USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, დაებლოკათ ჯონ ბოლტონის სკანდალური წიგნის გამოცემა
дата:  1039

მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა - დაებლოკათ ნაციონალური უსაფრთხოების ყოფილი მთავარი მრჩევლის ჯონ ბოლტონის პუბლიკაცია - არ დააკმაყოფილა!

შაბათ დილით მოსამართლე როის ლამბერტმა სასამართლო დარბაზს  თავისი 10 გვერდიანი გადაწყვეტილება წარუდგინა. მისი გადაწყვეტილების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციის არგუმენტები წიგნის დაბლოკვის შესახებ სუსტია და მათზე დაყრდნობით პუბლიკაციის გამოცემის აკრძალვა უსამართლობაა. მოსამართლემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ოფიციალურად სამშაბათს უნდა გამოცემულიყო, გარკვეული მონაკვეთები უკვე გავრცელებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება მის გავრცელებას მაინც ვეღარ აღკვეთავდა.

"კარგად ცნობილია ყველა ის მიზეზი, რის გამოც ამერიკის სამართლიანი სასამართლო არ აპირებს ხელი შეუშალოს პოლიტიკური მემუარების გამოცემას," წერს მოსამართლე.

სასამართლო დავა ბოლტონსა და ტრამპს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოლტონმა თავისი პოლიტიკური მემუარების გამოცემა გადაწყვიტა. თუმცა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ამ დავამ სიმბოლურობა შეიძინა და სიტყვის თავისუფლებასა და ზღვაგადასულ ცენზურას შორის ბრძოლად შეფასდა.

პარასკევს მოსამართლე ლამბერტმა ორივე მხარის - ტრამპისა და ბოლტონის იურისტების 2 საათიანი მოხსენებები მოისმინა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა შემდეგი მოსმენა და გადაწყვეტილების გამოცხადება საჯარო ყოფილიყო და არა დახურული.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებისა, მოსამართლე ლამბერტმა ბოლტონი გააკრიტიკა, რადგან მან კულუარული ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებამდე გაახმაურა.

"მან შიდა ინფორმაცია მოკვლევის პროცესის დასრულებამდე გაიტანა სააშკარაოზე.  ჩემი ვარაუდით, ეს ნაბიჯი გაყიდვებისა და პოპულარობის ზრდას ემსახურებოდა, მაგრამ პარალელურად უდიდეს რისკებს შეიცავდა. ბოლტონმა ყველაფერი ერთ ფსონად დადო: თუ კი მართალი აღმოჩნდებოდა და დადგინდებოდა, რომ წიგნი მართლაც არ შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას - მას წარმატება ყველა ვარიანტში გარანტირებული ექნებოდა. ხოლო თუ კი განაჩენი მის წინააღმდეგ დადგებოდა - წირავდა ყველაფერს, საკუთარ თავსაც უფსკრულში იგდებდა და ნაციონალური უსაფრთხოებაც დიდი კითხვის ქვეშ დგებოდა. „

ლამბერტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პარასკევის მოსმენის დროს ცდილობდა დაერწმუნებინა იგი, რომ თემის ირგვლივ მაღალი ინტერესიდან და უსაფრთოების ინტერესებიდან გამომდინარე  მომდევნო სხდომაც დახურულად ჩაეტარებინათ, თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა საკითხი ღიად განხილულიყო და თანაც გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიეღო, რაც იუსტიციის დეპარტამენტიდან დამატებით ცნობებს მიიღებდა.

„საიდუმლო მასალების განხილვის შემდეგ, ისევე როგორც საჯარო დისკზე წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. მოპასუხე ბოლტონი  საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას საიდუმლო ინფორმაციების  გამჟღავნების გზით“ - აცხადებდა ტრამპის ადმინისტრაცია პარასკევს.

ბოლტონის ადვოკატმა  ჩარლზ კუპერმა  ამ განცხადებას  შაბათის მოსმენის დროს უპასუხა:  ”ჩვენ პატივისცემით მოვისმინეთ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები, თუმცა არ ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ბოლტონმა  მთავრობასთან არსებული კონტრაქტის რომელიმე ასპექტი რაიმე სახით დაარღვია, საშიშროება შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებას და დღეს სრული ჩანაწერის მოსმენის შემდგომ ამაში სასამართლოსაც დავარწმუნებთ“

"ამ საქმის ყველა დეტალი ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუმცა ჩვენ უახლოეს მომავლში მათ სააშკარაოზე გამოვიტანთ“  - ეს სიტყვებიც ბოლტონის ადვოკატ ჩარლზ კუპერს ეკუთვნის.

ისტორიის სათავეებს რომ მივუბრუნდეთ, ირკვევა, რომ თავდაპირველად ბოლტონთან ეროვნული უსაფრთხოების რამოდენიმე წარმომადგენელი მუშაობდა. ისინი ერთად გადიოდნენ საკითხებს, რომლებიც წიგნში უნდა შესულიყო. თუმცა მოულოდნელად თანამშრომლობის სესიები შეწყდა და თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, რომ წიგნის გამოცემა სრულებით მიუღებელი იქნებოდა.

მიუხედავად ბოლტონის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებისა, ტრამპმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ბუნებრივია, რომ მას შემდეგ რაც წიგნის ფრაგმენტებმა უკვე შეუქცევადად გაჟონა სოციალურ მედიაში და მასზე წვდომა უკვე უამრავ ადამიანს აქვს, ვერც ერთი პატივსაცემი მოსამართლის გადაწყვეტილება გავრცელების პროცესს ვერ შეაჩერებდა. თუმცა ბოლტონი ცალსახად დამნაშავეა, მან დაარღვია კანონი სამშობლოს წინაშე  ფულისა და დიდების გამო და ამისთვის შესაბამისი საზღაურის გადახდა მოუწევს.“

წიგნში საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობა. ბოლტონის მტკიცებით ტრამპმა საარჩევნო კამპანიაში დახმარების თხოვნით ჩინეთის მთავრობას, კეროდ კი ქსაი ჯინპინგს მიმართა. სანაცვლად კი დახმარება ისეთ საჩოთირო საკითხებში აღუთქვა, როგორიცაა მაგალითად - ჩინეთის საკონცენტრაციო ბანაკების არსებობის მხარდაჭერა.

რამოდენიმე საინფორმაციო საშუალებამ, მათ შორის CNN-მა უკვე მოიპოვა წიგნის ასლები და უკვე ქვეყნდება სტატიები, რომლებიც ბოლტონის ტრამპის მიმართ ბრალდებებს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა დავის პროცესი დასრულებული არ იყო, ბოლტონის წიგნის გამომცემელ კომპანიას საიმონ&შულტერს უკვე დაბეჭდილი ჰქონდა წიგნის 200,000 ეგზემპლიარი, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ინდოეთში გადანაწილდა.

თავად გამომცემლობის აღმასრულებელი დირექტორი სასამართლოს ესწრებოდა, სადაც მან განაცხადა, რომ წიგნის გამოცემა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მისი არგამოცემა უბრალოდ თავისუფალი სიტყვის აღკვეთა იქნებოდა.  მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა გამომცემლობის წარმომადგენლებმა სამადლობელი მიმართვა გაავრცელეს, სადაც წერენ: „ მადლობლები ვართ ამერიკის თავისუფალი სასამართლოსი, რომ მათ ხელი არ შეუწყვეს გაუმართლებელ ცენზურას და ამერიკისა და მსოფლიოს მოსახლეობა შეულამაზებელ სიმართლეს საკუთარი თვალით წაიკითხავს.“

წიგნი დახლებზე 23 ივნისს გამოჩნდება და უკვე ეჭვი არაა, რომ ბესტსელერიც გახდება.

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати