USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე
თარიღი:  591

,,გავმხნევდეთ და ნურაფრის შეგვეშინდება... უფალი იესო ქრისტე მუდამჟამს იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გული გავუხსნათ სულიწმიდის მოსვლას, ოღონდაც ჩვენ ვიქონიოთ იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული და მაშინ, მართლაც, ვის შეუძლია ვნებად ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?!"

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
 ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს.
 
გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.
 
 უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯერ კიდევ საიდუმლო სერობაზე ეუბნებოდა თავის მოწაფეებს, რომ იგი მამა ზეციერთან მიდის, იმისთვის, რომ მათ განუმზადოს ადგილი და მოუვლინოს სულიწმიდა. „უმჯობესია თქვენთვის, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავალ, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან, ხოლო თუ წავალ, მე მოგივლენთ მას“, - ამბობს უფალი სულიწმიდის შესახებ.
 
 იმჟამად მოციქულებისთვის ეს რთულად გასაგები იყო. მათ ვერ გაიგეს კიდეც ეს სიტყვები სათანადოდ, მაგრამ როგორც იცით, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე 40 დღის განმავლობაში იყო მოციქულებთან. ეცხადებოდა მათ, მოძღვრავდა და საღვთო განგებულების საიდუმლოებებს განუმარტავდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ისინი მიდიან ელეონის მთაზე, ბევრად მეტი იციან კაცობრიობის გამოხსნის საიდუმლოების შესახებ. და აი, ისინი ემშვიდობებიან მაცხოვარს და იესო ქრისტე ზეცად მაღლდება მათ თვალწინ.
 
რა არის ზეცად ამაღლების მნიშვნელობა ჩვენი სულის გადარჩენისთვის? პირველ რიგში, ეს არის ადამიანის ბუნების განდიდება, რომ კაცობრივი ბუნება მკვდრეთით აღდგომილი და ზეცად ამაღლებული, ყოვლადწმინდა სამების წიაღში მაღლდება და ჯდება მარჯვენით მამისა. აი, ასეთი დიდი საიდუმლოებაა.
 
 თქვენ გახსოვთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვები, როდესაც იგი მამა ღმერთს მიმართავს: „დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, ჩემს მოწაფეებს და მიმდევრებს. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს, იქვე იყვნენ ისინიც“. იქ იმყოფება უფალი იესო ქრისტეს საღვთო ბუნება და ადამიანური ბუნებაც, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით ეკლესიაში სულიწმიდის მადლით.
 
 კიდევ ერთი მნიშვნელობა ზეცად ამაღლებისა გახლავთ ის, რომ ამაღლებით გზა გაეხსნა ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასს ამ სამყაროში მოსასვლელად. ამაზეც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „მე მოგივლენთ თქვენ სულიწმიდას და როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, იგი წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისკენ“. ჩვენ ვიცით, რომ მართლაც, სულიწმიდა მოევლინა სამყაროს, გარდამოვიდა მოციქულებზე იმისთვის, რომ განწმინდოს და აკურთხოს ჩვენი ცხოვრება, აცხონოს ჩვენი სულები სულიწმიდის იმ ნიჭებით, რომლებიც გვეძლევა ჩვენ ეკლესიაში.
 
 დღეს ჩვენ სამოციქულოში ასევე მოვისმინეთ, რომ წმინდა ანგელოზები ეტყვიან მოციქულებს, რომლებიც უცქერენ ზეცად აღმავალ იესო ქრისტეს, რომ იმავე გზით მოვა იგი მეორედ ზეციდან დიდებით. ამაზეც არსებობს უფალი იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება. იგი ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში: „აჰა, მოვალ მალე და საქმეთაებრ მივაგებ ყოველივეს“. ე.ი. იგი მეორედ მოვა ადამიანთა განსჯისთვის, რომ განსაჯოს, თუ რამდენად მივიღეთ ჩვენ ყოველივე ის სიკეთე, რომელიც მან გვიბოძა ჩვენ თავისი განკაცებითა და სულიწმიდის მოვლინებით.
 
 სახარებაში ნათქვამია, რომ მოციქულები დიდი სიხარულით ბრუნდებიან იერუსალიმში. თითქოს, განშორება მოხდა საყვარელ მოძღვართან, სად არის აქ სიხარულის საბაბი, მაგრამ, აი, რაზეც მე მოგახსენეთ ახლა, სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დიდი სიხარულისა. იმიტომ რომ, მათ უწყოდნენ - ეს განშორება არ არის სამუდამო, არამედ დროებითია, ვინაიდან მათ ახსოვდათ უფალი იესო ქრისტეს კიდევ ერთი დანაპირები: „არ დაგტოვებთ თქვენ ობლად, მე თქვენთან ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ვინ შემძლებელ არს ვნებად თქვენდა,,“ - ასეთი სიტყვებია დღესასწაულის კონდაკში, ე.ი. ვის შეუძლია, რომ თქვენ გავნოს?!
 
ღმერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძმებო და დებო. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს და, მართლაც, გავმხნევდეთ და ნურაფრის შეგვეშინდება, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე მუდამჟამს იყო, არის და იქნება ჩვენთან, ოღონდაც ჩვენ გული გავუხსნათ სულიწმიდის მოსვლას, ოღონდაც ჩვენ ვიქონიოთ იესო ქრისტეს მიერ დაარსებული ეკლესიის რწმენა და სიყვარული და მაშინ, მართლაც, ვის შეუძლია ვნებად ჩვენდა, ვისა გვეშინოდეს?!
 
ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ.
 
 მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მადლობა გადავუხადო მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან მან მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა უძღვნა სწორედ ჩვენი ერის სულიერ ამაღლებას.
 
 ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ და აღგამაღლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!
 
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
 
25 მაისი, 2023 წელი
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის