USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
საქართველოს უცხოელი მეგობრები - ჯეფრი გოსბი, ბრიტანელი ენათმეცნიერი და მთარგმნელი
თარიღი:  874

ქართულის სწავლა 2003 წელს დავიწყე, ოქსფორდის უნივერსიტეტში მისვლიდან ცოტა ხნის შემდეგ. გერმანულსა და ენათმეცნიერებას ოქსფორდში, ლინკოლნ კოლეჯში ვსწავლობდი, როგორც უცხო ენებით დაინტერესებულს, მინდოდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში დამატებითი ენა მესწავლა. ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ მოსალოდნელი ფრანგულის, ესპანურის და რუსულის გარდა, ქართულის სწავლაც შეიძლებოდა ქალბატონ ლია ჩოკოშვილის გაკვეთილებზე.

ქართული ენის შესახებ მაშინ თითქმის არაფერი ვიცოდი - ერთადერთი, რაც მანამდე მქონდა ნანახი, იყო წიგნი მსოფლიო დამწერლობების შესახებ, სადაც ქართული ანბანის გულისებრმა ასოებმა თავიანთი უცნაური სილამაზით იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ მაშინვე გადავწყვიტე დავსწრებოდი ქალბატონი ლიას გაკვეთილებს. მალე მივხვდი, რომ ჭეშმარიტ დამალულ საგანძურს წავაწყდი: უზომოდ დავინტერესდი არა მხოლოდ ქართული ენით, რომელიც თავისი უხვი ბგერათა მარაგით, ინდოევროპული ენების უმეტესობის მოლაპარაკეთათვის უცნობი ბრუნვათა სისტემით და რთული ზმნური მორფოლოგიით, ერთდროულად დიდ გამოწვევასა და დიდ სიამოვნებასაც სთავაზობს ნებისმიერ შემსწავლელს, არამედ თვით საქართველოთი, მისი მდიდარი ისტორიით და კულტურით.

რამდენიმე წლის შემდეგ, მარჯორი უორდროპის ფონდის დაფინანსებით, ჩემი სადოქტორო თემა მივუძღვენი ინფორმაციის სტრუქტურირებას ქართულში – სინტაქსის ურთიერთქმედებას ინტონაციასთან ქართულ წინადადებაში ახალი და ძველი ინფორმაციის გამოსახატავად. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე თვე გავატარე საქართველოში, სადაც თორნიკე დარჯანიამ და მისმა ოჯახმა თბილად მიმასპინძლეს და ბევრი ქართველი დამეხმარა ჩემი ენათმეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარებაში.


ამ გამოცდილებებმა კიდევ უფრო მეტად გამიფანტა ჩემი წინასწარშექმნილი იდეები ქართულის შესახებ და მიმახვედრა, რომ საქმე მქონდა არა რაღაც რომანტიკული წარსულის კუთვნილებასთან, არამედ თანამედროვე ენასთან, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში გამოიყენება და მუდმივად ვითარდება. ასეთი რამ, მგონი, აუცილებელია ნებისმიერი უცხო ენის სრულფასოვანი შეცნობისთვის და ასევე მისი სრულფასოვანი თარგმნისთვის, რომელშიც ინტენსიურად ჩავერთე ჩემი სადოქტორო თემის დაცვიდან ცოტა ხნის შემდეგ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათზე მეტ თარგმანზე ვიმუშავე; ზოგი უკვე გამოცემულია, ზოგი მალე გამოქვეყნდება. მათ შორის არის „The Man in the Panther’s Skin: A Condensed Prose Retelling“ (გამომცემლობა არტანუჯი, 2018), „The State Controller’s Office of the Democratic Republic of Georgia“ (საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2020) და „Life in Soviet Georgia: 70 Stories“ (გამომცემლობა არტანუჯი, 2021). ამ მესამე წიგნზე მუშაობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; ამჟამად რამდენიმე ახალ პროექტში ვარ აქტიურად ჩართული. ერთ-ერთია ქართული ლიტერატურის თარგმნის პროექტი ოქსფორდში, რომელიც ლია ჩოკოშვილთან და მის სტუდენტებთან ერთად რამდენიმე წლის წინ დავიწყე პირველი წიგნის გამოქვეყნებით: „Unlocking the Door/კარს მიღმა“ (გამომცემლობა სეზანი, 2017). ამას მოჰყვა გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ და ხუთი მოთხრობა. პროექტის ფარგლებში ამჟამად ვთარგმნი სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“. ეს, რამდენადაც ვიცით, ტექსტის პირველი სრული ინგლისური თარგმანი იქნება. საოცარი შეგრძნებაა საბას თვალით დანახულ მაშინდელ ევროპაში სიარული.


როდესაც ქართული ენის სწავლა დავიწყე, ვარდების რევოლუციის პერიოდი იყო. ამ დროს ბევრმა ადამიანმა ჩემს გარშემო ან ძალიან ცოტა იცოდა საქართველოზე, ან საერთოდ არაფერი. რომ ვეუბნებოდი, ქართულს ვსწავლობ-მეთქი, ხშირად ეგონათ, რომ საქმე მქონდა ბრიტანული ისტორიის მეფეების გიორგების ეპოქასთან (the Georgian Era). დღეს კი მდგომარეობა ძალიან სხვაგვარია: ბრიტანულ გაზეთებსა და ჟურნალებში ხშირად წერენ სტატიებს საქართველოზე და ასევე ქვეყნის შესახებ გადაცემები გადის ტელევიზიით. იქ თითქმის ყოველთვის საუბარია ტურიზმზე, არქიტექტურაზე და ბუნებაზე, მაგრამ ამის გარდა საქართველოს უხვი სალიტერატურო სიმდიდრე აქვს მსოფლიოსთვის გასაზიარებელი. სასურველია, საქართველოს მთავრობის და გავლენიანი პირების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა თარგმნის პროექტების ხელშეწყობასა და დაფინანსებაში. როგორც როსტევანი ეუბნება თინათინს: ,,რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია!“

Speech • სფიჩი

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის