რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, საუდის არაბეთის განვითარების ფონდმა საქართველოს განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღების მზაობა გამოთქვა. ქარსელაძე საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანის შეხვდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
"მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. ამ პროგრესის და მიღწეული შედეგების ფონზე ძალიან საინტერესო იქნება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ეს თანამშრომლობა შეიძლება შეეხებოდეს იმ მრავალფეროვან პროექტებს, რომლებიც გაგვაჩნია, როგორც საგზაო, ასევე წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
კონფერენციას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს და მასში მონაწილეობენ საუდის არაბეთის, კვიპროსის, ქუვეითის, ნეპალის, მალდივის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტებიდან
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128