USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
თბილისი
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ანალიზი - გიორგი კობერიძე
თარიღი:  680

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იყო. გავაკეთოთ შედარებით ღრმა ანალიზი:

შედეგები ასეთია:

ლე პენის ნაციონალურმა გაერთიანებამ (RN) 33% აიღო და პირველ ტურში ლიდერობს. პარტია კრიტიკულია მიგრაციასთან დაკავშირებით. ამასთან, RN ევროსკეპტიკური პოლიტიკური გაერთიანებაა, თუმცა ზოგადად ევროკავშირის წინააღმდეგი არ გახლავთ. 2019 წლიდან მოყოლებული პარტიამ კიდევ უფრო შეამსუბუქა თავისი დამოკიდებულება ევროკავშირისადმი და მხოლოდ მის შიდა გაუმჯობესებასა და რეფორმირებას ითხოვს, შენგენის ზონის საზღვრების აქტიური კონტროლით.

განსხვავებაა პარტიის ადრეულ იდეოლოგიასთან და მიმდინარე შეხედულებებს შორის წარსულის შეფასებასთან დაკავშირებითაც. თუკი პარტიის წინა თავმჯდომარე ჟან-მარი ლე-პენი (პარტიის მოქმედი ლიდერის მამა) ჰოლოკოსტის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა და საფრანგეთის ნაცისტურ ოკუპაციას ზომიერად აფასებდა, მისი შვილი და მოქმედი ლიდერი მარინ ლე პენი ღიად უპირისპირდება გერმანულ ნაციზმს და ჰამას-ისრაელის ომის დროს ღიად ისრაელის მხარე უჭირავს. სულ ბოლოს, ლე პენის აქტიურობით ევროპარლამენტის ID ჯგუფიდან, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, გარიცხულ იქნა ღიად პრო-რუსული და ნაციზმისადმი რბილად განწყობილი გერმანული კოალიციური პარტნიორი ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD).

რაც შეეხება რუსეთს: ლე პენის ნაციონალური გაერთიანების (RN) პარტიამ აქაც ტრანსფორმაცია განიცადა. თუკი 2000-ნი და 2010-ნი წლების განმავლობაში პარტია პრო-რუსულ ხასიათს ატარებდა და ფინანსურად, ირიბი გზებით, რუსული შემოწირულებებიც ჰქონდა, 2022 წლიდან პოზიცია აქაც იცვალა. მარინ ლე პენის აზრით უკრაინას თავისი თავის დაცვის უფლება აქვს და არც უკრაინელი მიგრანტების წინააღმდეგ წასულა. მიუხედავად ამისა ლე პენი ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია და მისი პარტიის წევრების ნაწილი ღიად დაკავშირებულები არიან რუსეთთან. ის კი არა ლე პენი ნატოში საფრანგეთის ყოფნასაც კი კითხვას უსვამს.

მიუხედავად იმისა, რომ ლე პენის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე ბევრს ვსაუბრობთ მისი მთავარი ხედვა მაინც შიდა პოლიტიკას ეხება. მისთვის მნიშვნელოვანი სწორედ მიგრაციის კონტროლი, დანაშაულზე კანონის გამკაცრება და ეკონომიკური პერსპექტივის გაჩენაა. ეს ყველაფერი კი ძალიან რთული ამოცანა იქნება მისთვის.

ზოგადად, პოლიტიკაში ლე პენის ტრანსფორმაციები ვნახეთ. ამიტომაა, რომ მას უკიდურესად ამბიციურ და ოპორტუნისტ ლიდერადაც ახასიათებენ, რომელიც როგორ საგარეო პოლიტიკას მიემხრობა - საკითხავია. შეიძლება ვიხილოთ მეორე ორბანი - უნგრეთის ანტი-უკრაინული და პრო-რუსული განწყობების მქონე პრემიერი. ან ახალი მელონი - იტალიის ანტი-რუსული და პორ-ევროპული პრემიერი. ორივე მათგანი, ლე პენის მსგავსად, მემარჯვენე პლატფორმიდან არიან, მაგრამ სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებენ. რადგან საფრანგეთი დიდი და ანგარიშგასაწევი ქვეყანაა შეიძლება ლე პენისაგან მელონის მსგავსი ლიდერობაც ვიხილოთ ან მისი სრულიად საპირისპიროც - პრო-რუსულიც. აგერ კიდევ ერთი მაგალითი ნიდერლანდებში ხეერტ ვილდერსის პარტიის გამარჯვებაა, რომელსაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება არ მოჰყოლია. მეტიც, ვილდერსის მხარდაჭერით ხვალიდან ქვეყნის პრემიერად დაზვერვის ყოფილი უფროსი ხდება, რომელსაც რუსეთის საწინააღმდეგო კურსი აქვს არჩეული. მაგრამ ვილდერსისაგან განსხვავებით ლე პენის პარტიის შიგნით რუსეთთან დაკავშირებული ადამიანები ღიად არიან წარმოდგენილნი. თუკი ლე პენი აქაც განიცდის ტრანსფორმაციას მაშინ მას პარტიიდან პრო-რუსული ძალების გაგდება მოუწევს. იზამს კი ამას?

მაგრამ ეს ყველაფერი მსჯელობაა მხოლოდ. რეალურად რა მოხდება ამას მეორე ტურში გავიგებთ, რომელიც 7 ივლისსაა ჩანიშნული. რას ნიშნავს ეს? ამის გასაგებად აუცილებელია ავხსნათ საფრანგეთის საარჩევნო სისტემა, სხვა პარტიები და პოლიტიკური მოწყობა:

  1. საარჩევნო სისტემა - საფრანგეთში ორტურიანი საარჩევნო სისტემაა - სპეციალურად დაყოფილ ოლქებში ინდივიდუალური კანდიდატები იბრძვიან საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად. იმისათვის, რომ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს და მეორე ტური არ დაინიშნოს ამისათვის პირველივე ტურში 50% ხმის აღებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება. მეორე ტურში ის კანდიდატები იღებენ მონაწილეობას, რომელთაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 12.5% მაინც მიიღეს. რეალურად კი 3 კანდიდატზე მეტი იშვიათად არის ხოლმე წარმოდგენილი მეორე ტურში. ლე პენის პარტიამ საერთო ჯამში ხმების 33% კი აიღო, მაგრამ 577 საპარლამენტო მანდატიდან 38 ოლქში გაიმარჯვა პირველივე ტურში. რაც ნიშნავს, რომ მანდატების უმრავლესობის ბედი (500-ზე მეტი მანდატის) მეორე ტურში გადაწყდება. ქვეყნის უმრავლესობაში ლე პენის ძალებს 30%-დან 40%-მდე აქვთ პირველ ტურში აღებული. ეს ნიშნავს, რომ მეორე ტურში მეორე და მესამე ადგილზე გასულ ძალებს კოორდინირებულად შეეძლებათ მოქმედება, კანდიდატურის მოხსნა და იმ კანდიდატის მხარდაჭერა, რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს აჯობოს პირველ ადგილზე გასულ ლე პენის RN პარტიას. შეგახსენებთ, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიებს ჯამში 60%-მდე აქვთ.
  2. სხვა პარტიები - მეორე ადგილზე მემარცხენე ალიანსის წევრები გავიდნენ. ახალი სახალხო ფრონტი (NFP) ასე ეწოდებათ მათ. ამ კოალიციიდან პარტიები ზოგი ზომიერად მემარცხენეა, ზოგიც მწვანეთა პარტიაა და არიან კომუნისტებიც. კოალიციის ხელმძღვანელი მელანშონია - 71 წლის უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკოსი. საგარეო პოლიტიკაში არც ისაა ნატოს მხარდამჭერი, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, საგარეო პოლიტიკა ამ არჩევნებში მინიმალურ როლს თამაშობს და არჩევნების შემდეგ ვინ რა პოზიციაზე დადგება ცოტა ბუნდოვანია. მთავარი შიდა პოლიტიკაა მისთვის: საგადასახადო რეფორმებით რადიკალურ პოზიციაზე დგას. წლიური საშემოსავლო მარჟის დაწესება სურს და მიგრაციასაც აქტიურად ემხრობა. მაგრამ მისი მემარცხენე კოალიცია საკმაოდ სუსტია, რადგან კოალიციურ პარტნიორებს ერთმანეთთან პრობლემები აქვთ და არჩევნების შემდეგ როგორ პოზიციაზე დადგებიან უცნობია. მესამე ადგილზეა მაკრონის პოლიტიკური გაერთიანება რენესანსი, რომელსაც მეორე ტურის წინ უწევს მემარცხენე ალიანსთან ურთიერთობა და ხმის მიცემის სტრატეგიულად დაგეგმვა (როგორც აღვნიშნეთ, კანდიდატები მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიებიდან შეეცდებიან ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ - გააჩნია მაკრონის პარტიის წევრებს უფრო მეტი შანსი ექნებათ ამ ოლქში თუ მელანშონის). თუკი სტრატეგიულად და კოორდინირებულად იქნა ხმები მეორე ტურში მიცემული, შეიძლება სულაც არ შედგეს ლე პენის გამარჯვება. ხოლო მელანშონი მაკრონთან კოალიციაზე მაღალი შანსია დათანხმდეს.
  3. პოლიტიკური სისტემა - საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო სახელმწიფოა. შესაბამისად პარლამენტს გადამწყვეტი როლი არ აქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პროცესების წარმოებაში. ის კი არა პრეზიდენტს ქვეყნის შიგნითაც დიდი ზეგავლენა აქვს. ემანუელ მაკრონი პრეზიდენტია და არა პრემიერი, შესაბამისად 2027 წლამდე მას არჩევნები არც უწევს და შეუძლია მყარად იყოს პოსტზე, შიდა პოლიტიკის საკითხები და სირთულეები კი, ნაციონალური გაერთიანების (RN) გამარჯვების შემთხვევაში, ლე პენის პარტიას დააბრალოს. ამას ემატება ისიც, რომ ლე პენი პრემიერობას არც გეგმავს. მისი მიზანი საფრანგეთის პრეზიდენტობაა. სწორედ 2027 წელს უმიზნებს იგი.

პ.ს. არის ერთი მცირე შანსის მქონე სცენარიც: ვერცერთმა პარტიამ ვერ გაიმარჯვოს ისე, რომ მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში. შემდეგ კი არცერთმა პარტიამ სხვა არავისთან არ შექმნას კოალიცია და საფრანგეთს მომდევნო ერთი წელი მთავრობა არ ჰყავდეს. კონსტიტუციით მომდევნო ერთი წელი ახალი არჩევნები ვერ დაინიშნება.

გიორგი კობერიძე

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.