USD 2.6577
EUR 3.0768
RUB 3.6692
Tbilisi
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ კვარტალში 894 მილიონ ლარამდე გაიზარდა
Date:  456

საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ კვარტალში 894 მილიონ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-მარტის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მოგება წლიურ ჭრილში 146 მილიონი ლარით, ანუ 19.5%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 447.5 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 330 მილიონი ლარით (+12% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას კი კვლავ "ლიბერთი ბანკი" იკავებს 32.4 მილიონი ლარის მოგებით (+9% მატება წინა წელთან). ამასთან, 2026 წლის აპრილში "ბაზისბანკმა" ლიბერთი ბანკის შესყიდვის შეთანხმება გააფორმა და ერთი წლის ვადაში ბანკების სრული შერწყმა უნდა განხორციელდეს. თავად ბაზისბანკის მოგება 2026 წლის 3 თვეში 28.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 6.2 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-მარტში სწორედ სილქ ბანკს ჰქონდა.

# ბანკი მოგება 2026 წლის პირველ კვატლაში მლნ ლარი
მოგების ზრდა/კლება წინა წელთან
1 საქართველოს ბანკი 447.5 მლნ ლარი; 15%
2 თი–ბი–სი ბანკი 330.3 მლნ ლარი; 12%
3 ლიბერთი ბანკი 32.4 მლნ ლარი; 9%
4 ბაზის ბანკი 28.2 მლნ ლარი; 21%
5 კრედო ბანკი 20.9 მლნ ლარი; -5%
6 პროკრედიტ ბანკი 9.6 მლნ ლარი; 73%
7 ტერა ბანკი 8.0 მლნ ლარი; 24%
8 ხალიკ ბანკი 6.1 მლნ ლარი; 57%
9 ქართუ ბანკი 6.0 მლნ ლარი; -20%
10 მიკრობანკი კრისტალი 4.9 მლნ ლარი; 36%
11 პაშაბანკი 4.1 მლნ ლარი; -545%
12 იშ ბანკ 4.0 მლნ ლარი; 7%
13 პეივბანკი 2.6 მლნ ლარი; ბანკი წინა წელს 0.2 მლნ-ის ზარალზე იყო;
14 ზირაათ ბანკი 1.7 მლნ ლარი; -5%
15 მიკრობანკი ემბისი 1.0 მლნ ლარი; 40%
16 პეისერა -0.5 მლნ ლარი; ბანკი წინა წელს 0.04 მლნ-ის ზარალზე იყო;
17 ჰეშბანკი -2.7 მლნ ლარი; ბანკი წინა წელს 2 მლნ-ის ზარალზე იყო;
18 ვი–თი–ბი ბანკი -3.3 მლნ ლარი; ბანკი წინა წელს 33.5 მლნ-ის ზარალზე იყო;
19 სილქ ბანკი -6.2 მლნ ლარი. ბანკი წინა წელს 5.3 მლნ-ის ზარალზე იყო;
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way