USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ - გიორგი კობერიძე
თარიღი:  438
საინფორმაციო ომი ყოველთვის იყო და იქნება ერთ-ერთი ფუნდამენტური იარაღი ნებისმიერი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თანამედროვე რეალობაში ერთი ადამიანი დღეში იმდენივე ინფორმაციას იღებს, რამდენსაც შუა საუკუნეებში მცხოვრები წლების განმავლობაში მიიღებდნენ, მაგრამ ახლა სიცრუე ან პროპაგანდა ინფორმაციის უდიდეს ნაწილს შეადგენს. მრავალჯერ განმეორებადი ტყუილი, რომელსაც საკმარისად ბევრი განსხვავებული ადამიანი და წყარო გაიმეორებს, ვიღაცებისათვის სინამდვილედ იქცევა ხოლმე. მაგრამ ჭარბი და ხშირად ცვალებადი ჭრელი და ცრუ ინფორმაციის პირობებში ერთი ინფორმაცია მეორეს ჩანაცვლებასა და გადაფარვას სწრაფად ახდენს, ხოლო პოლიტიკურ მეხსიერებაში ამნეზია ჩნდება - ის რაც გუშინ ნათელი იყო დღეს ის ცოტას თუ ახსოვს ხოლმე.
ეს საკითხი კარგადაა განხილული ორუელის 1984-ში, რომელშიც მტრისა და მოკავშირის ცნება ყოველი შემდგომი დირექტივის მიღების შემდეგ იცვლება - წარსულის მტერი მოკავშირედ საღდებოდა, ხოლო მოკავშირე მტრად.
დღევანდელი რეალობის პირობების გათვალისწინებით, იუვალ ნოა ჰარარის წიგნში Nexus კარგადაა ეს თემა განხილული, რომელშიც იგი აღწერს, რომ ონლაინ სივრცე და პროპაგანდისტული მასმედია ინფორმაციული კონტროლის კარგი საშუალებაა. ჭარბი და განსხვავებული ინფორმაცია რეალობის აღქმას აკარგვინებს ადამიანს, რადგან რეალობა ის ხდება, რისიც ადამიანს სჯერა. არარსებული ადამიანების (ტროლ-ბოტების) მხრიდან ცრუ ინფორმაციის მხარდაჭერით იქმნება განცდა, რომ მათი აზრი უმრავლესობაა, ხოლო უმრავლესობა რასაც ამბობს სწორია. მოქალაქეთა ნაწილს სჯერა ეს. ტყუილს საკმარისად ბევრი ადამიანი თუ დაიჯერებს შემდეგ ის სინამდვილედ წარმოჩინდება ხოლმე.
როდესაც საკმარისად ბევრი ადამიანი იმსჯელებს რაღაც თემაზე ის თემა დღის მთავარ თემად ანუ საინფორმაციო დღის წესრიგად ყალიბდება. როდესაც მასზე მიმდინარეობს დისკუსია და განხილვა შემდეგ სიმართლეც რომ გაირკვეს ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს ასე არ არის და რომ "კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება".
საბჭოთა უშიშროება განსაკუთრებულ როლს უთმობდა საინფორმაციო კამპანიის წარმოებას. მათი მიდგომა ასეთი იყო: განა საბჭოეთია ყველაფერში კარგი, მაგრამ დასავლეთია ყველაფერში ცუდი. ეს იყო პროპაგანდის პირველი დონე. მეორე დონე კი იმ უბრალო მიღწევებისა და სიკარგეების განხილვა იყო, რომელიც ვითომ საბჭოეთში იყო წარმოდგენილი. ადამიანები, რომლებიც ამას დასავლეთში იჯერებდნენ, რუსები მათ სასარგებლო იდიოტებად (полезный идиот) მოიხსენიებდნენ.
რუსეთის გენშტაბის უფროსი გერასიმოვი თავის სამხედრო დოქტრინაში საინფორმაციო კამპანიას თითქმის იმაზე დიდ როლს ანიჭებს, ვიდრე უშუალოდ ომია. თუკი მოწინააღმდეგე დაიჯერებს, რომ შენ მტერი არ ხარ და რომ შენი ქმედებები სამართლიანი იყო და არის, მოწინააღმდეგე არ იომებს შენს წინააღმდეგ და მიზანიც უომრად იქნება მიღწეული.
ავტოკრატიები პროპაგანდის სახელმძღვანელოდ ორ მთავარ პრინციპს ასახელებენ: 1. მარტივი, ხშირად განმეორებად ფრაზებად მიწოდებული ინფორმაცია; 2. ჭარბად მიწოდებული სენსაციური, ჩამთრევი ინფორმაცია. აი მაგალითად: "გვრყვნიან"; "ცალ ფეხზე არ დავდგებით"; "ღირსებით"; "ომი ჩვენ დავიწყეთ"; "მძინარე ცხინვალი"; "აბა ომი გინდათ?!"; "ომში გვითრევენ"; "მეორე ფრონტი"; "გლობალური ომის პარტია"; "IQ".
მაგრამ საბოლოო შტრიხი, რომელსაც ინფორმაციულ ომში იყენებენ ხოლმე - ნიჰილიზმია. ეს უკანასკნელი ორი გზით მიიღწევა: იმის დაჯერებით რომ უუნარო ხარ და არაფერი გამოვა და ნეგატიური გამოცდილებით - წინაზე რომ არაფერი გამოვიდა არც ახლა არ გამოვა.
რეალობის დამახინჯებულად და მტრის მოკავშირედ ხოლო მოკავშირის მტრად წარმოჩენამაც ჩვეული ხასიათი მიიღო:
- თითქოს რუსეთი მოკავშირეა და მას საქართველოს მოქალაქეების გენოციდი და ეთნიკური წმენდები არ ჰქონდეს განხორციელებული - შესაბამისად, თითქოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა კარგი და სწორია;
- თითქოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა დანაშაული ყოფილა და აგრესორი შენ ყოფილხარ - შესაბამისად, თითქოს რუსეთის ქმედებები სამართლიანი ყოფილა;
- თითქოს რუსეთი მზადაა ტერიტორიები დააბრუნოს თუკი საქართველო საკუთარ სუვერენიტეტზე იტყვის უარს - თითქოს რუკაზე ნომინალურად დარჩენა და იმპერიის ქვეშ შესვლა ტერიტორიებს აბრუნებდეს;
- თითქოს ევროპა და დასავლეთი მტერია და წლობით საქართველოს მთავარი ეკონომიკური, სამართლებრივი, სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირე არ ყოფილიყოს და თითქოს ევროპა საქართველოს ცივილიზაციური და ისტორიული ნაწილი არ ყოფილიყოს;
- თითქოს დასავლეთი გარყვნილია ხოლო რუსეთი წმინდა;
- თითქოს რუსეთი უძლეველია და ომებში არ დამარცხებულა;
- თითქოს დასავლეთი ნაციონალური იდენტობის შტრიხებს გვიცვლის, რუსეთი კი იცავს ამას;
მაგრამ შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ პროპაგანდის წყარო დღეს არამხოლოდ რუსეთი, არამედ უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებაცაა. შესაბამისად, თანდათან მივდივართ რეალობამდე, რომელშიც სუვერენიტეტის რუსეთის სასარგებლოდ დაკარგვა და სრული სტრატეგიული კაპიტულაცია ისეთი რეალობა ხდება, რომლის დადგომასაც ბევრი ვერც კი შეიძლება მიხვდეს და ღირსების დაბრუნებად გაასაღოს. საბჭოთა და გერასიმოვისეული მიდგომა უომრად ქვეყნის კაპიტულაციის შესახებ შესაძლებელი ხდება. ამის დასასრული კი ის ნიჰილისტური შტრიხი იქნება, როდესაც იტყვიან, რომ მაინც ვერაფერს შეცვლით, დასავლეთსაც არ ვაინტერესებთ და ხომ სცადეთ და არაფერი გამოგივიდათ და არც მომავალში გამოგივათო. როგორც აღვნიშნე თავში, საინფორმაციო ომი ისეთივე საშიში იარაღია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც შეიარაღებული კონფლიქტი და ნამდვილი იარაღი.
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.