საქართველოში მინის ტარის ერთადერთმა მწარმოებელმა სს “მინა” 2025 წელს ექსპლუატაციაში ახალი ღუმელი გაუშვა. ამის შესახებ კომპანიამ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში დაწერა.
კომპანიის ცნობით, 2024 წელს ქსანში მინის ტარის ქარხნის მფლობელ კომპანიას შემოსავლები 43%-ით 100 მილიონ ლარამდე გაეზარდა. საწარმოს საოპერაციო მოგება 3,26 მლნ ლარი იყო, თუმცა წელი 1,1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2023 წელს არსებული 10.7 მლნ ლარის ზარალის შემდეგ.
ამჟამად სს "მინაში" მინის სახარში ორი ღუმელი და მინის ყალიბების ოთხი ხაზი ფუნქციონირებს. კომპანიამ ერთი ე.წ B ღუმლის განახლება 2023 წელს დაასრულა, მეორე C ღუმლის განახლება კი 2025 წლის ივლისში დასრულდა. შედეგად, ორივე ღუმლის დღიური წარმადობა 100-დან 150 ტონამდე გაიზარდა, ხოლო კომპანიის წლიური სიმძლავრე 60 ათასი ტონიდან გაიზარდა 90 ათას ტონამდე.
კომპანიაში 230 კაცია დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. პერსონალის ძირითადი ნაწილი კი მუშათა კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი 2024 წელს დასაქმებულთა 75% იყო.
კომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილი - 93.1 მლნ ლარი შიდა გაყიდვებზე მოდის. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები კი, 2024 წელს გაორმაგებული იყო და 6.9 მლნ ლარს მიაღწია.
ადგილობრივ ბაზარზე სს "მინის" ძირითადი კლიენტები არიან: "აი დი ეს ბორჯომი საქართველო"; სს "წყალი მარგებელი" (ნაბეღლავი); სს „ლომისი“: სს „გლობალ ბიარ ჯირჯია“, სს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და სხვა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მთავარი ფოკუსი აზერბაიჯანში რეალიზაციის გაფართოებაზეა.
ფინანსურ ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ მთავარი გამოწვევა საკანონმდებლო, საგადასახადო და მარეგულირებელი ბაზაა, რომელიც განაგრძობს განვითარება, თუმცა "ექვემდებარება განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და ხშირ ცვლილებებს, რომლებიც სხვა სამართლებრივ და ფისკალურ წინააღმდეგობებთან ერთად აღრმავებს პრობლემებს, რომლებსაც საქართველოში მოქმედი კომპანიები ხვდებიან"
სს "მინა" 100% თურქულ "შიშეჯამს" ეკუთვნის, რომელიც შედის მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ხუთეულში.