USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
საბედისწერო ქალი ჰოლივუდიდან
თარიღი:  2102

"ჩემი გარეგნობა ჩემი წყევლა იყო, მომაყენა ბევრი ტკივილი და ტრაგედია ხუთი ათწლეულის განმავლობაში. ჩემი სახე არის ნიღაბი, რომელსაც ვეღარ მოვიშორებ. ერთად უნდა ვიცხოვროთ მე და ჩემმა ბედისწერამ;"- ეს სიტყვები მეოცე საუკუნის ჰოლივუდური კინოს ვარსკვლავს  ჰედი ლამარს ეკუთვნის, რომელიც შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ცნობილი იყოს 1940 წლის ოსკაროსან ფილმში Algiers შესრულებული როლისთვის. თუმცა საუკეთესო რამ, რაც ჰედიმ მსოფლიოს დაუტოვა, მისი ბრწყინვალე გამოგონებებია, რომელიც სრულიად შეუთავსებელი ჩანდა მის გლამურულ იმიჯთან და ავტორისთვის სიცოცხლეში აღიარება არ მოუტანია. 

ცნობილი მსახიობი იყო და მოდელი, ტიპური ჰოლივუდელი სელებრითის ცხოვრებით ცხოვრობდა – პრიალა ჟურნალის გარეკანები, წითელი ხალიჩები, ექვსი ქმარი და მრავალი საყვარელი, ხმაურიანი სკანდალები…

2017 წლის ბოლოს გამოვიდა მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი Bombshell: The Hedy Lamarr Story, საიდანაც ირკვევა, რომ 1941 წელს ლამარმა შექმნა სიხშირის გამავრცელებელი ტექნოლოგია, რაც ჯიპიესის, ვაიფაისა და ბლუთუზის წინამორბედი გახდა - სერვისების, რომლებსაც დღეს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი იყენებს.

1942 წელს ჰედი ლამარმა (Hedy Lamarr) მიაკვლია და დააპატენტა მონაცემთა გადაცემის დაშიფრული კოდი, რომელიც სამხედრო გემებსა და წყალქვეშა ნავებს უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არსებული სისტემების სრულ ჩანაცვლებას ითხოვდა. ტექნიკურადაც რთული იყო ეს ამბავი და დიდ დანახარჯებს მოითხოვდა, ამიტომ აშშ-ს სამხედრო უწყებამ უარყო.

გავიდა ზუსტად ოცი წელი და კარიბის კრიზისის დროს ამერიკის სამხედრო გემებმა კუბის ნაპირებთან ურთიერთკავშირი ლამარის კოდის მეშვეობით დაამყარეს.

გავიდა კიდევ სამი ათეული და ვაი-ფაის და მობილურის ციფრული სიგნალის გადაცემა სწორედ ლამარის კოდზე დადგა. ის დაუდეს საფუძვლად GPS-სა და ბლუთუსის სიგნალსაც.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ჰედი ლამარმა აშშ-ს “გამომგონებელთა ეროვნულ საბჭოს” (National Inventors Council) წევრობის თხოვნით მიმართა, მაგრამ – უარი მიიღო. იქ მიიჩნიეს, რომ ქალს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მეტი წვლილის შეტანა შეეძლო, თუკი, როგორც პოპულარული მსახიობი, ე.წ. “სამხედრო ობლიგაციების” გაყიდვის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთვებოდა.

გავიდა ბევრი წელი და დღეს ჰედი ლამარი “გამომგონებელთა დიდების ეროვნული დარბაზის” (National Inventors Hall of Fame) წევრია. 2014 წლიდან. გარდაცვალების შემდეგ. პოსტ-ფაქტუმ.

ცხადია, “ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც” აქვს ვარსკვლავი, თუმცა მსახიობის სიცოცხლეში გამომგონებლისა და ლამაზი ქალის ერთ პერსონაში აღქმა, ფაქტია, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა. 

სინემატოგრაფში ნაკლები დაბრკოლების გადალახვა უწევდა. ჰედი ლამარი Metro-Goldwyn-Mayer-ის სახე გახდა და 30-50 წლებში არაერთ პოპულარულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, არანაკლებ დრამატული იყო მისი პირადი ცხოვრება.

ის ავსტრიაში ებრაულ ოჯახში დაიბადა.მამა – ბანკირი იყო ლვოვიდან, დედა – პიანისტი ბუდაპეშტიდან. აქედან – მათემატიკისა და მუსიკის სიყვარული. ადრევე გამოავლინა სამსახიობო ნიჭი, მაგრამ მისი თეატრალური კარიერა პირველმა მსოფლიო ომმა შეაბრკოლა. შემდეგ იყო ჰაბსბურგთა იმპერიის მსხვრევა და ვენის საიმპერატორო თეატრიც დაიშალა. ჰედი ლამარმა (რომელსაც იმ დროს ჯერკიდევ ჰედვიგ ევა მარია კესლერი ერქვა) კინოსტუდია Sascha-ს მიაშურა, სადაც სცენარებზე მუშაობდა – რეპლიკებს იგონებდა და დიალოგებს წერდა. რამდენიმე ეპიზოდური როლიც ჰქონდა და ერთი მნიშვნელოვანი – ფილმში “ექსტაზი” (Ecstasy) 1933 წელს. აქ პირველად გამოჩნდა შიშველი და სცენა, სადაც ტბაში ბანაობს, ისეთივე პოპულარული იყო ავსტრიაში, როგორც კაბააფრიალებული მერილინ მონროს ცნობილი კადრია დღეს. მეტსახელადაც შერჩა – “ექსტაზის ქალი”. ასე იცნობდნენ.

ჰედი სუპერვარსკვლავი გახდა, მაგრამ მისი მშობლები შოკში იყვნენ 19 წლის შვილის საქციელით. მათ გოგონას საქმრო მოუძებნეს: ევროპაში უმდიდრესი ებრაელი, რომელიც მესამე რეიხის მფარველი იყო და მილიონები იარაღის წარმოებით დააგროვა. 33 წლის ფრიც მანდლი და 19 წლის ლამარი დაქორწინდნენ.
მის ქმარს სიკვდილით მოვაჭრეს ეძახდნენ. ამბობდნენ, რომ მასზე ცინიკური ადამიანი მსოფლიოში ძნელად მოიძებნებოდა.
მანდლების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ: ფრეიდი, მუსოლინი და თავად ჰიტლერიც კი. ჰიტლერს ისინი სძულდა, როგორც ებრაელები, მაგრამ სჭირდებოდა მამაკაცის მილიონები და ქალის სილამაზე. არ არსებობდა ევროპაში ადამიანი, ვისაც ლამარი შიშველი არ ენახა. ქორწინებაში ქალმა 4 წელი ძლივს გაძლო. მისმა მეუღლემ,  მანდელმა “ექსტაზის” ყველა ასლის გამოსყიდვა და განადგურებაც კი სცადა. კინოსტუდიამ არ დაუთმო. მაგიერ, ფილმებში გადაღება აუკრძალა ცოლს და 33-37 წლებში ლამარი ფაქტიურად შინაპატიმრობაში ჰყავდა.

1937 წელს ლამარმა  ჩანთაში ქმრის ნაჩუქარი ძვირფასეულობა ჩაალაგა და მოსამსახურის სამოსით გაიპარა შინიდან.ჯერ თავგუნება ქმარს გაექცა, შემდეგ – ქვეყანასაც. ლონდონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალ გემზე ის მეტრო-გოლდუინ-მაიერის სტუდიის ხელმძღვანელმა, ლუის მაიერმა დააფიქსირა და თანამშრომლობა შესთავაზა. ასე გაიკვალა ჰედიმ გზა ჰოლივუდის ფილმებისკენ.ლუის მეიერმა იგი ამერიკას წარუდგინა, როგორც “მსოფლიოში ულამაზესი ქალი”. ერთი პირობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობიც იყო. 1940-დან 1949 წლამდე 18 ფილმში გადაიღეს და 30 მლნ დოლარი დააგროვა. ამბობენ, “კასაბლანკაშიც” უნდა ეთამაშა, მაგრამ რაღაც ეშმაკად სცენარი დაიწუნაო. როლი ინგრიდ ბერგმანს ერგო. ლამარისა და “კასაბლანკას” ამბავი, მგონი, ჰოლივუდურ ჭორს ჰგავს… თუმცა – ვინ იცის..

ავსტრიელი ლამაზმანი ბევერლი-ჰილზსში ცხოვრობდა, როდესაც ჯონ ფიცჯერალდ კენედი და ბიზნესმენი ჰოვარდ ჰიუზი გაიცნო. სწორედ ეს უკანასკნელი დაეხმარა ჰედის და იმ მოწყობილობებით უზრუნველყო, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარებას სჭირდებოდა. აშკარა იყო, რომ ჰედის მეცნიერება ძალიან აინტერესებდა.

"გამოგონებები ჩემთვის მარტივი რამაა. იდეებზე ფიქრი არ მიწევს, აზრები ბუნებრივად მომდის თავში", - ამბობდა ლამარი.

ის, რაც ახალგაზრდა ჰედისთან "ბუნებრივად არ მივიდა", საყოველთაო აღიარება და ის კომპენსაცია იყო, რომელსაც თავისი იდეებისთვის იმსახურებდა.

1940-იან წლებში ლამარის გამოგონებაზე ბევრს არავის დაუწერია. ამის მიზეზად, ჰედიზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი იმ დროს გამეფებულ ნარატივს მიიჩნევს.

"მისგან მხოლოდ გლამური სურდათ. მათ უნდოდათ, რომ კინოებში ისეთი ვინმესთვის ეცქირათ, ვინც ყველა პრობლემას დაავიწყებდათ", - ამბობს ალექსანდრა დინი.

ფილმში ასევე საუბარია იმაზე, რომ მეტრო გოლდვინ მაიერის ხელმძღვანელ კაცს, რომელმაც ლამარი გემზე აღმოაჩინა, სურდა, რომ ფილმებში მაცდური ქალი ეხილა და არა ის, ვისაც მხოლოდ გარეგნობის კი არა, თავისი გონების გამოც შეიყვარებდნენ. ქალი, რომელიც სექსუალურიც იყო და თან სამყაროს ცვლიდა - ამ ორი რამის ერთ ქალში დანახვა ლუის მაიერს ვერ წარმოედგინა.

"მაიერი ქალებს ორ რიგად ყოფდა - წმინდანებად და მეძავებად. ის ვერასდროს ხვდებოდა, რომ ჰედი მეორე კატეგორიას არ განეკუთვნებოდა", - ამბობს ფილმში ერთ-ერთი მკვლევარი.

პარიზის ბიზნეს-სკოლის პროფესორი, სიმონ ნეიეკი, რომელიც მედიასა და რეკლამებში ქალების არქეტიპებს ასწავლის, ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ჰოლივუდი ქალებს უსამართლოდ ექცეოდა.

"მედიაში ქალების სამ არქეტიპს იყენებდნენ: ძლიერი და გონიერი დედოფალი, მომხიბვლელი პრინცესა და საბედისწერო ქალი - ეს უკანასკნელი კი წინა ორსაც მოიცავდა", - აღნიშნავს ნეიეკი

ეს არქეტიპები ბერძნული მითოლოგიიდან მოდის. ნეიეკი ამბობს, რომ ლამარი საბედისწერო ქალის კატეგორიის არქეტიპს ერგებოდა, როგორც ლამაზი და საოცარი გამომგონებელი, რადგან ასეთი "მრავალი შესაძლებლობის" მქონე ქალები საშიშებად აღიქმებოდნენ.

"ქალი, რომელიც თან სექსუალურია და თან ძლიერი, უამრავი კაცისთვის საშიშია. ასე მჟღავნდება ჩვენი სისუსტე", - ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ ქალები მედიაში ანტიკვარულ და ერთგანზომილებიან ჩარჩოში არიან მოქცეულნი, რადგან ამ პერსპექტივას მათთვის კაცები ქმნიან. მრავალმხრივ ნიჭიერი ქალები, როგორიც ლამარი იყო, ამ ჩარჩოში მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით ჩანან და არა მათი გონებრივი შესაძლებლობებით, შემოქმედების უნარითა და გამომგონებლობით. ნარატივი ქალების ლიმიტირებულ პოტენციალზე, მსოფლიოს მასშტაბით უამრავ მაყურებელს გადაეცემოდა.

სწორედ ამ უსამართლო ისტორიის გამო, მას არ უკვირს, რომ ლამარს არავინ აძლევდა საკუთარი ფილმების გადაღების საშუალებას და მეცნიერებასა და მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებაში შეტანილი მისი ღვაწლის დაფასებას ათწლეულები დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ლამარზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ქალია. ის ამბობს, რომ ისტორია დიდი ხნის განმავლობაში კაცებს ანიჭებდა უპირატესობას:

"კაცები გვიყვებოდნენ ისტორიას თავისი გადმოსახედიდან, ისინი იყვნენ მთავარი მთხრობელები. ასე რომ, რა თქმა უნდა, სირთულისა და დრამის მთავარი გმირები მუდამ კაცები იყვნენ. ქალები არიან ისინი, ვინც კაცების შესაძლებლობებს და მრავალფეროვნებებს უსვამენ ხაზს".

ლამარის შვილი, დენის ლოდერი, ამბობს, რომ ის დედით, მისი დიდი მიღწევებითა და გამომგონებლური გონებით ამაყობს. ის აფასებს ძალისხმევას, რომელიც მან ქალებისთვის დაწესებული საზღვრების გადასალახად გასწია. დენისი აღნიშნავს, რომ მისი დედა და მსახიობი ბეტი დევისი პირველი ქალები იყვნენ, რომლებიც საკუთარ გადამღებ კომპანიებს ფლობდნენ და ქალების პერსპექტივიდან იღებდნენ ფილმებს.

"ჰედი ნამდვილი ფემინისტი იყო და უსწრებდა დროს, რომელშიც ცხოვრობდა. ის არასდროს ამბობდა ამას, მაგრამ ამას ვერ გავექცევით", - ამბობს ლოდერი დედამისზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში.

 

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.