USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში - გიორგი კობერიძე
თარიღი:  492
საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში [19.01.2024]:
- უკრაინელები აქტიურად იყენებენ დრონებს რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად. ბოლო კვირის განმავლობაში იერიში მიტანილ იქნა ბრიანკისა და ლენინგრადის ოლქის ნავთობტერმინალებზე. ბრიანსკის შემთხვევაში ზარალი ხელშესახები და მნიშვნელოვანია. დაიბომბა ტამბოვსკის დენთის საწარმოც. იყო აფეთქება და აალება, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია უცნობია. თითქმის ყოველდღიურ ხასიათს ატარებს იერიშები ყირიმის მიმართულებით, სადაც საჰაერო განგაში როგორც სევასტოპოლის ისე დიდ სანაპირო ქალაქებში განმეორებით ხასიათს ატარებს.
- უკრაინელთა აქტიურობის თვალსაზრისით ყველაზე ცხელი წერტილია დასახლება კრინკი, მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ხერსონის ოლქში, სადაც რუსებმა აბსოლუტური უპირატესობის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს და ვერ გაანეიტრალეს უკრაინული პლაცდარმი. პრაქტიკულად ყოველი 10 რუსული ტექნიკიდან 2 თუ ბრუნდება უკან - უკრაინული არტილერია, დრონები და ქვეითი ნაწილები ჭაობიან პოზიციებს ძალიან კარგად იცავენ. ეს არის ამ მონაკვეთზე რუსული ძალების გამოფიტვის საუკეთესო ტაქტიკა.
- რუსების აქტიურობის თვალსაზრისით ყველაზე ცხელი მონაკვეთი ავდიივკა და ბახმუტის შემოგარენია. დონეცკის მომიჯნავედ, ავდიივკაზე რუსული ფლანგური შეტევაც გრძელდება და პირდაპირი ურბანული იერიშებიც. გუშინ რუსებმა ავდიივკას აღმოსავლეთ წერტილში შეაღწიეს. საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ქალაქის პერიმეტრზე, სობორნას ქუჩაზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით მჭიდროდ დასახლებულ ზონებში რუსებს არ შეუღწევიათ.
ავდიივკას ფლანგებზე სიტუაცია უკეთესია. უკრაინელებმა რამდენიმე რუსული მასირებული იერიში მოიგერიეს, დიდი დანაკარგი მიაყენეს მოწინააღმდეგეს და ტყვეების აყვანაც შეძლეს.
ბახმუტის შემოგარენში, ქალაქისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით კი რუსებმა განადგურებული სოფელი ვესელე დაიკავეს. ამ სოფლისათვის ბრძოლა თვეებია გრძელდება.
- ტექნიკის დანაკარგის თვალსაზრისით რუსულ არმიაში მძიმე სიტუაციაა. თითქმის ყველა სახის დაკონსერვებული ტექნიკიდან მოხსნილ იქნა ყველა გამოყენებადი ნაწილი. ამაზე თავად დასავლური მედიაც კი ალაპარაკდა, რომელიც ასეთ დეტალებზე, როგორც წესი, არ საუბრობს ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ ფრონტის ხაზზე მასიურად გამოჩნდა ისეთი რუსული მძიმე ტექნიკა, რომელსაც დინამიური დაცვაც კი არ უყენია.
- სანამ აშშ-ში შიდა კრიზისი გრძელდება კვლავ აქტიურად აგრძელებს გერმანია უკრაინის შეიარაღებას. მიუხედავად ამისა ფრთოსანი რაკეტა TAURUS-ის გადაცემაზე ჯერ კიდევ არც მომხდარა შეთანხმება.
სამაგიეროდ 40 ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow გადასცა საფრანგეთმა. ზოგადად, საექსპორტოდ გამზადებული Storm Shadow-ბის რაოდენობა იწურება. ალბათ, სამომავლოდ რამდენიმე ათეულის გადაცემა კიდევ იქნება შესაძლებელი და დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და იტალიას კვლავ აქვთ დარჩენილი რეზერვები, მაგრამ მეტწილად ისინი საკუთარი მოხმარებისათვის ინახავენ მათ, სანამ ახალი ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არ ჩაანაცვლებენ მათ. TAURUS-ის გადაცემა რაოდენობრივად უფრო თავისუფლად შეიძლება, მაგრამ გერმანიაში ჯერ კიდევ ვერ მოხდა ამაზე შეთანხმება.
მიუხედავად ამ პროცესებისა ბრიტანული სამხედრო ინდუსტრია საკმაოდ აქტიურად ვითარდება და უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება კვლავ აქტიურად ხდება. ათიათასობით ახალწვეული კვლავ გადის დიდ ბრიტანეთში მომზადებას.
დიდი რაოდენობით სამხედრო და ფინანსურ დახმარებას სწევენ ისეთი პატარა სახელმწიფოები, როგორიც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვაა.
აქტიური დახმარების პაკეტებით გამოდიან ჩრდილოევროპული ქვეყნებიც, მათ შორის დანია, შვედეთი და ფინეთი.
ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიის დიდი ნაწილი სწორედ უკრაინელთა საჭიროებებზეა მომართული. არადა ბულგარეთი რუსეთთან მიმართებით მეტ-ნაკლებად მეგობრული სახელმწიფო იყო არცთუ დიდი ხნის წინ.
- ორი დღის წინ კალინინგრადის ოლქიდან რუსეთმა პოლონეთის ნაწილზე GPS სიგნალები ჩაახშო. ამით კი საფრთხე შეუქმნა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტს. რუსეთი სხვადასხვა სახით ღიად ცდის დასავლეთს.
- ომის დაწყებიდან დღემდე 2500-მა მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერმა დატოვა რუსეთის ტერიტორია. შემცირებულია არასამხედრო აკადემიური კვლევებიც. ამ გაგებით ქვეყანა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ჰბაძავს, რომელშიც ტვინების გადინების მიუხედავად მთელს ინტელექტუალურ რესურსს სამხედრო მომართულებით დებენ ხოლმე.
- CNN-ის მიერ დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციით ომი კიდევ ორიდან ხუთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. უკრაინელების დიდი კონტრშეტევა კი შეიძლება 2025 წლამდე არ განხორციელდეს.
ცხადია ეს ყველაფერი ვარაუდი და შეფასებაა. სინამდვილეში კი როგორ შეიცვლება ვითარება წინასწარ ძალიან რთული სათქმელია. მაგრამ ეს ინფორმაცია იმასაც ემსახურება, რომ მოხდეს ფსიქოლოგიური შემზადება დასავლური პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისა, რომ ომის დასრულებას ხანგრძლივი დახმარება დასჭირდება. ამასთან, ესაა სიგნალი რუსეთისათვისაც, რომ დასავლეთი ამ ხნის განმავლობაში მზადაა დაუდგეს უკრაინას გვერდში. რეალურად კი რა იქნება ეს მხოლოდ ფრონტის ხაზზე გახდება ცნობილი.
 
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის