USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
საქართველოს მეგობარი - რახელ გრაცფელდი, გერმანელი მთარგმნელი და საგამომცემლო კონსულტანტი
Date:  493
ქართული ლიტერატურის გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში გრძელი წინაისტორია აქვს. ყველაფერი მიხეილ ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძით" დაიწყო, რომელიც 1980-იანის წლების ბოლოს დასავლურ-გერმანული გამოცემისთვის მოვამზადე, როგორც
რედაქტორმა. ჯავახიშვილის პიკარესკულმა რომანმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
 
ამის შემდგომ ვცდილობდი, უფრო მეტი გამეგო საქართველოს შესახებ. მაშინ ბერნში, სადაც ვცხოვრობდი, გადიოდა ქართული ფილმების ციკლი, რომელმაც სულ ახალი სამყარო გადამიშალა. ვეძებდი ქართული ლიტერატურის ნაწარმოებებს. ამ დროს მხოლოდ ძველი გდრ-ის გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნები ვიშოვნე ანტიკვარიატებში. ბევრი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. გადავწყვიტე, ეს ქვეყანა ჩემი თვალით მენახა, მაგრამ ამ დროს თბილისის ომი დაიწყო. ათი წელი გავიდა, სანამ 2002 წელს პირველად ჩავედი საქართველოში, როგორც ტურისტი. ეს იყო საქართველოს ერთი ნახვით შეყვარება . თავიდან აღფრთოვანებული ვიყავი ქართველების, უბრალო ხალხის სიყვარულით ენის და ლიტერატურის მიმართ, თხრობის ხალისით, ასეთი რამ აქამდე არსად მქონდა ნანახი. მას შემდეგ ხშირად ჩამოვდიოდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ქართული ლიტერატურის უფრო მეტად გავრცელება. 2005 წელს, როცა Postgraduate Degree program-ში Arts Management-ის სპეციალობაზე ჩავაბარე, ჩემი სადიპლომო ნაშრომის თემად შევარჩიე: საქართველოს ბელეტრისტული ლიტერატურის ბაზარი - ხელშეწყობისა და გერმანულენოვან სამყაროსთან გაცვლის შესაძლებლობები და პირობები. კვლევის დროს გავიცანი ქართველი გამომცემლები, ავტორები, ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვა პირები, თუმცა, ქართული ამ დროს ჯერ არ ვიცოდი. ამ საქმეში ჩართვა სერიოზულად მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა ქართული ენა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მთარგმნელი გავხვდებოდი, მხოლოდ ვაპირებდი ლიტერატურის თარგმნის შუამავლობას.
 
2009 წელს ქართული ლიტერატურის სააგენტო დავაარსე და შვიდი წლის განმავლობაში გერმანულენოვან გამომცემლებს ქართულ ლიტერატურას ვაცნობდი. წარმოვადგინე საქართველოს სამი მნიშნელოვანი გამომცემლობა, მათ შორის ბაკურ სულაკაური ასევე ინდივიდუალური ავტორები, კერძოდ, ნინო ხარატიშვილი და თამთა მელაშვილი. პირველი ნაწარმოები, რომელიც ჩემი შუამავლობით გამოიცა იყო აკა მორჩილაძის სანტა ესპერანცა.
 
იმ წლებში თბილისის გოეთეს ინსტიტუტის და ყოფილი წიგნის ცენტრის ხელშეწყობით ტარდებოდა ქართულ-გერმანული მთარგმნელობითი რამდენიმე სახელოსნო, რომლებშიც ჯერ როგორც აგენტმა, მერე როგორც მთარგმნელმა, მივიღე მონაწილეობა. თანდათან აღმოვაჩინე, რომ თარგმნის ნიჭი მქონდა. ამჟამად ვმუშაობ როგორც თავისუფალი მთარგმნელი და უცხოური გამომცემლების კონსულტანტი. ქართული ლიტერატურა ხატოვანებით ხასიათდება, არახაზოვანი (non- linear) თხრობის მანერით, არაქრონოლოგიურად აწყობილი ეპიზოდებით; ხშირად სიუჟეტები ერთმანეთში ჩახლართულია, რეალობა შეუმჩნევლად გადადის ფანტასტიკურობაში და პირიქით. აკა მორჩილაძე ამ თხრობის მანერის ოსტატია, ის არის არაჩვეულებრივი შემთხზველი და იმავე დროს ზუსტი ისტორიოგრაფი. ჩემთვის მორჩილაძის შემოქმედებითი ძალა დიდი საიდუმლოა და ამავე დროს სასწაული. იგი ძალიან ღრმად ადამიანურია, ერთ-ერთი დიდი და გამოჩენილი მწერალია მსოფლიოს ლიტერატურაში. აქვს იუმორის განსაკუთრებული ქართული გამოხატულება, ხან ცოტა ახირებული, ხან სევდით გამსჭვალული, ცრემლით შეზავებული სიცილი და სიცილით გაბრწყინებული ცრემლი როგორც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებში, ავტორი, რომელმაც გამიღო კარი ქართულ მენტალიტეტში. ჩემთვის ძალიან ძვირფასი მწერლები არიან თამთა მელაშვილი და ანა კორძაია-სამადაშვილი. თითოეული გამორჩეულია თავისი უნიკალური ენით და სტილით. კიდევ ბევრი მწერლის გახსენება შეიძლება, რომელთა ნაწარმოებებსაც ახასიათებს სევდიანი მხიარულება ან მხიარული სევდა.
 
