USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
„საქართველო - აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ - «Cumhuriyet» (თურქეთი)
Date:  598

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შენიშვნები ჩრდილოეთიდან: „საქართველო - აშშ-ის ბურჯიდან ნეიტრალიტეტისაკენ“ (ავტორი - დენიზ ბერქტაი), რომელშიც, რუსეთისა და უკრაინის ომის ფონზე, განხილულია საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკური კურსი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვანია არამარტო ბრძოლის ველზე მომხდარი მოვლენები, არამედ მესამე ქვეყნების პოზიციაც.

ვაშინგტონის პროგნოზი, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც ნახევარ წელიწადში იქნებოდა სანქციებით „მოხრჩობილი“, არ გამართლდა. ამის უმნიშვნელოვანესი მიზეზი ისაა, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის იზოლირება დანარჩენი მსოფლიოსაგან.

ამერიკის სეერთებულმა შტატებმა, ერთი მხრივ, მართლაც მოახერხა და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა. ნატოში ფინეთის გაწევრიანება, ახლა კიდევ შვედეთის მიღება ალიანსში ისეთი მოვლენებია, რაც კრემლის ლიდერს ნამდვილად არ სურდა და რომლებსაც ვლადიმერ პუტინი გაურბოდა. თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს მხარდაჭერა აღმოუჩინეს BRICS-ის წევრმა ქვეყნებმა - ბრაზილიამ, ირანმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ასევე რიგმა სახელმწიფოებმა, რაც წინასწარ პროგნოზირებული არ იყო.  ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფოს საქართველო წარმოადგენს, რომელიც, აშშ-ისა და ევროკავშირის დაჯინებული მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ

არადა, ოდესღაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ადმინისტრაციის ბურჯს  და ჯორჯ სოროსის „სიამაყის განსახიერებას“ წარმოადგენდა, რომელიც მხარს უჭერდა ე.წ.  „ფერად რევოლუციებს“ ყოფილ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოებში. საქართველოს პერსპექტივა, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა აქვს როგორც აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის, ასევე ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ევროპაში გასატანად რუსეთის გვერდის ავლით, ყოველთვის შედიოდა აშშ-ის ინტერესებში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელიც 2003 წელს ჯორჯ სოროსმა დააფინანსა, საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ახალმა ხელისუფლებამ ჯორჯ სოროსის ფონდის „ღია საზოგადოების“ ქართული ფილიალის ხელმძღვანელი ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ ეროვნული განათლების დარგი ხელში ჯორჯ სოროსს ჩაუგდო, ანუ ამით მილიარდერს ვალი გადაუხადა.

რევოლუციის შემდეგ საქართველოში, აშშ-ის მითითებით, სწრაფი რეფორმების პროცესი დაიწყო და გადაიქცა ისეთ ქვეყნად, რომელსაც ვაშინგტონი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ნიმუშად, სამაგალითოდ მიიჩნევდა. უკრაინაში 2004 – 2005 წლებში მომხდარი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, [როცა ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროინდელი პროდასავლური უკრაინა 2014 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთისაკენ გადაიხარა], აშშ-ის მითითებით, კიევში გაიგზავნა ქართველი სპეციალისტები, რომლებმაც ხელი შეუწყეს  „ევრომაიდნის რევოლუციის“ მოხდენას და უკრაინის დასავლურ ტრანსფორმაციას.

იზრდება შიდა დაძაბულობა

მაგრამ 2013 წლის შემდეგ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს თანდათან დაშორდა. თბილისი არ შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს და დაეთანხმა რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების შესახებ. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი წარმოადგენს, რაც ძალიან მოგვაგონებს რუსულ რიტორიკას.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რადგანაც საქართველო ევროკავშირის წევრი ჯერ არ არის, ამიტომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ დადგენილ ანტირუსულ სანქციებს ვერ შეუერთდება.

ქართული ოპოზიცია ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავრობის ასეთ პოლიტიკას, ატარებს საპროტესტო აქციებს, მაგრამ მათ მიერ ორგანიზებულმა მიტინგებმა და დემონსტრაციებმა ფართო მასების მხარდაჭერა ვერ მიიღო. თუმცა, რასაკვირველია, ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, რომ დასავლეთი არ შეურიგდება თბილისის ასეთ [პრორუსულ] პოზიციას და ამიტომ, შემოდგომის მოახლოების კვალობაზე, საქართველოში შიდა დაძაბულობის ზრდას უნდა ველოდოთ.

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/dunya/deniz-berktay-ile-kuzeyden-notlar-abdnin-kalesinden-tarafsizliga-gecis-2088025

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way