ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით!
კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე, ხშირად – მათ შორის დავის საგანი იყო. აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. იგი ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, და ამავე დროს, სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტური, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობთ ქართველები.
ამ მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.
ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული – ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი.
ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს. ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობასავით ძველია.
ქართველ ერს ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კავშირი მახლობელი აღმოსავლეთისა თუ შუამდინარეთის ძველ ცივილიზაციებთან. ქართული პოლიტიკური ერთეულების უძველესი მოხსენიება ასურულ წყაროებში გვხვდება. ქართული სამეფოები კოლხეთი, დიაოხი, იბერია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.
არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფენ კავშირს ოქროს საწმისის ელინურ მითსა და რეალობას შორის; ამ კავშირში ეჭვი არ ეპარებოდათ ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ისტორიკოსებს. სწორედ კოლხეთის, როგორც ოქროს საწმისის ქვეყნის წყალობით დაიმკვიდრა პირველად საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ კულტურაში: კოლხეთში არგონავტების ლაშქრობას ეძღვნება ბერძნული მითოლოგიის მთელი ციკლი, ხოლო ბერძნული მითები არის ის მთავარი წყარო, რომელმაც დასაბამი მისცა ჯერ ანტიკურ, ხოლო შემდგომ ევროპულ კულტურას.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა და მის კონტინენტთაშორის შემაერთებელი ხიდის ფუნქციას სძენდა აბრეშუმის გზა; საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა.
მოგვიანებით, ანტიკურ საფუძველზე, ჩვენ ერთ-ერთი პირველნი ვამკვიდრებდით ქრისტიანობას, რომელიც თანამედროვე ევროპის უმთავრეს ღირებულებრივ საფუძველს წარმოადგენს; ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება.
ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად;
მისი მმართველობის დროს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი მანგანის აკადემიის ანალოგიით ორი დიდი აკადემია შეიქმნა-გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებიც აღმოსავლურ უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ.
XII საუკუნეში საქართველოს მართავდა აღმაშენებლის მემკვიდრე თამარი, თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი; ამ ეპოქის ნაყოფია ჩვენი არქიტექტურისა და ხელოვნების მრავალი შედევრი, მათ შორის, პოეტური ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალი, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ქართველთა მსოფლმხედველობას.
ასევე უძველესია ქართული დამწერლობა – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა ზოგიერთი ცნობებით, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა, რომელიც იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა.
ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.
ალბათ, ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.
სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა – ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და დემოკრატიული საზოგადოების პირველ ჩანასახად შეიძლება ჩაითვალოს. იგი თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და, ხშირად, ახალი ტრადიციების დაბადების ადგილია. ამ უძველესი ტრადიციის წესები, რაც ვანში (დასავლეთ საქართველოში) აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშებით დასტურდება, დღესაც ცოცხალია ჩვენს ყოველდღიურობაში.
და რა თქმა უნდა, სუფრასთანაა დაკავშირებული ქართული ღვინის მირთმევის კულტურაც. ალბათ ყველა თქვენგანი იცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს.
სწორედ ამიტომ გამოცხადდა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად.
მდიდარ ტრადიციებზე იზრდებოდა, ეფუძნებოდა და აგრძელებდა თანამედროვე საქართველოს შემოქმედი ყველა თაობა – ჩვენი დიდი განმანათლებლები სულხან-საბა და ვახტანგ მეექვსე, დიდი რეფორმატორი და ევროპული მოდერნიზაციის მოთავე მეფე ერეკლე II, მოგვიანებით – ილია ჭავჭავაძე. ევროპული საგანმანათლებლო სისტემის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც 1918 წელს კავკასიაში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი დააფუძნა. ის გახდა ქართველ ინტელექტუალთა ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდი.
ამ ტრადიციების პირმშოა ქართული მეცნიერება, მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია თანამედროვე ქართული თეატრი, კინო, საოპერო და საბალეტო ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, მწერლობა და პოეზია.
მინდა აღვნიშნო, რომ 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
გვეამაყება ისიც, რომ ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე – მიშელ მუსხელიშვილი იყო.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ – თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12% დაცულია. დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალის შექმნით, 110 წლის წინ იწყება. ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა აქტიურად გრძელდება, რასაც დღეს, კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევის ფონზე, კიდევ უფრო დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
იქ, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას – ქართულ სტუმართმოყვარეობას.
ისინი, ვინც უკვე ყოფილან საქართველოში – იცნობენ ამ ფენომენს და იციან, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა – მართლაც უსაზღვროა.
ქართული გამოთქმა ამბობს – სტუმარი – ღვთისაა. ჩვენთან სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ.
რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ქართველისთვის იგი იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად, მუდამ ცოცხალი ტრადიციაა. ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი.
დღეს ჩვენ განსაკუთრებული როლი გვერგო – ჩვენ სტუმრად ვართ ევროპაში, და ამავდროულად, გმასპინძლობთ საქართველოს სახელით. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში. და დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის მიუხედავად, უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი, რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად.