართულ-გერმანული ექსპედიციის პუბლიკაციების თანახმად, მათ განუსაზღვრავთ ნაპრალებში ფერდობებიდან ჩაცვენილი ღორღ-ქვიშიდან (ე.წ. კოლუვიუმიდან) მოპოვებული განახშირებული მცენარეული ნაშთების რადიოკარბონული ასაკი.ოთხმა ნიმუშმა განახშირებული მცენარეულის ასაკი დიაპაზონში 2500-3500 წლის ფარგლებში უჩვენა.
მიუხედავად ფაქტობრივი მდგომარეობისა, რომ „ამოღებული კერამიკული მასალა უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება“, ქართულ-გერმანული ნაშრომის ავტორებს მაინც მიაჩნიათ, რომ ყაჩაღიანში ოქროს მაღაროების დამუშავება 1000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
დათარიღების იგივე სურათია დადასტურებული გერმანიაში, ბოხუმში, თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის მიერ ერთობლივად გამოცემულ ნაშრომშიც.ავტორებს მითითებული აქვთ, რომ თარიღი მიღებულია იმ „ნახშირისაგან, რომელიც აღებულია პირველი მაღაროს მიწისქვეშა დანაშრევების გარეთ“ და არა თვითონ არქეოლოგიური დანაშრევებიდან, რაც მეცნიერთა გარკვეული ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომელთათვისაც კოლუვიუმის (ჰუმუსის), ისევე როგორც არქეოლოგიური დანაშრევების გარეთ აღებული ნიმუშების დათარიღების გამოყენება ე. წ. მაღაროების (ნაპრალების) დათარიღებისათვის მყარ მეცნიერულ საფუძველს სრულიად მოკლებულია.
აღსანიშნავია, რომ თვით ქართულ-გერმანული ესპედიციის დასკვნებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს არქეოლოგიური ობიექტის დათარიღებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ქართულ-გერმანული ექსპედიციის ნაწილი ობიექტს ათარიღებს მე-4 ათასწლეულისმეორე ნახევარი- მე-3 ათასწლეულეულის პირველი ნახევრით.გერმანელი ექსპერტები (ჰაუპტმანი და კლეინი, ექსპედიციის მონაწილეები) კი შესაძლებლად თვლიან ართვინისა და საყდრისის დაკავშირებას მხოლოდ ძვ. წ. 3ათასწლეულის მიწურულისა და 2 ათასწლეულის დასაწყისის (და არა ძვ. წ. 4-3ათასწლეულების) ნივთებთან, რაც თვითონ შტოლნერსა და ღამბაშიძეს აქვთ მითითებული. ჰაუპტმანისა და კლეინის მიერ ოქროს ნივთებზე ჩატარებულმა Pb-isotope-ის ანალიზმა უჩვენა, რომ შეიძლებოდა საზოგადოდ საყდრისის მადნის გამოყენებაც ძვ. წ. 3 ათასწლეულსა და 2 ათასწულის დასაწყისში; თუმცა გეოლოგიურად მასთან (საყდრისთან) დაკავშირებული მურღულის საბადო, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, (ართვინის არეალი) ასევე თანაბრად შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ოქროს ნივთების წარმოშობის ერთ-ერთი რეგიონი.
კომისია, რომელიც „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ოქროს მაღაროს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, მიიჩნევს, რომ საყდრისი მე-2 ათასწლეულის მე-2 ნახევრის ან უფრო მოგვიანო ხანის ჩვეულებრივი სპილენძის მაღაროა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი, თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, მიუთითებს, რომ აბულმუგში (საყდრისი-ყაჩაღიანი ისტორიული სახელწოდება) XVIII საუკუნეში მოიპოვებდნენ მხოლოდ რკინას, სპილენძს და ქვალაჟვარდს.[15]
არქეოლოგიურ-ისტორიული ინტერპრეტაციები
ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ მოპოვებულია ათასობით ქვის ინვენტარი, ერთ ათეულზე მეტი ძვლის ნივთი, რაც მათი ვარაუდით, გამოიყენებოდა ე.წ. „მაღაროდან“ გამოტანილი მადნის დასამუშავებლად, თუმცა გერმანულ-ქართული ექსპედიციის მიერ არც ერთ ამ ნივთზე არ არის ჩატარებული თანამედროვე ინტერდისციპლინარული კვლევა. ასევე არ არის გაკეთებული ღმოჩენილია ტიგელის ანალიზი, რომელიც გამდნარი ლითონის ჩამოსასხმელად გამოიყენებოდა.
ობიექტზე (ბალიჭი-ძეძვები, რომელსაც ქართულ-გერმანული ექსპედიცია სამთოელთა დასახლებად მიიჩნევს) აღმოჩენილია ქურა, დიდი რაოდენობით სასრესი ქვები, სანაყები და უროები, რომელიც ქართულ-გერმანული ექსპედიციის ინფორმაციით მადნის დასაფქვავად გამოიყენებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო თავისი ფიზიკური თვისებების გამო (იგი რბილია და ადვილად იჭედება) კვალს ტოვებს მადნის დამუშავების ყველა ეტაპზე, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ეს კვალი უნდა აღმოჩენილიყო მადნების მოპოვებისა და დამუშავების იარაღების ზედაპირებზეც, ისევე როგორც სადნობი ღუმელის და ტიგელის ნაშთებზე, რაც საყდრისის შემთხვევაში არ გამოვლენილა.[18]
ინტერდისციპლინარული კვლევების მიხედვით, ამ ხეობაში, კვირაცხოვლის ძვ. წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარზე, აგრეთვე ადრეულ ყორღანში გამოვლენილი მასალა მიუთითებს მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების განვითარებაზე. ასეთივე სურათი დასტურდება ახ.წ. 5 საუკუნის ნამოსახლარზეც.
როგორც გეოლოგები აცხადებენ, რომ ობიექტის ტერიტორიაზე ქანების სიმტკიცე 20%-ით აღემატება ადგილზე აღმოჩენილ ე. წ. ინსტრუმენტების სიმტკიცეს.
გერმანული ექსპედიციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების თანახმად, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ საყდრისში მოპოვებულია ნახშირის მცირე რაოდენობა.
როგორც „საყდრისი-ყაჩაღიანის“ ოქროს მაღაროს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას მიაჩნია, თუ ექსპედიციის მიერ მოპოვებული ნახშირი აღნიშნული ქვაბულების თერმული დამუშავების შედეგადაა გაჩენილი, მაშინ ეს ერთეული ფრაგმენტები მადნის მოპოვებისათვის ძალიან ცოტაა. კომისიის დასკვნის თანახმად, ქვაბულის თერმული დამუშავების შედეგად აქ პრაქტიკულად ნაცრისა და ნახშირის უზარმაზარი მასა, ასეული კუბამეტრი ნახშირის მასა უნდა წარმოქმნილიყო, რაც არ არსებობს.
კომისიის აზრით, ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ გამოთქმული ვარაუდი მღვიმის თერმული დამუშავების შესახებ, ფაქტობრივად მოპოვებული მასალის (მცირე რაოდენობის ნახშირი) საფუძველზე არგუმენტაციას სრულად მოკლებულია.
ქართულ-გერმანული ექსპედიციის მტკიცებით, „საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროდან“ 5400 წლის წინ სავარაუდოდ რამდენიმე ათეული კილო ოქროა მოპოვებული. აღსანიშნავია რომ ამ პერიოდის ოქრო საქართველოში აღმოჩენილი არ არის.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ანალიზების შედეგები
ოფიციალური მასალებით, არ არის წარმოდგენილი აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი საწარმოო ნაშთების ანალიზების შედეგები, რომლებიც ამ მაღაროში სამთო წესით ოქროს წარმოებას დაადასტურებდა. მათ შორის, არც ტიგელის ანალიზის შედეგები, რაც პირდაპირ ინფორმაციას მისცემდა მეცნიერებს ლითონის იმ სახეობის შესახებ, რისთვისაც ეს ნივთი გამოიყენებოდა.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ არტეფაქტებზე ტრასოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა და შესაბამისად ოქროს კვალი არ დადასტურებულა, აღმოჩენილი არტეფაქტების ოქროს მადნის დასაფქვავ ინსტრუმენტებად ცალსახად მიჩნევას მეცნიერთა ნაწილი ეჭქვეშ აყენებს.
იურიდიული რეალობა
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, 2006 წელს, მაშინდელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის ბრძანების (№3/133) საფუძველზე მიენიჭა.ამ ბრძანებით, მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგინა 4000-ზე მეტ ძეგლს, რომლებიც 1999 წელს შეცდომით ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა. ამ ძეგლების 148-გვერდიან ჩამონათვალში აღმოჩნდა საყდრისის ობიექტი, რომელსაც 1999 წლამდე ძეგლის სტატუსი არ ჰქონია.
საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისის დასკვნის თანახმად, — „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო“ სამართლებრივად არ უნდა მოხვედრილიყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 30.03.2006წ. №3/133 ბრძანების დანართში, რადგანაც არ წარმოადგენდა მისი რეგულირების საგანს და ამდენად იგი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეიტანეს ზემოხსენებულ სამართლებრივ აქტში. ასევე, ძეგლის სტატუსი უძრავი ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტს უნდა მინიჭებოდა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე, რაც არ განხორციელებულა,რის შედეგადაც დაირღვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის, მე-16, მე-2 და მე-18.1 მუხლები. სამინისტროში არ მოიძებნა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველი“.