USD 2.7059
EUR 3.1310
RUB 3.3353
Тбилиси
საფრანგეთში პნევმონიით დაავადებული პაციენტის დეკემბრის ნიმუშში Covid-19 აღმოჩნდა
дата:  953

საფრანგეთში პნევმონიით დაავადებული ყოფილი პაციენტების ნიმუშების ხელახალი ტესტირების შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ყოფილი პაციენტებიდან ერთ-ერთს კორონავირუსი ჭირდა. ინფიცირებული პაციენტი პირველად საავადმყოფოში 27 დეკემბერს მიიღეს, საფრანგეთში პირველი დადასტურებული ინფიცირების გამოვლენამდე ერთი თვით ადრე.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟან ვერდიერის სახელობის ჰოსპიტალის რეანიმატოლოგმა ივ კოენმა გაავრცელა. სწორედ მან გამოიკვლია პნევმონიით დაავადებული ძველი პაციენტების ნიმუშები და დაადგინა, რომ ყოფილი პაციენტებიდან ერთ-ერთს კორონავირუსი ჭირდა.

„24 პაციენტის გამოკვლეული ნიმუშიდან ერთ-ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა, პაციენტი 27 დეკემბერს შემოვიდა საავადმყოფოში”,- განაცხადა კოენმა.

მისი თქმით, თითოეული ნიმუში რამდენჯერმე გამოიკვლიეს, უზუსტობის შესამცირებლად.

საფრანგეთში, სადაც კორონავირუსის შედეგად 1 მარტიდან მოყოლებული 25 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირების პირველი  დადასტურებული შემთხვევა 24 იანვარს გამოვლინდა.

რეანიმატოლოგის აზრით, ჯერ კიდევ ადრეა იმის დადასტურებით თქმა, რომ 27 დეკემბრის პაციენტი პირველი ინფიცირებული ადამიანი იყო საფრანგეთში. თუმცა, ვირუსის გავრცელების დინამიკის კვლევისთვის მნიშვნელოვანია დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ და როდის დაინფიცირდა ქვეყანაში პირველად კორონავირუსით.

კოენის ცნობით, ინფიცირებული პაციენტი ვირუსს გადაურჩა. ახალი კვლევის შედეგების შემდეგ მედიკოსებმა პაციენტის ინფიცირების წყაროს ძიება დაიწყეს.

„პაციენტი 15 დღის განმავლობაში იყო ავად. მან დაავადება თავის 2 შვილს გადასდო, თუმცა ინფიცირებას გადაურჩა პაციენტის ცოლი, რომელიც სუპერმარკეტში მუშაობს. პაციენტს არ ესმოდა საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო. მას არ ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. კონტაქტი მას მხოლოდ თავის ცოლთან ჰქონდა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

მისი თქმით, პაციენტის მეუღლე სუპერმარკეტში სუშის ბართან ახლოს მუშაობდა, რომელშიც ჩინელები იყვნენ დასაქმებული. ჯერჯერობით არ არის გამოკვლეული სუშის ბარის თანამშრომლებმა უახლოეს წარსულში იმოგზაურეს თუ არა ჩინეთში, თუმცა, კოენი მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელებმა ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ.

„ვვარაუდობთ, რომ პაციენტის მეუღლეს ვირუსის ასიმპტომატური ფორმა ჰქონდა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

 

წყარო: Reuters

экономика
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати