საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო. გავაკეთოთ შედარებით ღრმა ანალიზი:
შედეგები ასეთია:
ლე პენის ნაციონალურმა გაერთიანებამ (RN) 33% აიღო და პირველ ტურში ლიდერობს. პარტია კრიტიკულია მიგრაციასთან დაკავშირებით. ამასთან, RN ევროსკეპტიკური პოლიტიკური გაერთიანებაა, თუმცა ზოგადად ევროკავშირის წინააღმდეგი არ გახლავთ. 2019 წლიდან მოყოლებული პარტიამ კიდევ უფრო შეამსუბუქა თავისი დამოკიდებულება ევროკავშირისადმი და მხოლოდ მის შიდა გაუმჯობესებასა და რეფორმირებას ითხოვს, შენგენის ზონის საზღვრების აქტიური კონტროლით.
განსხვავებაა პარტიის ადრეულ იდეოლოგიასთან და მიმდინარე შეხედულებებს შორის წარსულის შეფასებასთან დაკავშირებითაც. თუკი პარტიის წინა თავმჯდომარე ჟან-მარი ლე-პენი (პარტიის მოქმედი ლიდერის მამა) ჰოლოკოსტის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა და საფრანგეთის ნაცისტურ ოკუპაციას ზომიერად აფასებდა, მისი შვილი და მოქმედი ლიდერი მარინ ლე პენი ღიად უპირისპირდება გერმანულ ნაციზმს და ჰამას-ისრაელის ომის დროს ღიად ისრაელის მხარე უჭირავს. სულ ბოლოს, ლე პენის აქტიურობით ევროპარლამენტის ID ჯგუფიდან, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, გარიცხულ იქნა ღიად პრო-რუსული და ნაციზმისადმი რბილად განწყობილი გერმანული კოალიციური პარტნიორი ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD).
რაც შეეხება რუსეთს: ლე პენის ნაციონალური გაერთიანების (RN) პარტიამ აქაც ტრანსფორმაცია განიცადა. თუკი 2000-ნი და 2010-ნი წლების განმავლობაში პარტია პრო-რუსულ ხასიათს ატარებდა და ფინანსურად, ირიბი გზებით, რუსული შემოწირულებებიც ჰქონდა, 2022 წლიდან პოზიცია აქაც იცვალა. მარინ ლე პენის აზრით უკრაინას თავისი თავის დაცვის უფლება აქვს და არც უკრაინელი მიგრანტების წინააღმდეგ წასულა. მიუხედავად ამისა ლე პენი ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია და მისი პარტიის წევრების ნაწილი ღიად დაკავშირებულები არიან რუსეთთან. ის კი არა ლე პენი ნატოში საფრანგეთის ყოფნასაც კი კითხვას უსვამს.
მიუხედავად იმისა, რომ ლე პენის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ბევრს ვსაუბრობთ მისი მთავარი ხედვა მაინც შიდა პოლიტიკას ეხება. მისთვის მნიშვნელოვანი სწორედ მიგრაციის კონტროლი, დანაშაულზე კანონის გამკაცრება და ეკონომიკური პერსპექტივის გაჩენაა. ეს ყველაფერი კი ძალიან რთული ამოცანა იქნება მისთვის.
ზოგადად, პოლიტიკაში ლე პენის ტრანსფორმაციები ვნახეთ. ამიტომაა, რომ მას უკიდურესად ამბიციურ და ოპორტუნისტ ლიდერადაც ახასიათებენ, რომელიც როგორ საგარეო პოლიტიკას მიემხრობა - საკითხავია. შეიძლება ვიხილოთ მეორე ორბანი - უნგრეთის ანტი-უკრაინული და პრო-რუსული განწყობების მქონე პრემიერი. ან ახალი მელონი - იტალიის ანტი-რუსული და პორ-ევროპული პრემიერი. ორივე მათგანი, ლე პენის მსგავსად, მემარჯვენე პლატფორმიდან არიან, მაგრამ სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებენ. რადგან საფრანგეთი დიდი და ანგარიშგასაწევი ქვეყანაა შეიძლება ლე პენისაგან მელონის მსგავსი ლიდერობაც ვიხილოთ ან მისი სრულიად საპირისპიროც - პრო-რუსულიც. აგერ კიდევ ერთი მაგალითი ნიდერლანდებში ხეერტ ვილდერსის პარტიის გამარჯვებაა, რომელსაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება არ მოჰყოლია. მეტიც, ვილდერსის მხარდაჭერით ხვალიდან ქვეყნის პრემიერად დაზვერვის ყოფილი უფროსი ხდება, რომელსაც რუსეთის საწინააღმდეგო კურსი აქვს არჩეული. მაგრამ ვილდერსისაგან განსხვავებით ლე პენის პარტიის შიგნით რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები ღიად არიან წარმოდგენილნი. თუკი ლე პენი აქაც განიცდის ტრანსფორმაციას მაშინ მას პარტიიდან პრო-რუსული ძალების გაგდება მოუწევს. იზამს კი ამას?
მაგრამ ეს ყველაფერი მსჯელობაა მხოლოდ. რეალურად რა მოხდება ამას მეორე ტურში გავიგებთ, რომელიც 7 ივლისსაა ჩანიშნული. რას ნიშნავს ეს? ამის გასაგებად აუცილებელია ავხსნათ საფრანგეთის საარჩევნო სისტემა, სხვა პარტიები და პოლიტიკური მოწყობა:
პ.ს. არის ერთი მცირე შანსის მქონე სცენარიც: ვერცერთმა პარტიამ ვერ გაიმარჯვოს ისე, რომ მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში. შემდეგ კი არცერთმა პარტიამ სხვა არავისთან არ შექმნას კოალიცია და საფრანგეთს მომდევნო ერთი წელი მთავრობა არ ჰყავდეს. კონსტიტუციით მომდევნო ერთი წელი ახალი არჩევნები ვერ დაინიშნება.