ქართული ენა არ მიეკუთვნება ინდოევროპულ ენებს და ამიტომ ძალიან განსხვავდება იმ ენებისგან, რომლებსაც ვფლობ. არ ვარ ლინგვისტი არც კომპარატივისტი და საფუძვლიანი აზრის გამოთქმა არ შემიძლია. მხოლოდ იმის თქმა მინდა: ქართული ზმნა არის "ყველაფრის შემძლე"; ერთი სიტყვის საშუალებით შეიძლება გამოვხატოთ ის, რისთვისაც სხვა ენებს მრავალსიტყვიანი წინადადება სჭირდება (მაგ. "შემომეჭამა"). დროის და კილოს ფორმების სისტემა ძირითადად განსხვავდება გერმანულისგან. მაგ. თურმეობითი და მისი მრავალი ფუნქცია არ არსებობს გერმანულში. ქართული ნამდვილად ძალიან ზუსტი, სხარტი, დიფერენციებული, ძალიან მდიდარი ენაა.
 
მეორე მხრივ, ქართულ ენაში ბევრი რამ უთქმელი რჩება. ფაქტი, რომ არ არსებობს სქესი, დამაბნეველი შეიძლება იყოს და იმავე დროს საინტერესოც. ზოგ ტექსტში გმირების სქესი გაურკვეველია ან მხოლოდ მწირე ნიუანსებითაა შესაძლებელი ამის დადგენა. საერთოდ, ქართველი მკითხველები და მოსაუბრეები გერმანელებზე მეტად სტრიქონებს შორის კითხულობენ ან უკეთესად ეგუებიან ბუნდოვანებას, გაურკვევლობას. თარგმანისთვის კი ეს ხშირად პრობლემებს ქმნის. ქართულში არის სიტყვები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავენ მოძრაობას, ხმასა და ფერს. მაგ. "ლივლივი". გერმანულად ეს უფრო სიტყვაუხვად უნდა გამოვთქვათ. ქართული ძალიან პოეტური ენაა.
 
ქართული ენა უთუოდ რთული ენაა. მე პირადად ძალიან გვიან დავიწყე მისი შესწავლა, 45 წელს გადაცილებული ვიყავი. ჩემთვის ყველაზე რთული ენის უცხოობა, მისი სტრუქტურის და წესების გაგება კი არ იყო, არამედ ასაკის გამო მეხსიერების პრობლემა იყო და არის. სხვა შესაძლებლობის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში კერძო გაკვეთილზე დავდიოდი შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველთან, იგი თავად თარჯიმანი და ფილოლოგი იყო. ერთი პრობლემა არის ის, რომ თანამედროვე ლექსიკონები არ არსებობს, ჟარგონს და სალაპარაკო ენის ცნობარებზე რომ არაფერი ვთქვათ.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზეზით გინდა ქართულის შესწავლა. ქართული ენის კურსები ძალიან იშვიათია, ამიტომ უცხოელები კერძო გაკვეთილებით უნდა დაკმაყოფილდეთ.
 
ენა არ არის მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება. არამედ სიამოვნების წყარო. ძალაუფლების ინსტრუმენტი...მგონია, რომ თვით ენას არ შეუძლია მსოფლმხედველობა შეცვალოს, ენების ცოდნა კი გვეხმარება სხვისი მსოფლმხედველობის გაგებაში.
 
ქართულ ენაში არ ვეძებ რომელიმე საიდუმლოს, მაგრამ მასთან ურთიერთობისას სულ სიახლეებს აღმოვაჩენ ხოლმე. მიხარია, როცა ქართული და გერმანული ერთმანეთს ემთხვევა. ხანდახან სასოწარკვეთილებაში ვვარდები, როცა შესატყვისის პოვნა შეუძლებელია და კომპრომისზე უნდა წავიდე.ჩემთვის საქართველო უკიდურესობების, მეტისმეტობის და ძლიერი ემოციების ქვეყანაა. აქ არარსებობს ოქროს შუალედი. გვერდიგვერდ არსებობს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიცია და თანამედროვე ცხოვრება, რეაქციული პატრიარქალური. შეხედულება და მომავლისკენ ორიენტირებული აზროვნება, კულტურული განცალკევება და გულღიობა, ღრმა მორწმუნეობა და მართლმადიდებული ეკლესიის ფანატიკური ტენდენციები.კონტრასტების, სხვადასხვაობის ქვეყანაა. გამომაცოცხლებელ და გამამდიდრებელ ზემოქმედებას ახდენს ჩემზე, ხანდახან კი მღლის და მაბრაზებს. მაგრამ ვეღარ წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება.
 
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way