USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ITB Berlin 2023-ის გახსნის ღონისძიებაზე (სრული ტექსტი)
Date:  338

ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით!

მივესალმები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, რობერტ ჰაბეკს, ბერლინის მერს ფრანცისკა გიფაის, მესე ბერლინის ხელმძღვანელს დირკ ჰოფმანს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს და ჩემს მეგობარს ზურაბ პოლოლიკაშვილს, მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) დირექტორს ჯულია სიმპსონს.
ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ საქართველოს სახელით.

კავკასიის რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაშესაყარზე მდებარე ჩვენი ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი ცივილიზაციის ეპიცენტრი, დიდი იმპერიების სამიზნე, ხშირად – მათ შორის დავის საგანი იყო. აქ კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდია წარმოდგენილი. იგი ყალიბდებოდა და იცვლებოდა მუდმივ ბრძოლაში, განვითარებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, და ამავე დროს, სხვა კულტურებთან აქტიურ ურთიერთქმედებაში; სწორედ ამ კულტურათა თანამშრომლობამ წარმოშვა საქართველოში ის ინტერკულტური, ტოლერანტული ბუნება, რომლითაც ასე ვამაყობთ ქართველები.

საქართველო გამორჩეულია თავისი ბუნებითაც. ძნელად მოიპოვება ტერიტორია სადაც მსგავსი ბუნებრივი მრავალფეროვნება და უწყვეტი კულტურაა.

ამ მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული სუბტროპიკულიდან, დამთავრებული მარადი თოვლისა და მყინვარების ზონით.

ასეთ გარემოსა და ისტორიულ პროცესში ჩამოყალიბდა ქართული – ტოლერანტული, ყველა კულტურისა და განსხვავების პატივისმცემელი ჩვენი იდენტობა და კულტურა, ქართველი ადამიანის ხასიათი.

ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი ისტორია და მრავალათასწლიანი ეროვნული კულტურა აქვს. ეს კულტურა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და თავად კაცობრიობასავით ძველია.

 დიახ, ჩვენი ისტორია უხსოვარ დროში იწყება. ევრაზიის ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი წინაპარი საქართველოშია აღმოჩენილი. ალბათ ყველას გსმენიათ Homo Georgicus-ის, პირველი ევროპელების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თითქმის ორი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ და სათავე დაუდეს თანამედროვე ევროპის მოსახლეობას.

ქართველ ერს ყოველთვის ჰქონდა მჭიდრო კავშირი მახლობელი აღმოსავლეთისა თუ შუამდინარეთის ძველ ცივილიზაციებთან. ქართული პოლიტიკური ერთეულების უძველესი მოხსენიება ასურულ წყაროებში გვხვდება. ქართული სამეფოები კოლხეთი, დიაოხი, იბერია მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად იქცა.

 ანტიკურ ეპოქაში ჩვენ მაშინდელი დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი კერა ვიყავით; “ოქრომრავალი კოლხეთი”- ასე იხსენიება კოლხეთი უძველეს წერილობით წყაროებში ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა მიკენი, ბაბილონი, ათენი. ძველ კოლხეთში ყვაოდა ფილოსოფია; ფაზისის ფილოსოფიური სკოლის შესახებ, სადაც თვით ბერძნებიც იღებდნენ განათლებას, თავად ძველი ელადის ფილოსოფოსები მოგვითხრობენ.

არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფენ კავშირს ოქროს საწმისის ელინურ მითსა და რეალობას შორის; ამ კავშირში ეჭვი არ ეპარებოდათ ჯერ კიდევ ძველ ბერძენ ისტორიკოსებს. სწორედ კოლხეთის, როგორც ოქროს საწმისის ქვეყნის წყალობით დაიმკვიდრა პირველად საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ კულტურაში: კოლხეთში არგონავტების ლაშქრობას ეძღვნება ბერძნული მითოლოგიის მთელი ციკლი, ხოლო ბერძნული მითები არის ის მთავარი წყარო, რომელმაც დასაბამი მისცა ჯერ ანტიკურ, ხოლო შემდგომ ევროპულ კულტურას.

 

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველო გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარეობდა და მის კონტინენტთაშორის შემაერთებელი ხიდის ფუნქციას სძენდა აბრეშუმის გზა; საქართველოში ერთმანეთს ხვდებოდა ევროპა და აზია, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციის ნაკადები. ქვეყანა ამ ორი სამყაროს კულტურათა თვითმყოფად ნაზავად იქცა.

მოგვიანებით, ანტიკურ საფუძველზე, ჩვენ ერთ-ერთი პირველნი ვამკვიდრებდით ქრისტიანობას, რომელიც თანამედროვე ევროპის უმთავრეს ღირებულებრივ საფუძველს წარმოადგენს; ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მეოთხე საუკუნეში უკვე ქართულად იყო ნათარგმნი სახარება.

ჩვენი ისტორიის ოქროს ხანის კულტურა, ქართული რენესანსი, შუა საუკუნეებში აგრძელებდა იმ უზენაესი იდეალების დამკვიდრებას, რომელთაც დღევანდელი ევროპა აღიარებს ფუძემდებლურად;

 საქართველოს ჰყავდა გამორჩეულად საამაყო მეფე, დავით აღმაშენებელი, რომლის დიდი ძალისხმევისა და გონივრული პოლიტიკის შედეგად XII საუკუნეში საქართველომ არნახულ ძლიერებას მიაღწია. ევროპაში იყო გავრცელებული ლეგენდა პრესვიტერ იოანე ხუცესის შესახებ, ამ ლეგენდარულ პერსონაში სწორედ ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი იგულისხმებოდა.

მისი მმართველობის დროს საქართველოში მსოფლიოში ცნობილი მანგანის აკადემიის ანალოგიით ორი დიდი აკადემია შეიქმნა-გელათის და იყალთოს აკადემიები, რომლებიც აღმოსავლურ უნივერსიტეტებს წარმოადგენდნენ.

XII საუკუნეში საქართველოს მართავდა აღმაშენებლის მემკვიდრე თამარი, თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი; ამ ეპოქის ნაყოფია ჩვენი არქიტექტურისა და ხელოვნების მრავალი შედევრი, მათ შორის, პოეტური ხელოვნების ერთ-ერთი მწვერვალი, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ქართველთა მსოფლმხედველობას.

ენა, რომელზეც ეს უკვდავი ქმნილებაა დაწერილი, ერთ-ერთი უძველესია დღეს არსებულ ენათა შორის; ამ ენას ჩვენ დედა-ენას ვუწოდებთ, რადგან სწორედ იგია ჩვენი იდენტობის უმთავრესი საფუძველი, საიდანაც ქართული სული, ქართველის თვითშეგნება და მსოფლმხედველობა იბადება.

ასევე უძველესია ქართული დამწერლობა – ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალური, რომელსაც ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ფარნავაზ I-მა მისცა საბოლოო სახე, თუმცა ზოგიერთი ცნობებით, ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნიდან არსებობდა; ჩვენი დამწერლობის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია როგორც საქართველოში, ისე, მის ფარგლებს გარეთ. ქართული ანბანი მნიშვნელოვანი ცვლილების შედეგად სამი სახის დამწერლობად ჩამოყალიბდა, რომელიც იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარა.

ჩვენ მცირერიცხოვან, მაგრამ წარსულით ამაყ, თავისუფლების მოყვარე, დაუმარცხებელ ქართველ ერს წარმოვადგენთ.

 ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, და, ამავე დროს, კაცობრიობის კულტურული მონაპოვარია მრავალხმიანი სიმღერა; ქართულ პოლიფონიაში განსახიერებულია ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებები: თითოეული ინდივიდის თავისუფლება და უნიკალურობა და, ამავე დროს, სხვისადმი პატივისცემა, სოლიდარულობა და ჰარმონიული თანაცხოვრებისკენ სწრაფვა.

ალბათ, ქართული სული ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს ჩვენს ცეკვებში, რომელიც ათასწლეულებში იღებს სათავეს. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი შრომის, ბრძოლისა თუ ყოფითი ქორეოგრაფია აქვს, და ყველა მათგანი სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულითაა განმსჭვალული.

სიმღერასთან, ცეკვასთან, ურთიერთობის ტრადიციებთანაა დაკავშირებული ქართული სუფრა – ჩვენი ყოველდღიური კულტურის, სოციალური ყოფის განუყოფელი ნაწილი. ქართული სუფრა უნიკალურია მთელ მსოფლიოში და დემოკრატიული საზოგადოების პირველ ჩანასახად შეიძლება ჩაითვალოს. იგი თანასწორი ურთიერთობების, საჯარო მსჯელობის, ტრადიციების გაგრძელებისა და, ხშირად, ახალი ტრადიციების დაბადების ადგილია. ამ უძველესი ტრადიციის წესები, რაც ვანში (დასავლეთ საქართველოში) აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშებით დასტურდება, დღესაც ცოცხალია ჩვენს ყოველდღიურობაში.

და რა თქმა უნდა, სუფრასთანაა დაკავშირებული ქართული ღვინის მირთმევის კულტურაც. ალბათ ყველა თქვენგანი იცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს.

ჩვენ ვამაყობთ, ამ ღვთაებრივი სასმლის დამზადების რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიციით, რაც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი, დათარიღებული 8 ათასი წლით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების განვითარებაზე.

სწორედ ამიტომ გამოცხადდა იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად.

საქართველოში ითვლიან 500-ზე მეტ ადგილობრივ უძველესს ჯიშს, რომლებიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. ღვინის ქვეყანაში, ისტორიულად, თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა საკუთარი მცირე მარანი. ვაზი და ღვინო საღმრთო, რიტუალურ, რელიგიური კულტის დონემდე იყო აყვანილი იმდენად, რომ სამშობლოს ყველაზე მაღალ ეპითეტად ვენახთან შედარებას იყენებდნენ; ქებათა-ქება ვაზისადმი – “შენ ხარ ვენახი”, საგალობლად და ერთგვარ ეროვნულ ჰიმნად იქცა. ეს არის ლოცვა ქართველი კაცისა, ვისთვისაც მამული, ვაზი და ვაზის ლერწით შეკრული ქართველთა გამაქრისტიანებელი ჯვარი ერთ სიმაღლეზე დგას. ქრისტიანობის ისტორიამ არ იცის მსგავსი და თან უფრო პოეტური ფორმა ქრისტეს სჯულზე მოქცევისა.
 ვამაყობ, რომ მქონდა პატივი ხელი მომეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), რომელმაც გაზარდა ქართული ღვინის ცნობადობა და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული მეღვინეობის სექტორი კიდევ უფრო განვითარდა, რაც 8 000 წლის წინ დაწყებული ისტორიის ღირსეული დღევანდელი დღეა.

მდიდარ ტრადიციებზე იზრდებოდა, ეფუძნებოდა და აგრძელებდა თანამედროვე საქართველოს შემოქმედი ყველა თაობა – ჩვენი დიდი განმანათლებლები სულხან-საბა და ვახტანგ მეექვსე, დიდი რეფორმატორი და ევროპული მოდერნიზაციის მოთავე მეფე ერეკლე II, მოგვიანებით – ილია ჭავჭავაძე. ევროპული საგანმანათლებლო სისტემის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც 1918 წელს კავკასიაში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი დააფუძნა. ის გახდა ქართველ ინტელექტუალთა ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდი.

ამ ტრადიციების პირმშოა ქართული მეცნიერება, მსოფლიო კულტურის საგანძურის ნაწილია თანამედროვე ქართული თეატრი, კინო, საოპერო და საბალეტო ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, მწერლობა და პოეზია.

სამართლიანად ვამაყობთ 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მონაპოვრით, რომლის კონსტიტუცია მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარ დოკუმენტად ითვლება, პროგრესული დემოკრატიული წყობით, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გააუქმა სიკვდილით დასჯა, დაადგინა სიტყვის, გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება, განამტკიცა ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. დაადგინა ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური თანასწორობა.

მინდა აღვნიშნო, რომ 1918 წელს სწორედ გერმანია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე ფაქტო აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ხოლო 1992 წელს ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

გვეამაყება ისიც, რომ ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე – მიშელ მუსხელიშვილი იყო.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები არა მხოლოდ ნაწილი, არამედ – თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა.

შეუძლებელია აღნიშვნის გარეშე დავტოვო საქართველოს უნიკალური ბუნება. ჩვენი ბუნებრივი საგანძურის ხილვა გულგრილს ვერავის ტოვებს – საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით. არცთუ დიდ ფართობზე, ჭარბტენიან ტერიტორიებთან ერთად, საქართველო თავს იწონებს მაღალი მთის უნიკალური ეკოსისტემებით (ყაზბეგი, თუშეთი, ხევსურეთი), ნახევრად უდაბნო ვაშლოვანით, სადაც შექმნილია ბიორეზერვატები. საქართველოს ტერიტორიაზე (ჯავახეთი და შავიზღვისპირეთი) გადის ფრინველთა საემიგრაციო გზა, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მესამეა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 12% დაცულია. დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალის შექმნით, 110 წლის წინ იწყება. ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა აქტიურად გრძელდება, რასაც დღეს, კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევის ფონზე, კიდევ უფრო დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დღეს, აქ, ამ ისტორიის, ჩვენი პატარა ქვეყნის დიდი კულტურის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. იმედი გვაქვს, ეს თქვენ სურვილს გაგიჩენთ, ადგილზე ეწვიოთ ჩვენს ქვეყანას და უკეთ გაიცნოთ ჩვენი თვალწარმტაცი ბუნება, დიდი ისტორია და კულტურა, რაც მთავარია – მშრომელი, გულღია და უსაზღვროდ სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი.

იქ, თითოეულ ქართველთან შეხვედრისას, ყველა ოჯახში სტუმრობისას თქვენ შეხვდებით ფენომენს, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ ჩვენს ისტორიას – ქართულ სტუმართმოყვარეობას.

ისინი, ვინც უკვე ყოფილან საქართველოში – იცნობენ ამ ფენომენს და იციან, რომ ქართული სტუმართმოყვარეობა – მართლაც უსაზღვროა.

ქართული გამოთქმა ამბობს – სტუმარი – ღვთისაა. ჩვენთან სტუმარი უფლის საჩუქრად მიაჩნიათ და ყველაფერი საუკეთესო მისთვის ემეტებათ.

 ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები, დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი” სწორედ ამ ტრადიციას, დაუწერელ, მაგრამ ყველასთვის სავალდებულო წესს აღწერს.

რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ქართველისთვის იგი იდენტობის განმსაზღვრელი, ხელშეუხებელი, დროისა და გარემოებების ცვლილებების მიუხედავად, მუდამ ცოცხალი ტრადიციაა. ქართული ხასიათის ეს უნიკალური თვისება არსად გამქრალა ისტორიის ყველაზე რთულ, დრამატულ პერიოდებშიც კი.

დღეს ჩვენ განსაკუთრებული როლი გვერგო – ჩვენ სტუმრად ვართ ევროპაში, და ამავდროულად, გმასპინძლობთ საქართველოს სახელით. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია.

 ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო,
მსურს ჩვენი ქვეყნის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და გითხრათ: ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში. და დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის მიუხედავად, უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი, რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად.

დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით – ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ.
კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე.
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way