USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
საკრებულოსა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Date:  490

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოაწერეს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, ღონისძიებაზე განაცხადა, მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დიდი ქართველი სპორტსმენების დაფასების და წარმოჩინების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენი ხალხი ღვაწლმოსილი და ტიტულოვანი სპორტსმენების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით ყოველთვის გამოირჩეოდა. ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დიდი ქართველი სპორტსმენების დაფასების და წარმოჩინების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება. ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ზოგადად სპორტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ქართული სპორტის ისტორიის უკეთ გაცნობასა და შესწავლას, აგრეთვე ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების მიერ განვლილ გზასა და უდიდეს სპორტულ მიღწევებს გააცნობს მომავალ თაობებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ხელმძღვანელობით ძალიან ბევრს აკეთებს ქართული სპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რაც როგორც დამწყები სპორტსმენებისთვის, ისე სპორტის ვეტერანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „მსოფლიოს ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის ისეთი წარმატებით, როგორითაც თბილისი თავისი წარჩინებული და წარმატებული სპორტსმენებით.

ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საკრებულოს მხარდაჭერით შევძლებთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების ღვაწლის სათანადო დაფასებას. ყოველივე ეს დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდა სპორტსმენებს. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ქართული სპორტის პოპულარიზაციას ფრიად წაადგება“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია წარმატებული სპორტსმენების სახელების უკვდავყოფას აქტიურად ახორციელებს. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ. მემორანდუმის თანახმად, თბილისის საკრებულო იღებს ვალდებულებას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო ფონდთან, ღვაწლმოსილი სპორტსმენების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდების მინიჭების მიზნით. გარდა ამისა, საკრებულოს შესაბამისი კომისიები აქტიურად ითანამშრომლებენ ფონდთან წარმატებული ქართველი სპორტსმენების ღვაწლის სათანადოდ დაფასების და მათი სახელების უკვდავყოფის მიზნით სხვა სათანადო ღონისძიებების გასატარებლად. თავის მხრივ, „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“ სპორტსმენების ბიოგრაფიების წარმოდგენისა და შემდგომი ინფორმაციების ერთობლივად დამუშავების ვალდებულებას იღებს.

მემორანდუმი ოთხი წლის ვადით ფორმდება და ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას საკრებულოს წევრები და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way