USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
Тбилиси
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა გუნდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი ადგილი და NASA-ს საგზური მოიპოვა
дата:  524

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა გუნდი „ელფები“ (Elves) ათასწლეულის ინოვაციის რიგით მე-7 კონკურსის (Millennium Innovations Award) გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

გამარჯვებული გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამასა და საზაფხულო ბანაკში მიიღებს მონაწილეობას.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებული მოსწავლეთა გუნდის - „ელფების“ წევრები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან: ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა, თბილისი), პანტელეიმონ კობახიძე, მარიამ მიქაძე, თამარ მაღრაძე (აია-GESS, თბილისი), გეგა ხაჩიძე (კომაროვის სახ. #199 საჯარო სკოლა, თბილისი). მოსწავლეთა გუნდს სამეცნიერო ხელმძღვანელობასა და მენტორობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თემურ ჩიჩუა უწევდა.

 სტუ-ის მოსწავლეთა გუნდ „ელფების“ საკონკურსო პროექტი - „კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებადი ჰაერის იონიზატორის კონსტრუირება" (Desing of a Low Voltage Operating Air Ionizer Using Carbon Nanofibers) - ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე თერთმეტი ფინალისტი გუნდის მიერ შექმნილ პროექტებს შორის საუკეთესოდ დასახელდა.

 მოსწავლეთა ფინალში გასულმა გუნდებმა წარადგინეს პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების გალა ცერემონია, რომელიც ფეისბუქ-ლაივით გადაიცა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ გახსნა:

 „მოხარული ვართ, რომ შვიდი წლის მანძილზე 2000-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა საშუალება, კონკურსში ძალიან საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარმოედგინა. კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, STEM დარგებისადმი დაინტერესების გაზრდას და ინოვაციების შექმნის წახალისებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს, რომელიც 2014 წლიდან ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღნიშნულ კონკურსს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების გალა ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

„ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ გამარჯვებას! ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და როგორც პროფესორისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერებით. სწორედ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი საქართველოში კონკურენტუნარიანი ახალი პროდუქტების, აპლიკაციების, საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა. ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოვებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპერების გაძლიერებას. მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაა“, - აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გამოსვლისას.

 სტუ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტთან არსებულ მოსწავლეთა გუნდს ღირსეულ გამარჯვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მიულოცა.

 „არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, უკვე გამომგონებლებს, მეცნიერების ურთულეს გზაზე გადადგმულ პირველ წარმატებულ ნაბიჯს ვულოცავთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა ჯგუფის გამარჯვება, პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ორმაგად სასიხარულოა. მათ დაისახეს მიზანი, შესძლეს ინოვაციური იდეების განხორციელება, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის პროფესორს, „ელფების“ სამეცნიერო ხელმძღვანელს თემურ ჩიჩუას მიუძღვით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსწავლეები კიდევ არაერთი წარმატებით გაგვახარებენ“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

 როგორც სტუ-ის გამარჯვებული გუნდის, „ელფების“ წევრებმა განაცხადეს, „ბოლო პერიოდში, კოვიდპანდემიის გამო, ძალიან აქტუალური გახდა იონიზატორის მოწყობილობები. ჩვენ გამოვიკვლიეთ და ძიებამ გვაჩვენა, რომ უკვე არსებულ იონიზატორებს აქვთ რამდენიმე ნაკლი და გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით გვემუშავა. ჩვენი იონიზატორი კომპაქტური და არსებულზე ბევრად უფრო ეფექტურია. მოწყობილობის მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა კი კარბონის ნანოძაფების დახმარებით შევძელით. ეს ჩვენი გუნდის პირველი სერიოზული გამარჯვებაა, რამაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა და მოტივაციაც გავიასმაგა. ამ გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ვუძღვნით, რომელიც წელს საზეიმოდ აღინიშნება“.

 ცნობისთვის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2014 წლიდან იმართება და უფროსკლასელებში ინოვაციური პროექტებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას ისახავს მიზნად. 2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 64 განაცხადი: 45% - თბილისის, ხოლო 55% - საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეებისგან. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა თერთმეტი გუნდი - თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისისა და სენაკის საჯარო სკოლებიდან.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати