USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება
дата:  530

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალური განცხადებით ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში ბოლო დროს გასულ ინფორმაციას, რომლის თემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების შედეგები იყო.

როგორც სტუ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ინფორმაციას 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

„ლატენტური დეზინფორმაცია, რომელიც ზოგიერთ მედიასაშუალებაში ბოლო დროს გასულ ინფორმაციას გასდევს, მიზნად ისახავს ეჭვქვეშ დააყენოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში თავისუფალი და დემოკრატიული გარემოს არსებობა, გამჭვირვალობა, სწავლების ხარისხი, ეროვნული ფასეულობების პატივისცემა, სწრაფვა საუკეთესო საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარება-დანერგვისკენ; ასევე, მიზნად ისახავს უნდობლობა შეიტანოს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი, მკვეთრად უარყოფითად განაწყოს ახალგაზრდა თაობა იმ უმაღლესი სასწავლებლების მიმართ, რომლებსაც არსებობის საუკუნოვანი ისტორია, უდიდესი სამეცნიერო-აკადემიური ტრადიციები გააჩნიათ და ათეულობით წელია დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და სოციალურ-კულტურული სფეროს განვითარებაში; მეტიც, ზოგიერთი მედიასაშუალება მაქსიმალურად ცდილობს დააკნინოს სახელმწიფო უნივერსიტეტები იქამდე, რომ ისინი პოლიტიკური დავალებების უპირობო შემსრულებლებად მონათლოს, რაც მძიმედ გადასატანია ნებისმიერი უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეებისა და თანამშრომლებისთვის, რადგან მსგავსად გაუმართლებელი დეზინფორმაციული თავდასხმები დარტყმის ქვეშ აყენებს უმაღლესი სასწავლებლის მისიას, სახელსა და იმიჯს სტუდენტებისა და მომავალი თაობების თვალში, საერთო ჯამში კი, მიზნად ისახავს ქვეყნის განათლების სისტემის დისკრედიტაციას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, განმარტების სახით, ცალსახად განაცხადოს შემდეგი და აპელირება გაუწიოს მედიასაშუალებებს იმ ფინანსურ გადაცდომებზე, რაც გარდაცვლილთათვის თუ გაურკვეველ პირთათვის თანხების ჩარიცხვას, ასევე, უნივერსიტეტის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფას ეხება.

როგორც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა თემის კომენტირებისას ღიად აღნიშნა, უნივერსიტეტში ნამდვილად მოქმედებდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თაღლითური სქემების საშუალებით, უნივერსიტეტის კუთვნილ თანხას ითვისებდა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა - საფინანსო დეპარტამენტმა და შიდა აუდიტის სამსახურმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, თვითონ გამოავლინეს უნივერსიტეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტი, რის თაობაზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მიმართა ქ. თბილისის პროკურატურას და მას მოკვლეული დოკუმენტაცია გადასცა.

ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის სსკ-ის -180 მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლებრივი დევნის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი 15 პირის მიმართ გამოიტანა, ხოლო რამდენიმე პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღესაც მიმდინარეობს. საგულისხმოა ისიც, რომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უნივერსიტეტის მიერ გამოვლენილი თაღლითური სქემისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მედიას რეგულარულად აწვდიდა.

საზოგადოებისთვის შესაძლოა, ასევე, სრულიად გაუგებარი იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოხსენიებული ფაქტები, რაც გარდაცვლილთათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან თანხების ჩარიცხვას უკავშირდება, რადგან ამის შესახებ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მას ბუნდოვანი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარია გარკვეულ სახელფასო სარგოზე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერიცხება უმაღლესი სასწავლებლის წინაშე ათეულობით წლების მანძილზე განსაკუთრებული სამეცნიერო-პედაგოგიური დამსახურების მქონე პირს - პროფესორ ემერიტუსს, რომელსაც, როგორც წესი, აღნიშნული წოდება უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ენიჭება.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ემერეტუსის წოდების მქონე გარდაცვლილ თანამშრომლებზე სახელფასო სარგოს დარიცხვა და აღნიშნულთან დაკავშირებული ფრიად უხერხული სიტუაციების წარმოქმნა აიხსნება იმით, რომ კუთვნილი სახელფასო სარგო ირიცხებოდა გარდაცვალების ფაქტის შესახებ უნივერსიტეტში ცნობის მოსვლამდე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ემერიტუსთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის შემდეგ, დაუყოვნებლივ მოხდა ჩარიცხული თანხის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტისთვის დაბრუნება. მეტიც, საკითხის დარეგულირებისა და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, სტუ-ის კანცლერმა, ჯერ კიდევ 2020 წელს, ოფიციალურად მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გადასცა სტუ-ის ემერიტუსთა მონაცემები და უწყებისგან უნივერსიტეტის დროულად ინფორმირება ითხოვა, რათა შემდგომშიც, დადასტურებული ინფორმაციის არარსებობის გამო, არ მომხდარიყო გარდაცვლილ პირებზე თანხის დარიცხვა, რაზედაც უნივერსიტეტმა სააგენტოსგან თანხმობა მიიღო.

რაც შეეხება უნივერსიტეტის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფას, დღეის მდგომარეობით, სტუ-ის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის დადგენილია საწვავის ყოველთვიური მკაცრი ლიმიტები, რომელთა გაცემა ხდება ყოველთვიურად, უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანების საფუძველზე. გარდა ამისა, საწვავის ხარჯვის კონტროლი ხორციელდება ყოველდღიურად, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელზეც წვდომა აქვს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის მართვის, უსაფრთხოებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტს. აღნიშნული დეპარტამენტი კი, საწვავის მოხმარების შესახებ დამუშავებულ ინფორმაციას უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იცავს გამჭვირვალობის პრინციპებს და მზად არის, არგუმენტირებული დიალოგისა და ობიექტური პოლემიკის ფორმატში, ღიად ითანამშრომლოს ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან, ამასთან ერთად, იმედს იტოვებს, რომ საზოგადოება ობიექტურად შეაფასებს უნივერსიტეტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალურ განცხადებაში.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати